ტრეფიკინგი ბავშვების მიმართ

ტრეფიკინგი ბავშვების მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე კალათიდან პირველში გადაინაცვლა. 2013 წლის შემდეგ ეს კარგი მაჩვენებელია, რადგან სწორედ 2013 წელს გაიუარესა ჩვენმა ქვეყანამ ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობამ გააფართოვა ტრეფიკინგთან ბრძოლა, გამოყო ფინანსები და ტრენინგები ჩაუტარა პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და თავშესაფრების ოპერატორებს.

გარდა ამისა, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, საუბარია იმის შესახებაც, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ისეთი მიდგომა, რომელიც უფრო მეტად მსხვერპლზეა ორიენტირებული, ასევე, გაუმჯობესდა მსხვერპლზე ზრუნვის მექანიზმებიც.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მეორე კალათიდან პირველ კალათში გადანაცვლების ფაქტი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, სოციალური მუშაკების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს და სხვა არაერთი უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მისივე სიტყვებით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში ბოლო სამი წლის მანძილზე მთავრობამ თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკა განახორციელა.

თუმცა წულუკიანი აცხადებს, რომ გამოწვევად რჩება ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემის მოგვარება. მართალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეგვიფასა ახლახანს მიღებული კანონი მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ კანონს იმპლემენტაცია სჭირდება და საქართველოს მთავრობა „გადადის იმ უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც ჰქვია ბავშვები ქუჩაში“.

ამავე ანგარიშით საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, გააძლიეროს მუშაობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა ამოსაცნობად, ასევე, ტრეფიკინგის დანაშაულში ჩართულთა გამოსავლენად; უნდა ჩატარდეს მრავალმხრივი კვლევა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად და ა.შ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგადად, საინტერესოა, რომ ისევ პირველ კალათაში გადავინაცვლეთ და დავწინაურდითა. თუმცა ის სიტუაცია, რაც ხდება ქუჩებსა და ბავშვთა სახლებში ბავშვებთან მიმართებით, ანუ ბავშვთა მიმართ ტრეფიკინგის რისკი, რომლის შესახებაც არაერთხელ დაუწერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და მოუთხოვია ამ თემებზე ეფექტური მუშაობა, ისევ უძრავად რჩება.

უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის არცერთ ხელისუფლებას (მათ შორის, არც ამჟამინდელ ხელისუფლებას) არასდროს დაურქმევია კონკრეტული სახელი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემისთვის, რომ არაფერი ვთქვათ, ამ ბავშვებზე მოძალადე პირთა გამოვლენასა და დამნაშავეთა მხილებაზე.

„რეალურად, ამ პრობლემისთვის კონკრეტული სახელის დარქმევა ნიშნავდა იმას, რომ ბავშვებთან მიმართებით ხორციელდება ტრეფიკინგი და ეს ტრეფიკინგის რეალური რისკია. აქედან გამომდინარე, რა ნაწილში ინტერპრეტირებს იუსტიციის მინისტრი, რომ პირობითად რაღაც გაუმჯობესებები არსებობს ბავშვებთან მიმართებით, ჩემთვის გაუგებარია. შესაძლოა, ტრეფიკინგის ფონდმა გადაამზადა თავისი თანამშროლები და პოლიციელები, მაგრამ რატომღაც არ ხდება იმ ფაქტის აღიარება, რომ ქუჩაში ბავშვების ცხოვრება და მუშაობა სწორედ ტრეფიკინგს უკავშირდება. აქ მთავარი რისკია, რომ, თუ სახელმწიფო სახელს არ არქმევს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემას და არ აღიარებს, რომ ეს ტრეფიკინგია, მაშინ, ცხადია, ამ ნაწილში შეფასებას არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოითხოვს. შესაბამისად, უარყოფითი დასკვნაც არ დაიწერება“, - აცხადებს ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, For.ge მიმდინარე წლის იანვარშიც წერდა, რომ ქუჩაში ბავშვის „მუშაობა“ და ცხოვრება ორგანიზებული დანაშაულის შედეგი იყო. ამ შემთხვევაში, ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულნი იყვნენ, როგორც ამ ბავშვების კანონისმიერი წარმომადგენლები, ანუ მშობლები, ასევე - მესამე პირები, რომლებიც მონეტარულ სარგებელს იღებდნენ ბავშვებისგან. ამ ყველაფერს კი ეწოდება თანამედროვე მონობა ბავშვების მიმართ.

მსგავსი ფაქტები, განსაკუთრებით, მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე შეიმჩნევა. მგზავრები და გამვლელები აცხადებენ, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში მოდის ვიღაც სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც ბავშვს შეგროვილ თანხას ართმევს და მიდის. როგორც თვითმხილვლები ამბობენ, დაახლოებით დღეში ეს საშუალოდ ას ლარს უტოლდება, რაც ბავშვების ხელით ჩადენილი სერიოზული დანაშაულია. ამ შემთხვევაში, ბავშვები მთავარი მსხვერპლნი არიან.