„მორწმუნეები დიქტატორებს არ ებოდიშებიან“, -ასეთნაირად პასუხობს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში განმარტოებულად მცხოვრები სასულიერო პირი - ფეთჰულა გიულენი ერდოღანის ბრალდებას თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში მისი დადანაშაულების შემდეგ.
გიულენს ექსტრადირების საკითხი არ აღელვებს, არც სიკვდილის ეშინია და, თუ საფრთხე დაემუქრება ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს, ექსტრადირების ბრძანებას დაემორჩილება, მაგრამ საკუთარი ღირსების წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს. უფრო მეტიც, გიულენი აცხადებს, რომ ის ყოველთვის ლოცულობდა ერდოღანისთვის.
დაიჯერებს თუ არა ერდოღანი მის ნათქვამს, ძნელი სათქმელია, მაგრამ გიულენი ეჭვობს, რომ სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია თვით ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული.
ერდოღან-გიულენის დაპირისპირების ფონზე საინტერესოდ იკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკას თავის მართლების რეჟიმში ყოფნა უწევს. კერძოდ, ჯონ კერი თურქეთში მომხდარ ამბოხში ამერიკის მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ ანკარის საჯარო განცხადებები ზიანს აყენებს ნატოში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას. ჯონ კერის არც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ჩამორჩება და თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან აშშ-ის რაიმე სახის კავშირს უარყოფს.
ლოგიკას მოკლებული ამბოხის შემხედვარე კითხვები უჩნდება ევროკომისარ იოჰანეს ჰანსაც. მისი მოსაზრებით, თურქეთში დასაკავებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული და მისი გამოყენება გარკვეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო.
ამ ურთიერთბრალდებების ფონზე რა ეტაპზე გადადის ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
თურქეთი ამერიკელებს „ინჯირლიკის“ სამხედრო ბაზაზე წვდომას უბლოკავს, რის გამოც ამერიკელ სამხედროებს ამ ბაზიდან აფრენისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების განხორციელების საშუალება ეზღუდებათ. ამერიკელთა თვალში, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, ერთი მხრივ, ნატოს სამიტზე განიხილავენ თურქეთის დაცვას ისლამისტებისგან, მეორე მხრივ კი, თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს აშშ-ს. როგორ ფიქრობთ, ახალ ფაზაში გადადის ამერიკა-თურქეთის ურთიერთობა?
- ამერიკასა და თურქეთს შორის პერმანენტულად სულ ახალი ფაზაა. თურქეთი არის ნატოს რთულად აღსაზრდელი ბავშვი. თავიდანვე დაწყებული, მათი ურთიერთობა ვერ აეწყო. ელემენტარულად, დღეს ბრიუსელი იმკის თავის სტრატეგიულ შეცდომას, 1952 წელს ნატოს ევროპული პრინციპებისთვის, იდეოლოგიისთვის უცხო ქვეყანა რომ მიიღო საკუთარ წრეში. მაშინ ეს იყო ამერიკის ადმინისტრაციის სტრატეგიული შეცდომა, რადგან ძირითადად ამერიკელები მართავდნენ სიტუაციას, უფრო ტრუმენის დროს მომზადდა ეს ყველაფერი, 1952 წლის ნოემბრიდან კი უკვე ეიზენჰაუერი იყო ამერიკაში. რასაკვირველია, ერდოღანი თავისი წარსულიდან გამომდინარე, ისლამისტია. მართლია, ზომიერ ისლამისტს ეძახის საკუთარ თავს, მაგრამ თავის დროზე სწორედ ზომიერი ისლამისგან წარმოიშვა რადიკალური ისლამი. ახლა, რასაც ერდოღანი აკეთებს, თავისი დაჭერებით, გენერალი იქნება ეს თუ ადმირალი, სიკვდილით დასჯის მოთხოვნებით, ეს რადიკალური საქციელია. თუკი ვაშინგტონმა არ გაიგიჟა თავი, ერდოღანი აუცილებლად შემოიღებს სიკვდილით დასჯას.
ამერიკელი დიპლომატი მეთიუ ბრაიზაც შიშობს, რომ მოსამართლეთა და ჯარისკაცთა დაკავებას თურქეთის კონსტიტუციის შეცვლა მოჰყვება.
- რასაკვირველია, მოჰყვება, მაგრამ ბრაიზას დიდად არაფერს ეკითხებიან, ბრაიზა არც დიდი დიპლომატი და არც დიდი პოლიტიკოსია, მან საქართველოში ყოფნისას დაამტკიცა თავისი დიდი დიპლომატობა. რასაკვირველია, თურქეთი ზომიერი დემოკრატიიდან ტოტალიტარიზმისკენ მიდის უკვე გულივერის ნაბიჯებით. თურქეთი გახდება საპრეზიდენტო რესპუბლიკა და მონაგონი იქნება დე გოლის პრეზიდენტობა. ერდოღანს ექნება სრული უფლებები, სამოქალაქო უფლებები კი შეიზღუდება. არ ვიცი, რამდენი მოსამართლე ჰყავდა თურქეთს და რის იმედად რჩებიან მოსამართლეთა ამ რაოდენობის დაჭერის გამო. ელემენატრულად, ეტყობა, ჩეკისტური ტროიკის შემოღებას აპირებენ მათ გასასამართლებლად. თუმცა ერდოღანს აქვს ხალხის მხარდაჭერა.
როგორ ფიქრობთ, აჯანყების დროს, როდესაც ქუჩაში სროლა, ტანკები და საჰაერო ბრძოლებია, როგორ იქცევა ნორმალური მოსახლეობა, ობივატელი? ის ჩადის სარდაფში, კეტავს კარებს, ურდულს და აკანკალებული ელოდება როდის დამთავრდება სროლა. ამ დროს ვინ გამოდის ქუჩაში და შიშველი ხელებით ვინ ებრძვის იარაღით, ტანკებით, ავტომატებით შეიარაღებულ ხალხს? მხოლოდ ფანატიკოსები, მხოლოდ იდეოლოგიური ფანატიკოსები. ეს არის დღეს თურქეთი. მარტო ის ფაქტი, რომ ხალხმა ასეთი აქტიური მონაწილეობა მიიღო და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლიც შეასრულა ამბოხის ჩაქრობაში, მიგვანიშნებს თურქეთის საზოგადოების ისლამიზაციის დონეზე. კი, ერდოღანი ამბობს, რომ ის ისლამისტი არ არის, მაგრამ თურქ ხალხს უფლება აქვს, თვითონ აირჩიოს, რომელი რელიგიაც სურსო.
ამ კონტექსტში, კარგა ხანია, საუბრობენ ერდოღანის შვილისა და რადიკალი ისლამისტი ლიდერების კავშირზე, რომელიც მათთან ერთად ნავთობის ბიზნესშია.
- ერდოღანის შვილიც ჩართული იქნება ამ ბიზნესში, თუმცა ამბოხის მოწყობის ორი მიზეზი იყო. ერთი ის, რომ ერდოღანს ბრალად ედება ათათურქის პრინციპებიდან გადახვევა, სეკულარული სახელმწიფოს ქცევა ისლამურ სახელმწიფოდ და უკიდეგანო ნეპოტიზმი, კორუფცია. როგორც თურქეთის ოპოზიცია აცხადებს, ის ყურებამდეა ჩაფლული ნეპოტიზმსა და კორუფციაში, მაგრამ ერდოღანს ეს არ ადარდებს, ვინაიდან კარგად იცის, რომ მისთვის ევროკავშირის კარები დიდი ხანია, ამოჭედილია. ამიტომ რას იტყვის ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია, ჰააგის თუ სტრასბურგის სასამართლო, კაფეში მსხდომი უსაქმური ინგლისელი ლორდები, რა რეზოლუციას მიიღებენ, სულაც არ ადარდებს. მთავარია, მან მიიღო კარტ-ბლანში თავისი ხალხის, ძირითადად ისლამისტებისგან და მიიღო კარტ-ბლანში ევროპის ყველა მთავრობისგან, რომლისთვისაც მთავარია წმიდათაწმიდა უფლება, რომ დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის ძალით გადაყენება არ შეიძლება.
ეტყობა, აქ უკვე ცოტა რევოლუციური მიდგომებიცაა საჭირო, რადგან ეგვიპტეში რა მოხდა? ეგვიპტეში მუბარაქის გადაყენების შემდეგ დემოკრატიული გზით აირჩიეს მურსი, პირწავარდნილი ისლამისტი, მაგრამ სამხედროებმა როცა ნახეს, რომ მურსის უნდოდა მეტი ისლამისტის დაბრუნება, გამოვიდნენ და ახლა ის მურსი ციხეში ზის, შეიძლება სამუდამო პატიმრობა მისცენ, ან დახვრიტონ კიდეც. მაგრამ ამერიკელებს ამაზე ხმა არ ამოუღიათ, მაინცდამაინც თურქეთზე გამწვავდნენ, როგორ შეიძლება, ნატოს წევრ სახელმწიფოში ხდებოდეს სამხედრო გადატრიალება?!
ამერიკის ხელწერას ხედავთ ამ საქმეში?
- ამერიკის მონაწილეობა რომ ყოფილიყო, ეს ამბოხი ასეთი უნიათო არ იქნებოდა. მანდ ცერეუ, ფბრ-ი ან ამერიკის სხვა სპეცსამსახურები რომ ყოფილიყვნენ ჩართულნი, აჯანყება ასე არ დამთავრდებოდა. ეს იყო კვაზი აჯანყება, რადგან ვისაც მართლა აჯანყების ან გადატრიალების თავი ჰქონდა, ყველანი ერდოღანმა 2013 წელს გამოკეტა ციხეში. 200-ზე მეტს, ფაქტობრივად, 300-მდე მაშინდელ გენერალიტეტს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. აქ კი იყო მცირე სამხედრო ჟანდარმერია, ცოტაოდენი ავიაციის ნაწილები, მცირე რაოდენობის სამხედროები, რომელთაც თავად გაუსწორდა ხალხი.
უკვე ითქვა, რომ პენსილვანიიდან თურქეთის მმართველობა უნდა დასრულდეს. როგორ ფიქრობთ, ფეთჰულა გიულენი იდგა ამ ყველაფრის უკან?
- ყოველ შემთხვევაში, გუშინ „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტმა გიულენს ჩამოართვა ინტერვიუ, ის 80 წელს მიღწეული კაცია, ავადმყოფი, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ელემენტარულად, თავს არიდებს ყოველგვარ დაპირისპირებას. კორესპონდენტი უკმაყოფილო დარჩა და ბოლოს თარჯიმანს ჰკითხა, კი მაგრამ, რატომ ამბობდა ამდენ ხანს უარს, ან რატომ არავის არ აძლევდა ინტერვიუს, თუ მაინც არაფრის თქმას არ აპირებდაო. თუმცა ერდოღანმა მაინც მოითხოვა გიულენის გადაცემა, ვინაიდან ის თურქეთში გავლენის მხრივ მეორე კაცად ითვლება. რა ხდება ახლა სომხეთში? პრორუსული და პროდასავლური გზის მოწინააღმდეგეები ებრძვიან ერთმანეთს. ასევე, ათათურქის პრინციპების, სეკულარული სახელმწიფოს მიმდევრებმა რომ ნახეს, არჩევნებით არაფერი გამოდიოდა, მოსახლეობა ისლამისტურად იყო განწყობილი, არადემოკრატიული გზით, სამხედრო აჯანყებით სცადეს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ აქ უკვე თვითონ ამერიკელები გამოდიან ფანატიკოსების როლში. თუ ახლა თურქეთში არიან ისლამისტი ფანატიკოსები, ამერიკაში არიან დემოკრატი ფანატიკოსები, რომელთაც ურჩევნიათ, თურქეთი იყოს ისლამისტური ქვეყანა, თავებს აჭრიდნენ, ოღონდ თუ ისინი ხალხმა აირჩია, არ შეიძლება მათ ხელი ახლონ. მეტი რა გინდათ, ეს არის პაკისტანის მაგალითი.
თავის დროზე კონდოლიზა რაისმა თავი მოიკლა, ლამის კანის ფერიც კი შეეცვალა, გაცხარებისაგან წიწაკასავით წითელი იყო, სანამ მუშარაფი არ გადააგდებინა, მაგრამ მიიღო ის, რომ თვითონ ამერიკელებს უხდებათ ახლა პაკისტანის ბირთვული იარაღის საწყობების დაცვა, რადგან როდის ჩაიგდებენ ისლამისტები პაკისტანის ბირთვულ ბომბს, კაციშვილმა არ იცის. მაგრამ ადრე თუ გვიან, რომ ჩაიგდებენ, ეს ყველამ იცის.
თუკი არ გადასცა ფეთჰულა გიულენი ერდოღანს ამერიკამ, რა მოხდება?
- არაფერიც არ მოხდება, ამას გადაყლაპავს ერდოღანი. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთის არმია ნატოში მაინც მეორე არმიაა თავისი ძალით. ამიტომ აქ უკვე სტრატერგიული მოსაზრებები, პოლიტიკა ამუშავდება და ორივე მხარე თვალს დახუჭავს თავიანთი პრინციპების ტოლერანტობის თვალსაზრისით.