„მოლაშვილი რომ წამოვიდა კონტროლის პალატიდან, გრიგალაშვილმა გამოზიდა ყველა მასალა და გააქრო“

„მოლაშვილი რომ წამოვიდა კონტროლის პალატიდან, გრიგალაშვილმა გამოზიდა ყველა მასალა და გააქრო“

სულხან მოლაშვილი დარწმუნებული იყო, რომ მას დააკავებდნენ. არ მალავდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მის წინააღმდეგ პირადი შური ამოძრავებდა. მაშინ კონტროლის პალატამ შეისწავლა იუსტიციის სამინისტროს და საკრებულოს საქმიანობა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ სააკაშვილი არამიზნობრივად ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს და ამ შემთხვევაში საუბარია პირად ინტერესებზე. მოლაშვილმა კონტროლის პალატის მასალები მიიტანა მთავრობის სხდომაზე და ღიად ისაუბრა ამ საკითხზე, თუმცა, მაშინ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეს საკითხი არ გამხდარა ძიების საფუძველი.

როგორც კი მოლაშვილი დააპატიმრეს, კონტროლის პალატიდან გაქრა მასალები, რომლითაც დასტურდებოდა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. თავად მოლაშვილი ამბობდა, რომ ეს მასალები თბილისის მაშინდელმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა გაანადგურა. ცნობილია ისიც, რომ გრიგალაშვილი მოლაშვილს სთავაზობდა ჩვენება მიეცა, თითქოს, კონტროლის პალატის დასკვნა მან შევარდნაძის დავალებით დაწერა, რათა შეელახათ სააკაშვილის რეპუტაცია, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებას სდებდა ბრალს კორუფციაში. მოლაშვილმა შეთავაზება არ მიიღო და სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო მოლაშვილის წამება ციხეში. ახლა კი ირაკლი შოთაძის უწყება არკვევას რა ვითარებაში და ვინ აწამა სულახან მოლაშვილი.

რა ხდება მოლაშვილის საქმის გარშემო, როგორ დაავადდა ციხეში C ჰეპატიტით და ვინ დგას იმ საზარელი დანაშაულის უკან, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თორნიკე მოლაშვილის ესაუბრა.

რა ეტაპზეა გამოძიება სულხან მოლაშვილის ციხეში წამების საქმეზე?

თორნიკე მოლაშვილი: არანაირი განსხვავებული ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რასაც ტელევიზიის საშუალებით ვგებულობ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გამომძიებლის სახელი და გვარიც კი არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ დაკითხულია დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი და ნანა კაკაბაძე.

თქვენ არ ხართ დაკითხული?

- არა და არც არანაირი კონტაქტი გამომძიებელთან არ მქონია. სულხანის წამების საქმეზე ვითომ გამოძიება რომ ჩაატარა ვალერი გრიგალაშვილმა ამბობს, ძმა, თორნიკე მოლაშვილი, ფაქტობრივად გვერდიდან არ მოშორებია მის ძმას კაპეზეშიო, მაგრამ მასაც არ დავუკითხივარ და რა გამოძიება ჩაატარა? გვერდიდან როგორ არ მოვშორებივარ, როდესაც სულხანი კაპეზეში იყო და მე გარეთ ვიდექი. ახსნას ერთი გრიგალაშვილმა ვინმე შემიშვებდა მე კაპეზეში? ჰქონდათ ამის უფლება?

რატომ ამტკიცებდა ქალაქის მაშინდელი პროკურორი გრიგალაშვილი, რომ თქვენ მთელი ღამე ძმასთან გაატარეთ .. კაპეზეში?

- და ახლა რატომ იტყუება, რომ გამოძიება ჩავატარე და არ დასტურდება მოლაშვილის წამებაო?! დავებარებინე გრიგალაშვილს მე, რომელიც თითქოსდა კაპეზეში ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი და მივცემდი ობიექტურ ჩვენებას, რატომ არ დამიბარა?! მარტივი კითხვაა - თუ გვერდიდან არ მოვშორებივარ სულხანს, რატომ არ დამკითხა?

მაშინ პროკურატურა ცდილობდა, რომ წამება თქვენთან დაეკავშირებინათ. მეტიც, გრიგალაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი ფრაზა თქვა - „არ დავუშვებ იმას, რომ თავის ძმამ აწამოსო“...

- ნამდვილად, ეს ფრაზა ნათქვამი აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში. მითხრას ვინმემ, აბა ეს კაცი ნორმალურია? მით უმეტეს, თუკი ასეთი აზრი გაუჩნდა, არ უნდა დავეკითხე? რატომ არ დამკითხა, როგორც თავად ამტკიცებს იმ „ობიექტური“ გამოძიების ფარგლებში? გრიგალაშვილს რეალურად, არავინაც არ დაუკითხავს და გადაიწერა ის, რაც ადეიშვილმა და სააკაშვილმა დაუწერეს. მივმართავ პროკურატურას, გაასაჯაროვონ და საზოგადოებას გააცნონ რა გამოძიება ჩაატარა ვალერი გრიგალაშვილმა სულხან მოლაშვილის ციხეში წამების საქმეზე. ვინ არიან მოწმეები და რას ამბობენ ისინი.

სტრასბურგის სასამართლოსგან განსხვავებით, გრიგალაშვილი ამტკიცებდა, რომ მოლაშვილი არ იყო ნაწამები და, რომ ის ცრუობდა. იგივეს ამტკიცებს დღესაც...

- სხვათა შორის სულხანის დაკრძალვის დღეს „ქრონიკა+“-ში დაიბეჭდა გრიგალაშვილის ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთი გაზეთისთვის ჰქონდა მიცემული მარტის თვეში. ამ ინტერვიუში გრიგალაშვილი აცხდებს, რომ თეა წულუკიანის დახმარებით მოიგო სულხან მოლაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში საქმეო. ამ კაცს იქნებ ვინმემ გააგებინოს, რომ არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმად 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ხელმძღვანელებმა აღიარეს ის დასკვა, რაც დადო სტრასბურგის სასამართლომ.

ეს არის - არასამართლიანი სასამართლო, წამება, პოლიტიკური დიკრიმინაცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სწორედ ამის გამო დამაკავეს მე. ჩემს დაკავებამდე კი, სასტიკად ცემეს სულხანის 14 წლის შვილი. ბაკური და მისი მეგობარი გამოვიდნენ სადარბაზოდან, ამ დროს გაჩერდა 3 მანქანა, დაახლობით 15 ნიღბიანი გადმოვიდა მანქანიდან და ამ ბაშვებს დაუწყეს გამოკითხვა. როდესაც ბაკურმა უთხრა, რომ მოლაშვილი ვარო, ამ დროს დაიწყეს ყვირილი, ეს ყოფილა მოლაშვილიო და ამის შემდეგ 14 წლის ბავშვს დაუწყეს ცემა, რის შემდეგადაც ჩაუმტვრიეს ლავიწის ძვალი, დაუზიანდა ნეკნი. იმდენად მძიმე იყო მდგომარეობა, რომ ორი ოპერაცია დაგვჭირა.

ამის შემდეგ დამიჭირეს მე, რომ სულხანს გამოეტანა სტრასბურგიდან სარჩელი და დაეწერა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა სააკაშვილის მთავრობის მიმართ. სულხანს უნდოდა გამოეტანა სარჩელი, მაგრამ წინააღმდეგი ვიყავი. ღმერთის წყალობით ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მალე გამოვედი ციხიდან. ხალხმაც ნახა სტრასბურგის განაჩენი, რომლითაც დადასტურდა, ჩემი ძმა არ იყო დამნაშავე და რომ ის იყო ნაწამები. ქალაქის ყოფილი პროკურორი და „დიდი იურისტი“ ვალერი გრიგალაშვილი კი, ამტკიცებს, რომ თეა წულუკიანი დაეხმარაო.

მაშინ გვიმტკიცებდა გრიგალაშვილი, რომ მოლაშვილი არ იყო ნაწამები, სიგარეტის ნამწვავები სპეციალურად იყო გაკეთებული, რაც შეეხება ფეხებს, ის ამტკიცებდა, რომ მოლაშვილს ვენები აწუხებდა და, რომ ის არ იყო ელექტროშოკის კვალი. რატომ ამტკიცებდა მაშინ გრიგალაშვილი, რომ მოლაშვილი ცრუობდა?

- როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს გრიგალაშვილის ბჟუტურს, როდესაც არსებობს ექსპერტიზის დასკვა, რომელიც ამბობს, რომ მოლაშვილი თვითონ ვერ მოახერხებდა სიგარეტის მიწვას ზურგზე.

სხვათა შორის სულხან მოლაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავების შემდეგ კონტროლის პალატიდან გაქრა მასალები, რომლითაც დასტურდებოდა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და ამბობდა, რომ ეს მასალები გრიგალაშვილმა გაანადგურა...

- სულხან მოლაშვილი რომ წამოვიდა კონტროლის პალატიდან, გრიგალაშვილმა იქედან გამოზიდა ყველა მასალა და გააქრო, მაგრამ ეს მასალები ფიზიკურად არსებობს. არის ასეთი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე, რომელმაც მიუსაჯა სულხანს პატიმრობა. არ ვიცი ახლა სასამართლო სისტემაშია თუ არა, მაგრამ ამ ადამიანმა ერთ-ერთი სხდომის შემდეგ მთხოვა შევყოლოდი ოთახში და მეუბნება ასეთ რაღაცას - მეც ისევე ვნერვიულობ როგორც თქვენ, განა არ ვიცი რაც ხდება და ძალიან გთხოვთ უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ, მყოფნის ჩემი პრობლემაო.

არ ჰკითხეთ რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება?

-რა თქმა უნდა ვკითხე, მან მითხრა, რომ ხომ იცით მე არ ვწყვეტ სულხანის არც დაკავებას და არც განთავისუფლებას, საერთოდ არაფერს ვერ ვწყვეტო. შემდეგ ვკითხე, მაშინ მითხარი რამდენი უნდა მიუსაჯო-თქო, რაზეც მიპაუხა - „არ ვიცი, რამდენსაც მეტყვიან იმდენს მივუსჯიო“. თქვენ წარმოიდგინეთ რა ვითარება იყო, როდესაც თვითონ მოსამართლე ვერ წყვეტდა რამდენი უნდა მიესაჯა სულხანისთვს. კაცი მოვიდა და პირდაპირ მითხრა რეალურად რა და როგორ იყო. ამის შედეგ ეს ვითომ მოსამართლე მურუსიძე გამოდის და ზღაპრებს ყვება.

მურუსიძე ამბობს, რომ იგივეს მიუსჯიდა დღესაც...

- მურუსიძე აბა რას იტყვის? მაშინ არ ვიყავი კარგი მოსამართლე, მაგრამ დღეიდან გავხდები კარგი მოსამართლეო? 40-მდე შუამდგომლობიდან ერთი შუამდგომლობა მაინც დააკამაყოფილა მურუსიძემ? რასაც აკეთებდა კონტროლის პალატა სულხანის თავმჯდომარეობამდე და გადადგომის შემდეგ, ზუსტად იმას ედავებოდნენ სულხანს. 37 ათას 201 ლარით წარუდგინეს პირველი ბრალი, შემდეგ მოჰყვა უკვე ის სასაცილო ბრალდება კერძოდ, თანამშრომლებზე პრემიების გაცემა.

მაგრამ სულხანს არ ჰქობდა პრემია აღებული, გაცემული ჰქონდა თანამშრომლებზე. კერძოდ, კანცელარიის თანამშრომელზე იყო გაცემული 300 ლარი, ეს ქალბატონი სიმსივნით იყო დაავადებული, დანარჩენი 80-დან 100 ლარამდე მერყეობდა თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა სამი წლის განმავლობაში. ამ „დიდმა იურისტმა“ გრიგალაშვილმა სხვა ვერაფრი მოძებნა, რითაც შეიძლებოდა მოლაშვილის დაკავება.

იმისათვის, რომ თანხა გაზრდილიყო და ხალხისთვის ეთქვათ, რომ მოლაშვილმა მილიონები მოიპარა, მოხდა ასეთი რამ - კონტროლის პალატას შემოწმებული ჰყავდა „საქართველოს რკინიგზა“, „კვარციტი“ და „რუსთავის აზოტი“. სახელმწიფოს კერძო კომპანიაში, ან შპს-ში 1%-იც რომ ჰქონდეს, კონტროლის პალატა ვალდებულია იმ 1%-ის ინტერესები დაიცვას. როდესაც კონტროლის პალატა შევიდა ამ ორგანიზაციებში, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრეს თანხის გადახდა და სწორედ იქედან წარმოიშვა დავა, რომ ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო ფული, რაც არ ჩაირიცხა. ბიუჯეტმა განიცადა დანაკლისი და ეს სულახან მოლაშვილმა გააკეთაო - აი ეს ზღაპრები დაწერა გრიგალაშვილმა.

მაშინ გამოძიება ამბობდა, რომ კონტროლის პალატა არ იყო უფლებამოსილი შეემოწმებინა ეს ორგანიზაციები...

- გასაგებია, მაგრამ იგივეს აკეთებდა თავის დროზე რეზო შავიშვილი და იმ პერიოდში, როდესაც სულხანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ახალ თავმჯდომარეს უკვე დაწყებული ჰქონდა ამ ორგანიზაციების შემოწმება.

მოლაშვილისგან ითხოდა გრიგალაშვილი დაეწერა, რომ დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა სააკაშვილის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, თითქოს შევარდნაძის დავალებით დაწერა, რათა შეელახათ სააკაშვილის რეპუტაცია, რომელიც იმ დროს შევარდნაძის ხელისუფლებას სდებდა ბრალს კორუფციაში?

- კი ბატონო და სწორედ ამიტომ აწამეს სულხანი. ითხოვდნენ ეთქვა, თითქოს შევარდნაძის დავალებით დაწერა ეს დასკვნა. ჯერ იუსტიციის მინისტრობის პერიოდში და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს, ბუჯეტის ფული გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური ბუკლეტებისა და დროშების დასამზადებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსა საკუთარი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დასკვნა დაწერა მაშინ კონტროლის პალატამ. სულხანი არავის დავალებას არ ასრულებდა და ეს თქვენც კარგად იცით.

რაც შეეხება წამებას, თავად ნაკლებად საუბრობდა ამ დეტალებზე, მაგრამ თქვენთვის მოყოლილი აქვს იმ ღამის ისტორია, როდესაც .. კაპეზეში მისგან ითხოვდნენ დაეწრა ეს ჩვენება, რასაც მოჰყვა მისი წამება?

- დავიწყოთ იქედან, რომ თქვენ კარგად იცნობდით სულხან მოლაშვილს, რომ არა თქვენ, იმის თქმასაც არ აპირებდა, რომ ნაწამები იყო, რადგან ოჯახს გული არ ტკენოდა. პიროვნება იყო ისეთი, ძალიან უფრთხილდებოდა ოჯახს. თქვენ იყავით პირველი ჟურნალიტი რომელმაც გაიგო სულხანის წამების შესახებ ინფორმაცია. მისი სადისტური წამების შესახებ ჩემზე პირველი თქვენ გაიგეთ და ჩემზე მეტი იცით.

სულხანი ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ საკითხზე ჩემთან არ ელაპარაკა. რამდენიმეჯერ ვკითხე, მაგრამ დეტალები არ მომიყვა. როგორც ჩანს, მიფრთხილდებოდა, რომ გული არ მტკენოდა და შურისძიების გრძნობა არ გამჩენოდა. არ სურდა მის შვილებს გაეგოთ როგორ და რა მდგომარეობაში მოხდა მისი წამება. ცდილობდა, რომ ოჯახის წევრებთან არ ესაუბრა ამ თემაზე.

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოლაშვილს დაუწყეს ფსიქოტროპული წამლების მიცება. საჭიროებდა ამ მედიკამენტებს?

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ გჭირდებაო. წინააღმდეგობის მიუხედავად ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ წამლებს აძლევდნენ და ამ გზით ცდილობდნენ სულხანი გამოეყვანათ მდგომარეობოდან. რაღაცა პერიოდის შემდეგ შეუწყვიტავდნენ და მერე ისევ დაიწყებდნენ და ასე აწამებდნენ.

ფსიქოტროპულმა წამლებმა გამოიწვია ღვიძლის დაავადება?

- არამარტო ამან. ვცდილობ და ალბათ, დავამტკიცებ, რომ სულხანი მიზანმიმართულად დააავადეს C ჰეპატიტით. არ ვიცი ეს ციხის საავადმყოფოში მოხდა, თუ მე-7 საპყრობილის ჯურღმულში, მაგრამ ეს მოხდა ციხეში. ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანს შეყარო C ჰეპატიტი.

რაც შეეხება წავკისის აგარაკს, რატომ და რა ვითარებაში მოხდა ამ აგარაკის ყიდვა თქვენი მხრიდან, მიზანი რა იყო?

- სააკაშვილის დავალებით მივიდნენ ოჯახის ახლობლები და შემოგვთავაზეს იმ აგარაკის ყიდვა, რომელსაც თავად შეარჩევდნენ და შემდეგ უკვე აგარაკი სახელმწიფოსთვის უნდა გადაგვეცა საჩუქრად. მხოლოდ ამის შემდეგ სააკაშვილი გამოიჩენდა კეთილ ნებას და სულხანს პატიმრობიდან გაანთავისუფლებდა. აგარაკი, რომელიც ნაციონალებმა შეარჩიეს, მისი ღირებულება 150 ათასი დოლარი იყო. მაშინ ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული აგარაკი.

ეს გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ნათქვამი ჰქონდა, რომ მოლაშვილს წავკისში უზარმაზარი ვილა აქვსო და მისი სიტყვები უნდა გაემყარებინათ. აგარაკი 14:30 წუთზე გავიფორმეთ და იმავე დღეს 16:00 საათზე სახელმწიფოს გადავუფორმეთ. ეს მოთხოვნაც მათი მხრიდან იყო, რომ ჯერ თქვენ გაიფორმეთ, რომ არსებობდეს დოკუმეტები, რომ სახლი იყო მოლაშვილის და ამის შემდეგ გადააფორმეთ სახელმწიფოს სახელზეო.

ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას - პროკურატურას, რომელმაც ამ ხნის მანძილზე არ დასაჯა დამნაშვეები, თუ იგივე გრიგალაშვილს, რომელიც ამ სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო?

- პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა გრიგალაშვილი, მურუსიძე და მეიშვილი. ამ შესანიშნავი სამეულის გარდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ გამომძიებელმა, რომელმაც ხელი მოკიდა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს, ასევე პროკურორებმა - მოსულიშვილმა და გენგაშვილმა, რომლებიც უტიფრად ამტკიცებდნენ რაღაც-რაღაცეებს. დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ეჭვი არ მეპარება და პირობას გაძლევთ, რომ გრიგალაშვილი, მურუსიძე და მეიშვილი აგებენ პაუხს, იმ უკანონობაზე, რაც სულხან მოლაშვილის წინაშე ჩიდინეს.

რაც შეეხება წამებას, თქვენი ძმა ამბობდა, რომ მის წამებას ესწრებოდა გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და ვალერი გრიგალაშვილი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ფაქტის შესახებ?

- სულხანი ამბობდა, რომ ეს სამეული ესწრებოდა წამებას, მას შავი ნაჭერი ჰქონდა თავზე ჩამოცმული როდესაც აწამებდნენ, მაგრამ ხმაზე იცნო ეს ბატონები. ადეიშვილი გაქცეულია, გრიგალაშვილი უპატრონოდ ჰყავთ მიგდებული, ბოკერიას კიდევ ამერიკა იცავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან სამართლიანობა ჩემ ძმასთან მიმართებაში აღსდგება.