„გიულენის მიზანია, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი აღზარდოს მასთან დაკავშირებულმა სასწავლებლებმა“

„გიულენის მიზანია, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი აღზარდოს მასთან დაკავშირებულმა სასწავლებლებმა“

მუსლიმმა ღვთისმსახურმა ფეთჰულა გიულენმა აშშ დატოვა. როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკასა ან ეგვიპტში გაიქცა. თუმცა, ამ დრომდე გიულენს არც ერთი ქვეყნისთვის თავშესაფარი არ უთხოვია.

აღმოსავლეთმცოდნე, 2007 წელს ტრაბზონში საქართველოს ყოფილი კონსული, ზაურ მჭედლიშვილი კარგად იცნობს მუსლიმმა ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის შეხედულებებს, for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ის ვერ იქნება ტერორიზმისა და რადიკალური ისლამის მიმდევარი.

რეპრესიების მიუხედავად რა გავლენა აქვს ფეთჰულა გიულენს საზოგადოებაში და რატომ არ აქვს გავლენა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაურ მჭედლიშვილს ესაუბრა.

ოფიციალური ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად გიულენს ასახელებს და ვაშინგტონს მის ექსტრადირებას სთხოვს. ანკარა ამტკიცებს, გიულენი სასტიკი ღვთისმსახურია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტულ ორგანიზაციებთან...

ზაურ მჭედლიშვილი: ბუნებით ფეთჰულა გიულენი სასტიკი ადამიანი არ არის. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამხედრო ამბოხებასთან მას შეხება არ აქვს. გიულენი და ერდოღანი 2002 წლიდან ერთად იყვნენ, სწორედ გიულენის მითითებებითა და ფინანსებით მოიპოვა მმართველობა ერდოღანის პარტიამ. სწორედ, რომ გულენის მხარდაჭერით 2007 წელს ერდოღანმა სამხედროების ელიტა, რომელთაც მუდამ გადატრიალების სურვილი ჰქონდათ, თითქმის განაიარაღა.

რამდენადაც არსებობს ინფორმაცია, გიულენს არ აქვს დიდი გავლენა სამხედროებში, რადგან მხარი დაუჭირა ერდოღანის გაძლიერებას, მართალია?

- სამხედროებში გიულენი არ სარგებლობს გავლენით. თურქეთის სამხედრო ელიტა, რომელიც ათათურქის გზას მიჰყვება, თუ შეამჩნიეს, რომ სახელმწიფო ათათურქის გზას ასცდა, უნდა მოაწყონ გამოსვლა და ქვეყანა ისევ სწორ გზაზე დააყენონ. ყველა წინა გადატრიალება ამ მიზნით მოხდა. ამიტომ, პირიქით, გიულენი და სამხედროები თვითონ არიან დაპირისპირებული ერთმანეთთან. 2007 წელს ერდოღანის მიერ სამხედრო ელიტის წმენდა, გიულენის მითითებით და სურვილით მოხდა.

რა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გიულენმა მხარი დაუჭირა სამხედრო ელიტის მასოვრივ წმენდას?

- თუკი ერდოღანის სურვილი იყო ნახევრად მოდერნისტული ისლამური სახელმწიფოს აშენება, ასეთ შემთხვევაში სამხედროების გავლენა უნდა მოეწყო ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრზე. მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ გიულენი და ერდოღანი ნელ-ნელა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უკვე, 2013 წლიდან გიულენი მიუთითებდა ერდოღანს მთავრობაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე. გიულენმა განაცხადა, რომ მას აქვს უამრავი მტკიცებულებითი მასალა, რომელსაც გამოააშკარავებდა.

2013 წლის 17 დეკემბრიდან როდესაც გიულენმა გამოააშკარავა ეს მასალები, სწორედ მაშინ დაუპირისპირდა ერდოღანი, გამოაცხადა მტრად და აშშ-დან მაშინვე მოითხოვა მისი ექსტრადირება. ახლა, რადგან ისევ მოხდა სამხედრო გამოსვლა, ყველაზე იოლი იყო გიულენზე ხელის დადება. თუკი მისი მხრიდან იყო რამე ჩარევა, ალბათ, ეს იქნებოდა მიზერული.

თურქეთის ხელისუფლება აშშ- საყვედურობს, რომ მფარველობენ ადამიანს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ტერორიზმთან და რადიკალურ ისლამთან. ბატონო ზაურ, რა კავშირი აქვს გიულენს და მის სასწავლო დაწესებულებებს ტერორიზმთან?

- არავითარი კავშირი არ აქვთ ტერორიზმთან იმ სასწავლო ცენტრებს, ისევე, როგორც გიულენს, რომელიც 17 წელია აშშ-ში ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობს. 2009, 2011, 2013, 2015 წლებში გიულენმა მიიღო მაჰათმა განდის მშვიდობის პრემია, 2013 წელს მსოფლიოს 500 ინტელექტუალთა შორის იყო მიწვეული. მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი აღზარდოს მასთან დაკავშირებულმა სასწავლებლებმა.

ეს სასწვალებლები მაღალი დონის ტექნოლოგიური ლაბორატორიებით არის აღჭურვილი. ძალიან მაღალ დონზე მიდის სწავლა, განსაკუთრებით კი, ინგილისურის. რაც მთავარია, ქრისტიანულ სახელმწიფოებში გიულენის სასწავლებლებში ისლამზე ლაპარაკიც არ არის და მით უმეტეს, არც სასწავლო პროგრამაშია ჩადებული. ისლამურ ქვეყნებში კი, ამ სასწავლებლებში კვირაში ერთი საათია გამოყოფილი ისლამის საფუძვლების შესწავლისთვის.

თუკი ეს ასეა, მაშინ რატომ დახურა იგივე აზერბაიჯანმა გიულენის სასწავლებელი?

- აზერბაიჯანი თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეა. ეს ერთი ხალხია, უბრალოდ ორ ქვეყანაში არიან განთავსებული. დადებული აქვთ სამხედრო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მალე თურქეთი აზერბაიჯანში დაიწყებს სამხედრო ბაზის მშენებლობას.

რა გავლენა აქვს გიულენს თურქეთში საზოგადოების იმ ნაწილთან, რომლებიც მხარს უჭერენ საერო ხელისუფლებას?

- გიულენის უპირატესობა არის ფინანსები. შეუძლია დააფინანსოს განათლებისა და კულტურის სფეროში ყოველი მშვიდობიანი ინიციატივა. მისი გაიგივება ტერორიზმთან და ამბოხებასთან, მხოლოდ სურვილია თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში გიულენი დღემდე ერთ-ერთი გავლენიანი პირია, რომელიც მთავარი პრობლემაა ერდოღანისთვის?

- რა თქმა უნდა. როდესაც გიულენი არ იყო ერდოღანისთვის საშიში, თავისუფლად მიდიოდა მისი პოპულარიზაცია, მისი გავლენის გადანაწილება თურქეთის საშუალო ფენებში. ეს გავლენა დღემდე რჩება. მაღალ საზოგადოებაში მას არ აღიქვამენ სერიოზულად, მაგრამ დაბალ ფენებში და მოსახლეობის დაახლოებით 60-70% ასეთ ფენებს განეკუთვნება, მათში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თურქეთში ასეთი რეპრესიული რეჟიმი დამყარდა, რასაც მოჰყვა ათეულ ათასობით ადამიანის დაკავება, მათ შორის თქვენი კოლეგების. ეს კედება იმისათვის, რომ გიულენის გავლენა მინიმუმადე დავიდეს.

მასშტაბური რეპრესიების ფონზე შესაძლებელია, რომ გიულენმა გავლენა დაკარგოს?

- ბოლმდე ვერ შეძლებენ მისი გავლენის დაკარგვას, რადგან ცივილიზებულ სამყაროში გიულენი მიღებულია როგორც მშვიდობისმოყვარე ადამიანი, რომელიც მოდერნისტული ისლამის მიმდევარია და რომელიც დემოკრატიულ წყობასა და ისლამს შორის ხედავს კავშირებს. 11 სექტემბრის ტერაქტიდან მეორე დღესვე „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა მისი სტატია, რომ ისლამს ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს და, რომ აუცილებელი არ არის, რომ ტერორისტი აუცილებლად მუსლიმანი იყოს. ამიტომაც, გიულენის პოპულარობა დიდია არა მარტო ისლამურ სამყაროში, არამედ ცივილიზებულ სამყაროშიც.

გიულენი გახდა თურქეთ-ამერიკის დაპირისპირების მიზეზი, უშვებთ მისი თურქეთში ექსტრადირების შესაძლებლობას? თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით მან დატოვა აშშ.

- მე მჯერა, რომ აშშ ყველანიარად აარიდებს თავს მის ექსტრადირებას. თურქეთში ყველა განწყობილია იმისკენ, რომ დაუშვან სიკვდილით დასჯა, რადგან სიკვდილით დასჯის პირველ კანდიდატად გიულენი წარმოუდგენიათ. თვლიან, რომ გიულენი აუცილებლად, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ამიტომ, აშშ თავს არიდებს მის გადმოცემას. შეიძლება მისი ქვეყნიდან წასვლა აშშ-ის ქსელებით არის გავრცელებული.

საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სამხედრო ამბოხის შემდეგ ჩავიდა თურქეთში და ამით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. თუ თურქეთმა მოითხოვა იმ სასწავლებლების დახურვა, რომელიც დაკავშირებულია გიულენის სახელთან, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ?

- ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს დამამტკიცებელი დოკუმენტაცია და რამდენიმე ფაქტი იმისა, რომ ამ სასწავლებლებში მზადდებიან ტერორისტები, თუ ისლამისტები. თუ მტკიცებულება არ იქნება, მაშინ რა უნდა იყოს მიზეზი, რომ სასწავლებლები დახურონ? დღეს ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტად შეიძლება ჩაითვალოს შავი ზღვის უნივერსიტეტი, სადაც ძალიან მაღალი დონის განათლებას ღებულობენ სტუდენტები.

დღეს თურქეთი ორად არის გაყოფილი, როგორ ფიქრობთ, საზოგადოება შეეგუება ერდოღანის მმართველობას, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ყველაზე გავლენიანი მაინცრესპუბლიკური პარტიაარის?

- 2007 წელს დავამთავრე დიპლომატიური მოღვაწეობა თურქეთში, რასაც ვხედვადი იყო ის, რომ ხდებოდა ათათურქის მიმდევრების დევნა-შევიწროება. დღეს უფრო და უფრო მცირდება ათათურქის მიმდევართა რიგები, მით უმეტეს ამ რეპრესიების ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში ათათურქის მიმდევართა რაოდენობა დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს. ეს უფრო თურქი მოსახლეობის ელიტარული ნაწილია.

ამან შეიძლება პოლიტიკური სურათი შეცვალოს?

- ამ მომუმზადებელმა სამხედრო ამბოხმა ერდოღანის პოზიციები იმდენად გააძლიერა, რომ ერდოღანი უკვე მოგვევლინა დიქტატორული რეჟიმის თავში. ყოველდღიური ქმედება მიუთითებს, რომ ძლიერდება მისი პოზიცია.