დღითი დღე იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც მომხმარებელს საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 5-ჯერ მეტ სარგებელს სთავაზობენ. საქართველოს მოსახლეობამ თაღლითობის მსგავსი სქემა 90-იან წლებში უკვე გამოიარა, ყველას ახსოვს „ოქროს თასისა“ და „აჩის“ მიერ მოტყუებული მოსახლეობა, თუმცა ერთ წრეზე რამდენჯერმე ვტრიალებთ და ძველ შეცდომებს კვლავაც ვიმეორებთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მოსახლეობას ე.წ. „პირამიდის სისტემის“ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
For.ge-ს აღნიშნული ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანა ალიბეგაშვილი ესაუბრა.
საზოგადოების ნაწილი შესაძლოა მასშტაბური საფინანსო აფერის მსხვერპლი გახდეს. საეჭვო წარმომავლობის კომპანიები მომხმარებელს ლარში წლიურ 24-33 %-იან, ხოლო დოლარში 13-33 %-იან სარგებელს სთავაზობენ, რაც მომხიბლავი წინადადებაა. ამ კომპანიების მახეში გაბმა რას უქადის ჩვენს საზოგადოებას?
- ბოლო პერიოდში მრავლად შეიქმნა ისეთი ტიპის შპს-ები, რომლებიც ფინანსური რესურსების მიზიდვით არიან დაკავებულნი. ისინი მომხმარებელს ლარსა და დოლარში განსხვავებულ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობენ 13-დან 33%-მდე, ან 15-დან 33%-მდე. ფიქსირდება ისეთი კომპანიებიც, სადაც ვალუტის მიუხედავად (არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ლარში, დოლარში, თუ ევროში) მომხმარებელს სთავაზობენ ინვესტიციის განთავსებას, 33%-იანი მოგების ოდენობით.
ეს ძალიან დიდი სარგებელია, რასაც მომხმარებელს არ სთავაზობენ არც კომერციული ბანკები, არც კერძო პირები. რაზეა რეალურად ეს ყველაფერი გათვლილი?
- რეალური გათვლა არის ის და ცუდი ის არის ამ ბიზნესში, რომ ჩვენ არ ვიცით, რას საქმიანობენ ეს კომპანიები და რომელ ბიზნესში ახდენენ თანხების დაბანდებას. თუ გავითვალისწინებთ ამ ბიზნესის ტენდენციას, რომ ნებისმიერმა საქმიანობამ იმდენი მოგება უნდა დატოვოს, რომ კომპანიამ შეძლოს 33%-იანი დივიდენდის გაცემა, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის „პირამიდის სისტემის“ ბიზნესი.
პირამიდის ეს სისტემა 90-იანი წლების ბიზნესმოდელის გადამღერებაა, რამაც მაშინ არაერთი ჩვენი მოქალაქე დააზარალა, თუ რაღაც კიდევ ახლებურია?
- თვითონ პირამიდის სისტემა 90-იან წლებთან იქნება დაკავშირებული თუ დღევანდელ რეალობასთან, ერთი და იგივეა. ეს მეთოდი აწყობილია ყოველ მომდევნო შენატანზე. ანუ პირველ მომხმარებელთან, რომელიც ჩადებს ინვესტიციას, ფორმდება ორი სახის ხელშეკრულება. ერთი, არის ის, როცა მომხმარებელი დადებს თანხას, ვთქვათ, ორი წლით და ამ ორ წლის განმავლობაში მას არ აქვს უფლება, საკუთარი თანხა გამოითხოვოს და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს. არის მეორე მეთოდიც, როდესაც მომხმარებელი თანხას დებს და ხელშეკრულებით გაწერილია, რომ მან დამატებით კიდევ ოთხი ან ხუთი დაინტერესებული პირი უნდა მიიყვანოს. ე.ი. სქემა იშლება შემდეგნაირად, შევიტანეთ პირველი თანხა, ვთქვათ, ეს არის ათი ათასი დოლარის ოდენობით და წელიწადში უნდა ავიღოთ სამი ათას სამასი დოლარი. ჩემს მიერ მიყვანილი მომხმარებლებისგან ჩადებული თანხა სწორედ ის პროცენტი იქნება, რომელიც მე უნდა მივიღო სარგებლის სახით. ანუ რაც უფრო მეტად ვითარდება კომპანია და რაც უფრო დიდი ხდება, მასშტაბები უფრო იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მას უჩნდება უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი, რაც საფრთხის წინაშე აყენებს თავად კომპანიას.
კერძოდ, როდესაც მომხმარებელთა გარკვეული ნაკადი დაიწყებს თანხების უკან დაბრუნებას ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს და მათ აღარ ექნებათ სურვილი, განაახლონ ხელშეკრულება, შესაძლოა, კომპანია გადახდისუუნარო აღმოჩნდეს. უბრალოდ, ვეღარ შეძლოს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება. აქ უკვე მასშტაბური პრობლემა ჩნდება იმიტომ, რომ როგორც კი ერთი ასეთი დაუკმაყოფილებელი მომხმარებელი გვეყოლება, მას მიემატება იმ პიროვნებების ნაკადი, რომლებმაც ასეთ კომპანიებთან გარიგება მოახდინეს. ისინიც დაიწყებენ საკუთარი თანხის გამოთხოვას და ე.წ. მთლიანი ბიზნესი ჩამოიშლება.
ანუ თანხის შემტან პირებს კომპანია ვერ გაისტუმრებს და ეს ადამიანები გაკოტრდებიან? შეიძლება ისეთი სქემა გათამაშდეს, როგორც „აჩიმ“ და ოქროს თასმა“ გაითამაშა, როცა დანაზოგი შეატანინა მოსახლეობას და უკვალოდ გაუჩინარდა?
- დიახ, ეს საფრთხე არსებობს. ჩვენს საკონსულტაციო ცენტრში არაერთი ზარი დაფიქსირდა, მოქალაქეები კონსულტაციას გვთხოვდნენ, რომელ საფინანსო ე.წ. ინსტიტუტში დაებანდებინათ თანხები. ამიტომაც მოვახდინეთ ამ ბაზრის შესწავლა, თუ რა პირობებს და რა პროცენტებს სთავაზობენ ისინი და ვთვლით, რომ მაშინ, როცა კომერციული ბანკები ფიზიკურ პირებს მოკლევადიან, ერთწლიან ანაბარზე დოლარში მაქსიმუმ 3-3,5 %-ს სთავაზობენ, ამ ფონზე შპს-ების 13-დან 33%-მდე შეთავაზება არარეალურია. შესაძლოა, ეს საფრთხის შემცველიც იყოს.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში „პირამიდა ბიზნესი“ აკრძალულია. ის კრიმინალურ საქმიანობად ითვლება და დასჯადია. საქართველოში საამისო რეგულაციები არ არსებობს, სტატისტიკაც უცნობია, რამდენ მომხმარებელს ითრევენ ეს კომპანიები. შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ კომპანიებზეა საუბარი და მათი რიცხვი რამდენია?
- თვითონ ორგანიზაციების ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით დავწეროთ სიტყვები „მაღალი სარგებელი“ და ამის საფუძველზე მოვიძიოთ ამ კომპანიების შესახებ ინფორმაცია. თუმცა შესაძლოა, ოფიციალურად დარეგისტრირებულნი არც იყვნენ, როგორც ინტერნეტმომხმარებლები და მათი საქმიანობა უფრო მეტად დახურული იყოს. რაც შეხება ამ კომპანიების რაოდენობას, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ერთჯერადი გადახედვის საფუძველზე შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მათი რაოდენობა, ალბათ, 50-ს აღმატება. ამ ბიზნესის კრიმინალიზაციის გამო აუცილებელია მთავრობამ გადადგას გარკვეული ნაბიჯები და კრიმინალიზებული იყოს მათი საქმიანობა. პრაქტიკიდან გამომდინარე, უცხოეთში არა მხოლოდ კანონით ისჯება ამ ტიპის ბიზნესსაქმიანობა, არამედ ისჯებიან ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც მსგავსი ბიზნესის პროპაგანდას ახდენენ და ცდილობენ დამატებით სხვა პირებიც ჩაითრიონ ამ საქმიანობაში. გარდა ამისა, სარეკლამო მონიტორინგი კეთდება და ბევრი ქვეყნის მთავრობა აქტიურადაა დააკავებული, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
ამ შპს-ების მხრიდან აგრესიული მარკეტინგი ნიშნავს იმას, რომ ეს კომპანიები გაკოტრების პირას არიან და ცდილობენ თანხების დროულ მობილიზებას?
- როდესაც კომპანიას ჰყავს მომხმარებლების ის ნაკადი, რომელთაც ის უმკლავდება და მისი საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება, ის აწარმოებს წყნარ პოლიტიკას. როგორც კი მას რესურსები უმცირდება, ის იწყებს ახალი მომხმარებლების მიზიდვას და აქვს სხვადასხვა ტიპის აქცია. ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში თქვენ შეძლებთ 5%-ის ნაცვლად მიიღოთ 25%-იანი დანამატი, ანუ ისინი ხდებიან აგრესიულნი და იწყებენ საშუალოშემოსავლიანი, დაბალი ფინანსური ცოდნის მქონე მომხმარებლების მოძიებას. ხშირად სოფლის სახლს ყიდის მოქალაქე და 15 ათას დოლარს აბანდებს ამ ბიზნესში, რის სანაცვლოდაც დაახლოებით 5 ათას დოლარადე თანხას მიიღებს წელიწადში ერთხელ, ხოლო 400-დოლარიანი ყოველთვიური შემოსავალი სახარბიელოდ გამოიყურება. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ებმება ამ მახეში.
ის, რომ ვადის გასვლამდე თანხას არ უბრუნებენ მომხმარებელს, ესეც კაბალური ქვეპუნქტია.
- დიახ, ესეც ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი კაბალური ქვეპუნქტია. ამიტომ მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბაზრებზე არსებულ პირობებს, რათა შემოთავაზება არ გამოიყურებოდეს საეჭვოდ და თავი შეიკავონ ამ კომპანიებთან თანამშრომლობისგან, რადგან, საბოლოო ჯამში, გაკოტრებულნი არ აღმოჩნდნენ.