იმპორტიორები გვარწმუნებენ, თითქოს სექტემბრიდან პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის ფასი მოიმატებს. ამის მთავარ მიზეზად ისინი ასახელებენ როგორც საერთაშორისო ბირჟებზე პროდუქციის გაძვირებას, ისე ჩვენი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორთა ვალუტების გამყარებასა და ამ ფონზე გაუფასურებულ ლარს.
პერიოდულად საქართველოში პირველადი პროდუქციის გაძვირებას პროგნოზირებენ. არაა გამორიცხული, ახლანდელი აჟიოტაჟიც იმპორტიორთა ინტერესში იყოს, რათა შეგვაძენინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მომხმარებელმა საზაფხულო პროდუქციით, ანუ ადგილობრივი ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლა.
თუმცა, თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ იმპორტიორები მართლაც ძველი ნაშთის ხარჯზე ინარჩუნებენ შედარებით დაბალ ფასებს, მაშინ გამოდის, რომ მათი მარაგის ამოწურვის შემდეგ მომხმარებლის ჯიბე უფრო დაცარიელდება.
ელიან თუ არა პროდუქციის გაძვირებას ამ დარგის ექსპერტები?
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ამ ყველაფრის უკან საბოტაჟის ელემენტებსა და ხალხში პანიკის დათესვის ნაციონალებისეულ მეთოდს ხედავს.
For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ სექტემბრიდან სამომხმარებლო სურსათზე ფასის მატება არ ელის ერთი მიზეზის გამო. კერძოდ, როდესაც მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე დაბალ ნიშნულზე იყო ფასები, ამის მიუხედავად, საქართველოში ფასები არავის დაუწევია.
„რა თქმა უნდა, ლოგიკა არის იმაში, რომ მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე ოდნავ აიწია ფასებმა და სასაქონლო ბირჟებზე მიბმულმა ბიზმესმენებმაც თავიანთი გაანგარიშება დაიწყეს, მაგრამ, როცა ლარი გამყარდა, არავის ფასი არ დაუგდია. როცა ყველგან გაიაფებული იყო შაქარი, ხორბალი, მაშინ საქართველოში ეს პროდუქტები არავის გაუიაფებია. ამიტომ, თუ ახლაც საუბრობენ ფასების მატებაზე, ეს იქნება სპეკულაციის მიზნით და ეს მოხდება საკმაოდ მიზანდასახულად იმპორტიორი კომპანიების მხრიდან“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფაქტია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს და ამას ვერ გავექცევით, რადგან როცა იმპორტიორმა იყიდა პროდუქცია და რაღაცაში თანხა გადაიხადა, ის თანხა აღარ ყოფნის უცხოური ვალუტის შეძენას. ასეთი რამ ყოველთვის ხდებოდა და არ არის საჭირო დიდი აჟიოტაჟის ატეხვა.
პაატა აროშიძის თქმით, დამშვიდების საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ ახლა მოდის შემოდგომა, ახალი მოსავლის პერიოდი და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დამოკიდებულნი ვართ ძველ მარაგზე. აქედან გამომდინარე, საეჭვოა პროდუქციის რადიკალურად გაძვირება. ეს იმის მიუხედავადაც არ მოხდება, რომ გაძვირება ყოველთვის ახასიათებდა ზაფხულის პერიოდს საქართველოში.
„მთავარია, ჩვენ თუ დავიკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნილებას ამ პროდუქციით. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ქართული პროდუქციით ჩვენს მოთხოვნილებას ჯერჯერობით ვერ ვიკმაყოფილებთ. ისევ დამოკიდებულნი ვართ იმპორტირებულ პროდუქციაზე. თუმცა აჟიოტაჟი იმისა, რომ ვიღაცამ მარაგები დააკლო, ყოველთვის უარყოფითისკენაა მიდრეკილი. მარაგის დაგროვების აჟიოტაჟი სურსათის გაძვირების სტიმულს ქმნის. ამ შემთხვევაში, მოგებულნი რჩებიან მხოლოდ და მხოლოდ პირველი მყიდველები, ხოლო დანარჩენი მყიდველები ყოველთვის წაგებულნი არიან. ამიტომ არ არის საჭირო აპელირება იმაზე, რომ სურსათი გაძვირდება. ეს იქნება ჩვეულებრივი სეზონური მოვლენა და შემდგომში ისევ დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. მით უმეტეს, ქართული შაქრის ხარჯზე ჩვენ ნაწილობრივ ვიკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნილებას. რაც შეეხება ბრინჯს, ხორბალსა და სხვა პროდუქციას, ამაზე ვერ ვიკმაყოფილებთ მოთხოვნილებას, მაგრამ აჟიოტაჟის ატეხვა არც ამაზე ღირს. თუ ეს პროდუქცია ძალიან გაძვირდება და შემდგომში მათზე მაღალი ფასები დარჩება, შეიძლება ისინი ჩანაცვლდეს ადგილობრივი სხვა პროდუქციით“.