ანგელა მერკელს შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს მის მიერ ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში ნათქვამი სლოგანი - „ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“. ამ სლოგანით მერკელი ირწმუნებოდა, რომ გერმანია ემიგრანტთა შედინებას აუცილებლად გაუმკლავდებოდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ათასობით გერმანელმა ბერლინში მერკელის ღია კარის საემიგრაციო პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამოხატა.
გერმანიის ბავარიელმა მოკავშირემ, ბავარიის პრემიერმა ჰორსტ ზეეჰოფერმა კი მერკელის ეს ხმამაღალი საემიგრაციო სლოგანი უარყო და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ ფრაზას, როგორც „საკუთარს“, ისე ვერ მიიღებდა. ასე რომ, სლოგანი „ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“ მხოლოდ მერკელის წარუმატებელ ფრაზათა რიცხვში დარჩება.
რამდენად ძვირად დაუჯდება მერკელს თავისი ხელგაშლილობა, მოახერხეს თუ არა ისლამისტებმა ევროკავშირის იდეის დაკნინება და რას ნიშნავს ერდოღანის მიერ დასავლეთის დადანაშაულება ტერორიზმის მხარდაჭერაში?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
თავის დროზე მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკაში მოსვლამ დასავლელი ქალი პოლიტიკოსების იმიჯი მკვეთრად გაზარდა. მართალია, ტეტჩერის დონის პოლიტიკოსად ვერ განვიხილავთ ანგელა მერკელს, მაგრამ იგი ეფექტურ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. თუმცა ისლამისტური ტალღის მომძლავრებამ ევროპაში ანგელა მერკელის იმიჯი შეარყია. გადაჰყვება მერკელი ისლამისტებისთვის შექმნილ „ღია კარის“ პოლიტიკას?
- ანგელა მერკელის პოზიცია რომ სუსტადაა, ეს რეალობაა. მერკელის პარტიამ ადგილობრივი არჩევნები წააგო. ახლა კი, მიგრანტების გამო, კიდევ უფრო მწვავდება სიტუაცია. გერმანია აღმოჩნდა ტერორისტული თავდასხმების პირდაპირი სამიზნე. როგორც ოლანდს აქვს საკმაოდ დიდი პრობლემები და დიდი შანსია, მომდევნო არჩევნებში სწორედ სარკოზიმ გაიმარჯვოს, ასევე, პრობლემები გააჩნია მერკელსაც.
ბავარიის პრემიერმაც დაიწუნა მერკელის საემიგრაციო სლოგანი. ჩავარდნილი პოლიტიკის შემდეგ ევროპაში უკვე რა წონა აქვს მერკელს?
- მერკელი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსი იყო და არის ევროკავშირის მასშტაბით, საკმაოდ სტაბილურ პოლიტიკოსად ითვლებოდა 21-ე საუკუნის ფორმატში. ის ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ფუნქციას ნებისმიერ ვითარებაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ტერორიზმთან დაკავშირებით ახალ გამოწვევებს ვერ გაუძლო. მერკელს უნდოდა ერთდროულად ორი თევზის დაჭერა ერთ ბადეში, მას სურდა, გერმანელებისთვისაც საკმაოდ რეალური პოლიტიკოსი ყოფილიყო და, ასევე, ევროკავშირის დონეზეც ყოფილიყო ევროკავშირის ლიდერი. ამ ორი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა მერკელი. ორის შეხამება მისთვის დილემა აღმოჩნდა. გერმანიის პოლიტიკური სისტემა არ არის აგებული ქარიზმატული ლიდერების ნება-სურვილზე. გერმანიაში იყო ჰელმუტ კოლი, უფრო ადრე იყო ჰელმუტ შმიდტიც, მაგრამ ისინი მაინც გერმანული სისტემის ნაწილნი იყვნენ. ამიტომ დღეს გერმანელებს, ალბათ, მოუწევთ ნაციონალური, ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა და ევროკავშირის საერთო პოლიტიკის მიმართ ყურადღების მოდუნება, რაც ევროკავშირის პოზიციას შეასუსტებს, განსაკუთრებით, ბრიტანეთის გამოსვლის ფონზე.
სამწუხარო მომენტია, მაგრამ, ფაქტობრივად, ისლამურმა „დაიშმა“ (ისლამური სახელმწიფო აბრევიატურა არაბულ ენაზე) მიაღწია იმას, რასაც ვერც ერთმა ძალამ ვერ მიაღწია, მათ ხელი შეუწყვეს ევროკავშირის დაშლის დაწყებას და ეს ისლამური ხალიფატის მხრიდან სერიოზული ტაქტიკური დარტყმაა. ევროპა ამას მოუმზადებელი შეხვდა, რადგან სერიოზულად არ აღიქვა ისლამისტური მომენტი. მოხდა ის, რაც მოხდა. არავინ ელოდა ამ ტიპის სცენარის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციები არსებობდა. ამიტომ ვერ გეტყვით, დაიწყება თუ არა გერმანიაში პოლიტიკისგან მერკელის ჩამოშორების მცდელობა, თუმცა მას კარგი დღეები არ ელის.
მერკელი უკვე იმდენ ხანს იყო გერმანულ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, მისი ვადა ამოიწურა. ახალი პოლიტიკოსების ჯერი დადგება და ახალი პოლიტიკური ძალაც მოვა, სავარაუდოდ, „მემარცხეები“ ან „სოციალ-დემოკრატები“.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ 18 ივლისიდან მოყოლებული, გერმანიაში 5 თავდასხმა განხორციელდა, რომელმაც ჯამში 15 ადამიანი იმსხვერპლა (მათ შორის, 4 თავდამსხმელი), რამდენად ეფექტური იქნება ძალადობრივი თავდასხმების საპასუხოდ გერმანიის მთავრობის მიერ შემუშვებული უსაფრთხოების ახალი ზომები? თავშესაფრის მაძიებლები და ისლამურ სახელმწიფოსთან დაახლოებული პირები გერმანიაში ისევ უხვად არიან.
- როგორც ჩანს, გერმანელები ახალ ზომებს მიიღებენ უკვე საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში. ალბათ, გაამკაცრებენ მიგრანტთა მიღების პროცედურას და ეს იქნება მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი.
სავარაუდოდ, საზღვრების ჩაკეტვაც განიხილება?
- არც ეს არის გამორიცხული.
სხვათა შორის, დღეიდან ლონდონის ქუჩებშიც, ძირითადად ტურისტული ღირშესანიშნაობის ადგილებსა და თავშეყრის ზონებში 24-საათიან რეჟიმში დაიწყო შეიარაღებული სამართალდამცავების პატრულირება. ისლამისტური მძლავრი ბერკეტიდან გამომდინარე, ეს საფრთხეს ააცილებს ინგლისს?
- ბრიტანელებს ტერორიზმთან ბრძოლის სერიოზული გამოცდილება გააჩნიათ. ისინი ტერორიზმს ებრძვიან უკვე 1969 წლიდან მოყოლებული. მათ იციან, ტერორიზმის ფენომენი რა არის. შესაძლოა, ტერორისტების ტაქტიკა მათთვის ახალია, მაგრამ მოახდენენ ადაპტაციას. ამიტომ ბრიტანეთი უფრო გააძლიერებს ტერორიზმისგან თავდაცვის რეალურ ზომებს, ვიდრე გერმანია, რომელმაც, ფაქტობრივად, საკუთარი გამოცდილებაც ვერ გამოიყენა და 1972 წლის შავი სექტემბრის შემდეგ დასკვნები სწორად ვერ გამოიტანა. ევროკავშირის საერთო მიდგომა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში უკვე ჩავარდნილი და ფიქციაა. ასე რომ, ყველა ქვეყანამ საკუთარი თავი თვითონვე უნდა დაიცვას.
თურქეთის შესახებაც მინდა გკითხოთ. ერდოღანმა დასავლეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში პირდაპირ დაადანაშაულა. ადრეც კეთდებოდა მსგავსი, შედარებით მოზომილი განცხადებები, თეთრი სახლიც თავს იმართლებდა, მაგრამ ამჯერად ერდოღანმა მკვთრად განაცხადა, ვინც მეგობრები გვეგონა, ამბოხებულებისა და ტერორისტების მხარეს ყოფილანო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სამეზობლოში ვითარება კიდევ უფრო გართულდება? მით უმეტეს, ახლოვდება 9 აგვისტო, როცა პუტინ-ერდოღანს შორის შეხვედრა მზადდება.
- ამ ეტაპზე ერდოღანის ეს განცხადება უფრო ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას ეხება. ერდოღანი დემონსტრაციულად არ შეხვდა გაერთიანებული შტაბების უფროსს ამერიკელ გენერალ ჯოზეფ დანდორფს, რომელიც ჩავიდა სპეციალური მისიით, რომ მასთან გაემართა მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან ასეთი მაღალი დონის წარმომადგენელს შეხვდა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. ამით ყველაფერი გასაგები იყო. რეაქციამ არ დააყოვნა და ერდოღანმა, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალების გაღვივებაში დაადანაშაულა ამერიკა. ამას ემატება ისიც, რომ ერდოღანის ულტიმატუმის ვადა ამერიკელების მიმართ ამოიწურა და ამერიკელები არ აპირებენ გიულენის ექსტრადირებას თურქეთში, რაც მის დაპატიმრებას ნიშნავს. „ინჯირლიკის“ სამხედრო ბაზის დაბლოკვის ბრძანება კი ამერიკელების პირდაპირი გამოწვევა იყო.
მაგრამ ერდოღანმა გერმანიის ხელისუფლებაც გააკრიტიკა, რადგან მას არ მისცეს ვიდეოჩართვის განხორციელების უფლება, რომ კელნში შეკრებილ მხარდამჭერთათვის მიემართა.
- აქ მაინც ამერიკაზეა საუბარი. გერმანელებთან უკმაყოფილება ცოტა უტრირებულია. შეიძლება, ერდოღანმა არ აპატია მერკელს, როდესაც მან პოლიტიკური თავშესაფრის მოძიების თაობაზე დახმარება მოითხოვა და, შეფარების ნაცვლად, გერმანიისგან უარი მიიღო.
ოფიციალურ ანკარასა და თეთრ სახლს შორის დაპირისპირება საქართველოზე როგორ აისახება?
- საქართველოსთან მიმართებით ამას პირდაპირი კავშირი აქვს. ორივენი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, განსაკუთრებით, ეს ამერიკას ეხება. თუ ამერიკელებმა დაინახეს, რომ პოზიციას კარგავენ თურქეთში, ისინი ფსონს დადებენ საქართველოზე. რეგიონში სხვა ფსონის გაკეთება მათ არ შეუძლიათ სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების გათვალისწინებით. ამიტომ საქართველო იქცევა ერთადერთ სავარაუდო დასაყრდენ ძალად, რომელსაც ამერიკელები დაეყრდნობიან და შეეცდებიან, გამოიყენონ საქართველო, როგორც პლაცდარმი თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთთან მათი ურთიერთობა გაუარესდება. ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოს ყოფილი ელჩი ეგრევე დაინიშნა თურქეთში ამერიკის ელჩად. საუბარია ჯონ ბასზე. ესეც ბევრ რამეს ნიშნავს.
ასეთი სცენარი რუსეთ-თურქეთის მხრიდან ჩვენი მიმართულებით საფრთხეებს გაზრდის.
- რა თქმა უნდა, რუსები არ იქნებიან მშვიდად, ვინაიდან ეს არის მათთვის პირდაპირი საფრთხის შექმნა, რადგან რუსეთის სამხედრო დოქტრინამ პირდაპირ აღიარა ამერიკა სამხედრო მტრად.