რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 220 პოტენციური თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფება. ყველა მათგანი ოპერატიულ კონტროლზე იმყოფება. 260-ზე მეტ ადამიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, რადგან აღნიშნული პირები ამზადებენ ტერაქტებს როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებშიც.
ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, უშიშროების ფედერალურ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი იატაკქვეშეთის გაძლიერებას აპირებენ.
პარალელურად, რუსეთი სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებს აძლიერებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით გამომდინარე იქიდან, რომ ნატო ზრდის სამხედრო ძალებს და უკრაინა რჩება არასტაბილურად, შესაბამისად, რუსეთი იძულებული გახდა გაეძლიერებინა სამხრეთ-დასავლეთ საზღვრები.
„ჩვენ დავაყენეთ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები და განვათავსეთ საკმარისი ქვეითი კონტინგენტი ყირიმში. საერთო ჯამში კი, 2013 წლიდან ჩვენ განვათავსეთ 4 დივიზია, 9 ბრიგადა და 22 პოლკი, მათ შორის 2 ანტისაჰაერო ბრიგადა ისკანდერის სარაკეტო კომპლექსებით, რაც საკმარის საშუალებას გვაძლევს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და აქვე დასძინა, რომ ჩრდილოკავკასიაში ტერორისტული ჯგუფები არიან.
მინისტრს უკვე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ჯონ კირბის განცხადებით, თუ ეს მართალია, გამოდის, რომ ყველაფერი კეთდება რათა აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაცია არ მოხდეს და ამ მიმართებით გადადგმული ნაბიჯები ფუჭია.
„აშშ მოელოდა, რომ მოსკოვი შეასრულებდა მინსკის შეთანხმებას რათა შეეჩერებინა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვის მიერ ყირიმში სამხედრო ძალის გაძლიერება რეალობაა. ყირიმი ყოველთვის იყო და დარჩება უკრაინის ნაწილად, ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ ევროპის საზღვრები გადაკეთდეს თოფის ლულის ქვეშ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისი დაიწყოს და ამ საფრთხისთვის კრემლში ემზადებიან. ანალიტიკოსების შეფასებით, სერგეი შოიგუს განცხადებები ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არსებობს სცენარების ამგვარად განვითარების გეგმა.
მაშ ასე, ამის სურვილი არსებობს. მაგრამ ეს სურვილი ჩანაფიქრად, ან რაიმე გეგმად გადაიქცევა თუ არა, ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, განცხადება ყურადსაღებია არამხოლოდ კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ შეიარაღებისა და კონტიგენტის გაზრდა ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმში, მიუღებელია, რასაც შესაბამისი რეაქცია მოჰყვა აშშ-ის მხრიდან.
„ეს არ არის მხოლოდ საპასუხო განცხადება, ამაზე დგას მთელი ევროპული უსაფრთხოება. თუ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა მოიშლება, მაშინ ფაქტიურად ჩვენ ე.წ. ჯუნგლებში მოვხვდებით, სადაც დიდი ძალის მქონე სახელმწიფოს შეეძლება უაპელაციოდ შეცვალოს საზღვრები. ასეთ ქმედებას რა მოჰყვა 20-ე საუკუნის განმავლობაში, კარგად იცის ცივილიზებულმა სამყარომ.
ამიტომ, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვას საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის მოშლა. ცივილიზებული ქვეყნების ინტერესებშია, რომ ასეთი ქმედებები არ განმეორდეს და არ დაკანონდეს“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
რაც შეეხება რუსეთის მიერ სამხრეთ-დასავლეთის საზღვრების გაძლიერებას იმ მოტივით, რომ უკრაინაში არასტაბილური ვითარებაა, მუჩაიძის განცხადებით, შოიგუს განცხადება ცინიკურია, რამდენადაც რუსეთია სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც რამოდენიმე წელია მაქსიმალურად ცდილობს სიტუაცია არიოს უკრაინაში და ამას თავისი შეიარაღებული ძალების საშუალებით აკეთებს.
„რუსეთს სტაბილურობა არ უნდა მოსაზღვრე სახელმწიფოებში. რუსეთის სათავეში მყოფი პუტინის ინტერესშია, მუდმივი დესტაბილიზაცია მეზობელ სახელმწიფოებში, რომ შიდა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს გარეშე საფრთხეებზე, შექმნას გარე მტრის ხატი და ამით უზრუნველყოს რეჟიმის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
სამხედრო ანალიტკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, საკამოდ მძიმე და საშიში განცხადება გაკეთდა თავდაცვის მინისტრის მხრიდან, რაც აშკარად ადასტურებს, რომ რუსეთი რაღაცისთვის ემზადება.
„როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა. რუსეთი აძლიერებს სამხედრო ქმედებებს, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ერთი დივიზიის განლაგება იწყება ჩვენი მიმართულებით, კრასნოდარის მხარეში, რომელიც საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი. გავითვალისწინოთ, რომ ეს საპარლანეტო არჩევნების წინ ხდება. პარალელურად, სიტუაცია გართულდა უკრაინაში, ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებები განახლდა დონბასის მხარეში. აქედან გამომდინარე, დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.