„ვასტოკ ძელო ტონკოე“ - აღმოსავლეთში დემოკრატია ყოველთვის იღებს სპეციფიკურ ფორმას“

„ვასტოკ ძელო ტონკოე“ - აღმოსავლეთში დემოკრატია ყოველთვის იღებს სპეციფიკურ ფორმას“

„ჩქარობს ის, ვინც მიიჩნევს, რომ თურქეთს გამოაგდებენ ნატოდან დაშვებული შეცდომების გამო“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვაჟა ბერიძე და თავისებურ ახსნას უძებნის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რაც ზოგიერთებმა „ცრუ ამბოხად“ შეაფასეს და თურქ სამხედროებს კვალიფიკაცია დაუწუნეს.

როგორ ფიქრობთ, ეს იყო პუტინ-ერდოღანის სცენარის მიხედვით მოწყობილი ცრუ ამბოხი, რასაც თურქეთში დიქტატურის დამყარება მოჰყვება, ამერიკის გავლენა კი რეგიონში შესუსტდება?

- ვინმემ არ დამაბრალოს პრორუსულობა, მაგრამ რუსულ ენაზე კარგად ჟღერს შეფასება - „ვასტოკ ძელო ტონკოე“. ამიტომ აქ საუბარი დიქტატურაზე სწორი არ იქნება, რადგან აღმოსავლეთში დემოკრატია ყოველთვის იღებს სპეციფიკურ ფორმას. აქაური დემოკრატია გადასხვაფერდება ხოლმე. თავის დროზე ლიბიაში მუამარ კადაფი იყო ერთმმართველი და მისი დემოკრატია არ იყო დემოკრატია დასავლური გაგებით, მაგრამ ისიც ხალხის მიერ იყო არჩეული. აღარაფერს ვიტყვი ასადზე, სადამ ჰუსეინზე, ეს იყო არაბული სოციალიზმის სპეციფიკური მოვლენა, თავისი ნაირსახეობით, დაწყებული კადაფის ნაშრომით „მწვანე წიგნით“, დამთავრებული სხვადასხვა ვარიაციით.

შორს რომ წავიდეთ, კიდევ უფრო კარიკატურული მოვლენა იყო საბჭოთა დემოკრატია, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა. ასე რომ, კლიშეთი ამ საკითხთან მიდგომა არ შეიძლება. სპეციფიკური მოვლენაა ისლამური დემოკრატია ირანში. იქ სასულიერო პირებიც არჩეულნი არიან, უმაღლესი ხელისუფალი - პრეზიდენტიც არჩეულია და პარლამენტიც არჩეულია. თუმცა სასულიერო პირები თვალს ადევნებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის საქმიანობას და განსაკუთრებული უფლებით არიან აღჭურვილნი. 20-იან წლებში ათათურქის ნებითა და თაოსნობით მუსლიმანურ ქვეყნებში დაწყებული დასავლური დემოკრატია ეს იყო ექსპერიმენტი, რომელმაც თავისი განვითარების ეტაპები გაიარა. ეკონომიკური სიდუხჭირე ამ პროცესს აფერხებდა, თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული დემირელის, თურქუთ ოზალის რეფორმების შედეგად თურქეთმა აღმასვლა დაიწყო, განვითარდა ეკონომიკა და დღეს უკვე პირველ ოცეულში შედის, მე-17 ეკონომიკა აქვს მსოფლიოში. ამ ნიადაგზე შეიქმნა უფრო მეტი მოლოდინი, რომ ეს ექსპერიმენტი თურქეთში წარმატებით დასრულდებოდა, რაც მუსლიმანური სამყაროსთვის დასავლური დემოკრატიის მაგალითი იქნებოდა, მაგრამ სულ სხვა რამ მოხდა. არც ისე იოლად იყო საქმე.

1960 წლიდან არენაზე გამოდიან სამხედროები, გენერლები. ის, რაც თურქეთის კონსტიტუციაში იყო ჩადებული და ეს გახლავთ სეკულარული განვითარების გარანტად არმიის გამოცხადება კონსტიტუციის დონეზე, ამან დაიწყო მუშაობა. თურქეთში დაახლოებით ოთხჯერ (ბოლოს ეს მოხდა 96-97 წლებში) გენერლებმა აიღეს ძალაუფლება, ერთხელაც ყოფილი პრემიერი ჩამოახრჩეს, სხვა შემთხვევაში კი, გარეკავდნენ ხოლმე პარლამენტს და არჩეულ ხელისუფლებას, შემდეგ კი ატარებდნენ არჩევნებს. თუკი საერო მიმართულების ხელისუფლება მოვიდოდა სათავეში, მაშინ გენერლები გადგებოდნენ გვერდზე, თუ არადა, ისევ გრძელდებოდა ეს პროცესი. ბოლოს ეს მოხდა მაშინ, როცა ისლამისტი ერბაქანი არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ მემორანდუმი გახდა საკმარისი, რომ ხელისუფლებას ჩამოშორებოდა ერბაქანი. ამიტომ ბევრს უკვირს, თვით ჩვენს ყოვლისმცოდნე პრეზიდენტყოფილსაც, როგორ დაუშვეს ასეთი პრიმიტიული შეცდომები ამბოხებულებმა.

სხვათა შორის, დანანებით ამბობს ის ამას, რომ ამბოხებულებს თავიდანვე პირველი პირის იზოლირება უნდა მოეხდინათ, დაეკავებინათ მნიშვნელოვანი ობიექტები, გაერეკათ ხალხი. მით უმეტეს, რომ თურქული საზოგადოების ცნობიერებაში დალექილია, რომ გენერლების ვერდიქტს ხალხი ემორჩილება, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ ერდოღანი მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის დიდი ხანია, ემზადებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ თურქეთის კონსტიტუციიდან ამოღებულია ის მუხლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გენერლების მიერ არჩეული საერო ხელისუფლების გარეკვას ითვალისწინებს. აქ შეცდნენ ისინი. მათ ეგონათ, რომ ქუჩაში ტანკების გამოსვლისთანავე თურქული საზოგადოება ამას შეეგუებოდა, გაჩუმდებოდა და მოვლენათა განვითარებას სტატისტის მდგომარეობიდან დაელოდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა, ერდოღანმა ქუჩაში ხალხი გამოიყვანა და მოვლენები საპირისპიროდ წარიმართა.

არის პერსპექტივა, საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიის პრინციპთა შეზღუდვა მოხდეს თურქეთში, თუმცა ეს იოლი არ იქნება, რადგან ჯერ კიდევ არ ამუშავებულა ეკონომიკური ფაქტორი თურქებისთვის.

პუტინისთვის ბოდიშის მოხდა და დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმა შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ თურქეთი ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლაციაში აღმოჩნდეს?

- მიუხედავად რუსეთთან ბოდიშის მოხდისა, თურქებს ტურისტული სეზონი ჩაუვარდათ. მათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ელით უახლოეს მომავალში. თურქული ვალუტა - ლირა უკვე უფასურდება. თუ ადამიანის უფლებები დაირღვა თურქეთში, რისი წინაპირობაც არის, საუბარია სიკვდილით დასჯის აღდგენაზე, ტოტალურ დაპატიმრებაზე სამხედროებიდან დაწყებული, მოსამართლეებითა და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, თუ ეს ყველაფერი გადაიზრდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში, ბუნებრივია, დასავლეთის რეაქცია არ დააყოვნებს. თავისთავად ერთი დიდი სანქცია თურქეთს უკვე ხელთ უჭირავს, ეს არის ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი, რაც მანამდეც შეფერხებული იყო. როდესაც გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება სომხეთა გენოციდის აღიარების შესახებ თურქეთში, ეს იყო სერიოზული გზავნილი ერდოღანისთვის, საიდანაც მან სათანადო დასკვნები არ გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი ასე მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს არჩევანი არ გვაქვს და მეზობელ ყველა ქვეყანასთან უნდა ვიმეგობროთ, მაინც არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები საქართველოსთვის და ჩქარობს ის, ვინც მიიჩნევს, რომ თურქეთს გამოაგდებენ ნატოდან დაშვებული შეცდომების გამო, რომ თურქეთი დასავლეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი არ იქნება და ამით ჩვენი მნიშვნელობა გაიზრდება დასავლეთისთვის.

თურქეთის შესაძლო იზოლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ერდოღანი პირდაპირ ამბობს, რომ თურქ ხალხს აქვს მოსაზრება, რატომ კვებონ ციხეში ტერორისტები, არ სჯობს, ამბოხებულთა სიკვდილით დასჯა? ამ დროს კი ევროსაბჭოს სახელმწიფოებს სიკვდილით დასჯა ნებისმიერ შემთხვევაში ეკრძლებათ. რისკენ მიდის თურქეთი, თუკი სიკვდილით დასჯას აღადგენს?

- სიკვდილით დასჯის აღდგენა ნებისმიერ ქვეყანაში დაუშვებელია, რადგან ეს არ არის სამართალიანობის დამკვიდრების ეფექტური გზა. ამას ბევრი პირობითობა აქვს. ადამიანებისგან დაკომპლექტებული მართლმსაჯულების ორგანოები და სასამართლოები არ არიან უფლებამოსილნი, ადამიანს წაართვან ის, რაც ღმერთმა მიანიჭა. ყველა შემთხვევაში, ეს ჩაითვლება ადამიანის უფლებების დარღვევად და ამას მოჰყვება სათანადო სანქციები საერთაშორისო არენაზე. თუმცა მართლმსაჯულების რა ფორმას აირჩევს თურქეთი, ეს მისი სუვერენული საქმეა. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულნი, რადგან ჩვენი და თურქეთის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული, თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი დიდი მეზობელია, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე, არასოდეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური დიასპორა თურქეთში გავლენიანი და მრავალრიცხოვანი იყო. ახლა ჩვენ გვჭირდება გამჭრიახე პოლიტიკოსები და არა სუფლიორებით მოსარგებლე პოლიტიკოსები. სუფლიორებში მე ვგულისხმობ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ნაკარნახევ ინტერესებს, რადგან ისინი ზოგჯერ ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეს და ჩვენს მეზობლებს ჩვენსავით კარგად არ იცნობენ და მხოლოდ ერთი პატარა, მათ მიერ გამოკვებილი ჯგუფის ე.წ. ინფორმაციები აქვთ სააზროვნო მასალად. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ თავშეკავებულნი, თუმცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთგული მოკავშირე და სანდო

მეზობელი თურქეთისთვის, რომლისთვისაც მთავარია თურქი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს უამრავი მოქალაქე თურქეთში გადადის, ოჯახებს არჩენს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წრეებში თურქული ეკონომიკური და სხვა სახის ექსპანსია უკმაყოფილებას იწვევს.

თუკი გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ პუტინ-ერდოღანის შეთანხმების შემდეგ ერდოღანმა ახლებურად შეხედა მოვლენებს, მაშინ საინტერესოა, აწყობს მას ნატოსთან დაპირისპირება? ნატოს გარეშე რას წარმოადგენს თურქეთი?

- ასე რადიკალურად კითხვის დასმა ცოტა ნაჩქარევია. არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი, რაც ახლდა თურქეთის ნატოში გაწევრიანებას 1949 წლიდან, როცა ის გახდა ნატოს საკვანძო მოკავშირე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქებს, განსაკუთრებით, თავიანთი გენერლების წყალობით, ეს მოკავშირეობა არასოდეს დაუყენებიათ ეჭვქვეშ. თუმცა ისლამისტი ერბაქანის ხელისუფლებისგან ჩამოცილების შემდეგ ისლამის გაძლიერების ტენდენციები შეინიშნება თურქეთში და ეს აშფოთებს დასავლეთს. დასავლეთს, აგრეთვე, აშფოთებს 60 მილიონი ეთნიკური თურქის უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივა ევროპაში. ერდოღანი გრძნობდა საფრთხეს სამხედროებისგან. ის გრძნობდა საფრთხეს ფეთჰულა გიულენისგან, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან მართავს თავის იმპერიას, რომელიც ათასზე მეტ სასწავლო დაწესებულებას მოიცავს მსოფლიოს 160 ქვეყანაში. თურქეთში დაიწყო საუბრები პარალელური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც ძალაუფლების ისეთი ტექნოლოგიების კარგად მცოდნე ადამიანს, როგორიც ერდოღანია, არ გამოეპარა მხედველობის არიდან.

ცხადია, გიულენი ასე მარტივი მოვლენა არ არის დღევანდელ მსოფლიოში, ის გავლენიან ადამიანად ითვლება დასავლური გავლენიანი მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. მას აქვს ერთი შეხედვით მომხიბლავი იდეა, რომ ისლამი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ის პოლიტიკური ისლამის მოწინააღმდეგეა. ყურადღება მივაპყროთ, გიულენი ამბობს, რომ ისლამი არის თანადგომისა და თანაგრძნობის რელიგია. ამის გამო დასავლეთი, მისი სპეცსამსახურები და ცენტრები, ტვინის ტრესტები ჩაეჭიდნენ იმედს, რომ გიულენი პოზიტიურ გავლენას მოახდენდა ისლამური სახელმწიფოების დასავლური ყაიდის დემოკრატიის ფორმირების კუთხით. თუმცა ასეთი გავლენიანი პირი უკვე თავად პერსონალურად კი არ არის ამ გავლენის მატარებელი, არამედ მისი მოძრაობა უკონტროლო ხდება. თორემ თავის დროზე ბინ ლადენიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ავღანეთში. კადაფიც, სადამ ჰუსეინიც და სხვებიც დასავლეთის მოკავშირეები იყვნენ. შემდეგ ისინი უკონტროლოები გახდნენ. ამ თვალსაზრისით, გიულენის როლი მთლად ბოლომდე გარკვეული არ არის.

შესაძლოა, ამერიკის ანალიტიკოსები მართლებიც არიან, როდესაც ხელს უწყობდნენ ამ პიროვნების გავლენის მოპოვებას მთელ მსოფლიოში, მისი ეიმედებოდათ, მაგრამ აქ მაიც რჩებოდა ისლამიზაციის გარკვეული საფრთხე. ბოლოს და ბოლოს, ფეთჰულა გიულენი ისლამის მქადაგებელია და დღესაც ისლამით ხელმძღვანელობს და აქ საინტერესო კოლიზია ისახება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2002 წელს, როდესაც ერდოღანი მოვიდა ხელისუფლებაში, ის გიულენის აქტიური მხარდაჭერით სარგებლობდა. ორივე დასავლეთის მეგობარია დეკლარირების დონეზე, ორივე პროდასავლური ისლამური საზოგადოების მხარდამჭერია, მაგრამ როცა აქ კონკრეტულად პოლიტიკური ძალაუფლების საკითხი დადგა, ძალაუფლების ტექნოლოგიების ერთ-ერთმა ვირტუოზმა - ერდოღანმა (რომელიც 14 წელია, პირველი კაცია ქვეყანაში და ხალხის 50-55 %-ის აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს) დაინახა საფრთხე და მოხდა ის, რაც მოხდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ თურქეთის არადემოკრატიულმა ქმედებებმა შესაძლოა იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გარიცხონ.

- ეს ძალიან საინტერესო მოულოდნელობა იქნება. პრინციპში, თურქეთში არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი ახლა იწყება. ეკონომიკური სირთულეები, რომელიც მათ ეკონომიკას აუცილებლად დაუდგება, ვიდრე ადაპტირებას მოახდენს ახალი რეალობისადმი. მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდის კოლიზია ჩამოყალიბდა, ფაქტობრივად, თურქეთი მხოლოდ ფორმალურად არის ნატოს წევრი. ნატო ხომ მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია არ არის, ის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა. როგორ შეიძლება, ნატოს დანარჩენ ქვეყნებსა და თურქეთს ჰქონდეთ იმდენი სხვადასხვაობა კარდინალურ საკითხებში, როგორიც იკვეთება?! თუნდაც სირიის მოვლენებთან მიმართებით ცოტა უცნაური და გაუგებარი იყო თურქეთის პოზიცია, სომეხთა გენოციდის აღიარებასთან მიმართებით მკვეთრად განსხვავებულია საფრანგეთისა და გერმანიის, ნატოს ამ ორი წევრის პოზიცია. ამას ემატება სიტყვიერი სხვადასხვაობა შეფასებებში, რომელიც ჩამოყალიბდა თურქეთის ლიდერსა და მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების ლიდერებს შორის.

მოგეხსენებათ, კომპენსაციის სანაცვლოდ თურქეთი დათანხმდა სირიელი დევნილების შეშვებას და არგაშვებას ევროპაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამასაც მოჰყვა უთანხმოება დასავლეთის ლიდერებისა და პარლამენტარების მხრიდან. ფაქტობრივად, თურქეთი დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გასულია ნატოდან. თუ ახლა შემობრუნების ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ ისლამიზაციის დონე გაიზრდება თურქეთში და ავტომატურად დადგება საკითხი ნატოდან თურქეთის გასვლის შესახებ. არადა, დასავლეთის ლიდერებს კომპრომისზე წასვლის არაფერი ეტყობათ და ერდოღანიც ჯერჯერობით მტკიცედ დგას თავის ხედვებზე. რა ეშველება თურქეთს ნატოს გარეშე? მას შემდეგ, რაც კინაღამ ომი დაიწყეს, ახლა კი ლამის სტრატეგიულ პარტნიორობას ქადაგებენ პუტინი და ერდოღანი, რუსეთიდან მას არაფერი ემუქრება. ისლამური ქვეყნები, დასავლეთისგან გამიჯნულ თურქეთს მხარს დაუჭერენ. გიულენის გარდა სხვა საფრთხე თურქეთისთვის არ რჩება. ამაოდ ამბობენ სპეციალისტები, რომ გიულენი მოვა ხელისუფლებაში. გიულენი ძალზე ჭკვიანია, ის უგუნური ადამიანი არ არის, რომ 75 წლის ასაკში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითონვე მოინდომოს ქვეყნის ლიდერობა.

დავუშვათ, გაემარჯვა სამხედრო გადატრიალებას თურქეთში, ერთი წლის შემდეგ დაინიშნებოდა არჩევნები და იქ, სავარაუდოდ, გიულენის მომხრე რომელიმე პოლიტიკოსი გაიმარჯვებდა. ასე რომ, მე მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ არა მგონია, თურქეთი ნატოდან გამოაძევონ. მე მაინც მგონია, რომ კომპრომისი ორივე მხარეს შორის შედგება თანამშრომლობისა და მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ რეგიონში. ისედაც ფეთქებადსაშიშია ყველა მიმართულება ჩვენს რეგიონში. სხვა შემთხვევაში, ერდოღანის საქმე რთულად იქნება.