„ნაცვლად იმისა, რომ რჩეულიშვილს მისგან მოტყუებულ მოქალაქეებზე ეზრუნა, ცხოვრობდა როგორც მილიონერი“

„ნაცვლად იმისა, რომ რჩეულიშვილს მისგან მოტყუებულ მოქალაქეებზე ეზრუნა, ცხოვრობდა როგორც მილიონერი“

„დამიჭირე, თუ შეძლებ“, - სტივენ სპილბერგის ეს ფილმი გუკა რჩეულიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაახლოებით საღამოს 22:00 საათისთვის დატოვა, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით რჩეულიშვილმა საქართველო დატოვა. თუმცა, როგორც ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აცხადებს, მისთვის უცნობია სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რადგან მასთან დაკავშირებას მშობლებიც ვერ ახერხებენ.

საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილის, შპს „ცენტრ პოინტი აჭარას“ დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი.

რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მაია რჩეულიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში „ცენტრ პონტის“ მიერ დაგეგმილი „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობის პროცესში, ერთობლიობაში სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორ ირაკლი მინდელთან და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, მან ირაკლი მინდელთან ერთად მიითვისა მენაშენეთა კუთვნილი 1 657 959,39 ლარი.

ამ დროისთვის დუმულის უფლებას იყენებს და სრულყოფილი ჩვენების მიცემას მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აპირებს „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი. როგორც დაკავებულის ადვოკატი თეიმურაზ ჯღამაძე აცხადებს, მინდელს თანხის მითვისების განზრახვა რომც ჰქონოდა, ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ფინანსებთან წვდომა არ გააჩნდა.

„დაახლოებით 19 მილიონი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავებიან, რაშიც ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში „მაგნოლიას“ ფილიალის დირექტორი. მას სრულყოფილი უფლებამოსილება და ფინანსებთან შეხების უფლებამოსილება არ ჰქონია. შესაბამისად, იმ თანხის მითვისება რომც ნდომოდა, ვერ მიითვისებდა. ბრალდებაში საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც შპს-ის დირექტორი გუკა რჩეულიშვილი იყო“, - ამბობს თეიმურაზ ჯღამაძე.

ბრალს არ აღიარებს მაია რჩეულიშვილი და აცხადებს, რომ ბათუმის „მაგნოლია“ არის მისი შპს და თუ მოგება იყო, ბუნებრივია, თანხები აღებული იქნებოდა. მისივე თქმით, 920 ადამიანს აქვს გავლილი რეგისტრაცია. ხალხი დიდი ხანია ცხოვრობს, აქირავებენ და 500 დოლარი აქვთ შემოსავალი. ბრალდებული მაია რჩეულიშვილი მის წინააღმდეგ საქმის წარმოებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის.

„არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, მოტივი არის პოლიტიკური. შევხვდებით 8 ოქტომბერს“, - ეს განაცხადება მაია რჩეულიშვილმა საგამოძიებო ორგანოში გააკეთა, რომელიც დაკითხვაზე ადვოკატთან და მეუღლესთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად მივიდა. საგამოძიებო უწყებაში მისულ რჩეულიშვილების ოჯახს დაზარალებული საპროტესტო აქციის ფონზე დახვდნენ, აქციის მონაწილეებმა მაია რჩეულიშვილი შენობაში შეძახილებით შეაცილეს. „მაგნოლიაში“ შესახლებულთა ინფორმაციით, ლიფტის მოწესრიგების, კორპუსის გადახურვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით კომპანიას თანხები აღებული აქვს, თუმცა ვალდებულებები არ შეუსრულებია.

„ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, სახეზეა გამოძალვა სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა საკუთარი მადა დაიკმაყოფილონ. რჩეულიშვილი პროვოკაციების მოწყობაში სააკაძის ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტზე მცხოვრებ პირს ადანაშაულებს. კრიხელს და მის ჯგუფს უნდათ ნახევარ ფასად ჩაიგდონ მშენებლობა.

„ყველგან, ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ „ცენტრ-პოინტის“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა. კომპანიას დამთავრებული აქვს ყველა ის ობიექტი, სადაც ფული გადაიხადეს, ხოლო მშენებლობები შეჩერებულია იქ, სადაც ფული გადახდილი არ არის“, - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფომ კომპანია „ცენტრ-პოინტს“ ლტოლვილთათვის ბინების აშენების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებელობა არ მიეცა და ტენდერებიდან მოხსნეს.

„მე რატომ ვარ გამწარებული, მე სულ სხვას ვთხოვდი მაგათ - ის ფულადი დახმარება რისი გაწევაც მათ სახელმწიფო პროგრამების მიხედვით შეუძლიათ, ყველას მისცეს ჩვენს გარდა. ეს არის ლტოლვილთათვის ბინების აშენების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დააფინანსეს ჩინელები, ყველა - უცხოელი, ქართველები, „ოცნების“ წევრები და არა წევრები, ხოლო ერთადერთი ჩვენ გვითხრეს უარი“, - აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

დევნილთა მინისტრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ცენტრ პოინტმა“ მისი უწყების ორ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა სოზარ სუბარის თქმით, კონტრაქტი გაუქმდა, რადგან კომპანიამ საბუთების წარმოდგენა ვერ შეძლო. მოგებული ტენდერის თანახმად, დევნილთა სამინისტროს „ცენტრ პოინტისგან“ უკვე აშენებული კორპუსიდან უნდა შეეძინა ბინები დევნილებისთვის, თუმცა კომპანია უწყებას ასაშენებელი კორპუსიდან სთავაზობდა ბინების ყიდვას.

მინისტრის განცხადებით, რჩეულიშვილმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. პირველ ჯერზე, ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და ბუნებრივია, საბანკო გარანტიის გარეშე სახელწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა. მეორე შემთხვევაში, ვერ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, რომ ეს ფართები ნამდვილად მისი საკუთრება იყო, სად გადიოდა შენობის საზღვრები.

„რჩეულიშვილმა გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინა, რასაც ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით და ხელს არ შევუწყობდით ამაში. ნაცვლად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ეზრუნა მისგან მოტყუებული მოქალაქეების დაკმაყოფილებაზე, ცხოვრობდა როგორც მილიონერი და არაფერს იკლებდა. პირველ ეტაპზე, კონკურსზე 5 სხვადასხვა ობიექტით შემოვიდა რჩეულიშვილი, მათ შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებით მოგვეწონა, რადგან პრაქტიკულად, მზა ობიექტი იყო დიდ დიღომში. მშენებლობა დასრულებული იყო და უკვე რემონტსაც ამთავრებდნენ.

გაიმარჯვეს და როცა საქმე საქმეზე მივიდა, რომ ბინები უნდა შეგვეძინა, პირი გვიცვალეს. თქვეს, რომ ეს უკვე დამთავრებული კორპუსია, აქ ბინები ისედაც კარგად იყიდება და ამიტომ ამას ვერ მოგყიდით, გვერდით ვაპირებთ მსგავსი კორპუსის აშენებას და იმას მოგცემთო. იმ ვადებში, რა ვადებზეც იყო შეთანხმება, არათუ იმ ბინების დამთავრებას, საძირკვლის ამოღებასაც ვერ მოასწრებდნენ. ეს იყო მორიგი მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოეტყუებინათ, ამჯერად, სახელწიფო და დევნილები და ბუნებრივია, მსგავს რამეს ვერ დავუშვებდით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.