„ახლა გინდა, სირია-ერაყში აჩვენონ თავიანთი საკვირველი ძალა და გინდა, ნუ აჩვენებენ, რადგან ტერაქტების მომწყობნი უკვე ევროპაში არიან“

„ახლა გინდა, სირია-ერაყში აჩვენონ თავიანთი საკვირველი ძალა და გინდა, ნუ აჩვენებენ, რადგან ტერაქტების მომწყობნი უკვე ევროპაში არიან“

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფრანგები დაისაჯნენ ისლამისტი რადიკალებისგან. თუ თავის დროზე „თამამი იუმორის“ მსხვერპლი გახდა „შარლი ებდოს“ რედაქცია და იმ დროს ზოგიერთები ფასეულობების არარსებობას უწუნებდნენ მუჰამედის შეურაცხმყოფელ ფრანგულ კარიკატურას, ახლა, 14 ივლისს ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულზე ფოიერვერკის საყურებლად გამოსულ მშვიდობიან მოქალაქეებს ტერორისტები სატვირთო ავტომობილით დაეჯახნენ და შემდეგ ავტომობილიდან გადასულმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

უკვე მერამდენედ ისმის ფრაზა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს 21-ე საუკუნის ამ საშინელი სენის დასამარცხებლად. მაგრამ, როგორი უნდა იყოს ეს ზომები? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი ესაუბრა.

ცივილიზებული სამყარო გადამწყვეტი ზომებისთვის ემზადება, ტერორისტები კი მრავალფეროვანს ხდიან თავდასხმის მეთოდებს. ქიმიური იარაღიდან დაწყებული, მათი თვალსაწიერი ფიზიკური განადგურების სხვადასხვა საშუალებას მოიცავს. მათთან გამკლავების რესურსებს ხედავთ?

- სანამ არ მოხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, მანამ ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. თქვენ საუბრობდით ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, მაგრამ ტერორისტული აქტის ფუნქცია ნიცაში სატვირთო მანქანამ შეასრულა. დღეისათვის მსოფლიოში უკვე ყველა ხედავს, რომ მთავარია ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, ვინც შესაძლოა მოაწყოს ტერორისტული აქტი. თორემ იარაღის შეძენა უკვე არ წარმოადგენს ტერორისტებისთვის აუცილებელ პირობას ტერაქტის მოსაწყობად. იმისთვის, რომ ტერაქტი აიცილო, უნდა გქონდეს ინფორმაცია, ხოლო იმისთვის, რომ გქონდეს ინფორმაცია, უნდა ითანამშრომლონ ქვეყნებმა ერთმანეთთან ამ საკითხში. ცხადია, იმ ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ, რომელთაც ტერორისტული საფრთხეები ემუქრებათ. ეს არის დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, რუსეთი. რუსეთისა და თურქეთის გარეშე ამ თანამშრომლობას არანაირი აზრი არ აქვს. რუსეთი, პრაქტიკულად, გათიშულია თანამშრომლობისგან ამ პერიოდში და ამ გათიშვის გამო ხდება ტერორისტული აქტები.

მაგრამ რუსეთი სირიაში ხომ ახორციელებს ავიადარტყმებს ტერორისტების ბაზებზე?

- სირიაში ისევ ახორციელებენ რუსები ავიადარტყმებს, ოღონდ იმ მასშტაბით აღარ ახორციელებენ. მასშტაბი შეიცვალა. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაჩეროს ეს ტალღა, ეს არის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა. მაგალითად, დღეს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. ადამიანი ჩავა თურქეთში და იყიდის პასპორტს, დაახლოებით სამი ათასი დოლარი ჯდება ახალი პასპორტი და მერე ამ პასპორტით შევა საფრანგეთში. ასე რომ, მთავარია ტერორისტის იდენტიფიკაციის ახალი ფორმა მოძებნონ.

მოგეხსენებათ, 10 ივლისს კოალიციამ ისლამური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული ავიადარტყმა განახორციელა, რომლებიც მოსულში მართავდნენ შეხვედრას. ამ შეხვედრას ესწრებოდა ომარ შიშანიც. შეიძლება ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტი ამ ავიადარტყმის პასუხად განვიხილოთ?

- უბრალოდ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, მათმა ამირებმა რამდენიმე ხნის წინ გააფრთხილეს ევროპული ქვეყნების ლიდერები და ოფიციალურად ინტერნეტშიც დადეს ამის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ ტერორისტულ აქტებს მოვაწყობთ ევროპაში იმ ტერიტორიაზე, სადაც ტურისტები არიანო. ნიცაც იყო დასახელებული ტერორისტული შეტევების ჩამონათვალში. ასევე, ესპანეთში აპირებდნენ ტერორისტული აქტების მოწყობას, სადაც ისვენებენ ტურისტები.

ანუ ზაფხულის პერიოდი ამ მხრივ ცხელი იქნება?

- რა თქმა უნდა, სანამ ტერორისტის იდენტიფიკაციის მეთოდი არ ჩამოყალიბდება, მანამდე ეს მზარდი საფრთხეა.

საფრანგეთის პოლიციისთვის ცნობილი იყო თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ ეს ნუგეში სულაც არ არის დაღუპულებისა და დაშავებულებისთვის. ევროპული ლიბერალური კანონმდებლობის გამო ისინი ვერაფერს უხერხებენ პოტენციურ დამნაშავეებს მანამ, სანამ ისინი არ მოკლავენ ადამიანებს.

- რა თქმა უნდა, საფრანგეთის პოლიციაში იციან, რომ ესა თუ ის კაცი შეიმჩნევა ტერორისტულ განზრახვაში, მაგრამ არის თუ არა ეს კაცი ტერორისტი, ამას ვერ ამტკიცებენ. ახლა ევროპას აქვს გამოცდის დრო. ამერიკელებმა ასეთ დროს მიიღეს „პატრიოტის აქტი“, რომელიც წამების უფლებასაც კი აძლევდა ამერიკელს. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ დახრჩობის იმიტაციით იღებდნენ ინფორმაციას რადიკალებისგან. რაღაც ეგეთი უნდა გააკეთოს ევროპამ, მაგრამ ეს რომ გააკეთოს, ლიბერალებს მოეწონებათ? ეს ხომ პრობლემაა. ამიტომ მთლიანად უნდა მოგვარდეს უსაფრთხოების საკითხები.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, საფრანგეთის სპეცსამსახური ერთ-ერთი ძლიერი იყო, მაგრამშარლი ებდოსტერაქტი მათაც გამორჩათ. საფრანგეთზე მუდმივი შეტევა ამ ქვეყნის სუსტი სპეცსამსახურებით აიხსნება, თუ ისლამისტები კიდევ თვლიან, რომ ცინიკური კარიკატურების შემდეგ ფრანგებმაჭკუა ვერ ისწავლეს“?

- უბრალოდ, საფრანგეთში ისლამისტები ბევრნი არიან. ლიბერალური რომ იყო საფრანგეთი, ამიტომაც დიდი რაოდენობით მუსლიმანი ჩავიდა ფრანგებთან. ამიტომ აწყობენ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში, თორემ გერმანიაშიც აპირებდნენ მსგავს რამეს, მაგრამ გერმანიაში დაიჭირეს, აპირებდნენ სხვა ქვეყნებშიც. კარიკატურები ტერორისტულ აქტებთან არაფერ შუაში არ არის. კარიკატურას თუ არ დახატავენ, ეტყვიან, ღორის ხორცს რატომ ჭამთო? მათთვის კარიკატურის დახატვა და ღორის ხორცის ჭამა ერთნაირი ცოდვაა. შარიათი რასაც კრძალავს, ისინი ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, გერმანიაში გოგონები სცემეს იმის გამო, რომ მოკლე კაბა ეცვათ და ტუჩის საცხი ჰქონდათ წასმული. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს რთული სიტუაციაც იყო.

ფრანსუა ოლანდის ნათქვამი, რომ ფრანგები იმ ფანატიკოსებზე ძლიერნი არიან, რომლებიც მათ ესხმიან და მისივე მუქარა, რომ სირია-ერაყში აჩვენებენ რადიკალ ისლამისტებს ნამდვილ ძალას, იქნება ამ ტერორისტული აქტების საპირწონე?

- ახლა გინდა, სირია-ერაყში აჩვენონ თავიანთი საკვირველი ძალა, გინდა, ნუ აჩვენებენ, რადგან ისინი, ვინც ტერაქტებს აწყობენ, უკვე ევროპაში არიან. სირია-ერაყში ძალის ჩვენება ევროპას ვერ დაიცავს, მაგათ ევროპაში უნდა აჩვენონ ძალა და არა სირია-ერაყში. ეს უბრალოდ ფრაზაა, რომ იმ ფანატიკოსებზე ძლიერნი არიან, რომლებიც მათ ესხმიან.

საქართველოსთან მიმართებით საფრთხეების თაობაზეც გკითხავთ. „პანკისის ხეობა სირიაში სისხლისგან იცლება“, -ასეთია ბოლოდროინდელი შეფასება პანკისელი ახალგაზდების ერთი-მეორის მიყოლებით დაღუპვასთან დაკავშირებით სირიაში. რამდენად არის დაცული საქართველო ტერორისტებისგან?

- ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, საქართველომაც უნდა შეიმუშაოს ტერორიზმის პრევენციის და არა ტერორიზმთან ბრძოლის გეგმები, რადგან თუ მოხდა ტერორისტული აქტი, მერე არაფერი გვეშველება. ჩვენთან ბევრი ტურისტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან. ასე რომ, ჩვენც ვართ ტერორისტების სამიზნე. საფრანგეთი იმიტომ კი არ გახდა სამიზნე, რომ ის კოალიციურ ძალებთან ერთად ავიადარტყმაში მონაწილეობას იღებდა, არამედ ჯერ ტერაქტი მოხდა საფრანგეთში და მერე დაიწყო საფრანგეთმა მონაწილეობა ამ დარტყმებში. ვიმეორებ, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე, პირველ რიგში, ტურისტები არიან. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჯიჰადში მონაწილეობას იღებენ, ცუდია, ისინი ახლა უკანვე დაიწყებენ დაბრუნებას. რადგან თურქეთი რუსეთისკენ იხედება და მათ თურქეთში აღარ ექნებათ სასათბურე პირობები, ცხადია, ისინი დაიწყებენ გამოქცევას თურქეთიდან.

მექა ხანგოშვილმა ამას წინათ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ თარხან ბათირაშვილი იყო ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი და არც ერთი პანკისელი საქართველოსკენ ისლამისტების გამოლაშქრებას არ დაუშვებდა. ბათირაშვილის დაღუპვით ეს ნიადაგიც გამოცლილია?

- მე არ ვფიქრობ, რომ შიშანი იყო შემაკავებელი ფაქტორი. უბრალოდ, იმ პერიოდში ისლამისტების ინტერესში არ შედიოდა საქართველოზე შეტევის მიტანა, რადგან საქართველო იყო თურქეთთან დამაკავშირებელი ერთგვარი ხიდი. ახლა თუ თურქეთი დაიბლოკა ჯიჰადისტებისთვის, აღარც საქართველო იქნება საჭირო. თავისთავად, საქართველო არ წარმოადგენს მათთვის არაფერ ღირებულს.

ის, რომ კვლავაც მიმზიდველია პანკისელებსა და აჭარელ მუსლიმანებში ტერორისტული საქმიანობა, უფრო ინტელექტის ნაკლებობით აიხსნება თუ რელიგიური პროპაგანდის სიძლიერით?

- ეს არის რელიგიური პროპაგანდისა და ფულის პრობლემა. ძალიან დიდ ფულს უხდიან მოჯაჰიდებს და ამიტომ მიდიან ეს ახალგაზრდები.

თავის დროზე ეს ახალგაზრდები რომ დაგვესაქმებინა ან ახლა დავასაქმოთ, მოხსნილი იქნებოდა პრობლემა?

- რომც დაგვესაქმებინა, მაინც არაფერი გამოვიდოდა, რადგან რელიგიური ფანატიზმი კვლავაც აქტუალურად რჩება.