თურქეთში ამბოხის შესაძლო მონაწილეთა მასობრივი დაკავება გრძელდება. ამ ეტაპზე 42 ჟურნალისტის დაკავების ბრძანება გასცეს. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება და ეძებენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენთან მოკავშირეობაში. პარალელურად, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის სახელთან დაკავშირებული ყველა კომპანია დაიხურება.
გამოძიება დაიწყება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გიულენის მხარდამჭერებს აფინანსებენ. როგორც ცნობილია ოფიციალური ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.
16 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 10 000-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულია თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი, დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა ეს „აისბერგის მხოლოდ ერთი ნაწილია“ და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება მკაცრი სანქციები.
დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა. ასევე გათავისუფლებულები არიან სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები და ლექტორები. შეგახსენებთ, თურქეთში, 16 ივლისს ღამით, ორგანიზებული ჯარისკაცთა ჯგუფის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, ამის შემდეგ კი ქვეყანაში მასობრივი დაკავება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებდამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ წამების სასტიკ მეთოდებს იყენებენ. კერძოდ, აიძულებენ მოუხერხებელ მდგომარეობაში 48 საათის განმავლობაში ყოფნას, არ აძლევენ საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან. როგორც Amnesty International-ში აცხადებენ, ყველაზე უარეს შემთხვევებში დაკავებულებს სასტიკად სცემენ, აწამებენ და ასევე აუპატიურებენ.
Amnesty International მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას უარი თქვას „ამაზრზენ პრაქტიკაზე“ და მისცეს საერთაშორისო დამკვირვებლებს უფლება, მოინახულონ დაკავებული ადამიანები.
თავად თურქეთის მთავრობა აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. პარალელურად, არმიის იმ გენერალიტეტმა, რომელთაც რეპრესიები არ შეხებიათ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ულტიმატუმი წაუყენა - ან ის შეაჩერებს არმიის დამცირებას, ან სამხედრო ამბოხი გარდაუვალია. ერდოღანის რეპრესიების გასაპროტესტებლად, თურქული ოპოზიციური პარტიების ათიათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე.
შეკრებილებს სიტყვით, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა კემალ კილიჩდაროღლუმ მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მკვეთრად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს. ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გმობენ, თუმცა ეწინააღმდეგებიან ერდოღანის მიერ, გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, ეს პრეზიდენტს მისცემს საშუალებას თურქეთში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს.
„რესპუბლიკა და დემოკრატია“ - ამ სლოგანის გარშემო გაერთიანდა საზოგადოება ოპოზიციური ფრთის მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბიანი აქციაზე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე გაიმართა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ერდოღნის პოლიტიკური ოპოზიციისთვის მიუღებელია იმ საშიში თამაშების დაწყება, რომლის განხორციელება ერდოღანმა დაიწყო.
„რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელობით ოთხივე ოპოზიციური პარტია თურქეთში საკმაოდ გავლენიანია. რესპუბლიკელები ცნობილი არიან იმით, რომ ათათურქის იდეების დამცველები არიან. თავიდანვე ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ დაგმო ამბოხის მცდელობა, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ ერდოღანმა წითელ ხაზსს გადააბიჯა, დაიწყეს მოქმედება და როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიების დაპირისპირების ახალ ფაზაში გადადის სიტუაცია.
ტექსიმის რევოლიციის სახით დაიწყება ახალი რევოლუცია. პოლიტიკური ძალები უკვე იკრიბებიან და მაგრდებიან ტექსიმის მოედანზე, რასაც შესაძლოა სოლიდიური ტიპის გამოხმაურება მოჰყვეს. ფაქტია, რომ უკვე პოლიტიკური ოპოზიციისგან ახალ ფაზაში შედის პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა. არ არის გამორიცხული, რომ ერდოღანმა მოახდინოს პოლიტიკური დაპირისპირება მის მომხრეებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 500 ათასიან არმიაზე სრული კონტროლო დამყარებულია, გადატრიალების საშიშროება კიდევ რჩება, რამდენად შეძლებს ერდოღანი თავისი პოზიცების განმტკიცებას, ეს ძნელი სათქმელია. მისივე თქმით, ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს წარუმატებელ პუტჩს როგორ მოჰყვა წარმატებული გადატრიალება.
„რამდენად შეძლებს ერდოღანი ასე დამამცირებლად დაპატიმრებული სამხედროების შემდეგ წესრიგის შენარჩუნებას, რთული სათქმელია. ვნახეთ არაერთი კადრი, რა ვითარებაში არიან დაკავებულები. საერთო ჯამში, არმია თავისთავად საშიშროებას წარმოადგენს მმართველი რეჟიმისთვის და რამდენად დაიმორჩილა არმია, ეს ჩემთვის ცოტა ძნელად წარმოსადგენია.
საუბარი არ არის დაპატიმრებაზე, საუბარია დამცირებაზე, ღირსების შელახვაზე. თურქეთი ბევრი ქვეყნებისგან იმით განსხვავდება, რომ ჩამოყალიბებული სამხედრო ელიტა ჰყავთ, რომელსაც ქვეყნის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მათთვის იმ გენერლების, რომლებიც ათეულობით წლები მსახურობენ თურქულ ჯარში, ასეთი დამცირება თავისთავად არის დამატებითი უკმაყოფილების საბაბი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვასილ პაპავა.