„ვითვლი დღეებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი ხალხი მოვიდეს, იქნებ მანამდე ეს დრო დიდი უბედურებების გარეშე გავიაროთ“

„ვითვლი დღეებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი ხალხი მოვიდეს, იქნებ მანამდე ეს დრო დიდი უბედურებების გარეშე გავიაროთ“

გიორგი პაპუაშვილის გააქტიურება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ეს ეჭვს არ იწვევს, ისევე, როგორც ამ პოლიტიკური განცხადებების რეალური მიზანი - სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა და დემოკრატია არ არსებობს. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო რევოლუცია არ გამოუვიდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაადასტურეს ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები.

9 წლიანი ლოდინის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიღვიძა და საქმეების დაჩქარებული წესით განხილვას შეუდგა. თუმცა, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“, ან მასთან დაკავშირებული პირების ენიჭებოდათ. for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ შეგნებულად ეს სარჩელები პირველ კოლეგიას ეწერებოდა, რომელიც ნაციონალების პრაქტიკულად დამონებული ჰყავდათ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით.

„საკონსტიტიუციო სასამარლოს ხელმძღვანელ პირებს არ უნდათ იმ საქმეების გადახედვა, რომლის გამო 2003-2012 წლამდე ადამიანებს იჭერდნენ გამოგონილი ისტორიებით. ყველას გვახსოვს სისხლიანი ქრონიკა და ნიკა გვარამიას რეჟისორული დადგმები, როდესაც ის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

პაპაუაშვილის პოლიტიკური მიზნები და გეგმები აშკარაა. ეს იყო წინასწარ დადგმული შოუ, რაც არ გამოუვიდათ. ყველაზე მთავარი, ღირსეული მოსამართელეები არ აყვნენ ამ თამაშში, ისინი დადგნენ იქ, სადაც სიმართლეა. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, შეეხო თუ არა საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტულება 9-თვიან ვადებთან დაკავშირებით, უგულავას გარდა, სხვა რომელიმე პატიმარს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უგუალავას გარდა სხვას არც ერთ პატიმარს ეს გადაწყვეტილება არ შეხებია. დიახ, ეს იყო სპეციალურად უგულავასთვის მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის პაპაუაშვილის დასასრულის დასაწყისი. საკუთარ ადგილს ვერსად ვერ ხედავს, სადაც არ უნდა მოვიდეს იქნება უცხო სხეული, ყველას გვაქვს მეხსიერება, ყველას გვახსოვს ვინ რას და როგორ ვაკეთებდით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

მისივე თქმით, 2004 წლიდან არაერთი სარჩელი აქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა, ამ დრომდე ამ საქმეების განხილვა არ მომხადარა. მაშინ, როდესაც სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, თუ „რუსთავი 2“-ის საქმე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან სხვადასხვა საკითხების დაჩქარებული წესით განხილვა პოლიტიკურ კონტექსტს არ მიანიშნებს. მისივე თქმით, საკითხების დაჩქარებულად განხილვა შეიძლება მიანიშნებდეს უფლებების დაცვის სასწრაფოობას და უფლებების დაცვის გადაუდებლობას.

სწორედ, უფლებების დაცვის სასწრაფოობას და უფლებების დაცვის გადაუდებლობას ელოდება დაახლოებით 10 ათასი მსჯავრდებული, რომლებიც ე.წ. ირიბი ჩვენების საფუძველზე არიან გასამართლებულები. ზუსტად 11 თვეა უზენაესმა სასამართლომ წარდგინება გაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს - „ირიბი ჩვენება გავრცელდეს თუ არა 2012 წლის საქმეებზე“ - თუმცა, ეს საქმე პაპუაშვილის პრიორიტეტულ საქმეთა შორის არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ეს საქმეები ძალიან სენსიტიურია, რადგან სწორედ, ირიბი ჩვენების, ანუ განაგონისა და მონაყოლის საფუძველზე ხდებოდა მასიური დაპატიმრებები ნაციონალური მმართველობის პერიოდში. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთ-ერთია იმ ადვოკატებს შორის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეხება აქვს.

„შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო - 11 თვეა უზენაეს სასამართლოს წარდგინება აქვს გაგზავნილი საკონსტიტუციო სასამართლოში ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით, რადგან, თქვეს რომ ირიბი ჩვენებით არ შეიძლება გამამტყუნებლი განაჩენის გამოტანა. ამ მუხლით კი უმარავი ადამიანია გასამართლებული.

ჩვენ მოვითხოვეთ ამ მუხლით გასამართლებული ადამიანების საქმეების გადახედვა და ამიტომ, მივმართეთ უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ ვერ გადაწყვიტა და წარდგინება გაუგზავნა საკონსტიტუციოს, რომ გაგვაგებინეთ ძველ კოდექსთან დაკავშირებით როგორ მოვიქცეთო. თითქმის ერთი წელია გასული და პასუხიც კი არ მიგვიღია. მაშინ, როდესაც ამას არ სჭირდება სპეციალური სხდომების გამართვა, აქ საჭიროა მათი პოზიციების დაფიქსირება, შეჯერება და პასუხის გაცემა. ეს ერთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც უაზროდ ჭიანურდება საკანონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მაშინ, როდესაც სხვა საქმეების განხილვა 2 დღეში და 2 კვირაში ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებებს, ადვოკატის განცხადებით, იკითხებოდა თუ არა პოლიტიკური ქვეტექსტი, ამაზე გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება საუბარი.

„თუმცა, როგორც ჩანს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რადგან არც ერთი მოსამართლე ამას არ ადასტურებს. რადგან, ყველა მოსამართლემ უარყო ზეწოლა, მე ვთვლი, რომ არ დადასტურდა პაპუაშვილის განცხადება, რაც ჩრდილს აყენებს ამ ინსტიტუტს. საკონსტიტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ალბათ, სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოუწევს, მას მოუწევს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ეს არის საკუთარი თავის დისკრედიტაცია“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას ჰქონდა ადგილი. დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არღვევდა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს და ვის მიერ ხორციელდებოდა უკანონო ქმედებები.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე.

„რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? - იყო კონკრეტული მიზანი. კერძოდ, როგორც ჩანს, არსებობდა წინასწარი შეთანხმება სარჩელის შემომტანსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლესა თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი, დამატებული სარჩელის მოთხოვნით, დამატებით გასაჩივრებული მუხლების მითითებით იმ ნორმების გაუქმება მომხდარიყო, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად.

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელების შეცვლა იკვეთება. ერთ შემთხვევაში ეს არის 10-გვერდით შეცვლილი სარჩელი და იმავე ნომრით დარეგისტრირებული. ასეთია „რუსთავი2“-ის საქმე, „კაბელების საქმე“, რაზეც მოსამართლე მერაბ ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რასაც გამოძიება სჭირდება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე ინფორმაციით, ყველა ის სარჩელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესის სფეროშია მოქცეული და, ასეთი შვიდ სარჩელზე მეტია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კოლეგიის სამ მოსამართლეს ეწერება. ბესელიას განცხადებით, ამ საქმეთა შორის არც ერთი მეორე კოლეგიას არ გადაეცა და ასევე, არ გადაეცა პირველი კოლეგიის მეოთხე მოსამართლეს - მერაბ ტურავას.

„ეს სარჩელები შინაარსობრივად ერთმანეთთან არ იყო კავშირში. მათ აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ შემომტანი იყო ერთი და იგივე პირი, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასევე იკვეთება ამ კოლეგიის ორი მოსამართლის პირდაპირი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლო კავშირი ნიკა გვარამიასთან. გარდა ამისა, მოსამართლე ტურავას მხრიდან დისციპლინური დევნა დაიწყო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის იძულებას ეხება, თუმცა ეს დისციპლინური წარმოება დღემდე დასრულებული არ არის, რაც კიდევ ერთი ფაქტია, თუკი კონკრეტული მოსამართლის მიმართ ზეწოლაზე შეიძლება იყოს საუბარი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვის სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2013-2014 წლებში შესული სარჩელების განხილვა დღემდე არ დაწყებულა, მაშინ როცა ყველა იმ საქმის განხილვა, რომელიც პოლიტიკურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, 6-7 დღეში იწყებოდა.

ბესელიას შეფასებით, სწრაფი მართლმსაჯულება კარგია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გათვალისწინებით არ უნდა ხორციელდებოდეს.

„პაპუაშვილმა ის ვერ მოახერხა, რაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა“, - აცხადებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში აღარანაირი პოლიტიკური კარტი და ცდილობს, ბოლო კარტი გაათამაშოს, არჩევნების წინ ვითარების დასაძაბად.

„პაპუაშვილმა ის ვერ მოახერხა, რაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, მაგრამ მოახერხა სხვა უფრო ცუდი რამ - მოახერხა საზოგადოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სახელს, მოსამართლეთა სახელსა და ღირსებას ასე პოლიტიკურ იარაღად იყენებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება კრიზისული და დიდი საფრთხის შემცველია. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან დაკარგა ოპტიმიზმი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ შემადგენლობაში და არსებულ ვითარებაში რაიმე სასიკეთო მოხდება, ამიტომ მოუთმენლად ელის სექტემბერს.

„მოუთმენლად ველი სექტემბერს, როცა ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუვა და მათ ადგილზე ახალი მოსამართლეები დაინიშნებიან. ამ პროცესში პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო იქნება ჩართული და მე უფრო აქეთ ვიყურები. მივმართავ ჩემს კოლეგებს, იმაზე უფრო მეტად ვიფიქროთ, რომ სასამართლოში პროფესიონალი, გაწონასწორებული და პრინციპული ადამიანები დავნიშნოთ.

ცხრიდან ოთხი ახალი მოსამართლის დანიშვნით სასამართლო წელში გაიმართება. სხვა გამოსავალს და ჯადოსნურ ჯოხს ვერსად ვხედავ. ვითვლი დღეებს, რომ მოვიდეს სექტემბერი, როცა იქ ახალი ხალხი შევა. იქნებ მანამდე ეს დრო დიდი უბედურებების გარეშე გავიაროთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.