„გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდი და ხერხი, რომელსაც სპეცსამსახურები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ“

„გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდი და ხერხი, რომელსაც სპეცსამსახურები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ“

საფრანგეთში, ნიცაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაღუპა, მათ შორის 10 ბავშვი. საავადმყოფოში გადაყვანილი 54 ბავშვიდან 18 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ცნობილია იმ მძღოლის ვინაობაც, ვინც ხალხის მასაში შევარდა. ის ნიცას მაცხოვრებელი, წარმოშობით ტუნისელი 31 წლის მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია, რომელიც პოლიციამ მოკლა. სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცას სანაპიროზე ადგილობრივები ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ, სწორედ ამ დროს ხალხში სატვირთო მანქანა შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა. ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, პოლიციისთვის ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულისთვის, ის სპეცსამსახურებს აღრიცხვაზე აყვანილი არ ჰყოლიათ. აღსანიშნავია, რომ ნიცაში მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ მოსალოდნელი იყო ტერორისტული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით.

გამოცემა „La Figaro“-ს ინფორმაციით უსაფრთხოების სამსახური ფლობდა ინფორმაციას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული თავდასხმების ტაქტიკის შეცვლას აპირებდა. გამოცემა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პატრიკ კალვერის ციტატას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ ტერორისტები დამინული სატრანსპორტო საშუალებების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების სტადიაზე გადავლენ.

საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, პატრიკ კალვარი აცხადებს, რომ მომავალში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტების განსახორციელებლად თვითმკვლელ ტერორისტებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებს. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ ტაქტიკას და მეთოდებს ცვლის იმისთვის, რომ თავდასხმები უფრო მასშტაბური გახდეს და მას უფრო დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდ საფრთხეს საფრანგეთისთვის წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც სირიაში და ერაყში საბრძოლო მომზადება გაიარეს და საფრანგეთში დაბრუნდნენ. არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 500-ს აღწევს. გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გაუქმებულია ყველა საჯარო ღონისძიება, დახურულია პლაჟები. ქუჩებაში სამართალდამცველები პატრულირებენ. ნიცაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურამდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერაქტების საფრთხე ისევ მაღალია.

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელსაც 26 ივლისს ეწურება ვადა, 3 თვით გახანგრძლივდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მომავალი კვირის ბოლომდე შევა. როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, საფრანგეთი ტერორისტებთან ომის პირობებში იმყოფება, რადგან ტერორისტები გეგმავენ დარტყმა ნებისმიერ ფასად მიიტანონ.

საფარანგეთში ტერაქტების საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ. საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერი +337833186 89 მოქმედებს.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, ყველა დაღუპულის ამოცნობამდე დადასტურებულად იმის თქმა, რომ ქართველები არ არიან მათ შორის, შეუძლებელია.

„ვციდლობთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ პროაქტიულები, ვუკავშირდებით ჩვენს მოქალაქეებს. ასოციაციებს, რომლებიც ნიცაში ფუნქციონირებენ. ვცდილობთ, გავიგოთ, არის თუ არა ყველა კარგად. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის ქართველები არიან, არ დასტურდება. რადგან ბევრი გარდაცვლილია ამოსაცნობი, უნდა დავიცადოთ, ვიდრე ყველა დაღუპული არ იქნება ამოცნობილი.

დადასტურებულად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა და დაშავებულთა შორის. უსაფრთხოების ზომები გააგრძელა ხელისუფლებამ, რაც ნიშანვს, რომ ათი ათასობით სამართალდამცველია მობილიზებული. წინა ტერაქტებისგან განსხვავებით, ამ ფაქტის შემდეგ, ისმის კრიტიკული კომენტარები, შეკითხვები იმის შესახებ, როგორ მოახერხა ამ პიროვნებამ ისე მისულიყო ადგილზე, სადაც გადასრისა ადამიანები, რომ პოლიციას არ გაუჩნდა ეჭვი და შეეჩერებინა“, - აცხადებს ეკატერინე სირაძე-დელონე.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ბევრი არაბი და მუსლიმი ტურისტია, რომელიც ტერაქტის მომენტში ნიცაში იმყოფებოდა. ტელეკომპანია „ალ არაბიას“ ინფორმაციით, ბევრ დაღუპულს სწორედ ტრადიციული მუსლიმური ტანისამოსი ეცვა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ნიცაში დასასვენებლად უამრავი არაბი ჩადის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები.

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს გერმანია. გერმანია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს აეროპორტებში, ასევე ავტომაგისტრალებზე და სარკინიგზო გადასასვლელებზე. უსაფრთხოების გაძლიერება ფრანგულ მხარესთან შეთანხმებით მოხდა. უსაფრთხოების ზომების გადახედვას გეგმავს დიდი ბრიტანეთი. როგორც დედაქალაქის მერმა სადიკ ჰამმა განაცხადა, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლონდონელების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ნიცაში განხორციელებული თავდასხმა თავისი სტრატეგიითა და მანევრით ძალიან გავს 1983 წელს ლიბანაში, ამერიკისა და საფრანგეთის გაერთიანებულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც მაშინ 300-მდე სამხედრო ემსხვერპლა. მაშინაც სწორდ სატვითრო მანქანამ გაარღვია კორიდორი.

„მანევრი და დროის ერთეული აბსოლუტურად მიუთითებს „ისლამური სახელმწიფოს“ ხელწერაზე. გამოყენებული იყო კლასიკური ტიპის ადრინდელი ჯიჰადისტური ორგანიზაციების მანევრი. ეს ტერაქტი იდენტურია 1983 წელს განხორციელებული ტერაქტისა, ასეთივე ხელწერით მოკლეს მაშინ 300-მდე ნატოელი ჯარისკაცი.

ეს რომ ხალიფატის ხელწერაა იმითაც დასტურდება, დარტყმა მიიტანეს ნიცაზე, რომელიც არა მარტო საკურორტო მექაა, არამედ თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. ანუ იმ ტერატქტების გაგრძელებაა, რომელიც მოხდა ყაზახეთში, ამერიკაში და თურქეთში, ტერორისტების სამიზნე გახდა ეკონომიკური ზონა. მეთოდი იგივეა, შესრულების მექანიზმია განსხვავებული, უფრო სადისტური და საზარელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

„სპეცსამსახურების საქმინაობაზე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, ტერაქტის დრო და ადგილი მიუთითებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტერაქტი, რომლის ორგანიზატორების მიზანი იყო მაქსიმალური მსხვერპლი და სწორედ ამიტომ შეირჩა 14 ივლისი, ადგილიც და დროც.

„გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდი და ხერხი, რომელსაც სპეცსამსახურები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. იმიტომ, რომ სტამბოლის, ბელგიისა და საფრანგეთის ტერაქტების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება აეროპორტებს და მეტროებს, ამ მიმართულებით არის გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები, მაგრამ ჩვეულებრივ ხალხმრავალ ადგილებში, შედარებით ნაკლები. შესაძლებელია აქ მეორე მომენტია - ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფრანგებს ცოტა მოუდუნდათ ყურადღება.

რაც შეეხება იმას, რომ ინფორმაცია ჰქონდათ, ზუსტი ინფორმაცია არ არსებოს. ძნელია ამხელა ქვეყანაში გათვალო ზუსტი ადგილი და დრო როდის მოხდება ტერაქტი. შეიძლება ინფორმაცია გქონდეს, მაგრამ ის არ დადასტურდეს. არ გამოვრიცხოთ ისიც, რომ ტერორისტული ორგანიზაციები იგივე მეთოდით მოქმედებენ, როგორც სპეცსამსახურები. ანუ, წინასწარ ავრცელებენ რამდენიმე პროვოცირებულ ვარიანტს და შემდეგ სულ სხვა ადგილას ახორციელებენ დარტყმას“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისივე თქმით, შეუძლებელია ამ მეთოდებით და ამ ფორმებით ტერაქტების აცილება. რადგან, შესაძლოა 100-დან 80 აიცილო, მაგრამ 20 ტერაქტი მაინც განხორციელდეს. როგორც ალადაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე პირდაპირ საქართველო არ წარმოადგენს ტერორისტული ორგანიზაციების პირველ სამიზნე ჩამონათვალს. თუმცა, საქართველოში არსებული სხვა ქვეყნის საელჩოები, ორგანიზაციები და მათ მიერ მოწყობილი სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები ყოველთვის იქნება ტერაქტების საფრთხის შემცვლელი.

„ვხედავთ, რომ უსაფრთხოების კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება ფორმებს და მეთოდებს, ძალიან ბევრია. ეს არ გახლავთ მარტო პოლიტიკური თემა, გლობალიზაციის თანმდევი გამოწვევებია და ესეც გასათვალიწინებელია. გლობალიზაციამ მოიტანა უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. არის ქვეყნები, რომლებიც ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან და მეორე მხრივ არის ქვეყნები, რომლის მოსახლეობა გაჭირვებით ცხოვრობს.

ბუნებრივია, უფრო მეტი განაწყენებული ფენაა და თანდათან კაცთმოძულე ადამიანად ყალიბდებიან. რელიგიურთან ერთად, გასათვალისწინებელია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. სამწუხაროდ, ტერორისტების სარესურსო ბაზა დიდი და მრავალფეროვანია, რაც ართულებს ტერორიზმთან ბრძოლას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.