პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ლევან იზორიას შეუძლია მიღებული გამოცდილებით ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი გახდეს. მისივე თქმით, იზორია თეორიული მომზადებითა და ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც შეეძლება დასავლეთში ყველა კარი გააღოს.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„პრემიერის შეცდომა“ - ასე აფასებს ლევან იზორიას დანიშვნას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ბატონო სოსო, იზორიას თავდაცვის სამინისტროში გადასვლა არის ის შეცდომა, რომელიც ამ ცვლილებით დაუშვა პრემიერმა?
სოსო ცისკარიშვილი: ვერ ვიტყვი, რომ შესაფერისი კანდიდატურების დიდი არჩევანი იყო, ვინაიდან ახლად დანიშნულ მინისტრს ამ თანამდებობაზე არსებობის მხოლოდ 2 თვიანი გარანტია ექნებოდა. ეს გახლავთ გარდამავალი პერიოდი და ჩემი აზრით, სწორია, რომ არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც უთუოდ მაღალი პოლიტიკური რანგის პირი იქნებოდა, უკვე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ თანამდებობაზე. მით უმეტეს ჩვენთვის უცნობია არჩევნების შედეგები რაზე მიგვითითებს.
ამიტომ, ბატონი იზორია როგორც გამოცდილი საჯარო მოხელე, ჩემი აზრით, სრულიად დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპისათვის. სეიოზული თეორიული მომზადებით, ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს. იზორია იყო საკმაოდ წარმატებული რექტორი პოლიციის აკადემიაში, წარმატებული მინისტრის მოადგილე და დღემდე ერთადერთი კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც რაღაც გამოცდილება მაინც გააჩნდა.
გარდა ამისა, მას გააჩნდა ძალინ წარმატებული ნაშრომი, რომელიც ეხებოდა შსს უსაფრთხოების სამსახურის გაყოფას. ასე რომ, ვფიქრობ, ის იქნება კარგი თავდაცვის მინისტრი. თუ რაიმე საფრთხის შემცველია იზორიას გადანაცვლება თავდაცვის სამინისტროში, ეს გახლავთ საფრთხე სუს-ისთვის.
სუს-ისთვის რატომ შეიძლება იყოს ეს ცვლილება საფრთხის შემცველელი?
- თუ კი სუს-ში მისი ღირსეული შემცვლელი არ მოიძებნება, ნამდვილად სახიფათო შეიძლება იყოს. იქ სანთლით არის საძებარი გამოცდილი ადამიანები, რომელთაც გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ, როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე პოლიტიკურ სტრუქტურებში მოღვაწეობის.
ბატონი იზორიას თუნდაც დროებით თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ თურმე შესაძლებელია ამ ქვეყანაში მაღალი თანამდებობა დაიკავოს ადამიანმა, რომელსაც არ უმსახურია, არც შპს „ქართუში“ და არც ჩვენი სახელოვანი რიგითი მოქალაქის პირად დაცვაში.
როგორ ფიქრობთ, დასავლეთისთვის ცუდად იქნება აღქმული ფაქტი, როდესაც უშიშროების კადრის წარდგენა ხდება თავდაცვის მინისტრად?
- კი ბატონო, მაგრამ თუ გადავხედავთ კალენდარს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ჩვენს მინისტრად აიყვანენ ნებისმიერ პირს, რადგან დასავლეთი და უპირველეს ყოვლისა NATO დაელოდება ახალი პარლამენტის მიერ არჩეულ თავდაცვის მინისტრს.
თქვენ ფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იზორია შესაძლოა არ იყოს თავდაცვის მინისტრი?
-ალბათ, არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაში იქნება თანამდებობაზე, თუ ისე გამოიჩენს თავს, რომ 2 თვეში ძალიან მაღალი შთაბეჭდილება დატოვოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუ მოასწრო ასეთი ვიზიტები, მაშინ რატომაც არა. ქვეყანაში არსებული უამრავი შფოთის ფონზე, ეს არ გახლავთ უპირველესი სადარდებელი ჩვენი მოსახლეობისთვის. ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მყისიერად. ამიტომ, ორი ახალი მინისტრის ინტერესში შედის, ისინი გამოჩნდნენ საკუთარი თავდადებითა და უნარებით და, მაშინ, ბუნებრივია, დატოვებენ ამ თანამდებობაზე და ცხადია, არგუმენტებიც უფრო მეტი ექნება ხელისუფებას, რომ დაარწმუნის თავისი არჩევანის სიზუსტეში ქართული საზოგადოება.
ფირობთ, რომ ორივე მინისტრის შემთხევავში მართებულია ის სისტემური ცვლილება, რომელიც ამ შემთხვევაში განახორციელა კვირიკაშვილმა?
- ჩემი აზრით ბევრად უფრო მაღალი რისკი იქნებოდა, რომ ამ თანამდებობაზე ნაკლებად ცნობადი ადამიანი დანიშნულიყო, თუნდაც გამოცდილების მქონე, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ხარისხის მატარებელი. მაინც ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენაა.
როგორც წესი, როდესაც თავდაცვის მინისტრის დანიშვნა ხდება, ყურადღება ექცევა მის პროდასავლურობას. იზორიას შემთხვევაში დასავლეთს გაუჭირდება მისი, როგორც პროდასავლური მინისტრის აღქმა?
- არა, ეს პრობლემა არ არის ბატონი იზორიას შემთხვევაში, რადგან მას საუკეთესო წლები გატარებული აქვს გერმანიაში და მისი დღევანდელი კოლეგები, რომლებიც სტუმრობენ ხოლმე თბილისს და რომელთან შეხვედრის საშუალება რამდენჯერმე მეც მომეცა, სრულიად კმაყოფილები არიან ასეთი კოლეგის არსებობით ჩვენს ქვეყნაში. ვფიქრობ, რომ ყველზე სერიოზული გამოწვევა ახალი მინისტრებისთვის გახლავთ კალენდარი, რომელიც დიდი სისწრაფით დაიწყებს შეთხელებას 9 ოქტომრის შემდეგ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, პრემიერმა მიზანმიმართულად ჩააბარა თავდაცვის სამინისტრო სუს და ამას 8 ოქტომბრის არჩევნებით ხსნიან. ბატონო სოსო, რა კავშირშია ეს ვცლილება არჩევნებთან?
- უკმაყოფილო პოლიტიკოსებს, ალბათ, გამოადგებათ სალაპარაკო თემად, რადგან არ მგონია, რომ დღემდე სუს-ში არ ყოფილიყო რაიმე ქვედანაყოფი, რომელიც აქტიურ კომუნიკაციაში არ იქნებოდა შესაბამის ინსტიტუტთან თავად თავდაცვის სამინისტროში. ესენი არ გახლავთ ერთმანეთისგან მივიწყებული უწყებები. ჩვენ ახლა უნდა ვუშველოთ სუს-ს, რადგან არ ექნება მარაგი იმისა, რომ გაძლოს ისეთი გამოცდილი კადრის გარეშე, როგორიც არის ბატონი იზორია.