„როგორც ამ პარლამენტში იყო უმცირესობა და უმრავლესობა დაპირისპირებული, თანამედროვე მსოფლიოში იშვიათობაა“

„როგორც ამ პარლამენტში იყო უმცირესობა და უმრავლესობა დაპირისპირებული, თანამედროვე მსოფლიოში იშვიათობაა“

საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში რომელი იყო ყველაზე საინტერესო პარლამენტი, რით გამოიჩინა თავი ამ მოწვევის დეპუტაციამ და რატომ ვერ აქცია ბიძინა ივანიშვილმა თანამებრძოლი პარლამენტარები თანამოაზრეებად?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი სექტემბერში დაასრულებს მუშაობას, თუმცა მოქმედ დეპუტატებს შორის ბევრია მდუმარე თუ აქტიური დეპუტატი, რომლებსაც კვლავაც სურთ პარლამენტის წევრობა. რით დაგამახსოვრათ თავი ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ?

- ეს პარლამენტი იყო ყველაზე ბერწი, რომელსაც მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველა წინა პარლამენტთან მიმართებით დაბალი ჰქონდა. რასაკვირველია, არც ერთ კანონს საქართველო არ აუშენებია, მაგრამ ცალკეულ კანონებს ყველა მოწვევის პარლამენტი იღებდა. თუმცა ამ პარლამენტის დროის 90% იკარგებოდა ურთიერთკინკლაობასა და ურთიერთბრალდებებში, რადგან პირველად ქართული პარლამენტი თავის შიგნით წააწყდა ორგანიზებულ, ძლიერ ოპოზიციას. დაახლოებით ეს „მოქალაქეთა კავშირ“ - „აღორძინების“ პერიოდს ჰგავდა, მაგრამ „აღორძინებაც“ მაინცდამაინც ასეთი აგრესიულობით არ გამოირჩეოდა. აქ კი „ნაციონალური მოძრაობა“ 24-საათიან რეჟიმში კრიჭაში ედგა „ოცნებას“ და ისინიც განუწყვეტლივ იმის გარკვევაში იყვნენ, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყავით, თქვენ უფრო ცუდები იყავითო.

ვინ იყო უფრო ცუდი, ოპოზიცია თუ მმართველი პარტია, ამაში გაატარეს ოთხი წელი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კინკლაობაში, ახლა ირკვევა, რომ დიდი სკანდალია ახალქალაქის საძოვრებთან, მიწებთან დაკავშირებით. იქ მთელი შეხლა-შემოხლაა, სისხლიც კი იღვრება ზოგჯერ და იქ ფიგურირებენ ჩვენი პარლამენტარები. ანუ იკვეთება მათი ინტერესებიც, ე.ი. დროს მაინცდამაინც უქმად არ კარგავდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს პარლამენტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც შავი ფურცელი, მაგრამ ნათელ ფურცლად არ შევა.

ამას წინათ დავით უსუფაშვილმაც აღნიშნა, მე უნდა მიმადლოდეთ, რომ უფრო მშვიდობიანად წარიმართა პროცესებიო და სწორიცაა. უსუფაშვილი გაწონასწორებული პიროვნებაა, ემოციებს არ აჰყვება და გუდას თავს არ მოხსნის. მემუარებს როცა დაწერს, მაშინ ბევრ საინტერესოს იტყვის ამ ოთხ წელიწადზე. ჩვეულებრივად, ეს პარლამენტიც ისეთივე იყო, როგორც დანარჩენი ქართული პარლამენტები. მის წინამორბედ ყველა მოწვევის ქართულ პარლამენტში იყვნენ არაპროფესიონალები, ყოველთვის იყვნენ მოჭიდავეები, მხატვრები, სანტექნიკოსები, ენდოკრინოლოგები, ნებისმიერი პროფესია, რაც კი არსებობს.

საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე საინტერესო მაინც რომელი პარლამენტი იყო?

- რაც არ უნდა უცნაური იყოს, თავისებურად საინტერესო გახლდათ პირველი, უდღეური სამწლიანი პარლამენტი. მაშინ შევარდნაძის ლოზუნგი იყო - არც ერთი პარტია ქუჩაში.

და ყველა პარტია შეყარა პარლამენტში?

- დიახ, ეს იყო შევარდნაძის გენიალური გადაწყვეტილება. ქუჩაში მიტინგები, არეულობა, დემონსტრაციები არ უნდოდა. ირაკლი წერეთელი სადმე თუ ნახავდა 50-მეტრიან თავისუფალ ადგილს, იქ მიტინგს აწყობდა. შევარდნაძემ კი იფიქრა, შევიდნენ ამ პარლამენტში და იქ ეკინკლაონ ერთმანეთსო. ამ მხრივ ძალზე პლურალისტური პარლამენტი იყო, ყველას შეეძლო, ეთქვა ის, რაც სურდა. მახსოვს ივლიანე ხაინდრავას უბრწყინვალესი საპროტესტო გამოსვლა სნგ-ში შესვლასთან დაკავშირებით, როდესაც ის ელდარ შენგელაიას დაუპირისპირდა და უთხრა, კი მაგრამ, ის შენი ფილმი „ცისფერი მთები“ მარტო ფილმი იყო, არაფერი შიგ ჩვენი ცხოვრებისეული არ არისო?

იყო გამოსვლები, როცა შევარდნაძეს აცოფებდნენ და შევარდნაძეც ერთხელ გამოვიდა და თქვა, თუ კაცები ხართ, უყარეთ კენჭი და გადამაყენეთო. მათ პირდაპირ უთხრა, თუ ამის ერთი ადგილი გაქვთ, გადამაყენეთ, მაგრამ კაცებიც არ ხართ, ამასაც ვერ ახერხებთო. ის იყო ნამდვილი მებრძოლი პარლამენტი. იქ კინკლაობა კი არ იყო, არამედ- სერიოზულ პრობლემებზე დავა, როგორიცაა სნგ-ში შესვლა-არშესვლა, რუსეთთან ურთიერთობა. იქ მართლაც იყო დაპირისპირება პროდასავლურსა და პრორუსულ პარტიებს შორის. მახსოვს, გურამ მუჩაიძე, „სოციალ-დემოკრატების“ იმდროინდელი ლიდერი, გამოვიდა და თქვა, ჩვენ რუსეთის ინტერესები უნდა დავაკმაყოფილოთო. ამას ქარიშხალი მოჰყვა მაშინდელ პარლამენტში, მართლაც საინტერესო პერიოდი იყო.

ელემენტარულად, ამ პარლამენტში მმართველმა პარტიამ პოლიტოლოგიის მთავარი პრინციპის იგნორირება მოახდინა, რომ წინა ხელისუფლების დანაშაული ინდულგენციად არ შეიძლება ჩაითვალოს მოქმედი ხელისუფლებისთვის. თუ წინა ხელისუფლება ცუდი იყო, ეს არ ნიშნავს, შენც ცუდი იყო. შენს თავზე უნდა აგო პასუხი და, თუ რამე ბრალდებას წაგიყენებენ, ამ ბრალდების განეიტრალებაზე იფიქრო და არა იმაზე, შენ დროს რა ხდებოდა, აბა, გაიხსენეო. ეს კახელი დედაკაცების ორღობეში ჩხუბს ჰგავს.

მაგრამ ხომ ვერ გავექცევით, რომ სააკაშვილსაც ძალიან უყვარდა შევარდნაძის დროსთან პარალელების გავლება?

- კი, სააკაშვილმა ეს იცოდა, მაგრამ მიშა პარლამენტში იშვიათად მიდიოდა. მე პარლამენტზე ვამბობ, თორემ მიშაც დაციკლული იყო, არც ის იყო სწორი, ჩემი წინამორბედი ამას აკეთებდაო. ესეც არ იყო ცივილიზებული, პროდასავლური, მაგრამ ახლა ის ძალა, რომელსაც პროდასავლურობაზე პირჯვარი აქვს გადაწერილი, ანტიდასავლურ პრინციპებს უფრო იცავს. დასავლეთში გამორიცხულია ნეპოტიზმი. რომელი პარლამენტარი გაბედავს, თავისი ახლობელი, ნათესავი დაასაქმოს? ან რომელი ახლობელი გაუბედავს პრემიერ-მინისტრს, შენი ნათესავი ვარ და დამასაქმეო. ღარიბაშვილმა მსოფლიოს ყველა რეკორდი მოხსნა თავის ნათესავებთან დაკავშირებით და „რუსთავი 2“-იც ალაპარაკდა კახურ კლანზე, თუმცა ადრე არავის უკვირდა, როდესაც იყო მეგრული კლანი, გურული კლანი შევარდნაძის დროს.

იყო ამაზეც საუბარი, რომ აუცილებელია ასაკობრივი ცენზის დაწესება პარლამენტარებისთვის და არ იყო საჭირო 21 წლის დეპუტატები, მაგრამ სააკაშვილის პერიოდში გვახსოვს ახალგაზრდა გოგონები, რომელთა პარლამენტარებად ჩამოყალიბებასაც ლამობდა ნაცმოძრაობა.

- ისინი პარლამენტარებად მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ. ეს საშინელება იყო, დღესაც არის ორი-სამი გოგონა იმ დროიდან დარჩენილი. არ შეიძლება პარლამენტი იქცეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებად. პარლამენტში უნდა მოვიდნენ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები, მაგრამ მე განსხვავებას ვერ ვხედავ, 40 წლის დილეტანტი მოვა, თუ 22 წლის დილეტანტი. ორივე დილეტანტია. ახალგაზრდას კიდევ აქვს შანსი, როდისმე გახდეს პოლიტიკოსი, ასაკოვანს კი შანსი აღარ აქვს. რა შანსი უნდა ჰქონდეთ 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, „ქართული ოცნებიდან“ რომ ვხედავთ პარლამენტში? უბრალოდ, ოთხი წელი კარგი ცხოვრება და მერე პენსია, სტატუსი პარლამენტარების?!

სომალის პარლამენტში ჩხუბი როდესაც აჩვენეს, ამ ჩხუბით ძლიერ მოიხიბლა ქართული საზოგადოება და დაძრახა ქართველი პარლამენტარები, ამაშიც არ უქნია ღმერთსო. ამ პარლამენტში სპორტსმენები კი გვყავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინიც არ აღმოჩნდნენ იმსიმაღლეზე“, რასაც სანახაობის მოყვარე საზოგადოება ელოდა.

- ეს იყო არაპროფესიონალიზმი. პარლამენტარების რამოდენიმე კატეგორია გვყავდა. ერთმა კატეგორიამ იცოდა, რომ ის განათლებით იურისტი არ იყო, ამიტომ საკანონმდებლო სფეროში პრეტენზიები არც ჰქონდა. იყო მეორე კატეგორია, რომელსაც არც განათლება ჰქონდა და არც არაფერი, სამაგიეროდ, ძალიან მაღალი პრეტენზიები გააჩნდა. პროფესიონალებიდან გვყავდა ვახტანგ ხმალაძე, მაგრამ ვახტანგ ხმალაძე მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ვერ იყო იმ სიმაღლეზე. იგი, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საერთოდ გადაფარა სულ სხვა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონმა, რადგან ვახტანგი თვითონ უზომოდ ინტელიგენტია. ის შემტევ აგრესიას ვერ უძლებდა. აბსოლუტურად ვერ უძლებდა კამათს. ამიტომ იურიდიული კომიტეტი გაქრა, ამ კომიტეტმა თავისი ფუნქცია დაკარგა.

საერთოდ, როგორც ამ პარლამენტში იყო უმცირესობა და უმრავლესობა დაპირისპირებული, თანამედროვე მსოფლიოში იშვიათობაა. პირველად ჩვენ ვიხილეთ მტრები და არა პოლიტიკური ოპონენტები. კორეის ან თუნდაც იაპონიის პარლამენტში ერთმანეთს სკამებს ამტვრევდნენ თავზე, ყოფილა ეს ყველაფერი, მაგრამ მე თვითონ ვარ მოწმე, გავიდოდა ერთი დღე და მინახავს, კაფეში ერთად ისხდნენ და ყავას სვამდნენ.

ერთი პერსონის მიმართ ჩვენი პარლამენტარების დამოკიდებულებაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ საქართველოში არ მომხდარა ისე, როგორც ეს თურქეთში მოხდა, როცა არშემდგარი ამბოხის შემდეგ ერდოღანმა თავის რეზიდენციაში უმასპინძლა თურქ პარლამენტარებს, სამარხვო ვახშამი გაუმართა და მოუწოდა, ბრიუსელს ქედი არ მოუხარონ და ბოლომდე დაიცვან ეროვნული ინტერესები.

- ეტყობა, ისტორიიდან გამომდინარე, თურქეთს ბევრი ცუდი შემორჩა. იმედი მქონდა, სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ქართული პოლიტიკური კულტურა ერთი თავით ამაღლდებოდა, მაგრამ თავი იჩინა სტრატეგიულმა შეცდომამ, რომელიც ივანიშვილმა დაუშვა სელექციის დროს, როდესაც მან კურსი აიღო არა თანამოაზრეებზე, არამედ თანამებრძოლებზე. ეს თანამებრძოლები კი ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ თანამოაზრეებად არ იქცნენ. ამიტომაც ყველაზე სწორი პოზიცია იქნებოდა, 2012 წლის გამარჯვების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნები დაენიშნა, ყოველგვარი კოალიციის გარეშე და გასულიყვნენ არჩევნებზე ცალკე რესპუბლიკელები, ცალკე კონსერვატორები და სხვები. სხვათა შორის, როდესაც ღია ეთერში დისკუსიის დროს გია ხუხაშვილს ეს ვუთხარი, მან მითხრა, ჩვენ ვფიქრობდით მაგაზე, მაგრამ შემდეგ ვერ გამოვიდაო. ცხადია, ვერ გამოვიდოდა, რადგან კოალიციის ყველა წევრმა კარგად იცოდა, რომ მარტო ვერც ერთი ვერ გაიმარჯვებდა, თუ ის ივანიშვილის ძალას ვერ იგრძნობდა.