თავის დროზე ლუვრის შენობის მთავარ შესასვლელთან შუშის ცნობილი პირამიდის აღმართვამ ფრანგების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ნაწილს არ ესმოდა, თანამედროვე შუშის კონსტრუქციას რად უნდა დაემახინჯებინა ფრანგების საამაყო ისტორიული ნაგებობა?! თუმცა შუშის პირამიდა მაინც განთავსდა და იქაურებიც შეეგუენ, ან ვერ შეეგუენ ამ ექსპერიმენტს.
რაც შეეხება საქართველოს, შუშის ნაგებობების მიმართ ნაციონალების ხიბლი განუზომელი იყო. ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ხიბლი განხიბვლამ ჩაანაცვლა. მოქმედ მთავრობაში საკმაოდ არიან ისეთნი, ვისაც სააკაშვილისეული დანატოვარი შუშის კონსტრუქციები უგემოვნების პიკად მიაჩნია, თუმცა დანაქადების მიუხედავად, რომ მათ მოაშორებდნენ, შუშის ნაგებობების დემონტაჟს ვერ რისკავენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, მცხეთაში აშენებულ შუშის შენობებს შეუსაბამო ნაგებობების სტატუსი მიენიჭოს და, როცა სახელმწიფოს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, ამ შენობების სხვა ადგილას გადატანა მოხდეს. საუბარია პოლიციის, გუბერნიის და საქსტანდარტის შენობებზე. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, 2009 წლის შემდეგ საქმე რეგრესისკენ წავიდა, მცხეთაში დამცავი ზონების სისტემა შეიცვალა და მტკვარ-არაგვის შესართავთან მშენებლობები დაიწყო. იმ პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ზონების მდგომარეობა ძალზე ცუდად შეიცვალა. ყველაზე მკაცრი დაცვის არქეოლოგიურ და ლანდშაფტის ზონას ტერიტორიები მოეჭრა და განაშენიანების ზონაში გადავიდა.
For.ge დაინტერესდა, მცხეთის შემდეგ აუცილებელია თუ არა თბილისის ისტორიული ნაწილის განტვირთვა შუშის კონსტრუქციებისგან, რომლებიც ძველი თბილისისთვის არაორგანულია?!
ურბანისტი ირაკლი მასხარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შუშის კონსტრუქციები სასურველი არაა და ეს მით უფრო დაუშვებელია ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ამიტომ, როცა სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული დიდი შეცდომა ან დანაშაული უნდა გამოასწოროს და სხვაგან გადაიტანოს ამ ტიპის ნაგებობები.
„ეს გახლავთ შიდა სივრცის ხელოვნური ნაგებობა და უმდიდრესი ქვეყნები იყენებენ ამ კონსტრუქციებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კლიმატის, ჩვენი პირობების, ჩვენი კონტექსტუალური ფაქტორის გათვალისწინებით, შუშის კონსტრუქციები შეუსაბამოა. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება. უბრალოდ, ეს არის წამხედურობა და ქალაქის კონტექსტში ძალიან უხეში ჩარევა. დღევანდელი ტექნოლოგიები მათი გადატანის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ძვირადღირებულია. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს ძვირი ჯდება თვითონ ამ შუშის შენახვა. ის ძვირადღირებულია არა მარტო მშენებლობისას, არამედ ექსპლუატაციის დროსაც და საექსპლუატაციო ხარჯები მაქსიმალურია. მოგეხსენებათ, შენობის გათბობას დანახარჯები გააჩნია, ამ შენობის გაგრილებას კი 16-ჯერ მეტი დანახარჯი სჭირდება, რათა ნორმალური ტემპერატურა და კლიმატი შენარჩუნდეს. ამიტომ საქართველოსნაირი კლიმატისთვის ეს დაუშვებელია. ის მოლანდება, რაც ახლა რუსთაველზე დგას იმელის შენობის უკან, ყოვლად მიუღებელია, მაგრამ რა ეშველება, ვერაფერს გეტყვით. ყოფილი „ივერიაც“ („რედისონი“) შუშის კონსტრუქციად აქციეს. ამ დროს კი ქვისგან ნაგები გაცილებით უფრო მსუბუქი იყო. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი იყო რიყე, რომელიც საერთოდ განადგურდა და რაღაც საშინელება გაკეთდა რიყეზე“, - აცხადებს ირაკლი მასხარაშვილი და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება პარალელების გავლება ამერიკული კულტურის ნიმუშების-შუშის ნაგებობების საქართველოში მიბაძვით გადმოტანასა და ლუვრის შენობის წინ შუშის პირამიდის აღმართვას შორის. შუშის პირამიდა გაცილებით მაღალი რანგის პროფესიონალის გაკეთებულია და შედარებად არ ღირს.
„რამდენადაც ვიცი, ლუვრის დათვალიერების სურვილი წელიწადში მილიონობით ადამიანს გააჩნია. ამიტომ გააფართოვეს ის ტერიტორია და დადგეს შუშის პირამიდა, რადგან იგი ვეღარ უძლებდა ხალხის დატვირთვას. რაც შეეხება მცხეთას, ეს კულტურული მემკვიდრეობის გარემოა და იქიდან შუშის კონსტრუქციების გატანა აუცილებელია. ისიც საკითხავია, როგორ შეიძლებოდა მანდ ადმინისტრაციული შენობების ჩადგმა?“
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას შთაბეჭდილება რჩება, რომ შუშის ნაგებობებიც იმ უაზრო და უგეგმო განაშენიანების კონტექსტშია, რასაც ბოლო წლებია, შევეჩვიეთ.
უფრო მეტიც, ხელოვნებათმცოდნე თვლის, რომ ნუცუბიძის მხარე, თბილისის მთაგორიანი რელიეფი ხუროთმოძღვრების თვალსაზრისით ბევრად უკეთესად შეიძლება გამოეყენებინათ. ამ დროს კი ყველგან ბლოკის სახლები წამოჭიმეს და ბლოკური სახლების უმრავლესობა კოშმარია.
„ჩვენთან სჭირთ სენი, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ყველაფერი. რაღაცები მართლაც სწრაფადაა გასაკეთებელი, რაღაცას კი დრო სჭირდება. შენ რომ რომელიმე ტერიტორიის განაშენიანებას დაგეგმავ, უნდა გახსოვდეს, რომ ამას ასე ადვილად ვერ გადააკეთებ. ამიტომაც ულოგიკურობა ჩანს ბევრ ადგილას, განსაკუთრებით, საბურთალოზე, ნუცუბიძეზე. ძველ თბილისში იმელის შენობის უკანაც წამოჭიმულია შუშის გაუგებარი კონსტრუქცია, რაც ძველი თბილისისთვის ნონსენსია. გინდ შუშის იყოს და გინდ მარმარილოსი, მაინც ნონსენსია. თურმე ვიღაც არაბს მოუნდა მისი მშენებლობა და რადგან არაბი შეიხია და ფული აქვს, ამიტომ მისცეს ამის უფლება. ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს ამ ნაგებობების გადატანა არა მარტო მცხეთიდან, არამედ თბილისიდან. თუმცა იმელის შენობის უკან იმხელა შუშის კონსტრუქციას რას მოუხერხებენ და ეს რამხელა თანხა დაჯდება, წარმოუდგენელია. საქართველოს ამდენი ფული არ ექნება. ჩვენ რომ ამერიკის ბიუჯეტი გვქონდეს, იქ სახლები, ცათამჯენები გადააქვთ და გადმოაქვთ, მაგრამ აქ ხეც ვერ გადაუტანიათ“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში გოგი ხოშტარიამ და განმარტა, რომ ლუვრმაც ვერ იგუა შუშის პირამიდა, თბილისში კი უგემოვნო შუშის კონსტრუქციების ბუმია.