„დრო საქართველოს ინტერესების გასაძლიერებლად მუშაობს“

„დრო საქართველოს ინტერესების გასაძლიერებლად მუშაობს“

ნატოს ვარშავის სამიტამდე ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევის თანახმად, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% უჭერს მხარს. 19% მხარს არ უჭერს ალიანსში გაწევრიანებს, 9% უფრო კი, ვიდრე - არა; 3%-მა არ იცის. მაშ ასე, ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

აღმოსავლეთით, ნატო გააგრძელებს თავისი პარტნიორების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას თავდაცვითუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და რეფორმების გაგრძელება. ალიანსი გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს. ასევე, ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებს. მისივე თქმით, ძალაში რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად საქართველოს უკვე აქვს ყველაზე აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები - ეს არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა.

„ნატო ძალიან აქტიურად მონაწილეობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ამას აკეთებს, რადგან საქართველოზე გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვიუნარიანობა და პოტენციალი, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის სამეზობლოს სტაბილურობა ნატო-ს უსაფრთხოებას ზრდის“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერება - ის პოლიტიკური მაქსიმუმია, რასაც ამ ეტაპზე მიიღებს საქართველო, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების ზრდის კუთხით, რომ შესაბამისობაში იყოს ნატოს როგორც პოლიტიკურ, ასევე, სამხედრო ასპექტთან.

„ფაქტია, რომ MAP-ზე ლაპარაკი გამოირიცხა, თუმცა, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია შვედეთთან და ფინეთთან ერთად საქართველოს ხსენება, მაგრამ ვნახოთ როგორი ფორმულირება ექნება ამას დეკლარაციაში. ჩვენ ვიცით, რომ ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დღეს, როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას დასავლეთი, როდესაც დიდი ბრიტანეთი გადის ევროკავშირიდან, გადასახედია ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა. ამ ფონზე ძნელია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთის ფლანგზე რამე მნივნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს, მაგრამ ესეც დამოკიდებულია ჩვენს დიპლომატიაზეა, აუცილებლად უნდა გაგარძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ სრულიად მკაფიოა ნატოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და სრულიად გონივრულია მოტივაცია, რომ ვარშავის სამიტზე არ მოხდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

„საქართველოსთვის სიყვარულის ახსნა არ მობეზრდება ნატოს და შეიძლება ითქვას, რომ ნატოსთან არაფორმალური ქორწინება გვექნება. ამ ქორწინების დოკუმენტის სახით გაფორმება მეტ საფრთხეს მოგვიტანს ამჟამად, ვიდრე სიკეთეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ნატოზე ნაკლებად საქართველოს სიყვარული გააჩნია კრემლს. ამიტომ, გონივრულად უნდა მოიქცეს მშვენიერი პატარძლის როლში მყოფი საქართველო, რომ საკუთარ თავს არ ავნოს, მასში შეყვარებული ორი სუბიექტის დაპირისპირების სახით.

რასაკვირველია, ნატომ თავისი სიკეთე უნდა გაიღოს ჩვენთვის, ხოლო რას ნიშნავს რუსეთის მიერ „შეყვარებული“ ქვეყანა, ეს უკვე საუკუნეებია ვიცით. ასეთ ავ სასიძოს ნელ-ნელა მკაფიოდ და თანმიმდევრულად უნდა გავშორდეთ ისე, რომ მასთან არანაირი ქორწინების გაფორმების საკითხი აღარ იდგეს“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებას, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ეტპაზე ეს არის გონოვრული მაქსიმუმი. თუმცა ამბობს, რომ დრო საქართველოს ინტერესების გასაძლიერებლად მუშაობს.

„ჩვენი საზოგადეობის ის ნაწილი, რომელიც ცხადია, ქეიფის ხასიათზე დადგება იმის გამო, რომ საქართველო წელს არ გახდა ნატოს წევრი, მგონია, რომ დიდხანს ვერ მოილხენენ, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. დიახ, დრო საქართველოს ინტერესების გასაძლიერებლად მუშაობს. ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო არ გახლავთ ერთადერთი დაპირისპირების თემა ნატოსა და რუსეთს შორის. ეს უფრო მრავლაფაქტორიანი რეალობა გახლავთ, რომელსაც ყველა ინტერესით ვადევნებთ თვალს და არა როგორც ნეიტრალური მაყურებლები, არამედ საკუთარი ქვეყნის მკაფიო პატრიოტები. შესაბამისად, მოვა დრო როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი ნატოს სახით იქნება ქმედითი ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს რაიმე სახის დაპირისპირების ზრდა ნატოსა და რუსეთს შორის, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა არც თუ შორეულ მომავალში რუსეთს ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩნდეს, ვიდრე მისთვის შეიძლება წარმოადგენდეს პატარა საქართველო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.