„სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოები იდგნენ“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და პირობას დებს, რომ მოვა დრო, როცა ყველა კავშირი გაირკვევა. რას ნიშნავს მრავლობითში ნათქვამი სიტყვა „სხვა სახელმწიფოები“ და ვის ინტერესში უნდა ყოფილიყო ეს გადატრიალება? რა საფრთხეებს უქადის მეზობელ ქვეყნებს ორი ავტორიტარული მმართველის -პუტინ-ერდოღანის მორიგი დაახლოება? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ არშემდგარი ამბოხით ყველაზე მეტად მოგებული ერდოღანის ხელისუფლება დარჩა, შესაძლოა, ამბოხების წინასწარ დადგმულ სცენარზეც გვეფიქრა, მაგრამ თავად ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან „სხვა სახელმწიფოებს“ ხედავს. ერთ-ერთი მათგანის - ამერიკის მიმართ შენიშვნები თავიდანვე გამოთქვა თურქულმა მხარემ. კიდევ დარჩნენ სხვა სახელმწიფოები, ვისაც ამ გადატრიალების ინტერესი ჰქონდათ?
- ადრე სირიის მიმართულებაზე იყო საუბარი, თითქოს ამ ამბოხში სირიის კვალი იკვეთებოდა. ამერიკის კვალზე თქვენ თვითონაც ბრძანეთ. გარდა ამისა, იყო ფანტასტიკური სცენარი, თითქოს ამერიკა და ირანი ერთობლივად აპირებდნენ ერდოღანის გადაყენებას.
ირანის ინტერესი ამ შემთხვევაში რეგიონში ჰეგემონობა უნდა ყოფილიყო?
- ვეჭვობ, ირანის ინტერესი ყოფილიყო ერდოღანის ჩამოცილება, თუმცა, პრინციპში, თურქეთსა და ირანს შორის არის გარკვეული რადიკალური უთანხმოებები, მათ შორის, სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ არა მგონია, ირანი ამ ნაბიჯზე წასულიყო. მით უმეტეს, სანქციების მოხსნის შემდეგ ეს გამორიცხულია. ამიტომ ერდოღანმა თვითონ უნდა დაასახელოს ის ქვეყნები, ვისაც გულისხმობდა. სავარაუდოდ, შეიძლება საუბარი იყოს ამერიკაზეც.
დასაწყისში სირია ახსენეთ. მათი ინტერესი რა უნდა იყოს?
- ცხადია, სირიას ინტერესი ექნებოდა. როცა გავრცელდა, რომ თურქეთში გადატრიალება შემდგარია და, ფაქტობრივად, სამხედროები აკონტროლებენ სიტუაციას, დამასკოში ყველა ზეიმით შეხვდა ამ ამბავს. ასადის რეჟიმს, ყველა ვარიანტში, გაუხარდებოდა ერდოღანის მთავრობის დამხობა. ასადს ამის საშუალება შეიძლება ჰქონოდა კიდეც, მაგრამ ასადის სპეცსამსახურები რამდენად არიან თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შეჭრილები და რამდენად აკონტროლებენ მათ, ეს ცოტა გაურკვეველია.
ბრალის დადება სხვა სახელმწიფოების მიმართ პუტინის ტექსტისა და ბრალდებების განმეორებაა. ერდოღანის ეს განცხადებაც რუსეთ-თურქეთის დამთბარი ურთიერთობის ფონითაც შეიძლება აიხსნას?
- ამ შემთხვევაში, ერდოღანის ამ განცხადებას „ლაითად“ მივიღებ. თავისი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ერდოღანს ახლა ამ განცხადების გაკეთება სჭირდება. არადა, ეს იყო წმინდა შიდა პოლიტიკური თურქული გადატრიალება, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალება. შეიძლება, 1980 წლის გადატრიალება არ იყო შიდა პოლიტიკური და შეიძლება იმ პერიოდში უფრო ყოფილიყო საგარეო პოლიტიკური კვალი და ეს მაშინ გასაგებიც იყო. შესაძლოა, იქ ამერიკელების ინტერესიც ყოფილიყო, რადგან 80 წელს სულ სხვა მდგომარეობა და პირობები იყო და ამას ჰქონდა გამართლებაც. რაც შეეხება 1960, 1971, 1997 წლებისა და დღევანდელი 2016 წლის გადატრიალებას, ამ ამბოხებს არავითარი კავშირი არ აქვთ საგარეო პოლიტიკურ ვექტორებთან. უბრალოდ, თურქულ არმიას ჰქონდა ძალიან ბევრი უარყოფითი განცდა დაგროვილი ერდოღანის მიმართ და ამან ამოხეთქა. თუმცა სამხედროებშიც იყო შიდა განხეთქილება, ანუ არ იყო ერთიანი არმია, როგორც ეს გვახსოვს 1997, 1980, 1971 და 1960-იან პერიოდში. ამან ხელი შეუშალა პუტჩის წარმატებით განხორციელებას. დღესდღეობით ბევრმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს ეს ფაქტორი საკუთარი ინტერესებდან გამომდინარე.
თურქეთ-სირიის ურთიერთობას რომ მივუბრუნდეთ, რას ნიშნავს თურქული მხარის ამას წინანდელი განცხადება, რომ სირიაში რუსეთის ადგილი არ არის და რომ იქაურები და თურქები ერთი ხალხი, ერთი განაყოფი არიან?
- რუსებს და თურქებს რომ განსხვავებული მიდგომა გააჩნიათ სირიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს გასაგებია. მეორე მხრივ, თურქებსა და რუსებს ჰქონდათ საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე, გამონაკლისი იყო რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება. ახლა ეს ინციდენტიც წაიშალა, რადგან ერდოღანმა ბოდიში მოიხადა, თვითმფრინავის ჩამომგდები პილოტები დააპატიმრა და, ბოლო ინფორმაციით, ისინი ნაწამები არიან. ესეც შემთხვევით არ გაკეთდებოდა. ბოლოს და ბოლოს, აგვისტოში როდესაც მოხდება ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა რუსეთის ტერიტორიაზე, ჩათვალეთ, რომ ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის კონფიგურაციას მივიღებთ. დაახლოებით იგივე სურათი იხატება, როგორც 1921 წლის მარტში, როცა თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ პირდაპირი კავშირი დაამყარა ბოლშევიკურ ლენინის მთავრობასთან და ისინი იყვნენ სტრატეგიული მოკავშირერები. სხვათა შორის, ფაქტობრივად, იგივე მომენტი იყო, მაშინაც ჩავიდა სამხედრო მინისტრი - ქემალ-ფაშა მოსკოვში, იქ გააფორმა შეთანხმება და ამას რაც მოჰყვა, კარგად ვიცით - საქართველომ დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. ეს, უბრალოდ, ისტორიული პარალელია, არ მინდა და არც ვფიქრობ, რომ ისტორიული პარალელი დღევანდელ პირობებში რელევანტური იყოს, ასე არ მოხდება, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მაინც შევახსენე ისტორიის ეს მონაკვეთი.
ფიქრობთ, რომ ახალ პრობლემებს მოიტანს პუტინ-ერდოღანის დაგეგმილი შეხვედრა?
- პუტინ-ერდოღანის დაგეგმილი შეხვედრა ეს არ არის ორი დემოკრატიული ლიდერის შეხვედრა. ეს რომ იყოს დემოკრატიული ლიდერების შეხვედრა, თუნდაც დემირელსა და ელცინს შორის, მაშინ განზომილება სხვა იქნებოდა. ახლა კი, ავტორიტარული რეჟიმის ორი მმართველი ხვდება ერთმანეთს. ამას ემატება ისიც, რომ ახალი კონფიგურაცია ყალიბდება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებშიც, ანუ სამხრეთის ნაკადის გაყვანას ისინი აპირებენ წყალქვეშ „ცისფერი ნაკადის“ პარალელურად. მოგეხსენებათ, „ცისფერი ნაკადის“ გაზსადენი ნოვოროსიისკიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთში შედის. ესეც ბევრ რამეს ნიშნავს. ისიც გამოჩნდა, რომ ერდოღანი გადაარჩინეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. შეიძლება მართალიც იყოს ეს ფაქტი, რადგან სად იმყოფებოდა ერდოღანი ორი საათის განმავლობაში, როცა ამბოხებულთა ორი თვითმფრინავი მასზე ნადირობდა? საინტერესოა, სად მონახა მან თავშესაფარი? ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ტერიტორია, ანუ ყირიმის სივრცე და იქ დაეცვა თავი ორი თვითმფრინავისგან, რომლებიც მზად იყვნენ, ჩამოეგდოთ ერდოღანის ავიალაინერი.
გამოდის, დაძაბული და ნაძალადევად „დამთბარი“ ურთიერთობის შემდეგ რუსებისთვის ერდოღანი შეუცვლელად იქცა?
- რა თქმა უნდა, და პირველი, ვინც მიულოცა გადარჩენა და მხარდაჭერა აღუთქვა, იყო ვლადიმერ პუტინი.
ამ დამთბარი ურთიერთობის ფონზე ერდოღანის გეგმებში რაიმე შეიცვლება დასავლეთის საზიანოდ?
- უკვე გაკეთდა შტაინმაიერის მხრიდან განცხადება, რომელმაც დაგმო თურქეთის არადემოკრატიული საქციელი და ამ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს რეპრესიები სამოქალაქო სექტორზე. ამერიკელები ჯერჯერობით მკაცრი განცხადებებისგან თავს იკავებენ, თუმცა არ არიან გახარებულნი ამ ფაქტით, მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-თურქეთის ფარული ალიანსი ნამდვილად არ წაადგება დასავლეთის ინტერესებს აღმოსავლეთის მიმართულებით.
რუსეთისგან ზურგგამაგრებული ერდოღანის განცხადება, რომ ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს თურქი ხალხის არჩევანს სიკვდილით დასჯის შესახებ, ნიშნავს იმას, რომ ერდოღანს უკვე აღარ სჭირდება დასავლეთი და შესაძლოა, არც ნატო დასჭირდეს?
- რა თქმა უნდა, აღარ სჭირდება დასავლეთი. პუტინის პერიოდში ერდოღანი გაცილებით მეტს ღებულობდა ეკონომიკურად, ფაქტობრივად, 24-მილიარდიანი დოლარის სავაჭრო ბრუნვა იყო რუსეთ-თურქეთს შორის. 3 მილიარდი ერდოღანს შესდიოდა მარტო ტურისტული სექტორით. ეს თანხები ერდოღანსა და მის მმართველ ძალას სავსებით აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარების ტემპები თურქეთში პროგნოზირებადი ყოფილიყო. რაც შეეხება საკითხს, სჭირდება თუ არა თურქეთს ნატო, არ გამოვრიცხავ, როგორც ბრიტანეთმა გახსნა „ბრექსიტის“ ვარიანტი, შეიძლება თურქეთმაც იგივე მოახდინოს ნატოს მიმართულებით. ამდენი რეპრესიის შემდეგ, როცა საქმე მიდგა თურქეთში ლექტორების რეპრესიებზე, რომელ ევროპულ ფასეულობებზეა საუბარი? ამან ყველა ზღვარს გადააჭარბა.