სიცოცხლისთვის საშიშ ვირუსთან დაკავშირებით ლაშქრობის ფედერაცია მოლაშქრეებს აფრთხილებს

სიცოცხლისთვის საშიშ ვირუსთან დაკავშირებით ლაშქრობის ფედერაცია მოლაშქრეებს აფრთხილებს

საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მოლაშქრეებს სიცოცხლისთვის საშიში ვირუსის შესახებ აფრთხილებს.

საუბარია ყირიმ-კონგოს ცხელებაზე, რომელიც ჩვეულებრივი ტკიპისგან ვრცელდება და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი ხვთისო ტურძელაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათ გადაწყვიტეს, სწორედ ზაფხულში მოუწოდონ მოლაშქრეებს სიფრთხილისკენ, რადგან ზაფხული ლაშქრობისთვის ყველაზე აქტიური სეზონია.

ხვთისო ტურძელაძის თქმით, მართალია, უშუალოდ მოლაშქრეებს შორის ეს ხიფათი არ დაფიქსირებულა, მაგრამ პრევენციის მიზნით მოკლე შარვლითა და ღია ფეხსაცმლით ბუნებაში გადადგილებისგან მოლაშქრეებმა თავი უნდა შეიკავონ. სამაგიეროდ, უნდა ჩაიცვან ღია ფერის შარვალი და ლაშქრობის დასრულებისთანავე აუცილებლად შეათვალიერონ ტანსაცმელი.

„საქართველოში ინტენსიურად გავრცელებული ყირიმ-კონგოს ცხელების გამო, რომლის მიზეზითაც სიკვდილიანობა 40%-ს აღემატება, გთხოვთ შესაბამისად ჩაიცვათ, ლაშქრობის დასრულებისთანავე კი აუცილებლად შეათვალიეროთ ქსოვილი და ნებისმიერი სახის ტკიპის აღმოჩენისას მიმართოთ ექიმს“, - აცხადებენ მოლაშქრეთა ფედერაციაში.

ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსო შოთა ცანავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელების პირდაპირი საფრთხე საქართველოში არ არსებობს, მაგრამ არის თეორიული შანსი, რომ ტკიპმა უკბინოს ადამიანს და ამ ტკიპში ვირუსის ყოფნის შემთხვევაში, ადამიანი დაინფიცირდეს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. უბრალოდ, უნდა მოვიქცეთ შესაბამისად, ჩავიცვათ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც გზას გადაუღობავს ტკიპს და ვიცოდეთ ქცევის წესები.

„შიშის საფუძველი არ არსებობს. თუ მაინცდამაინც ველ-მინდორში გვინდა კოტრიალი, გვეცვას ტანსაცმელი, რომელშიც ტკიპი ვერ შეაღწევს. რასაკვირველია, ყოფილა შემთხვევები, როცა ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადნენ ადამიანები ტკიპის კბენის შედეგად, მაგრამ ტკიპის კბენისას აუცილებლად მივმართოთ ექიმს. მთავარია, დაცული იყოს ტანსაცმელი, რომ ტკიპმა ვერ შეაღწიოს სხეულამდე. რაც შეეხება სალაშქრო ადგილებს, აქ არ არის ყირიმ-კონგოს ცხელების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვილაშქროთ ტურისტულ მარშრუტებზე. ტკიპის არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად დაავადდება ამ ცხელებით. ტკიპი არის ჩვენი ეკოლოგიური ლანდშაფტის დამახასიათებელი წევრი, ის მუდამ იყო და იქნება ჩვენს ბუნებაში“, - აღნიშნა შოთა ცანავამ.

რაც შეეხება კონკრეტულ რისკ-ზონებს, სადაც გასულ წლებში ამ დაავადების გადამტანი ტკიპი დაფიქსირდა, შოთა ცანავა ამბობს, რომ ხაშურში, ბორჯომსა და ბაკურიანში ტკიპები ისევ არიან, თუმცა ტკიპის გამო ჩვენ ვერ შევწყვეტთ ტურისტულ ლაშქრობებს.

უფრო მეტიც, მართალია, ეს დაავადება საქართველოში ბოლო ხუთი წელიწადია ფიქსირდება, მაგრამ სინამდვილეში, ყოველთვის იყო და ის არ არის საქართველოში რომელიმე სხვა ქვეყნიდან შემოტანილი დაავადება. უბრალოდ, ყირიმ-კონგოს ცხელება იმიტომ ჰქვია, რომ ზუსტად ამ ქვეყნებში დააფიქსირეს ეს დაავადება. რაც შეეხება საქართველოს, შოთა ცანავას მტკიცებით, წლეულს ამ დაავადების მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა და ლეტალურად არ დასრულებულა.

„შიდა ქართლში და მსგავს ადგილებში არის ტკიპის ყოფნის საშიშროება. თუმცა მათი რიცხობრიობა გაზრდილია თუ შემცირებული, ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის ჩვეულებრივად დამახასიათებელი საშუალო განსაზღვრული დონე“.

შეგახსენებთ, ყირიმ-კონგოს ცხელების ფაქტი საქართველოში პირველად რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, მომდევნო წლები კი მატების ტენდენციით ხასიათდებოდა.
2014 წელს ყირიმ-კონგოს ყველაზე მეტი შემთხვევა ხაშურში, ბორჯომსა და ბაკურიანში გამოვლინდა. ამ მძიმე ვირუსული ინფექციით დაავადების რისკ-ჯგუფში შედიოდნენ ის ადამიანები, რომელთაც შინაურ ცხოველებთან ჰქონდათ შეხება.