თურქეთი შესაძლოა NATO-დან გარიცხონ

თურქეთი შესაძლოა NATO-დან გარიცხონ

„თურქეთის არადემოკრატიულმა ქმედებებმა შესაძლოა, იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გარიცხონ“, - გამოცემა The Independent-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ეს განცხადება ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ თურქეთის არჩეული ხელისუფლების მხარეს დგას.

„ჩვენ რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ დამნაშავეთა დასჯას და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას, ვინც გადატრიალების მოწყობას გეგმავდა, მაგრამ ასევე, ვფრთხილობთ, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებს არ გასცდეს. მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი პატივისცემა და კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ჯონ ქერიმ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არ აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს. როგორც იაგლანდმა აღნიშნა, თურქეთმა ევროპის საბჭოს ორი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმად სიკვდილით დასჯის შემოღება მკაცრად არის აკრძალული.

ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განაცხადებით ის ქვეყნები, რომლებიც სიკვდილით დასჯას დაუშვებენ, ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან. შესაბამისად, მოგერინი თურქეთს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ლეგიტიმური ინსტიტუტები უნდა იყოს დაცული. დღეს ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს. არანაირი გამართლება არ აქვს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ქვეყანა სხვა მიმართულებით გადადგამს“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, თურქეთში სიკვდილით დასჯა შემოიღონ. პრემიერი განმარტავს, რომ ეს არის „ხალხის თხოვნა“, რომლის იგნორირებაც ხელისუფლებას არ შეუძლია. შესაბმისად, ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, თურქეთმა სიკვდილით დასჯა 2004 წელს გააუქმა, ბოლოს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ფაქტი 1984 წელს მოხდა.

მაშ ასე, თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ, რასაც დასავლითის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მსოფლიო ლიდერების შეფასებით, თურქეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანას, უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს.

პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე აღარ არსებობს. პრეზიდენტ ერდოღანის წარმომადგენელი იბრაგიმ კალინი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ ქუჩები და მოედნები. ცნობისთვის, თურქეთში სამხედრო ამბოხება 15 ივლისს, გვიან ღამით დაიწყო. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში იღებენ, რის შემდეგაც მათ კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რასაც ამბოხებულებსა და თურქეთის პრეზიდენტის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, ამბოხების მცდელობის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 1 440 დაშავდა, ამბოხებაში კავშირის გამო, დაკავებულია 6 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მოსამართლე. დაკავებულთა შორის 70 გენერალი და სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალია. ასევე დაკავებულია თურქეთის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი, პოლკოვნიკი იავერ იაზიჯი, რომელიც ერდოღანის სამხედრო მრჩევლად 2015 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა. ასევე თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სამსახურიდან დაითხოვეს - 2 745 მოსამართლე, 34 ოფიცერი, 29 პოლკოვნიკი და 5 გენერალი.

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში იოჰანეს ჰანი მიიჩნევს, რომ თურქეთში დასაკავებელ პირთა სია ჯერ კიდევ სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე იყო გამზადებული.

„ისე ჩანს, თითქოს რაღაცა წინასწარ იყო გამზადებული. სიები ხელმისაწვდომია, რაც მიუთითებს, რომ წინასწარ იყო გამზადებული და მისი გამოყენება გარკვეულ ეტაპზე უნდა მომხდარიყო“, - განახადა იოჰანეს ჰანმა.

პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი აკინ ოზთურქია. ხოლო იდეოლოგი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი. თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს მისი პოლიტიკური ოპონენტის ექსტრადიცია მოსთხოვა.

„მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-ს გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშინგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას“, - ნათქვამია რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებაში.

ბარაკ ობამას თურქეთის პირველი პირის მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი განაცხადა, რომ თურქეთს, პირველ რიგში, ფეთჰულა გიულენის ბრალეულობის დამტკიცება მოუწევს. თავად ფეთულაჰ გიულენის შეფასებით, რომელიც განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დადგმული გადატრიალება იყო, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდგომი ბრალდებები მისი და მისი მიმდევრების წინააღმდეგ. ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიაზაციას სთხოვს.

„საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ შედეგს დავეთანხმები, თუნდაც ეს ტყუილი იყოს, ან ფულის საშუალებით მოსყიდული. ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს“, - განაცხადა ფეთჰულა გიულენმა.