„გიულენი ვერ იქნებოდა ამბოხის ორგანიზატორი, ერდოღანზე მეტად, მას თურქი სამხედროები ვერ იტანენ“

„გიულენი ვერ იქნებოდა ამბოხის ორგანიზატორი, ერდოღანზე მეტად, მას თურქი სამხედროები ვერ იტანენ“

270-ზე მეტი გარდაცვლილი და 1440 დაშავებული - ამ შედეგით დასრულდა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ლიკვიდირებულია სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე 16 პირი. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2 839 მეამბოხე დააკავეს. 8 სამხედრო პირმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა საბერძნეთისგან, თუმცა ბერძნულმა მხარემ ამბოხებული სამხედროები საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. ოფიციალური ანკარა დაკავებულების დაბრუნებას ითხოვს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ სამხედრო პუტჩში ბრალდებული ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მოვლენები იყო აჯანყების მცდელობა ქვეყნის ერთობის წინააღმდეგ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის თავად გააკონტროლებს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდის ჩატარებას.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გვიან ღამით დაიწყო. ვითარება იმდენად უკოტროლო გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა, მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა. სწორედ მოსახლეობის ერთსულოვნების შედეგად სახელმწიფო გადატრიალება ვერ შედგა. თუმცა ანკარასა და სტამბულის ცენტრალურ მოედნებზე დაძაბული ვითარება გრძელდება. ხელისუფლების მომხრეები გადატრიალების მცდელობის მოწყობაში მონაწილე სამხედროებს სახალხოდ, ლინჩის წესით უსწორდებოდნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ხელისუფლების და სამართალდამვაცი უწყებების წარმომადგენლები არ ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას და არ ერევიან მოსახლეობის მიერ მოწყობილ „სასამართლოში“.

ვინ არიან წარუმატებელი ამბოხის მონაწილე სამხედროები და ჩაერთვება თუ არა პროსესში ალიანსი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვარშავაში, სამხედრო ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

რა ძალები ხელმძღვანელობდნენ სამხედრო გადატრიალებას?

ვახტანგ მაისაია: ამ წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ძირითადში ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა, სამხედრო პოლიციის და პროკურატურის, სტამბულისა და ანკარის სამხედრო გარნიზონების და ასევე ე.წ. „მეოთხე საველე არმიის“ ანუ „ეგეოსის დამრტყმელი საველე არმიის“ სარდლობის წარმომადგენლები.

ძალიან ზოგადი გათვლებით და იმ მომენტების გათვალისწინებით, თუ როგორ ხოციელდებოდა ურბანისტული-საქალაქო საბრძოლო მოქმედებები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამბოხებულების საერთო რაოდენობა, ანუ ძირითადი ბირთვი დაახლოებით 5-10 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო, მათ ხელში იყო 50 ერთეული საბრძოლო ტანკი, საბრძოლო ავიაციის და საბრძოლო ვერტმფრენების 30 ერთეული.

თუ თურქეთის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობიდან გამოვალთ, რამდენად დიდი იყო ამბოხებულების რაოდენობა?

- აღნიშნული არ იყო დიდი რაოდენობა, რადგანაც მთლიანად თურქეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 500 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს შეადგეს. ტერიტორიულ-გეოგრაფიულად 4 საველე არმიად იყოფა. I,II,III,IV და ასევე სპეციალური დანიშნულების ძალების ცალკეული სარდლობა, უშუალოდ ემორჩილება თურქეთის გენშტაბის უფროსს და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს - პრეზიდენტს და სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი სამხედრო გადატრიალების წარუმატებლობაში.

მაშინ ვინ არიან ეს ამბოხებული სამხედროები, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს სამხედრო გადატრიალებას? სპეციალური დანიშნულების ძალების ცალკეული სარდლობის გარდა, ამბოხებულებს მხარი არ დაუჭირა საზღვაო ფლოტმაც...

- ნადვილად, გადატრიალებას მხარი არ დაუჭირეს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ, არც II,III საველე არმიების სარდლობებმა და პირველი საველე არმიის სარდლობამ ჰაერში აწია მის დაქვემდებარებში არსებული სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანდგურებლები, რომლებმაც ჩამოაგდეს მეამბოხეთა საბრძოლო ვერტმფრენი ანკარას თავზე. სამხედრო გადატრიალების მთავარ მონაწილედ სავარაუდოდ სახელდება, გენშტაბის ყოფილი სამხედრო მრჩეველი იურიდიული საკითხებში, პოლკოვნიკი მუჰამედ კოზი.

გადატრიალების მოთავეები იყვნენ ძირითადში საშუალოდ დონის ოფიცრობა და მათ ბოლო მომენტში მხარი არ დაუჭირეს მაღალი რანგის გენერალიტეტის უმრავლესობამ. ამიტომაც გამოდგა პუტჩი წარუმატებელი. პრეზიდენტმა ერდოღანმა ორჯერ მოახერხა მისთვის არასასურველი გენერალიტეტის განეიტრალება ე.წ. „ერგონიკონის“ სპეცოპერაციების განხორციელების შედეგად და ამით განიმტკიცა საკუთარი პოზიციები არმიაში, ისევე როგორც მან მოახერხა დაბალი რგოლის ოფიცრობაში პოლიტიკური იდეოლოგიური ელემენტების შეტანა და მოახდინა შეიარაღებული ძალების პოლიტიზაცია სულ მცირე, 30%-ით.

გარდა ამისა, მან შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური ვერტიკალი და თვითონ გახდა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და დაიმორჩილა არა მარტო ქვეყნის შეიარაღებული ძალები, არამედ ჟანდარმერია - 200 ათასი მებრძოლი, სპეცსამსახურები -10 ათასი ადამიანი და პოლიცია - 300 ათასი ადამიანი.

განსაკუთრებით მის „დამრტყმელ ძალად“ გადააქცია - ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების სამსახური (Milli Istahbarat Teskilati - MIT), რომლის ხელმძღვანელობა მან შეცვალა გადატრიალებამდე რამდენიმე კვირის წინათ და ჩაატარა მათი ერთგვარი „რეფორმატირება“. ამიტომაც საშუალოდ დონის ოფიცრობა ვერ განახორციელებდა სამხედრო გადატრიალებას წარმატებულად, რადგანაც მათ არ ჰქონდათ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება და არ გააჩნდათ პოლიტიკური მხარდაჭერა.

გადატრიალების მომენტში არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მხარი არ დაუჭირა მათ, ხოლო მმართველმა „კეთილდღეობისა და სამართლიანობის პარტიამ“ შეძლო კრიტიკულ ვითარებაში თავისი მომხრეების მობილიზება და ამით პოლიტიკური ბაზისი მოუსპო ამბოხებულებს.

თურქეთში არსებული პოლიტიკური ფონი რამდენად უწყობდა ხელს ამბოხებულებს? ფაქტია, რომ მოსახლეობამ, ისევე როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, არ დაუჭირეს მხარი...

- სამხედრო გადატრიალება დაიწყო ამბოხებულებისთვის მეტად არასასურველ პოლიტიკურ არეალებში - ანკარასა და სტამბულში, სადაც მმართველი პარტიის დომინანტობა იყო აშკარა და თვალსაჩინო. რეგიონებში რომ დაეწყოთ ეს გადატრიალება ამბოხებულებს, წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ. მეორე - ამბოხებულებმა ვერ გამოიყენეს მოულოდნელობის ეფექტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ სწორად გათვალეს და განახორციელეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიქეტების დაკავება და გაკონტროლება - ხიდები და მაგისტრალები. რაც მთავარია - სახელმწიფო ტელევიზია და რამდენიმე სახელწმიფო მნიშვნელობის შენობა, გენშტაბის შენობის ჩათვლით. მათ უშიშროების სამსახურის შენობას და პარლამენტის შენობას საჰაერო დატყმა მიაყენეს. თუმცა, მათ ვერ შესძლეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის „განეიტრალება“ და რამდენიმე არასახელმწიფოებრივი ტელევიზიების ხელში ჩაგდება, რამაც მმართველ ძალას საშუალება მისცა ხელში აეღო კონტროლი და მობილიზაცია გაეკეთებინა საკუთარი ძალების.

მათ შეინარჩუნეს ლეგიტიმაციის ხარისხი, რაც გახდა მთავარი არგუმენტი, თუ რატომ დაუჭირა მხარი საერთაშორისო საზოგადოებამ ერდოღანს, მათ შორის აშშ, რუსეთი, ევროკავშირი, ნატო და გაერო. მეამბოხეებმა დაუშვეს გამოუსწორებელი შეცდომა, როდესაც მათმა ლოიალურად განწყობილმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მომიტინგეებს და ჟურნალისტები აიყვანეს მძევლებად, რამაც საზოგადოებრივი განწყობის მხარდაჭერა მოუსპო მათ.

სამხედრო ბუნტის ძირითადი მოტივაცია იყო პოლიტიკური ბეგრაუნდი?

- მეამბოხეების სამხედრო ბუნტის ძირითადი მოტივაცია იყო არა პოლიტიკური ბეგრაუნდი, როგორც ეს ხორციელდებოდა თურქეთში მანამდე განხორციელებული ოთხი წარმატებული სამხედრო გადატრიალების დროს (1960, 1971, 1980, 1996), არამედ უფრო მეტად სოციალურ-ემოციალური ხასიათის. კერძოდ, ერდოღანის ოფიციალური ბოდიში პუტინის მისამართით და 2015 წლის სექტემბერში მომხდარი სამხედრო ინციდენტის მთელი პასუხისმგებლობის გადაბრალება მოხდა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობაზე, რომლებიც იყვნენ მთავარი ორგანიზატორი ამ გადატრიალების მცდელობის.

ამბოხებულებმა არ გააჟღერეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები და მათი პოზიციები არ იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული და არც სამომავლო გეგმების თაობაზე უსაუბრიათ მათ, რამაც საზოგადოებაში დატოვა ერთგვარი არასერიოზულობის განცდა. სიტუაცია ზუსტად განმეორდა ე.წ. გკჩპ-ს მოსკოვის 1991 წლის პუტჩის მსგავსად, ოღონდ უფრო სისხლიანი შედეგებით - ბოლო მონაცემებით, სულ დაიღუპა 200 ადამიანი - ამბოხებულები -104, პოლიციელები - 40, მშვიდობიანი მოსახლება - 50-ზე მეტი და დაჭრილია 1400 ადამიანი.

ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ერდოღანს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ვითრების გამწვავების შემთხვევაში პროცესებში უკვე ნატო ჩაერიოს?

- ნატო ვერანაირად ვერ ჩაერევა და ვერ ჩაერეოდა თურქეთის საშინაო პოლიტიკურ პროცესებსში, აღნიშნული არ არის გათვალისწინებული არც ნატოს დამფუძნებელი ვაშინგტონის ხელშეკრულების არც მეოთხე, მუხუთე და მეათე მუხლებით და როგორც წინა სამხედრო გადატრიალების მაგალითებზე დაყრდნობით, ამ შემთხვევაში ნატოს ხელმძღვანელობამ გააკეთა შესაბამისი განცხადება პოსტ-ფაქტუმის რეჟიმში.

წარუმატებელმა სამხედრო ამბოხმა პოლიტიკურად გააძლიერა ედროღანი?

- რა თქმა უნდა, იგი არ გაუშვებს ხელიდან ამ შანს და კიდევ უფრო გაამკაცრებს თავის მმართველობას ქვეყანაში. იგი კვლავ გააძლიერებს საკუთარ ავტორიტარული მმართველობას, დაიწყებს დიდ „წმენდას“ არმიაში, მან უკვე განახორციელა კიდევაც, როდესაც გადააყენა აწ უკვე ყოფილი გენშტაბის უფროსი, რომელმაც ვერ გამოიჩინა სათანადო პროფესიონალზიმი პუტჩის დროს, დანიშნა სპეცდანიშნულების ძალების სარდალი - გენერალი უმით დუნდარი. დააპატიმრა 2800 სამხედრო პირი, მათ შორის 4 გენერალი, 29 პოლკოვნიკი და ასევე დაიწყო აგრესიული საინფორმაციო პროპაგანდა.

მან დაიწყო თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგებზე შეტევის მიტანა. ყოველგვარი აპელაციის და საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ფეტიულაჰ გიულენი გადატრიალების პოლიტიკურ მხარდაჭერაში, რომელიც იმყოფება პოლიტიკურ ემიგრაციაში აშშ და გამოიყენა მომენტი მასზე ანგარიშსწორებისთვის, თუმცა გიულენი ვერ იქნებოდა ამ ამბოხის სულისჩამდგელი იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ერდოღანზე მეტად, მას თურქი სამხედროები ვერ იტანენ და ისინი არაფრისდიდებით არ წავიდოდნენ მასთან თანამშრომლობაზე.