„ვიზალიბერალიზაცია მეორეხარისხოვანი თემაა, საფრთხე ემუქრება ქვეყნის სახელმწიფოებრივ იდენტობასა და თვითმყოფადობას!“

„ვიზალიბერალიზაცია მეორეხარისხოვანი თემაა, საფრთხე ემუქრება ქვეყნის სახელმწიფოებრივ იდენტობასა და თვითმყოფადობას!“

ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც საქართველოსთვის „ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს, თბილისში პოლიტიკურ შანტაჟად“ შეფასდა. მართალია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს ამ საკითხზე, კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს „ბრიუსელიდან კონკრეტული შედეგები მოჰყვება“.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის ეს ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური შანტაჟის იარაღია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ზედმიწევნით იცავს ვიზალიბერალიზაციის მთავარ კრიტერიუმებს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კონკრეტულ კანონებთან. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ეს წნეხი სამი წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ომში ჩართვაზე უარი განაცხადა და დღემდე გრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.

„უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში, ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა.

ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ ბრიუსელის რეალური მიზანი არა ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების დაცვა, არამედ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა.

ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მმართველი გუნდის აზრით, გამოიყენება, როგორც პოლიტიკური წნეხის იარაღი, რათა აიძულონ საქართველო, მიიღოს არასასურველი გადაწყვეტილებები. „ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო მკაცრად იცავს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმს და არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მის შეჩერებასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ ცალკეული კანონების გაუქმება, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, მათთვის „წითელი ხაზია“. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ აპირებს დათმობებზე წასვლას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე.  

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია.

„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. ირკვევა, თურმე, „ავტორიტარული მმართველობის„ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია, რა არის ამისთვის საჭირო?

1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვჰყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. „დემოკრატიის შუქურა“ ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში, ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან, ეს როგორ დაალაგონ და „სამართლიანი არჩევნებიც“ მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს;

2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს;

3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა - ღია ომში;

4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს „ქართულ-ეროვნულ ახირებებზე“ უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს, პრინციპში, პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.

აი, ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც - პოზიტიური და მხარდამჭერი.

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება“, - წერს მამუკა მდინარაძე. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან და მიზნად ისახავს ოპოზიციის გაძლიერებას. ისინი აცხადებენ, რომ გარე ძალები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან და ოპონენტებს ეხმარებიან.

აგვისტოს ბოლოს დასახელებული დედლაინი კითხვებს აჩენს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სექტემბერში განაახლებს. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვადა ხელოვნურად არის შემცირებული. 

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების თემა უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა, ვიდრე სერიოზული პოლიტიკური ბერკეტი.

„ევროკავშირის შიგნით არის კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის, ევროკომისიაშიც, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ გზაზე დააყენონ, რომელიც მათთვისაა მისაღები და არა იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესს ემსახურება. მინიმუმი მათთვის არის ხელისუფლების დისკრედიტაცია და ქვეყანაში უკმაყოფილების გარკვეული ტალღის წამოწყება.

შარშან პრემიერმა კობახიძემ ღიად თქვა, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას საქართველოს მხრიდან აღარ დაიწყებდნენ, თუმცა თუ შემოგთავაზებენ - მზად ვართო. ამას თან დაერთო საბიუჯეტო გრანტებზე უარის თქმაც. სწორედ ეს იყო ის ორი მთავარი ბერკეტი, რომელიც ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობაში რჩებოდა და როდესაც ეს ბერკეტები მოულოდნელად გაუქრათ, ამ ფაქტმა ისინი აშკარად გააღიზიანა.

ახლა სცენაზე დარჩა მხოლოდ ერთი კოზირი - უვიზო რეჟიმის საკითხი, მაგრამ ეს, ჩემი შეფასებით, სერიოზულ ზეწოლად ვერ გამოდგება. რა თქმა უნდა, იქნება რაღაც ჯგუფები, რომლებიც დაუსვამენ კითხვას, რატომ დავკარგეთ ის, რაც „ოცნების“ მმართველობის პერიოდში მივიღეთ, მაგრამ მასობრივი უკმაყოფილება ქვეყანაში ამ თემის გამო ნამდვილად არ გაჩნდება. აგვისტოს ბოლომდე მოცემული ვადა აშკარად ულტიმატუმის ფორმაა, ეს ნათელია“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თმით, პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ბევრს არ ესმის, დღევანდელი ევროპული ელიტისთვის ლგბტ იდეოლოგიის პოპულარიზაცია, პრაქტიკულად, სახელმწიფოებრივ პოლიტიკად  არის ქცეული. არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს შოკში აგდებს ის ფაქტი, რომ საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოდის და ოჯახის ფასეულობებს იცავს.

„ევროკავშირის შიდა პროცესების დროს, როცა ევროკომისრებს ირჩევენ, ერთ-ერთი სტანდარტული შეკითხვაა, რომ  კანდიდატი ქვეყანა ორსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს თუ არა. ერთმა წლების წინ გაბედა და უარი თქვა, რის შემდეგაც მთელი საკომისრო შემადგენლობა გადახალისდა. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავს ამაზე დაპირისპირებულ პასუხს.

დღეს უკვე დაშინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, საქმე აშკარა პოლიტიკური იძულების მცდელობასთან გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასეთ ზეწოლას უპრობლემოდ გაუძლებს. ვიზალიბერალიზაცია ამ ფონზე მეორეხარისხოვანი თემაა. მთავარია, რომ საფრთხე ემუქრება ქვეყნის სახელმწიფოებრივ იდენტობასა და თვითმყოფადობას! როგორ ფორმატში იმოქმედებენ ევროპელი ლიდერები, ჯერ შეუძლებელია დაზუსტებით ვთქვათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგმება უვიზო რეჟიმის შეჩერების მიმართულებით“, - ამბობს მამრაძე.