ტურისტების ზრდის ფონზე სულ უფრო მეტს საუბრობენ ქართული მომსახურების ხარვეზებზე. ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები საქართველოში ამ სფეროს განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორებს ასახელებენ.
ერთ-ერთ მთავარ ნაკლოვანებად მოწყალების მთხოვნელ პირთა მიერ დაშინებული ტურისტები სახელდება. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მხრივ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. ამდენად, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები მოწყალების მთხოვნელთა უცერემონიობის „მსხვერპლნი“ გამხდარან.
კერძოდ, ყოფილა შემთხვევები, როცა ტურისტი ძლივს გამოუგლეჯიათ მასზე ჩაფრენილი მათხოვრის ხელიდან, რომელიც დახმარებას მუქარისა და შეურაცხყოფის ფონზე ითხოვდა.
ასეთივე რთული ვითარება ყოფილა კაფე-ბარებში, სადაც შესულ უცხოელ ტურისტს მათხოვრები ასდევნებიან და თანხის მიუცემლობის შემთხვევაში, ჭიქით სითხე სახეში შეუსხამთ.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვიზიტორთა მიმართ მსგავს „სტუმართმოყვარეობას“ იჩენენ ეკლესიის შესასვლელში მყოფი მათხოვრებიც. ისინი დაზეპირებული ტექსტებით შემწეობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებენ.
უფრო მეტიც, უამრავი თვითმხიველი არსებობს, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით, მეტროში ჩასულ უცხოელებს, მათ შორის, აფროამერიკული წარმომავლობის ადამიანებს, მოწყალების მთხოვნელები გარეგნულად იოლად გამოარჩევენ ხოლმე და მათ ფეხზე ჩამოკიდებულნი შემწეობას ითხოვენ.
ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში კანონი ასეთი ადამიანების მიმართ ლოიალურია და საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან შეუძლებელია, მათხოვრობის გამო ადამიანი, განსაკუთრებით, ბავშვი ციხეში გამოკეტო. თუმცა სასურველია სოციალური პროგრამების გააქტიურება, რომ ამ ადამიანებმა თავიანთ ერთადერთ თავშესაფრად მხოლოდ ქუჩა არ მიიჩნიონ.
უფრო მეტიც, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები თვლიან, რომ მათხოვრებთან მუშაობაა საჭირო, რადგან ყველა მათგანი მათხოვარი არ არის და მაფიოზური დაჯგუფების მიერ მართვადი ადამიანია.
იმის გამო, რომ მოწყალების მთხოვნელთა შორის ბავშვების რაოდენობა თვალშისაცემია, For.ge „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელ ანა აბაშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ პირადად იგი ყველაზე ბოლოს განიხილავდა ვიღაცების შეწუხებულ სახეებს, ეს ტურისტები იქნებიან თუ სხვა ადამიანები, რადგან ტურისტებზე აქცენტის გადატანა აზრს დაუკარგავს მთავარ პრობლემას, რაც ბავშვების ქუჩაში ყოფნის პრობლემაა.
„მეჩვენება, რომ ტურისტული კომპანიები თავიანთი ინტერესებისთვის სწევენ ამ თემას, რაც არასამართლიანია და ბავშვზე მორგებული ხედვა არ არის. ტურისტების შეწუხება ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ვიდრე თავად ამ ბავშვების საკითხი, რომლებიც იძულებულნი არიან იყვნენ ქუჩაში და უმეტესი მათგანი ცხოვრობს კიდეც ქუჩაში. ეს უამრავი ბავშვის უფლების დარღვევაა, პირველ რიგში, მათი სიცოცხლის უფლება არის რისკის ქვეშ, რადგან უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო ბავშვი ქუჩაში გარდაცვლილა. მათი ჯანმრთელობაც რისკის ქვეშაა გამონაბოლქვის სუნთქვის გამო, რომ არაფერი ვთქვათ საგანმანათლებლო პერიოდში ბავშვის ქუჩაში ყოფნის ფაქტებზე. ის, რომ ბავშვი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაშია ჩართული, როგორიცაა ქუჩაში მოწყალების თხოვნა, წარმოადგენს როგორც მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველს, ასევე, იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებიც ამ ტიპის საქმიანობაში დაყოლიებისკენ უბიძგებენ მცირეწლოვანებს. სახელმწიფო ამ გამოწვევასთან მიმართებით უპასუხისმგებლოა. არც ერთი საქმე არ მახსოვს, როცა მშობლები ან სხვა პირები დაესაჯათ ამ დანაშაულის გამო. შესაბამისად, ეს პრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება“,-აღნიშნა ანა აბაშიძემ.
მანვე განსხვავებული შეფასება მისცა მეორე შემთხვევასაც, როცა ბავშვი ქუჩაში მშობელთან ერთად არის გასული და ეს ის გამონაკლისი სიტუაციაა, როცა ოჯახს ძალიან უჭირს და ქუჩაში ხედავს გადარჩენის ერთადერთ შანსს. თუმცა ესეც არ ამართლებს ამხელა რისკში ბავშვის ჩაგდებას.
ანა აბაშიძის თქმით, ორივე შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური პასუხი. პირველ შემთხვევაში, როცა დანაშაულია ჩადენილი ბავშვის მიმართ, ამ დანაშაულს უნდა გასცეს პასუხი, იპოვოს დამნაშავეები, ბავშვები გაარიდოს ქუჩას, სამაგალითოდ დასაჯოს დამნაშავე, რადგან საქართველოს არსებობის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა მართლაც სოციალური წინაპირობა, სიდუხჭირე აიძულებს ოჯახს ქუჩაში გასვლას, სახელმწიფოს ვალდებულებაა, მატერიალურად გააძლიეროს ბავშვთან ერთად ქუჩაში გასული ოჯახი.