სარეზერვო ფონდი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტები საკუთარი სურვილისამებრ განკარგავენ

სარეზერვო ფონდი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტები საკუთარი სურვილისამებრ განკარგავენ

ქართულ კანონმდებლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ზუსტად განსაზღვრული და დაკონკრეტებული არ არის, რითაც როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი პრეზიდენტი სარგებლობს.

თუკი მიხეილ სააკაშვილი 50 მილიონ ლარიანი სარეზერვო ფონდიდან თანხებს საკუთარი მასაჟისთვის და ცნობილი ქალბატონებისთვის საჩუქრების გაკეთებაში ხარჯავდა, გიორგი მარგველაშვილს 5 მილიონიანი ფონდიდან ფინანსების გამოყოფა მის სახელთან ასოცირებული უნივერსიტეტისთვისაც არ ენანება.

წინამორბედისგან განსხვავებით, მარგველაშვილის სარეზერვო ფონდის რაოდენობა ათჯერ არის შემცირებული, თუმცა, დეპუტატთა ერთი ნაწილი საქართველოს მსგავსი ქვეყნების მაგალითზე საუბრობს და ფონდის გაუქმების იდეით გამოდის, მეორე ნაწილი კი, კანონმდებლობაში იმის დაკონკრეტების მომხრეა, სარეზერვო ფონდი კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს.

წინა ხელისუფლების პირობებში, ვინაიდან კანონმდებლობიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის თაობაზე ჩანაწერი ამოვიდა, ამჟამად, გიორგი მარგველაშვილს ფონდიდან თანხების გამოყოფის იურიდიულ მხარეზე ვერავინ შეედავება, თუმცა, მას კანონმდებლები სარეზერვო ფონდის მიზნობრიობაზე მიუთითებენ.

კანონმდებელთა განმარტებით, სარეზერვო ფონდიდან ის გადაუდებელი და აუცილებელი ღონისძიებები უნდა დაფინანსდეს, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2015-2016 წლებში, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შრომითი სარგო არ უნდა ანაზღაურებულიყო. ორი წლის მანძილზე, კომისიის თავმჯდომარისთვის 80 ათასი ლარი რატომ გამოიყო სარეზერვო ფონდიდან და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან, ამის გარკვევის მიზნით, for.ge-მ დაკავშირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილთან სცადა.

for.ge-მ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვით ნაწილზე აბაშიშვილის პასუხი ვერ მოისმინა, რადგან პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხარჯთაღრიცხვაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ჩვენს სტატიას, ან ინფორმაციას გაეცნობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სარეზერვო ფონდიდან ფინანსების გაცემისას თუ რა პრინციპით ხელმძღვანელობს, ამის თაობაზე პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტება წერილობითი ფორმით მოგვაწოდა.

დებულების სახით ჩამოყალიბებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სარეზერვო ფონდის უმთავრესი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით კი, ფონდი ხელს უწყობს: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა მხადამჭერი და მათი უფლებების დაცვისკენ მიმართულ ინიციატივებს, უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას, რომელიც მიმართულია საქართველოში განათლების ხარისხის ზრდისაკენ, ბავშვთა უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებიკენ მიმართულ ინიციატივებს, სასამართლო ხელისუფლების გაძლიერების მხადამჭერ ღონისძიებებს, საქართველოს თავდაცვითუნარიანობის ზრდისაკენ მიმართულ ინიციატივებს, ქალთა უფლებების დაცვის ღონისძიებებს, ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარებას, ქვეყნის სოციალური სფეროს გაჯანსაღებისაკენ მიმართულ ინიციატივებს.

ადმინისტრაციისგან განსხვავებით, პარლამენტში ფიქრობენ, რომ სარეზერვო ფონდი სტიქიურ მოვლენებსა და გადაუდებელ საკითხებზე უნდა იხარჯებოდეს.

for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განუმარტავს, რომ სარეზერვო ფონდი ისეთ რაღაცეებზე უნდა იხარჯებოდეს, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

დეპუტატის თქმით, ასეთი ღონისძიებებია - სტიქიური მოვლენები.

„ეს რაღაც ისეთი მოვლენაა, რომლის თაობაზეც პროგნოზს ვერ გააკეთებ, მოხდება თუ არა. ფინანსები ისეთ საქმეებზე არ უნდა იხარჯებოდეს, რომელიც წინასწარ ცნობილია, რომ მოხდება. ისეთი საქმიანობის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს და მუდმივად ხდება“, - აცხადებს დეპუტატი.

ხმალაძე აღნიშნავს, რომ ადრე კანონით იყო განსაზღვრული, თუ რაზე შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სარეზერვო ფონდი.

„სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, კანონიდან ეს ნორმა ამოიღეს და ამჟამად, სრულიად განუსაზღვრელია ის, თუ რაში შეიძლება დაიხარჯოს თანხები. არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, თუ რაზე შეიძლება დაიხარჯოს ესა თუ ის თანხა. მგონია, რომ ასეთი მიდგომა არასწორია, რაც პირველ რიგში კანონმდებლობის პრობლემაა, რადგან კანონმა საკითხი უნდა მოაწესრიგოს და შეზღუდვები დააწესოს“, - აღნიშნავს ხმალაძე.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ 2015-2016 წლებში, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურებაზე თანხები სარეზერვო ფონდიდან არ უნდა გამოყოფილიყო.

„გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ასეთი საქმიანობა სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. თანხა ჩვეულებრივ ბიუჯეტიდან უნდა იყოს გამოყოფილი, რადგან ეს არ არის რაიმე მოულოდნელი საქმიანობა და ის უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისად, მისი დაფინანსების მექანიზმი სხვა უნდა იყოს“, - აცხადებს ხმალაძე, რომელსაც for.ge-ს მიერ მოპოვებული მასალები გავაცანით, რომლის გათვალისწინებითაც, 2015 წელს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურებისთვის ჯერ 8 ათასი ლარი და შემდეგ 30 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო 2016 წელს - 42 ათასი ლარი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ანაზღაურებაზე საკუთარ ეჭვებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც გამოთქვამს და for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სარეზერვო ფონდიდან გაღებული ხარჯები ნიშნავს დაუგეგმავ, აუცილებელ და საჭირო ღონისძიებების დაფინანსებას.

დეპუტატი ინტერესდება, რას ნიშნავს და რატომ იყო დაუგეგმავი ხარჯი, როცა შეწყალების კომისიის შრომით ანაზღაურებაზე გაცემულია - 38 და 42 ათასი ლარი.

„რატომ იყო ეს თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი? საზოგადოებამ ამ კითხვებზე პასუხი უნდა მიიღოს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში უნდა ჩააბაროს, ეს თანხები რისთვის იხარჯებოდა, გამოყოფილი რატომ იყო და სად მიემართა“, - აღნიშნავს კანონმდებელი.

ბესელია დოკუმენტის იმ ნაწილსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მის მიერ დაგეგმილი პროექტის - „იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ-ტექნიკური“ მხარდაჭერის მიზნით - 282 ათასი ლარი გამოეყო.

„საინტერესოა, ამ პროექტის დასაბუთება. ზოგადად, ადვოკატთა გაძლიერებისთვის მათი ხელშეწყობა კარგი საქმეა, მაგრამ საინტერესოა, ამის დასაბუთებაც. რა იყო ის დაუგეგმავი ხარჯი, რაზეც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები ამ პროცესში ვერ ჩაერთვნენ?“, - ინტერესდება ბესელია.

რაც შეეხება სარეზერვო ფონდის ხარჯვით ნაწილს, for.ge მას მასალებზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ. დოკუმენტების მიხედვით, 2015 წელს, განვითარებულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სამედიცინო დაზღვევის არმქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით - 54 600 ლარი გამოიყო. ემიგრაციაში მყოფი პირების დახმარება კარგია, მაგრამ ვინაიდან, საბერძნეთში საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს, საინტერესოა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანხების გამოყოფისას რა პრინციპით იხელმძღვანელა და მოხდა თუ არა ფინანსების გამოყოფა სუბიექტური დამოკიდებულებით.

ამას გარდა, მასალებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინტერნეტით სარგებლობისთვის აუცილებელი მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად 2015 წელს - 5 000 ლარი გამოიყო, ხოლო 2016 წელს - 3 800 ლარი. ალბათ, უმჯობესია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტოს, მსგავსი ტიპის ხარჯი რატომ იფარება სარეზერვო ფონდიდან.

ასევე დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების დახმარებას ცდილობს. კერძოდ, პანკისის ხეობის ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად პროექტ - „სოფლის ფოტოკლუბი - პანკისის“ დაფინანსება მოხდა და ამისთვის 19 ათასი ლარი გამოიყო.

მასალებიდან ასევე ჩანს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ეხმარება ზურაბ ჟვანიას ფონდს, რომელმაც 2016 წელს, პროექტ - „წინანდლის პრემიისთვის“ 116.5 ათასი ლარი მიიღო, ხოლო 2015 წელს - 115 ათასი.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოყოფილია სახელმწიფო უწყებებისთვის, რაც კანონმდებლების მოსაზრებით, მიუღებელია, რადგან მათი ცნობით, თუკი ამა თუ იმ უწყებას დამატებითი ხარჯები სჭირდებოდა, მათ ამის დასაბუთება პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას უნდა მოეხდინათ.

კერძოდ, დოკუმენტების გათვალისწინებით, 2015 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საერთო სასამართლოებს - 580 ათასი ლარი გამოეყო, ეკონომიკის სამინისტროს 31.2 ათასი, თავდაცვის სამინისტროს - 223.2 ათასი, განათლების სამინისტროს - 741 ათასი, კულტურის სამინისტროს - 52.9 ათასი, ჯანდაცვის სამინისტროს - 612.9 ათასი, ხოლო აუდიტის სამსახურს - 152.2 ათასი.

ვინაიდან, აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია უწყებების ხარჯვითი ნაწილის შესწავლაა, საინტერესოა, რატომ მოხდა მისთვის სარეზევო ფონდიდან დამატებითი ფინანსების გამოყოფა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსგავსად, რამდენიმე უწყებამ პრეზიდენტის ფონდისგან ფინანსები მიმდინარე წელსაც მიიღო. კერძოდ, დოკუმენტების მიხედვით, სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს - 6.3 ათასი ლარი ჩაერიცხა, თავდაცვის სამინისტროს - 172.8 ათასი ლარი, განათლების სამინისტროს 504.9 ათასი ლარი, ჯანდაცვის სამინისტროს - 90.1 ათასი.

ჩვენს მსგავსად, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ ებანოიძე ფიქრობს, რომ თუკი რომელიმე უწყებას დამატებითი ფინანსები სჭირდება, ბიუჯეტის მოცულობა პარლამენტის გადაწყვეტილებით მტკიცდება და უწყებამ დამატებითი რესურსის მოთხოვნა მაშინ უნდა დაასაბუთოს.

როგორც for.ge-ს ებანოიძემ განუცხადა, ის სარეზერვო ფონდების საკითხით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და ამის გარკვევის მიზნით, პარლამენტის კვლევით დეპარტამენტს მიმართა.

„ჩვენი ქვეყნის მსგავსი მოდელის უმრავლესობაში ასეთი ფონდი საერთოდ არ არის. სადაც არის, ჩვენგან განსხვავებით, დაკონკრეტებულია, რა შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნას პრეზიდენტის ფონდი. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს გაწერილი და ასეთ ფონდებს კონკრეტული დანიშნულება უნდა ჰქონდეს. ის გადაუდებელ შემთხვევებში უნდა იყოს გამოყენებული“, - აცხადებს ებანოძე.

საკითხზე საუბრისას ებანოიძე ყურადღებას წარმომადგენლობით ხარჯებზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ ეს ხარჯი კანონმდებლობაში არ არის გაწერილი და კომერციული ბარათები არსებობს, რომლითაც თავისუფლად შეიძლება ოჯახის წევრებში ან მეგობრებში დაიხარჯოს.

„აუდიტის სამსახურის დასკვნებს თუ ნახავთ, იხილავთ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ხარჯები არ დასტურდება, ამაზე შემდგომი რეაგირება კი, არ ხდება. ხარაგაულს თუ აიღებთ, აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ წარმომადგენლობთი ხარჯი დახარჯულია ისე, რომ სტუმრების ყოფნა არ დასტურდება“, - აღნიშნავს ებანოძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სარეზერვო ფონდების განკარგვისას საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკის აღება მოხდეს, სადაც ან არ არის ფონდი, ან გაწერილია კონკრეტულ მიმართულებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღნიშნული მიმართულებების გარდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის კეთილგანწყობით მის სახელთან დაკავშირებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიც (GIPA) სარგებლობს, რომელმაც 2015 წელს, პროექტ - სადისკუსიო კლუბის“ განხორციელებისთვის 23.7 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მიმდინარე წელს კონფერენციის - „საარჩევნო წელი, პროგნოზები და გამოწვევების“ უზრუნველყოფისთვის 12 ათასი ლარი, მოგვიანებით კი, „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ განხორციელებისთვის - 296.2 ათასი ლარი.

ამას გარდა, დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2015 წელს, სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კონსტიტუციის სასაჩუქრე ეგზემპლარის შეძენა და ამისთვის 10 ათასი ლარის გამოყოფა მოხდა. ასევე ფონდიდან დაფინანსდა ოქროს საწმისის ხუთი ორდენის შეძენა, რომლისთვისაც 7 ათასი ლარი გამოიყო. სახელმწიფო ჯილდოების შეძენა გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც მოხდა და ამისთვის 8,5 ათასი ლარი გამოიყო.

ერთი შეხედვით, მარგველაშვილი სააკაშვილთან შედარებით სარეზერვო ფონდის გამოყენებისას მოკრძალებულია, მაგრამ ვინაიდან, კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ

„საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად“, საინტერესოა, ადმინისტრაციის მიერ წინასწარ რატომ არ იქნა გათვალისწინებული თუნდაც ჯილდოებისა და საჩუქრების შეძენის საკითხი.