სეპარატისტების რადიკალური ფრთა არ კარგავს იმედს, რომ ოჩამჩირეს სახელს შეუცვლის და დე-ფაქტო „რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ქალაქის ახალ სახელად „აჩამჩირა“-ს ჩაწერს.
სახელის გადარქმევას ეწინააღმდეგება სეპარატისტების ლიდერი რაულ ხაჯიმბა. ის აცხადებს, რომ ბიუჯეტს არ აქვს თანხები, ქალაქის სახელის გადარქმევით გამოწვეული ფინანსური ხარჯები გასწიოს.
თუმცა საკუთარ პოზიციაზე მყარად დგას ამ „საკანონმდებლო ინიციატივის“ ავტორი, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ენობრივი პოლიტიკისა და დემოგრაფიის კომიტეტის ხელმძღვანელი, ტყვარჩელის მკვიდრი, ენათმეცნიერი ვალერი კვარჩია. ქალაქის სახელის გადარქმევის მთავარ არგუმენტად ვალერი კვარჩია აფხაზური ენის ინტერესების დაცვას იშველიებს.
ე.წ. საკანონმდებლო ინიციატივას აფხაზთა „სახალხო კრების“ „დეპუტატებიც“ უჭერენ მხარს, მაგრამ აფხაზური საზოგადოება, განსაკუთრებით, კი ოჩამჩირის მცხოვრებლები ამასთან დაკავშირებით მძაფრ რეაქციას გამოხატავენ. ამიტომაც ოჩამჩირისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილების მიღება გაურკვეველი დროით გადაიდო.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აფხაზები ისტორიულ ტოპონიმებს ცვლიან. 2013 წლიდან ქართულ-მეგრული ტოპონიმიკის ცვლილება გალის რაიონს შეეხო, ახლა კი ოჩამჩირის რიგი დადგა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბზის უნიკალური კორომების გამო ოჩამჩირეს თურქული ენის გავლენით „ა-ჩამჩირ“ ეწოდა. დღეს კი აფხაზი ენათმეცნიერები ვარაუდობენ, თითქოს „აჩამჩირა“ სხვა თურქული სიტყვიდან -„აჯამ შირა“-დან გამომდინარეობს, რაც თიხის დოქს ნიშნავს, თუმცა ქართველი ენათმეცნიერები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
For.ge დაუკავშირდა წარმოშობით აფხაზეთის მკვიდრ, კავკასიოლოგ მეცნიერს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, რადგან მისი ოჯახის წევრები აფხაზეთში ცხოვრობენ და არ სურდა ზედმეტი კრიტიკით გაეღიზიანებინა აფხაზები.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ კავკასიურ ენათა კათედრის ყოფილი გამგის, ცნობილი ქართველოლოგის გიორგი როგავას ეტიმოლოგიის მიხედვით, „ოჩა მჩირე“ მეგრულად ნიშნავს „ვრცელ ყანას“. თუმცა არის მეორე ვარაუდიც, რომელიც უკავშირდება თურქულ „ჩამჩირს“, ანუ თურქულად ბზას, რომელიც თურქებს მე-16-17 საუკუნეში აფხაზეთიდან გაჰქონდათ და ის საუკეთესო ჯიშის ბზად ითვლებოდა.
„ბოლომდე მაინც ვერ ვიტყვით, რომ ტერმინი „ოჩამჩირე“ თურქების შერქმეულია, რადგან პრეფიქსი და სუფიქსი, ანუ თავსართ-ბოლოსართი -„ო“ და „ე“ მეგრულია. შესაბამისად, ოჩამჩირე არის საბზეო, ანუ საჩამჩირე ადგილი. ეს სახელი არანაირად არ უკავშირდება აფხაზურ და რუსულ ტოპონიმიკას. ეს თვითონ აფხაზებმაც და რუსებმაც მშვენივრად იციან. უბრალოდ, 90-იანი წლებიდან დაიწყეს ქართული სახელების შეცვლა. უფრო ადრე ეს არ გამოუვიდათ, თორემ ადრეც ფიქრობდნენ ამაზე. ასევე მოიქცნენ ისინი სახელწოდება „სოხუმის“ შემთხვევაში, როცა მას ქართული სახელობითი ბრუნვის ნიშანი „ი“ ჩამოაცილეს. სინამდვილეში, „სოხუმი“ სვანური წარმომავლობის სიტყვა -„ცხუმიდან“ მომდინარეობს, მისი ეტიმოლოგია ცნობილია და ამას თვითონაც ვერ უარყოფენ, უბრალოდ, ხმამაღლა არ ამბობენ. ახლა ცდილობენ „ოჩამჩირა-აჩამჩირა, ანუ აფხაზურ-რუსულ ენებში მიღებული სახეობა დაამკვიდრონ. ქართულის მსგავსად, რუსულში არ გვაქვს სახელობითის ბრუნვის ნიშანი „ი“; მით უმეტეს, აფხაზური ენაც ბრუნვებით ძალიან ღარიბია. თუმცა ისტორიულად, წარმომავლობით აფხაზური ენა ქართულის მონათესავედ ივარაუდება, განსხვავებით, რუსულისგან, მაგრამ ამის გაგონება აფხაზებს არ სურთ. ამ ორი საუკუნის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს, რომ აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ მსოფლმხედველობა შეუცვალეს“, - აღნიშნა კავკასიოლოგმა და განმარტა, რომ არა მხოლოდ ოჩამჩირეს და სოხუმს უცვლიან სახელწოდებას, არამედ გალის რაიონსაც აფხაზები აღარ უწოდებენ სახელს „გალი“, არამედ ახლა გაფორმებული აქვთ, როგორც „გალ“, ასევეა, ტყვარჩელთან მიმართებით, მასაც მოიხსენიებენ, როგორც „ტყვარჩალ“ და ესაა ქართული ტოპონიმების აფხაზური ვარიანტი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურ ტოპონიმებად აქცია.
კავკასიოლოგი ნანა მაჭავარიანი აცხადებს, რომ გეოგრაფიული სახელების შეცვლა ყოველთვის ტერიტორიების დაპყრობა-დაუფლებას უკავშირდებოდა. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. უფრო მეტიც, ძველ წყაროებშიც ცნობილია, რომ როცა ცალკეული ხალხი სხვა ხალხის ტერიტორიებს იკავებდა, ცდილობდა, მათი ტოპონიმები შეეცვალა.
თუმცა ოჩამჩირის შემთხვევაში საქმეს ართულებს განსხვავებული ფონოლოგიური სისტემაც, რაც წარმოთქმის პრობლემას ქმნის. საუბარია იმაზე, რომ ოჩამჩირე აფხაზურად განსხვავებულად წარმოითქმის.