ქართველი ქალისა და შოტლანდიელი მამაკაცის საოცარი სიყვარულის ისტორია საქართველოში პირველი სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანასთან ერთად განვითარდა. მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, ეკატერინე ყარანგოზიშვილისა და ჰენრიხ მუატის სურამში დაწყებული სიყვარულის მიწიერი ისტორია კი თბილისში, ქაშვეთის ტაძრის ეზოში, 1921 წელს დასრულდა და მარადისობაში გადავიდა.
76 წლის ქალი 75 წლის მამაკაცზე ათი თვით ადრე, იმავე წელიწადს გარდაიცვალა. მანამდე კი, ბედნიერებითა და წუხილით, წარმატებითა და იმედგაცრუებით სავსე თანაცხოვრების ნახევარი საუკუნე, რვა შვილი და რკინიგზაზე მუშაობის 39 წელიწადი იყო…
ჰენრიხ მუატი ინგლისიდან საქართველოში 1869 წელს ჩამოვიდა. სრულიად ახალგაზრდა, 23 წლის ინჟინერი, რომელსაც სპეციალური განათლება ფოლკსტონის კერძო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული, კავკასიაში იმდროინდელი მეფისნაცვლის- მიხეილ რომანოვის ბრძანებით მოიწვიეს. ინგლისის სამოქალაქო ინჟინრის წოდება ჰენრიხ არჩიბალდის ძე მუატს საკუთარ სამშობლოში, ჩრდილოეთის დიდი რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის თანაშემწეობისა და ხუთწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ, 1865 წელს მიუღია. 1869 წლის თებერვალში ჰენრიხ მუატი ბრიტანული კონცესიის სხვა წევრებთან ერთად ფოთში გაემგზავრა, სადაც ტფილისი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა, 1865 წლიდან, ფაქტობრივად დაწყებული იყო და იგი რუსეთის იმპერიის გზათა მიმოსვლის კავკასიის მხარის რკინიგზების უფროსის, ინჟინერ-კაპიტნის, ბოლესლავ სტატკოვის პროექტის მიხედვით ხორციელდებოდა, რომელიც შემდეგ, 1872 წელს, ამიერკავკასიის რკინიგზის პირველ უფროსად დაინიშნა.
მთელი რეგიონისათვის სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის უღელტეხილზე გადასაყვანი ურთულესი მონაკვეთის პროექტირება ინგლისელ ინჟინერს დაევალა. ჰენრიხ მუატმა ჯგუფთან ერთად სამუშაო წარმატებით დაასრულა და სურამის უღელტეხილზე რკინიგზის გაყვანა სწრაფი ტემპით დაიწყო. ჰენრიხ მუატი საცხოვრებლად ხაშურიდან სურამში, ზინდისის უბანში, აზნაურ ნიკოლოზ აბაზაძის სახლში გადავიდა. ამ სახლში, მოგვიანებით, 1913 წელს, ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა გარდაიცვალა. ხოლო 1952 წლიდან, იქ მისი მემორიალური მუზეუმი განთავსდა.
ჰენრიხ მუატი სურამში ხშირად სტუმრობდა ფრანგი ინჟინრის-მიხეილ ზაგიუს ოჯახს, რომელსაც ცოლად ნინა ყარანგოზიშვილი ჰყავდა, აზნაურის ქალი დუშეთიდან. ჰენრიხმა დიასახლისის და, ეკატერინე(კატო), სწორედ ამ სახლში გაიცნო. წყვილი მალევე დაქორწინდა. ახლადშექმნილმა ოჯახმა სურამში საკუთარი პროექტით სახლიც აიშენა. თითქმის ერთმანეთის მიყოლებით, სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი გაჩნდა: მარია, ეკატერინე, არჩილი, ალექსანდრე, ნინა, მიხეილი, სოფიო და დაგმარა. ჰენრიხსა და მარიას ურთიერთობაში თავიდანვე არსებული ერთადერთი პრობლემა-ენობრივი ბარიერი, მალევე გადაილახა. ინგლისელმა ინჟინერმა ზედმიწევნით შეისწავლა ქართული და რუსული ენები. ქართველი მეუღლე კი მოკლე დროში რუსულად ალაპარაკდა. მუატების სახლს ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები, იმ დროის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სახეები: მსახიობი ნატო გაბუნია-ცაგარელი, მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი, ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი ილია ნაკაშიძე და სხვები. მათი მონაწილეობითა და თანადგომით მუატები საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებს მართავდნენ. ქალიშვილებთან ერთად ფორტეპიანოზე თავად ჰენრიხ მუატიც შესანიშნავად უკრავდა. ქველმოქმედი ინჟინერი ამიერკავკასიის რკინიგზის, ხაშურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველიც ყოფილა. ეკატერინე ყარანგოზიშვილი კი მე-19 საუკუნის მიწურულს, სურამის რეგიონში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ რწმუნებული იყო. მუატების ქველმოქმედებაზე იმდროინდელი პრესაც აქტიურად წერდა. 1884 წლის აგვისტოში გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სურამში გამართულ წარმოდგენაში, „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“, მოწონება დაიმსახურა სოფრომ მგალობლიშვილმა (მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე) და კოტე ყიფიანმა. (მსახიობი, დრამატურგი.) 1885 წელს „დროება“ კვლავ იუწყებოდა: „ერთ მშვენიერ დღეს სურამში გამოცხადდა, რომ ეკატერინე მუატი აწყობდა კონცერტს. კონცერტი გაიმართა კერძო ბინაში. დარბაზი მაყურებლით გაივსო და საზოგადოება კონცერტით კმაყოფილი დარჩა. კონცერტის მთელი შემოსავალი უკლებლივ გაეგზავნა „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.“
დაბის ცენტრში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის ნაგებობა, სადაც მუატების დიდი ოჯახი ცხოვრობდა, მნახველებს წარსულს ცოტა ხანში ვეღარ შეახსენებს. აღარ არსებობს შუშაბანდიანი ფასადი, რომელიც დღემდე შემონახულ ოჯახურ ფოტოებში ჩანს. ერთადერთი, რაც სახლს შემორჩა, ორი ბუხარია, რომელიც მუატებს სხვადასხვა ოთახებში ჰქონიათ. თეთრი ფილებითა და ბრინჯაოს ჩუქურთმით მოპირკეთებულმა ბუხარმა დროს გაუძლო, მაგრამ თანამედროვეობის ხელი უხეშად დატყობია. ამჟამად, შენობას კერძო მფლობელი ჰყავს, რომელიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს. ხარაჩოზე შემდგარი თანამედროვე კირითხურო თითქმის საუკუნენახევრის წინ აგებულ კედელზე, ქვითკირის კვალს ბათქაშით საგულდაგულოდ მალავს. ბუხრის საკვამურები კი უკვე ამოლესილია. შენობის ფასადზე საბჭოთა წყობილების დროინდელი აბრაც შემორჩენილა, რომელზეც ქართულ-რუსულ ენებზე დატანილი წარწერა აფთიაქის არსებობას გვამცნობს, თუმცა დღეს იქ სავაჭრო ცენტრია განთავსებული.
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის- თამაზ ლაცაბიძის ინფორმაციით, ჰენრიხ მუატის ოჯახს სურამი 1910 წელს დაუტოვებია და საცხოვრებლად თბილისში გადასულა. „მას შემდეგ, რაც მუატებმა სურამი დატოვეს, ამ სახლში კლუბი გაიხსნა. შენობის იმ ნაწილში, სადაც აფთიაქია, საცეკვაო დარბაზი ყოფილა. ერთ-ერთ ოთახში საბილიარდოც იყო. კლუბის ბაღში სეირნობა იმართებოდა. სხვადასხვა გასართობებით შემოსული თანხა კი „ქალთა საზოგადოებას“ გადაეცემოდა. წლების განმავლობაში, ამავე შენობაში იყო განთავსებული ბიბლიოთეკა და სურამის პოლიცია. ჰენრიხ მუატს დიდი წვლილი მიუძღვის სურამის გვირაბის-ამ შესანიშნავი ნაგებობის შექმნაში. ამიტომაც, მან გზათა სამინისტროსგან დამსახურებულად მიიღო მადლობა, ფასიანი საჩუქარი და სახელობითი ოქროს ჟეტონი. ღვაწლმოსილ უცხოელ ინჟინერს ამიერკავკასიის რკინიგზაზე უფასოდ მგზავრობის უფლებაც მიანიჭეს. ერთი ხაშურელი ძველი მუშა- ესტატე რატია თავის მოგონებებში წერს, რომ ჰენრიხ მუატი 1905 წლის დეკემბერში ხაშურელ რკინიგზელთა იმ დელეგაციაშიც შედიოდა, რომელიც გაუცემელი ხელფასების მიღების მოთხოვნით თბილისში, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში სახელდახელო მატარებლით და მასზე აღმართული წითელი დროშის ფრიალით ჩავიდა. პროტესტის მონაწილეებმა შეძლეს ის, რომ ორთვენახევრის გაუცემელი ხელფასები არამარტო ხაშურის უბნის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს რკინიგზელებს მიეღოთ.“-ამბობს თამაზ ლაცაბიძე.
მუატების ოჯახურ ისტორიაზე საინტერესო დეტალებს იხსენებს მარია ოტენი- ჰენრიხ მუატის ერთ-ერთი შთამომავალი, რომელიც დღეს თბილისში ცხოვრობს. იგი პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, თუმცა დღეს წარმატებული ეკოლოგი და საკონსულტაციო ფირმა-„გამა კონსალტინგის“ გარემოსდაცვითი პროექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტია. მარია ოტენი ჰენრიხ მუატის ქალიშვილის, მარიამისა (მარია) და იპოლიტე პავლოვსკის შვილთაშვილია.
მარია ოტენი: „ვერ ვიტყვი, რომ სრული ინფორმაცია მაქვს ჩემი წინაპრების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, მაგრამ შემომრჩა უნიკალური ფოტოალბომი, სადაც ძირითადად მუატების სურამში გატარებული წლებია ასახული. აქვეა სურამის უღელტეხილზე რკინიგზის მაგისტრალისა და გვირაბის გაყვანის ეპიზოდები. ფოტოების ნახვისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ მუატების მრავალრიცხოვანი ოჯახი დროს სიყვარულში, შრომასა და ერთმანეთზე ზრუნვაში ატარებდა. დედაჩემის- მარიას მამა- მიხეილი, მარიასა და იპოლიტეს ვაჟი გახლდათ. მიხეილს კიდევ ორი და, რაისა და ქსენია ჰყავდა. იპოლიტე წარმოშობით პოლონელი იყო და მისი ოჯახი უკრაინაში დიდ მამულებსაც ფლობდა. ისიც ინჟინერი იყო და ჰენრიხ მუატთან ერთად დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა რკინიგზაზე. პავლოვსკები ცხოველების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. გამორჩეულად კი ცხენები ჰყვარებიათ. სურამში გადაღებულ ფოტოებში ეს განწყობაც კარგად სჩანს. ხუთი ქალიშვილიდან ორი-დაგმარა და სოფიო არ გათხოვილან. გადმოცემით ვიცი, რომ დაგმარას ყმაწვილქალობაში ისეთი უბედურება შეემთხვა, რამაც მის მომავალ ცხოვრებაზე ზეგავლენა იქონია. საახალწლო წვეულებაზე ახალგაზრდა ქალის საკარნავალო თექის სამოსს ცეცხლის ალი მოსდებია და სხეულზე დამწვრობები მიუღია. როგორც სჩანს, ეს ფაქტი მას მამაკაცებთან ურთიერთობაში გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა. იგი ნიჭიერი მხატვარი იყო. პარიზშიც სწავლობდა. დაგმარა რევოლუციამდე წავიდა საქართველოდან და მისი კვალიც გაქრა. მე მხოლოდ მისი პარიზული ჩანახატები შემომრჩა. ვიცი ისიც, რომ ჰენრიხ მუატის ქალიშვილებმა თბილისში კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი დაამთავრეს. უფროსმა ქალიშვილმა-ნინომ, მუსიკალური განათლება მიიღო პროფესორ მიზანდართან და ცოლად გაჰყვა ზინდისელ ადვოკატსა და ეთნოგრაფს, ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძეს. ეკატერინე პეტრე ფურცელაძეს მითხოვდა. მას გოგონა, ტატიანა და ერთი ვაჟი ჰყავდა. ტატიანას ქმარი-ნიკოლოზ გუგუშვილი 30-იან წლებში ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი-ეთერ გუგუშვილი ჰყავდათ. (ხელოვნებათმცოდნე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი.) ვაჟებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია ის, რომ მამამ მათ განათლებაზეც იზრუნა. ორი მათგანი იურისტი, ხოლო ერთი-ინჟინერ-ქიმიკოსი გახდა. არჩილის მეუღლე დარია ჩიტახოვა იყო. ალექსანდრეს ცოლად მარია ვერმიშევა ჰყავდა. მიხეილის მეუღლე ნინა გახლდათ, რომლის გვარი სამწუხაროდ, არ ვიცი. არსებობს მოსაზრებაც, რომ ერთ-ერთი ვაჟი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო, თუმცა ამის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ვერ მივიღე. ბაბუას მონათხრობიდან ისიც ვიცი, რომ სურამისა და შორაპნის სახლები გასაბჭოების წლებში მუატებისთვის ჩამოურთმევიათ. შორაპანში შემდეგ ფოსტა ყოფილა განთავსებული. მონაყოლიდან მახსოვს, რომ მუატების მრავალრიცხოვან ოჯახს საკუთარი ვაგონიც ემსახურებოდა.
არსებობს კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია. ერთხელ, საქართველოში ჰენრიხ მუატის უმცროსი და, 15 წლის კაროლინა ჩამოსულა. მას რძლის ძმა, ლადო ყარანგოზიშვილი შეჰყვარებია. ამ სიყვარულის გამხელის შემდეგ, ძმას უმცროსი და შოტლანდიაში გაუხმია და უკან დაბრუნებას იმ პირობით დათანხმებია, თუ ქალს ვაჟის სიყვარული არ გაუნელდებოდა. ერთ წელიწადში კაროლინა საქართველოში დაბრუნდა და ლადო ყარანგოზიშვილს მითხოვდა. მათ ექვსი შვილი ეყოლათ. ჰენრიხ მუატი თბილისის საპატიო მოქალაქედაც აურჩევიათ. ეს ფაქტი, ცხადია მის ქველმოქმედებას და იმ შემოწირულობას უკავშირდება, რომელიც ჰენრიხ მუატმა ქაშვეთის ტაძრის ასაგებად გაიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ერგო მას მეუღლესთან ერთად პატივი, ტაძრის ეზოში დაკრძალვისა.“
საქართველოს რკინიგზის არქივში მასალების ძიებისას, იპოლიტე პავლოვსკის პირადი საქმის საქაღალდე ცარიელი აღმოჩნდა. მარია ოტენის ვარაუდით, შესაძლოა პირადი საქმე მას შემდეგ გაქრა, რაც მისი ბაბუა დახვრიტეს. „გადმოცემით ვიცი, რომ ვლადიმერ ლენინმა ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე თავი მოუყარა იმ დროისათვის ცნობილ და პროფესიონალ ინჟინერ-მშენებლებს და ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა.“-ამბობს მარია ოტენი.
ამ ისტორიების პარალელურად, 1871 წელს, საქართველოში პირველი რკინიგზა ფოთი-ყვირილის (ზესტაფონი) უბანზე გაიხსნა. ერთი წლის შემდეგ ყვირილა-თბილისისა და მიხაილოვო (ხაშური)-სურამის სარკინიგზო მონაკვეთები გადაეცა საექსპლოატაციოდ, თუმცა საქართველოს რკინიგზის დაარსების დღედ 1872 წლის 10 ოქტომბერი მიიჩნევა, როცა ფოთიდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი ჩავიდა. ამავე წელს, ჰენრიხ მუატი ამიერკავკასიის რკინიგზის მე-5 უბნის (სკრიდან მოლითამდე) უფროსად დაინიშნა. მომდევნო წლებში, ინგლისელი ინჟინერი აქტიურად იყო ჩართული ხაშური-ბორჯომისა და ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზების, წაღვერთან და მოლითთან ხიდ-ვიადუკების, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, მდინარე სურამელაზე ხიდის, ხაშურის რკინიგზის სკოლისა და ჩუმათელეთის საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობაში. 1884 წელს ჰენრიხ მუატმა რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა მიიღო.
ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების მიუხედავად, სურამის სარკინიგზო მონაკვეთი მაინც რჩებოდა ვიწრო ყელად, რადგან 1883 წლიდან თბილისი-ბაქოსა და სამტრედია-ბათუმამდე სარკინიგზო ხაზების ამოქმედებამ ნავთობით დატვირთული ვაგონების გადაადგილება ძალზედ გაართულა. განსაკუთრებულ საფრთხეს ზამთრის პერიოდში მოძრაობა წარმოადგენდა, როცა მაღალ ქანობზე და ვიწრო რადიუსებით დაგებულ ლიანდაგებზე მატარებლები ძალიან ნელა, მუხრუჭის გამოყენებით გადაადგილდებოდნენ. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა სურამის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის საკითხი. სურამის, იგივე წიფის გვირაბის გაყვანა 1886 წელს დაიწო. სამუშაოებს გზათა მიმოსვლის ინჟინერი, წარმოშობით პოლონელი, ფერდინანდ რიდზევსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო ჰენრიხ მუატი მის კონსულტანტად დაინიშნა.
ლიხის ქედში 4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იმ დროისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მშენებლობაზე ადგილობრივთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული 2000-მდე მუშა-ხელი იყო დასაქმებული. სამუშაოებს რთული გეოლოგიური მდებარეობა და გრუნტის წყლების სწრაფი გადინება აფერხებდა. ამიერკავკასიის რკინიგზის 90 წლისთავთან დაკავშირებით, 1963 წელს გამოცემულ წიგნში დეტალურადაა აღწერილი ის მძიმე სამუშაო, რომელიც სურამის გვირაბის გაყვანას ახლდა. „გვირაბის გაყვანა ხდებოდა ბრიტანეთის სისტემის ჰიდრავლიკური საბურღი მანქანებით, ქანის დამუშავება კი ხელით. ტუმბოსა და ვენტილატორების საშუალებით ამოქაჩული წყალი და სუფთა ჰაერი გადაჰქონდათ სამუშაო ადგილამდე. 15 ვერსის მანძილზე განფენილი ვიწრო ლიანდაგით, რომელიც განლაგებული იყო ორივე მხარეს, მოძრაობდნენ ქვებით, ქვიშით, ხის და სხვა მასალებით დატვირთული მატარებლები (ვაგონეტები.) გვირაბის მშენებლობისას გამოიზიდა 40 მილიონ ფუთამდე გრუნტი და დამტვრეული ქვა. მშენებლობისას გაიხარჯა 17 მილიონ ფუთამდე ქვა მოსაპირკეთებლად. სამუშაოები გასასვლელის განგრევით დაიწყო. საბურღი მანქანები ანგრევდნენ ვიწრო და გრძელ ხვრელს, რომელშიც იდებოდა დინამიტის ვაზნები.
აფეთქების შედეგად დანგრეულ ქანებს ხელით ამტვრევდნენ და გვირაბიდან გამოჰქონდათ. გასასვლელის დანგრევის კვალდაკვალ გვირაბი განიერდებოდა საპროექტო სიმაღლემდე და სიგანემდე. მოპირკეთება ხდებოდა თლილი ქვით, კამარის ფორმით. წლოვანი შრეების გაშიშვლებისას, დროდადრო ამოხეთქავდა გრუნტის წყლები და იტბორებოდა გალერეა. გახვრეტილი ჭაბურღილიდან გამოდიოდა გაზი, რომელიც იწვევდა უბედურ, ზოგჯერ კი დაღუპვის შემთხვევებსაც. გრუნტი ხშირად იბურცებოდა, ხდებოდა მისი ჩამოზვავება, რაც აგრეთვე იწვევდა მუშახელის სიკვდილიანობას. გვირაბის ორივე მხარის შეერთება 1888 წლის ოქტომბერში, საზეიმო ვითარებაში მოხდა. ცერემონიალს ესწრებოდა გზათა მიმოსვლის მინისტრი კონსტანტინე პოსიეტი და მრავალი მოწვეული სტუმარი. ყველა სტუმარი ვაგონეტებით შევიდა გვირაბში, რომელიც განათებული იყო ილუმინირებული მრავალფერი შუქებით. გალერეის ბოლოს ჩადებული იყო ვაზნა დინამიტით. მინისტრმა მოუკიდა ასაფეთქებელ პატრუქს. აფეთქებამ გამწოლი ხვრელის წარმოქმნა გამოიწვია, საიდანაც იხუვლა წყალმა, რომელიც დაგროვილი იყო შემოსასვლელის საპირისპირო მხარეს. გაისმა აღფრთოვანებული შეძახილი „ურა“ (ვაშა.) გვირაბის ღერძები განსაკუთრებული სიზუსტით დაემთხვა ერთმანეთს. ხვრელი გაიწმინდა. ყველა, ვინც გვირაბში, ვაგონეტებში ისხდნენ, გამოვიდნენ. მათ მუშები აღტაცებული ყიჟინით შეეგებნენ.“
სურამის გვირაბის მშენებლობამ 80-მდე მუშის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვალების მიზეზად, პროფესიულ დაავადებად მიჩნეული-სილიკოზი დასახელდა, რომელიც სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით ვითარდება.
გვირაბის მიმართულებით მოძრაობა 1890 წელს გაიხსნა და ყვირილა-მიხაილოვოს სარკინიგზო მონაკვეთზე ტვირთების გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა. გვირაბის გასაყვანად კი 5 მილიონი რუბლი დაიხარჯა.
საქართველოს რკინიგზის არქივს 1888 წლის ოქტომბერში, სურამის გვირაბის გახსნის დღეს გადაღებული ფოტო შემორჩა, სადაც ათობით ადამიანთან ერთად, უკვე თეთრწვეროსანი ჰენრიხ მუატი ჩანს. არქივში აღმოჩნდა ასევე რუსულ ენაზე შედგენილი მისი პირადი საქმე. მუყაოს საქაღალდეში ჩაკრული გახუნებული ფურცლებიდან ნათლად იკითხება მისი უთანხმოებები რკინიგზის იმდროინდელ ხელმძღვანელებთან და ის მიზეზები, რის გამოც მას თანამდებობის დატოვება მოუხდა. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ რკინიგზის მე-5 უბნის უფროსსა და ამიერკავკასიის რკინიგზის ახლადდანიშნულ უფროს-იოსიფ ნეიგებაუერს შორის დაპირისპირება მალევე დაწყებულა. მუატის პირადი საქმიდან კარგად ჩანს ისიც, თუ როგორ იბრძოდა იგი საკუთარი უფლებების დასაცავად.
ამიერკავკასიის რკინიგზის მე-5 უბნის უფროსად 39 წლის მუშაობის შემდეგ, 1909 წლის 30 ივნისით დათარიღებულ წერილში, ჰენრიხ მუატი ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის მეფისნაცვალს-გრაფ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს წერილს უგზავნის. ინგლისელი ინჟინერი მეფისნაცვალს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის, იოსიფ ნეიგებაუერის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ატყობინებს და დახმარებას სთხოვს. მუატი წერილში აღნიშნავს: „ამა წლის (1909წ) აპრილში, გენერალმა ნეიგებაუერმა, როგორც სარკინიგზო ხაზის გენერალ-გუბერნატორმა, მოულოდნელად, ტელეფონით მიბრძანა, რომ სასწრაფოდ გადამეცა მონაკვეთი სხვა ინჟინრისთვის. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თითქოს მუშათა მღელვარების გამო. ნეიგებაუერის ბრძანებით გაგზავნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც პოლკოვნიკი კრილოვი ხელმძღვანელობდა, 9 თუ 10 დღე იმუშავა ადგილზე, თუმცა ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აღმოაჩინა, რაც ჩემს ბრალეულობას რაიმე საქმეში გამოავლენდა. კომისიის დასკვნა ნეიგებაუერს პეტერბურგში გამგზავრების წინ წარუდგინეს, რამაც ჩემს მიმართ კიდევ უფრო უარყოფითად განაწყო. მან ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, ინჟინერ კენგეს საშუალებით შემატყობინა, რომ თუ ის დაუყონებლივ არ დაწერდა განცხადებას გადადგომის შესახებ, მის წინააღმდეგ სხვა ზომებს მიიღებდა. იქვე განმიმარტეს, რომ თუ ამ წინადადებას დავთანხმდებოდი, რკინიგზაზე ხანგრძლივი მუშაობის მოტივით 5 ათას რუბლს მივიღებდი. სხვა გზა აღარ მქონდა და მივიღე გადაწყვეტილება, თუმცა დაპირებული ჯილდო არ მიმიღია. სამსახურიდან ფაქტობრივად უმიზეზოდ გამათავისუფლეს.
ნეიგებაუერმა, როგორც გენერალ-გუბერნატორმა, ჩემს წინააღმდეგ უბრალოდ გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ამ გარემოებამ მომცა გამბედაობა მომემართა თქვენთვის, რათა ყურადღება გაამახვილოთ ჩემს ხანგრძლივ მუშაობაზე რკინიგზაში და არავის მისცეთ უფლება ბორტიდან უცერემონიოდ მომისროლონ. იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხის გადმოცემა შეუძლებელია, მოვითხოვ თანამდებობაზე აღდგენასა და იმ პერიოდის ჯამაგირით ანაზღაურებას, როცა ამ მიზეზებით მუშაობის საშუალება არ მომეცა.“
მუატის ამ წერილს მეფისნაცვლის მხრიდან რეაგირება მოჰყოლია და გენერალ ნეიგებაუერისგან ახსნა-განმარტებები მოუთხოვია. ჰენრიხ მუატის საჩივრის წერილის საპასუხოდ, 1909 წლის 10 სექტემბერს, რკინიგზის უფროსს მეფისნაცვლისთვის წერილი გაუგზავნია, სადაც იგი მუატის მოთხოვნას 5 ათასი რუბლის მიღების თაობაზე უსაფუძვლოსა და უკანონოს უწოდებს. ნეიგებაუერი წერილში თავად აღნიშნავს, რომ ინგლისელი ინჟინრის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მუშათა მღელვარება გახდა იმ უბანზე, რომელიც მას ებარა. „ეს მღელვარება პროტესტით იყო გამოხატული 10-საათიანი სამუშაო დღისა და სასწავლო გაკვეთილების ხანგრძლივობის სიდიდით. მათ ხარჯზე კი ხდებოდა ფიქტიურ მუშახელზე ჯამაგირის გაცემა. მუშათა ამ უკმაყოფილებას პოლიტიკური აგიტატორები საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. უკმაყოფილო მუშებს სახელისუფლებო აგენტების წინააღმდეგ განაწყობენ და მათთვის არასასურველი პირების მკვლელობისკენ უბიძგებენ. მუატს ბევრჯერ მივუთითე, რომ გაემკაცრებინა კონტროლი, მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები დემორალიზაციას არ წყვეტენ. სადგურ ბაკურიანზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა სადგურის უფროსის თანაშემწე მოკლეს და ჟანდარმი განაიარაღეს, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ.“-წერს ნეიგებაუერი.
იოსიფ ნეიგებაუერი ამიერკავკასიის რკინიგზას მხოლოდ სამი წელი ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის არქივში მისი პირადი საქმეც ინახება, საიდანაც ირკვევა, რომ იგი 1911 წლის 12 ივნისს, პეტერბურგში, 53 ასაკში, ღვიძლის კიბოთი გარდაცვლილა და იქვე დაუკრძალავთ. გენერალ-გუბერნატორის ნეკროლოგი გაზეთ „გოლოს კავკაზა“-ში გამოქვეყნებულა. გაზეთიდან ამონაჭერი კი პირად საქმეში ჩაუკრავთ.
ჰენრიხ მუატი სამსახურში აღდგენას ნეიგებაუერის გარდაცვალების შემდეგ, ამიერკავკასიის რკინიგზის ახალ უფროსთან- ევგენი ფონ დერ როპტანაც ცდილობდა. ინგლისელი ინჟინერის პირადი საქმეში ჩაკრულია კიდევ ერთი კონფიდენციალური წერილი, სადაც ევგენი ფონ დერ როპი ვინმე გეორგ ნიკოლოზის ძე ვიქტოროვს საიდუმლოდ გადასცემს თავად ნიკოლოზ რომანოვის თხოვნას ჰენრიხ მუატის რკინიგზის ერთ-ერთი უბნის უფროსად დანიშვნის თაობაზე. „ჩემი თანაშემწე, ინჟინერი ზურაბოვი, რომელიც კარგად იცნობს მუატის წარსულ საქმიანობას ამიერკავკასიის რკინიგზაზე, ახასიათებს მას როგორც გამოცდილ, ენერგიულ და შრომისუნარიან უბნის ხელმძღვანელს, რომელსაც შეუძლია რკინიგზაზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს. ამის მიუხედავად, და აგრეთვე იმისა, რომ მისი უდიდებულესობა ნიკოლოზ მიხეილის ძე უდიდეს რეკომენდაციას აძლევს, მიჭირს დავაყენო საკითხი მის უბნის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ მას 50-ზე მეტი ასაკი აქვს, რაც პირის ტექნიკური ექსპლოატაციის შესახებ მე-8 წესის თანახმად კრძალავს დანიშვნას იმ თანამდებობაზე, რომელიც უშუალოდ მატარებლების გადაადგილებას ეხება. მეორე წინააღმდეგობა ის გახლავთ, რომ მუატს არ გააჩნია რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი. გთხოვთ გაითვალისწინოთ მისი უდიდებულესობის თხოვნა და არსებული წესების გათვალისწინებით შეძლოთ მისი თანამდებობაზე დანიშვნა, მითუმეტეს მუატი რუსეთის მოქალაქეა.“
ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელიც ჰენრიხ მუატის პირად საქმეში ინახება. ცნობა ინგლისელი ინჟინრის რკინიგზის რომელიმე ხაზის უფროსად დანიშვნის შესახებ არსად გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან თბილისში, მეუღლესთან ერთად გაატარა.