განათლების ახალ მინისტრს ახალი ამბიცია აქვს, რომ საქართველო უმაღლესი განათლების ჰაბად აქციოს.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აუცილებელია საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და ეს უკვე არის ინდური თუ არაბული ქვეყნების სტუდენტების მოთხოვნა.
საქართველოს ჰაბად გადაქცევის თემა პოპულარული იყო ნაციონალებში. მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სფეროში საქართველოს ჰაბად გახდომას პროგნოზირებდა, მათ შორის იყო განათლების მიმართულებაც.
„ჩემი მთავარი ამბიციაა, საქართველო იყოს ცოდნის ჰაბი“,-გვპირდებოდა ყოფილი პრეზიდენტი და იმაშიც გვარწმუნებდა, რომ ბათუმი განათლების ევროპულ რეგიონულ ჰაბად გადაიქცეოდა, უდიდესი მასშტაბის საგანმანათლებლო დაწესებულებებით.
აქვს თუ არა საქართველოს უმაღლესი განათლების ჰაბად გადაქცევის საშუალება, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური თვალსაზრისით?!
„ილიაუნის“ ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი დღევანდელი ფსევდოსისტემა შესაბამისად გადაკეთდება, საქართველოს განათლების სისტემის ჰაბად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია. იმ ქვეყნებში, რომლებიც ითვლებიან უმაღლესი განათლების ჰაბად (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი) მთავარი პრინციპია ის, რომ განათლების სისტემა არ არის სახელმწიფოებრივი, არამედ ის არის განსახელმწიფოებრივი.
„ფაქტობრივად, არანაირი საჯარო სამართლის სუბიექტები ჩვენი უნივერსიტეტები არ არიან. ესენი არიან უბრალო სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომლებსაც რაღაც ტიპის პრიორიტეტები აქვთ. თუ ეს არ შეიცვალა და დიდი ინვესტიცია არ ჩაიდო უმაღლეს განათლებაში, არაფერი გამოვა. მარტო განათლების მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა იყოს ამისკენ ორიენტირებული და უნდა მოახდინონ განათლების სისტემის განსახელმწიფოებრიობა. რაც შეეხება ინდოელი და არაბი სტუდენტების დაინტერესებას საქართველოთი, მათ მაგივრად უფრო ირანელი სტუდენტების ჩამოყვანაზე ვიფიქრებდი. ირანისთვის საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის კარიბჭე ევროპაში, როგორც კულტურულად, ისე გეოგრაფიულად. ამიტომ ირანელი სტუდენტების ჩამოსვლა ბევრად უფრო პერსპექტიულია ყველა დარგში, თორემ სამედიცინო უნივერსიტეტში ისედაც არიან ინდოელი და არაბი სტუდენტები“, - აღნიშნა გიგი თევზაძემ.
ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ჰაბად გადაქცევის მიზანს აქვს ხარვეზებიც, რისკებიც და დადებითი მხარეებიც. იმისთვის, რომ უფრო გლობალურ აუდიტორიასთან ვიურთიერთოთ, მათ უნდა დავანახოთ ჩვენი საუკეთესო მხარე.
უფრო მეტიც, ინტერნაციონალიზაცია მარტო იმას კი არ გულისხმობს, რომ შენ შესთავაზო რაღაც მსოფლიოს, არამედ იმასაც, რომ შენი ქვეყნის გარეთ არსებული შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით შემოიტანო. მაგალითად, დღეს დისტანციურად ხელმისაწვდომია მრავალი საუკეთესო უნივერსიტეტის კურსი, თუმცა მისი აღიარება საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემაა.
„განათლების ჰაბად ქცევის შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს. არის მიმართულებები, სადაც გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერები, გვაქვს გამოცდილება. თუნდაც სამედიცინო სფეროში საკმარისი გამოცდილება დაგროვდა. თუმცა არის პრობლემებიც. მათ შორის, ერთი-ერთია კულტურული პრობლემები, რადგან ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება, ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე არ არის კარგად ადაპტირებული. მაგალითად, ახლა ვასწავლი ერთ-ერთ საზაფხულო სკოლაში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ტარდება და მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. ამ სტუდენტებს შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათთვის უნივერსიტეტის შენობა, სადაც ეს სწავლება მიმდინარეობს, არ არის კარგად ადაპტირებული. ინტერნაციონალიზაცია ამაშიც გვეხმარება, რომ დამკვიდრდეს საერთაშორისო მასშტაბი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უცხოელები დავაინტერესოთ ჩვენი რეგიონით. ხალხს აინტერესებს სოციალური მეცნიერებების შესახებ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, ან განვითარებადი ქვეყნების გამოცდილება. საქართველოში ბევრი ისეთი ცვლილება მოხდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც საინტერესოა სხვა ქვეყნებისთვის“, - აცხადებს სიმონ ჯანაშია და საქართველოსთვის კიდევ ერთ უპირატესობაზე საუბრობს.
კერძოდ, ჩვენს ქვეყანაში შედარებით ხელმისაწვდომია განათლების ფასი, განსხვავებით ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებისგან. სავარაუდოდ, ეს ფასი უცხოელებს მოიზიდავთ, თუმცა ევროპულ ქვეყნებშიც არის განსხვავება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მაღალია სწავლების ფასი, ხოლო გერმანიაში ჩვენზე დაბალი. თუმცა ჩვენი პლუსია აქ ცხოვრების სიმარტივე, ხარჯების სიმწირე.
ექსპერტი განათლების საკითხებში დავით ლაგვილავა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი ხელისუფლება საბინადრო პრობლემას უქმნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, ინდოელებს და აზიის ქვეყნების სხვა წარმომადგენლებს. თუმცა საარჩევნო პერიოდის მეოთხე წლის ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ამან დააზარალა ჩვენი განათლების სისტემა.
ამის საპირწონედ, დავით ლაგვილავა იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში შენდებოდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ამ კუთხით საქართველო მართლაც იქცეოდა უმაღლესი განათლებისა და ტექნიკური განვითარების ერთგვარ ჰაბად. ეს იქნებოდა დადებითი მოვლენა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნებისთვისაც.
„ის, რომ საქართველოში გზა უნდა გავუხსნათ ინდოელებსა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს, ცუდი არ არის, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება გამოსავალი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების მიმართულებით ჰაბი. საამისო არც მატერიალური და არც ადამიანური რესურსი არ არსებობს. ამიტომ ამ ტიპის განცხადებები უფრო საარჩევნო კამპანიას ატარებს“.