მსოფლიოში არსებულ 14 მოქმედ ანბანსა და სხვა არამოქმედ ანბანებს ემატება კიდევ ერთი

მსოფლიოში არსებულ 14 მოქმედ ანბანსა და სხვა არამოქმედ ანბანებს ემატება კიდევ ერთი

შესაძლოა, მსოფლიოში არსებულ 14 მოქმედ ანბანსა და სხვა არამოქმედ ანბანებს ემატება კიდევ ერთი . შარშან, 2015 წლის აგვისტოში კასპში აღმოჩენილი გრაკლიანის წარწერა ამერიკის ფლორიდის შტატის მაიამის ლაბორატორიამ ძვ.წ.აღ- ის მე-11-10 საუკუნეებს მიაკუთვნა. საუბარია ძვ.წ.აღ-ის მეშვიდე საუკუნის ტაძარზე, რომელშიც მიკვლეულ ორ საკურთხეველზე ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტებია გამოსახული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტიპის წარწერები მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილს გარდა არსად არ არის აღმოჩენილი და ამას დავუმატებთ ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებას, ქართების (იბერების) კავშირზე ჩრდილოეთ მესოპოტამიასთან და კარდუხებთან, ცხადი ხდება, ამ წარწერების გაშიფვრის შემდეგ, რაოდენ საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ.

ქართველოლოგი რევაზ აბაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედ ახლა მიიღო არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა მაიამის უნივერსიტეტიდან პასუხი, რაც ნიშნავს, რომ კიდევ 4-5 საუკუნით გადაიწია ამ პოსტამენტის დათარიღებამ, რომელიც უფრო ადრე ჩვ.წ-აღ-მდე  მე-7 საუკუნის ძეგლად მიაჩნდათ. ამჟამად თარიღის გადამოწმება იტალიაში მოხდება, რომელიც ძველი არტეფაქტების ქვეყანაა და ამის შემდეგ დაიდება საბოლოო დასკვნა. თუმცა მანამდე გამოგზავნილი ამერიკელების პასუხი უაღრესად სასიხარულოა.

„გრაკლიანის წარწერების ძვ. წ. აღ-ის მე-10-11 საუკუნეებთან დაკავშირება ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში არსებულ 14 მოქმედ ანბანსა და სხვა არამოქმედ ანბანებს ემატება კიდევ ერთი. მით უმეტეს, რომ ეს არის ანბანური სისტემა, ანუ დამწერლობის სახეობა და არა - ლურსმული ან იეროგლიფური დამწერლობა. ანბანური სისტემა ხალხთა ცივილიზაციის უპირველესი ნიშანია და, თუ ამერიკელების ნათქვამს დაადასტურებენ იტალიელებიც, გამოდის, რომ მსოფლიოში ცნობილ, უძველეს ანბანებს შორის ქართველებს ყველაზე უძველესი აღმოგვაჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უძველეს არტეფაქტებთან გვაქვს საქმე. ვინ იცის, რა საიდუმლოს მალავს გრაკლიანის წარწერა, რომელიც ჯერ გაშიფრული არ არის და მის გვერდით იქვე გრაკლიანში მეორე მსგავსი ტიპის წარწერაც იკვეთება. გათხრები გრძელდება და ორი იმდენი კიდევ გასათხრელია. მოსალოდნელია, მსგავსი წარწერები კიდევ აღმოჩნდეს. მე, როგორც ლინგვისტს, მაინტერესებს რის შესახებ უნდა იყოს ეს წარწერები?! ეს ჩვ. წ.აღ-მდელი ეპოქაა. წარმართულ ეპოქაში სალოცავებზე გაკეთებული წარწერების თემა, ცხადია, ან სადიდებელი იქნებოდა, ან სავედრებელი რომელიმე წარმართული ღვთაებისადმი. ამ შემთხვევაში, ალბათ, ამინდის ღმერთის, მზის, მთვარის ან ვარსკვლავების თაყვანისცემას გადმოსცემდნენ. მოგეხსენებათ, უძველეს დროს საქართველოში მათი თაყვანისცემა ხშირი მოვლენა იყო, როგორც ეს ერთ ხალხურ ლექსში ჩანს - „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“, - აღნიშნა რევაზ აბაშიამ.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკვე ცნობილი არც ერთი ანბანით არ იშიფრება გრაკლიანის წარწერები, რევაზ აბაშია ფიქრობს, რომ წარწერები ლოგიკურად ძველი ქართული ანბანის - ასომთავრულის წინა სახეობად უნდა ჩაითვალოს. თუმცა არის მეორე უფრო მისაღები ვარიანტიც, რომ ეს ანბანის სრულიად ახალი სახეობაა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა წინაპრებს ჰქონდათ დამკვიდრებული.

„იმის გამო, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენი წინაპრების შექმნილია ეს არტეფაქტები, ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ანბანია. საბედნიეროდ, ლოგიკური ხაზი ჯერჯერობით აქეთკენ მიდის. შესაძლოა, ამ წარწერებში აღმოჩენილი სიტყვები ძველი ქართული სიტყვები კი არ იყოს, არამედ საერთო ქართველური ფუძე-ენა, რომლის დაშლის შედეგადაც მივიღეთ ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური ენები. ეს უფრო სერიოზული და მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა იქნება და აღმოჩენილი ტექსტიც მსგავსი და, ამავდროულად, განსხვავებული იქნება ძველი ქართული ტექსტებისგან“.

გრაკლიანის აღმოჩენის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი უცხოელი მეცნიერების დასკვნამდე თავს იკავებს აღმოჩენის წინასწარი შეფასებისგან და განმარტავს, რომ თარიღების კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით სინჯები უკვე იტალიაშია გადაგზავნილი. თუმცა ვახტანგ ლიჩელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის დამწერლობა და თანაც, ერთ-ერთი უადრესი დამწერლობა. მართალია, ამ ტიპის წარწერა მხოლოდ მესოპოტამიაშია აღმოჩენილი, მაგრამ გრაკლიანის წარწერა მისი იდენტური არ არის და შეინიშნება რამდენიმე განსხვავებული მახასიათებელიც.

„მსგავსი წარწერა სხვა ენაზე არ არის და გამორიცხული არაა, ეს მორგებული იყოს ქართულ მეტყველებას. სავარაუდოდ, მოხერხდება ამ წარწერების გაშიფვრა, ყოველ შემთხვევაში, ერთი მათგანის გაშიფრვა მაინც, მაგრამ ამას დრო სჭირდება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რელიგიურ-მაგიური შინაარსის წარწერები, რადგან ტაძრის საკურთხეველზეა ამოკვეთილი“.

შეესაბამება თუ არა ეს წარწერები ჩვენს ძეგლებზე აღმოჩენილი დამწერლობის სხვა ნიმუშებს, ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, რომ სხვაობაა დიდია, რადგან ამ წარწერებს 1500 წელი მაინც აშორებთ. ამიტომ იდენტობაზე საუბარი ნაადრევია.