თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა, რომელზეც კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ და კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას ბრალი აქვთ წაყენებული. სასამართლომ 2006 წელს ჩატარებული გამოძიების მთავარი მოწმე დაკითხა. მოწმემ აღნიშნა, რომ მას ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მაშინ ცრუ ჩვენება მიაცემინეს. მოწმის ინფორმაციით, მან რამდენჯერმე ითანამშრომლა კუდ-თან და მისი მონაწილეობით ორი დანაშაული გაიხსნა.
„მე დავიწყე თანამშრომლობა კუდ-თან მას შემდეგ, რაც ჩემი მონაწილეობით დააკავეს ყალბი ვიზების დამზადების ფაქტზე თურქი პირი. ამის შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობა, პირადად ლევან ქარდავასთან მქონდა ურთიერთობა და მას ვუკავშირდებოდი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემი დახმარებით გახსნეს ტრეფიკინგის საქმეც. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მე ცხოვრების სტილი შევიცვალე, დავიწყე მსახური ეკლესიაში და ამიტომ გადავწყვიტე შემეწყვიტა კუდ-თან ურთიერთობა. ასეც მოვიქეცი, როცა ვუთხარი, რომ მათთან ვეღარ ვითანამშრომლებდი, არავითარი წინააღმდეგობა ან ზეწოლა არ ყოფილა ჩემზე“, - ამბობს მთავარი მოწმე.
როგორც მან სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, 2006 წლის 14 იანვარს მას კუდ-იდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა მოსთხოვეს. მისივე თქმით, დაურეკა ვინმე გიამ, მეტსახელად „ნაცმა“.
„ეს არ იყო შეხვედრის თხოვნა, ეს იყო მოთხოვნა. როცა ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, მითხრა რომ აუცილებლად უნდა შემხვედროდა. გადავწყვიტე არ გამემწვავებინა ვითარება და ამიტომ დავთანხმდი. დამიბარა ნავთლუღში. როდესაც მივედი მითხრა, რომ უნდა მიმეცა ჩვენება - თითქოს ვმუშობდი ნავთლუღის ტერიტორიაზე და შევესწარი ორმხრივ სროლას, ასევე დავინახე ახალგაზრდები როგორ გარბოდნენ იარაღით ხელში. ეს იყო მოთხოვნა და ჩავთვალე თუ არ შევასრულებდი, ჩემი საქმე კარგად არ იქნებოდა. ამიტომ წავყევი გამომძიებელთან, სადაც მოვყევი დაზეპირებული ტექსტი. ჩემს დაკითხვას თავად გია „ნაციც“ ესწრებოდა“, - განაცხადა მოწმემ.
ბრალდებული გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ ვინმე გია, მეტსახელად „ნაცი“ მის დაქვემდებარებაში მსხურობდა. დგებუაძემ მოწმეს ჰკითხა, რატომ არ დაუკავშირდა ან მას ან ლევან ქარდავას, რათა ეცნობებინა, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ამის ვინმესთვის თქმას აზრი არ ჰქონდა.
ბრალდებულმა დგებუაძემ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას და ოჯახს ბოდიში მოუხადა და მიმართა, რომ ნაადრევი დასკვნები არ გააკეთოს. დგებუაძემ, იგივე „მასტერამ“ სურმანიძის ოჯახს ბოდიში იმის გამო მოუხადა, რომ პოლიციამ მისი შვილისა და მეგობრების სიცოცხლის დაცვა ვერ შეძლო.
„კარგად მესმის თქვენი განწყობა და მდგომარეობა. ის ტკივილი რაც თქვენი შვილის დაკარგვითაა გამოწვეული, ამის შემსუბუქება და გადატანა ძალიან ძნელია, მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ. გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი სინანული როგორც პოლიციელის, რომ ამ სპეცოპერაციაში მე ვიღებდი მონაწილეობას და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა პოლიციელმა ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობის შესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების დაცვაში.
სამწუხაროდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ თქვენი შვილისა და მისი მეგობრების სიცოცხლის დაცვა. ამიტომ მე ჩემი მხრიდან გიხდით ბოდიშს. მე არ მინდა თქვენ ნაადრევი დასკვნები გააკეთოთ.
ისიც კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც გარკვეული ზრუნვა იგრძენით თქვენი საქმის მიმართ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ზრუნვა არ არის გამოწვეული თქვენი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ან იმის გამო, რომ ვიღაცას სამართლიანობის აღდგენა უნდა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ძალიან გთხოვთ. მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონე ვიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი. გთხოვთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამ სასამართლო პროცესებს“, - განაცხადა გია დგებუაძემ.
ბრალდებულის თქმით, მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც პროკურატურა ედავება და არის მცდელობა ამ ოჯახის ტრაგედიის გამოყენებისა ისეთი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რატომღაც ლოიალურები არ აღმოჩნდნენ გარკვეული პირებისთვის. მისივე თქმით, ეს ტრაგედია ხდება საფუძველი ახალი ოჯახების ტრაგედიებისა.
„ყველაზე დიდი მარცხი პროფესიონალისთვის და პოლიციელისთვის, თუკი შეიძლება რამე მოუვიდეს, ეს არის ღონისძიების ჩატარების დროს მისი ფატალური შედეგები. ეს ჩემთვის მთელი ცხოვრების ტრაგედიად დარჩება, მაგრამ მე მკვლელი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ და არც დავუშვებ იმას, რომ ვიღაცამ რაღაც დამაბრალოს. მე ჩემი ცხოვრების ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს ჩემი სიმართლე დავამტკიცო. რაც იყო ცუდი იყო მე ამას ვაფიქსირებ, მაგრამ ამ ცუდის გაგრძელება კიდევ უარესი იქნება.
ჩემს შეცდომას ვაღიარებ, თუმცა არ ვიცი როგორ უნდა მოვქცეულიყავი მე შემთხვევის ადგილზე იმისთვის, რომ ეს ფაქტი არ დამდგარიყო. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდი იმაზე რა შეიძლებოდა მე გამეკეთებინა ისეთი, რათა ეს ტრაგიკული შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, საქმე ეხება სამი ადამიანის გარდაცვალებას და ამ საქმეში სპეკულაციები, შეთითხნილი ბრალდებები, ცრუ მოწმეები და ცილისწამებები ვფიქრობ, დაუშვებელია. მე, ღმერთისა და თქვენს წინაშე ბატონო ოთარ, პასუხს ვაგებ“, - მიმართა გია დგებუაძემ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას, ოთარ სურმანიძეს, რომელიც სასამართლოში მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხა.
როგორც მოწმის სტატუსით დაკითხულმა ოთარ სურმანიძემ აღნიშნა, მის სახლში „ჩიტის თოფიც“ არ ჰქონიათ, არათუ ავტომატი. მისივე თქმით, თუ ბიჭები რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ? სურმანიძე ამბობს, რომ ისინი წალკიდან მოდიოდნენ.
„სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ. სამი კაცი თუნდაც შეიარაღებული რომ ყოფილიყო, ისნის მეტროდან რუსთავის ციხეს აიღებდნენ? თუ დამნაშავე იყვნენ არ ჯობდა რომელიმე ცოცხალი აეყვანათ, მაგრამ ლიკვიდაცია არჩიეს იმიტომ, რომ სიმართლე არ დადგენილიყო. ყველამ ვიცით, რაც მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. თუ ჩემი შვილი შეიარაღებული ციხეზე აპირებდა თავდასხმას, მაშინ ოჯახში რატომ არ მოვიდნენ და არ ჩაატარეს ჩხრეკა, იქნებადა კიდევ მქონდა ავტომატები და კიდევ ვაპირებდი შეიარაღებული ხალხის გამოგზავნას, რატომ არ ნახეს?
მორგში ვნახე ჩემი შვილის ცხედარი, სუდარა ჰქონდა გადაფარებული. მითხრეს, ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ამიტომ გახდა საჭირო მათი ლიკვიდაციაო. ვერ დავიჯერე. ჯერ ერთი, ბიჭებს ტყავის მოკლე ქურთუკები ეცვათ, იმხელა ავტომატებს, რასაც გამოძიება მიუთითებდა, ვერაფრით დამალავდნენ. თუ ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ნუთუ არავინ დაზარალდა?! იქვე ვთქვი, თუკი ვინმეა ჩემი შვილის ნასროლი ტყვიით დაჭრილი, მანახეთ, მოვუვლი-მეთქი, მაგრამ იქ დაზარალებული მხოლოდ ჩაცხრილულთა ოჯახის წევრები ვიყავით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შოთა სურმანიძის მამა, რომან სურმანიძე.
სასამართლომ ასავე დაკითხა მოკლული შოთა გორგაძის დედა, ნარგიზი გორგაძე, რომლის განცხადებით, მისი შვილი თბილისში წალკაში, ნათლობაში წასვლის მიზნით წამოვიდა და შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ტელევიზორიდან შეიტყო.
„შვილმა ნახა ტელევიზორში, რომ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შოთას მეგობარი მარადი იყო გარდაცვლილი. ვცადეთ მასთან დარეკვა, მაგრამ ვერ დავუკავშირდით. მერე წავედი და მეც ვუყურე ტელევიზორში კადრებს. დავინახე ბავშვები დავარდნილები, სისხლში ცურავდნენ. დავიწყეთ ისევ მარადისთან დაკავშირება. ვიღაცამ გვიპასუხა ტელეფონზე და მითხრა - თქვენი შვილი აღარ არისო, მორგშია და თუ ჩამოხვალთ დღესვე, წაიყვანეთო, თუ არადა ხრამში გადავაგდებთო.
ჩემს შვილს და მის მეგობრებს კრიმინალთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ და არც არავითარი იარაღი არ ჰქონდათ. თუ იარაღი ჰქონდათ, რატომ არ მოვიდნენ და არ გაჩხრიკეს სახლი? თუ დანაშაულის ჩადენა უნდოდა, რატომ არ დაიჭირეს? რატომ მოკლეს? დაეჭირათ და ჩაესვათ ციხეში. უდანაშაულო ბიჭები ჩაცხრილეს, ჩვილი შვილიშვილი დამიტოვეს, რატომ? რატომ? ეს სამართალია?“, - აღნიშნა ნარგიზ გორგაძემ.
2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა - შოთა გორგაძე და მისი მეგობრები - რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.
ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის N1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი.