ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სუიციდის პრევენცია შესაძლებელია და არსებობს გარკვეული გზები ამის მისაღწევად. მათ შორისაა ცეცხლსასროლ იარაღზე თუ გარკვეულ მედიკამენტებსა და პესტიციდებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ალკოჰოლის ზიანის შემცირება, იმ ადამიანების ადრეული გამოვლინება და მკურნალობა, რომლებსაც მსგავსი ქცევებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ, მედიის პასუხისმგებლური როლი მსგავსი ფაქტების გაშუქებისას, არასპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება სუიციდური ქცევების მენეჯმენტში და სხვა.
მართალია, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება და მთლიანობაში წელიწადში 800 ათასი ადამიანი იღუპება სუიციდის შედეგად, მაგრამ თვითმკვლელობების ზრდის შეჩერება ევროკავშირის სამმა ქვეყანამ - შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრიამ უკვე მოახერხა. ამ მიღწევას ფსიქიატრები ამ სახელმწიფოების მთავრობების მიერ დროულად გატარებული სოციალური პროგრამებით ხსნიან. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გახშირებული სუიციდის პრობლემა დგას მაღალგანვითარებულ იაპონიაშიც.
For.ge გასულ წელსაც წერდა, რომ 2008-2014 წლებში საქართველოში თვითმკვლელობების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა და ამ დასკვნას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აკეთებდა. თუმცა იმხანად პრობლემა იყო ის, რამდენად უტყუარ სტატისტიკას დებდა შს სამინისტრო. რას მოიცავდა საქმის აღძვრა „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით? ხომ არ ართულებდა ეს საქმეს, რამდენადაც არავინ იცოდა, რამდენი იყო აქედან თვითმკვლელობა და რამდენი-მკვლელობა?!
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 395 საქმეა აღძრული, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 18%-ითაა გაზრდილი თვითმკვლელობის სტატისტიკა წინამორბედ 2014 წელთან შედარებით, როცა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 334 საქმე აღიძრა.
რაც შეეხება უფრო ადრინდელ პერიოდს, პაციენტებზე დაკვირვებით, ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა პოსტ ტრავმული აშლილობა და აგვისტოს ომი თვითმკვლელობისთვის მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო. ამას ემატებოდა ციხეებში შექმნილი რთული სიტუაციაც.
დღესდღეობით კი For.ge დაინტერესდა, რამდენად მოქნილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის სუიციდის პრევენციის კუთხით?! რამდენად შეუწყობს ხელს ტრაგიკული ფაქტების შემცირებას ცეცხლსასროლ იარაღზე თუ გარკვეულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა?!
ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თვითმკვლელობის პრევენციისთვის სრულყოფილი მონაცემების გაგება აუცილებელია, რადგან ეს კარგი ანალიზის საწინდარია, რითაც დაკავდებიან მკვლევარები და დაადგენენ საქართველოში თვითმკვლელობათა მაჩვენებლის რეალურ მიზეზებს.
ფსიქოლოგის განმარტებით, გასაგებია, რომ, ზოგადად, ეკონომიკურ ფაქტორზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სუიციდისკენ მიდრეკილ პიროვნებას ცეცხლსასროლ იარაღზე თუ გარკვეულ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებოდეს, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგადი რეკომენდაციების მიუხედავად, ყველა ქვეყანას მაინც თავისი სპეციფიკური ნიშან-მახასიათებლები გააჩნია და სწორედ ამ მახასიათებლების მიკვლევაა აუცილებელი.
„საქართველოში აგრესიულობა ძალიან მაღალია და ამ აგრესიას ყოველ წუთს ვხედავთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ურთიერთობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრევენცია იარაღის ან მედიკამენტების შეზღუდვა ვერ იქნება. საერთოდ, შეზღუდვა არ მიმაჩნია გამოსავლად, რადგან ქართველები მთელ ენერგიას იმაზე დახარჯავენ, ამ შეზღუდვას როგორ „მოუარონ“. როდესაც ერი არ არის კანონმორჩილი, იქ შეზღუდვების გატარება არაეფექტურია. თუკი საზოგადოებას მიაჩნია, რომ კანონი მათ უფლებებს ზღუდავს და მათ უფლებებს თავს ესხმიან, ასეთ საზოგადოებაში შეზღუდვა არაეფექტურია. თითოეულ ადამიანს გარკვეულ საგნებთან წვდომა რომ შევუზღუდოთ, ის მაინც ვერ გაიგებს, რატომ უზღუდავენ, ამით მისი პატივმოყვარეობა შეილახება და ეცდება, აღიდგინოს პატივმოყვარეობა. ამიტომ გამოსავალი უფრო ზოგადი კულტურული დონის ამაღლებასა და ეკრანიდან ბილწსიტყვაობის, ძალადობის შეზღუდვაშია. გარდა ამისა, მომავალი თაობა ტელეეკრანებიდან არა მარტო აგრესიის პროპაგანდას ეჩვევა, არამედ ხედავს, რომ გამუდმებით მარიხუანას ეწევიან, მათი საყვარელი პოპ-მომღერლები ამის მსხვერპლნი არიან. როცა სათაყვანებელი მომღერლის ცხოვრების სტილს აგიკრძალავენ, ისე განიცდი, როგორც შენს პიროვნულ მეზე თავდასხმას“, - აცხადებს რუსუდან ფხაკაძე.
რაც შეეხება იაპონიას, ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანას, რომელმაც შეძლო ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეზავება, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ აქ მთელი რიგი ფსიქოლოგიური დასკვნის გაკეთებაა საჭირო, თუ რატომ არის ასე მაღალი სუიციდის ფაქტები იაპონიაში. თუმცა აქ ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება გამოვყოთ ისიც, რომ იაპონელებისთვის სტიქიური მოვლენები ბუნებრივია და მუდმივად მიწისძვრების ქვეშაა ეს ქვეყანა.