ბოლო პერიოდში პოპულარულად იქცა სიტყვა Brexit-ი ანუ British exit, რაც შემოკლებულად ბრიტანეთის გასვლას ნიშნავს ევროკავშირიდან. რატომ გამართლდა ევროსკეპტიკოსთა მოსაზრება, რატომ დადგა ჩერჩილისა და ვიქტორიანული ეპოქისთვის (აყვავების ხანა ბრიტანეთში) უღირსი შედეგი და რატომ ახდა ევროპის დაქსაქსვის რუსული ოცნება?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
თავის დროზე ევროკავშირის შექმნა განპირობებული იყო იმით, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპა წარმოადგენდა კონფლიქტების არეალს, სადაც მილიონობით ადამიანი იხოცებოდა. თუკი ახდება ევროსკეპტიკოსთა მოლოდინი და ევროკავშირის დასასრულის დღე დადგება, მაშინ ალტერნატივა რა გამოდის? ევროპელებს აღარ სჭირდებათ ევროკავშირის მთლიანობის იდეა?
- ევროკავშირის შექმნის იდეა გასული საუკუნის 50-იან წლებში შუმანის გეგმა გახლდათ და ეს იყო საფრანგეთის ქვანახშირისა და გერმანიის ფოლადის გაერთიანების გეგმა.
მერკანტილური მიზნები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ხომ იყვნენ იდეალისტებიც, რომლებიც ევროპის გაერთიანებაზე ოცნებობდნენ? თუნდაც მე-18 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი ემანუელ კანტი, რომელიც ევროპის ქვეყნების ფედერაციის სამოთხისეულ მშვიდობიანობას განჭვრეტდა, ან კიდევ ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო? ისინი ევროპის გაერთიანების იდეას ემხრობოდნენ.
- რასაკვირველია, სადაც ეკონომიკაა, პოლიტიკაც იქვეა. დე გოლმა მთელი ხუთი წელი აყურყუტა ინგლისი და არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ მიიღო საერთო ევროპულ ბაზარში იმ მოტივით, ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყნებს ვღებულობთ, თქვენ კი ამერიკელების „შესტიორკები“ ხართო. ევროპის გაერთიანების, პირველი ევროპული სახლის მომხრე ნაპოლეონიც იყო. ოღონდ ნაპოლეონს უნდოდა, საერთო დიდი ევროპული ცენტრი ყოფილიყო პარიზში. ახლა ასეთი ცენტრი ბრიუსელია და სწორედ ბრიუსელი იქცა ბიუროკრატიულ მონსტრად. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მახსენდება საბჭოთა კავშირი, ე.წ. „გოსპლანი“, სადაც ყველაფერი რეგულირებული, გაწერილი იყო. ახლა ინგლისში რეფერენდუმი რომ ჩატარდა, „ბიბისი“ გადასცემდა ღია ეთერში ორი ხნიერი ინგლისელი კაცის ლაპარაკს. ერთი მათგანი ამბობდა, მე და ჩემს მეგობარს გვაქვს ფირმა, პატარა ავტოსარემონტო, რომლის პრეზიდენტებიც, მუშებიც და ბუღალტრებიც თვითონ ვართ და წელიწადში ხუთასი დოკუმენტის შევსება მაინც გვიხდება, რადგან ევროკავშირი ასე ითხოვსო. ახლა ინგლისი რომ დამოუკიდებელი გახდება, ამ ადამიანებს ასეთი დამღლელი პროცედურების გავლა არ მოეთხოვებათ. უბრალოდ, საგადასახადოსთან ექნებათ კონტაქტი, გადაიხდიან გადასახადს და მორჩა. ინგლისმა მიიღო თავისუფლება, მაგრამ ახლა პახმელიის დრო დადგა. ინგლისისთვის დგება მძიმე პერიოდი, ფუნტი დაეცა, ინვესტიციები ამდენი აღარ იქნება, სამუშაო ადგილებიც შემცირდება, მაგრამ თავისუფლება ექნებათ. რაც კაცობრიობა არსებობს, ხიდან ჩამოვიდა თუ არა ადამიანი და სიარული დაიწყო, იმის მერეა ეს პრობლემა -თავისუფლება თუ მაძღრად ყოფნა.
დაახლოებით საქართველოს ვარიანტია, საბჭოთა კავშირიდან რომ გამოვედით და დღემდე ვდაობთ, გვიღირდა ასეთი თავისუფლება?
- დიახ, მაგრამ ჩვენ გამოვედით სულელურად, ნანგრევებში მოვყევით. ასე ჩეხოსლოვაკიაც დაიშალა, ჩეხები ცალკე წავიდნენ, სლოვაკები - ცალკე, მაგრამ ერთი ფანჯარა არ ჩამტვრეულა. რომელი სამოქალაქო ომი და შიმშილი? ყველაფერი ხავერდოვნად მოხდა. საბჭოთა კავშირიდან ჭკვიანურად გავიდა ბალტიისპირეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი. ჩვენ კი რუსეთს ბლოკადა მოვუწყეთ, სამტრედია გადავუკეტეთ და დღეს ამის ავტორი პარლამენტის ვიცე-სპიკერად, დიდ პოლიტიკოსად გვყავს აღიარებული. ინგლისელებმა თავისუფლება არჩიეს, ცოტა ემოციის ხარჯზე იყო ეს, მაგრამ ინგლისელებისთვის პირველი შემთხვევა არ არის ასეთი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა. ისინი გაიჭირვებენ. მათ მეორე მსოფლიო ომში დაამტკიცეს, როგორ შეუძლიათ ერთ მუშტად შეკვრა გასაჭირის დროს. ინგლისი და კონტინენტი არასოდეს წაეჩხუბებიან ერთმანეთს, ეს გამორიცხულია. თუმცა აქ დამაფიქრებელია „ჭკვიანი“ და „სულელი“ რუსეთის პოზიცია. „ჭკვიანი“ რუსეთი ამბობს, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლა ჩვენთვისაც ცუდი იქნებაო. აგერ პუტინმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ, ვინაიდან ჩვენც ვზარალდებითო. რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, დოლარის გაძლიერება არ გვაწყობს, რუბლის კურსი დაეცაო, მაგრამ „სულელი“ რუსეთი ხმამაღლა ყვირის იმას, რაც „ჭკვიან“ რუსეთს გულში აქვს, რომ იშლება ევროპა და რუსებს მოუხსნიან სანქციებს. ინგლისზე მძიმე შედეგებს, ალბათ, განიცდის უკრაინა, საქართველო, მოლდოვა. ეს ქვეყნები, რომელთაც კიდევ აქვთ დასავლეთის იმედი. ინგლისი მაინც ჩაიკეტება თავის თავში და შინაგანი მუხტით, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია, დაძლევს ამ ყველაფერს. კონფლიქტები რამდენ ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ სამოქალაქო ომამდე საქმე მივიდა მხოლოდ ამერიკაში, ესპანეთში და საქართველოში, სხვაგან ასეთი საშინელი დაპირისპირება არ მომხდარა. ევროპაც გაიმართება წელში, მას ამერიკა ამოუდგება გვერდით, თუკი გიჟი ტრამპი არ მოვიდა პრეზიდენტად.
არავინ მიაქცია ყურადღება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ევროპას დღემდე ორი ხმა ჰქონდა - საფრანგეთის და ინგლისის, ახლა კი ერთი ხმა დარჩა, მხოლოდ საფრანგეთის. ესეც პროდასავლური გავლენის შესუსტების მაუწყებელია. ევროკავშირის შიგნით ძალზე დასუსტდება ანტირუსული გავლენა, რადგან ანტირუსიზმის მთავარი ლოკომოტივი ევროკავშირში მაინც იყო ინგლისი. პუტინმა ყველას ყველაფერი მოუხერხა - საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, მაგრამ ინგლისელებს ვერაფერი მოუხერხა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ინგლისში იცვლებოდნენ მთავრობები, მაგრამ ინგლისელი გერჰარდ შროდერი ვერ მოძებნა პუტინმა. მაშინ, როცა გერმანიის ყოფილი კანცლერი შროდერი პუტინმა კმაყოფაზე აიყვანა, იგი „გაზპრომში“ ღებულობს ხელფასს და „გაზპრომის“ ინტერესს იცავს ევროპაში. ასე რომ, ინგლისის რეფერენდუმის შედეგები ძალზე ცუდია ევროპისთვის, რადგან რუსეთის გავლენას პერსპექტივა ეძლევა ევროპაში. ჩემი აზრით, კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება ევროპელთა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ წლის ბოლოს პრაქტიკულად გაუქმდება.
ეს იყო ჩერჩილისთვის უღირსი შედეგი, დაქსაქსული ევროპის რუსული ოცნება?
- დიახ, ევროპა დაქსაქსვის საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მოდით, ჯერ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ გამოვრიცხავთ ვაშინგტონის გავლენასა და ინტერესებს. თუ ამერიკა დაინგრა და ამერიკელები ჩვენ დაგვემსგავსნენ, ტრამპი აირჩიეს ლიდერად, მაშინ ევროპის მომავალზე საუბარიც ზედმეტია. მაგრამ მგონი, ამერიკელები ჩვენზე ჭკვიანი ხალხია და ტრამპს არ აირჩევენ.
რაც შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს, უკვე ირკვევა, რომ ყოველი მესამე გერმანელის სურვილია, დატოვოს ევროკავშირი. ორგანიზაცია „ნამდვილი ფინელების“ ინიციატივით ფინეთშიც აგროვებენ ხელმოწერებს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. შოტლანდიას კი სურვილი აქვს გამოეყოს დიდ ბრიტანეთს, ასევე, ჩრდილოეთ ირლანდიას სურს ირლანდიასთან გაერთიანება.
- ჯერ ინგლისის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის თანახმად, ინგლისში მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და ამ მოლაპარაკების ვადა ორი წელია. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ათი წელი მაინც გაგრძელდება ეს პროცესი. დევიდ კემერონს სურს, ეს მოლაპარაკებები მისმა მემკვიდრემ დაიწყოს ოქტომბრის შემდეგ, ევროკავშირი კი ბრიტანელებს ეუბნება, ახლავე დავიწყოთ მოლაპარაკებები და, თუ არ გინდათ ჩვენთან, რაც მალე მოშორდებით აქაურობას, მით უკეთესი. ამასობაში მერკელი ყველას ეხვეწება, მოდით, ახლა შურისძიებას ნუ დავიწყებთ და ისე ნუ ვიზამთ, რომ მაინცდამაინც ვანანოთ ინგლისს ევროკავშირიდან გასვლაო. თუმცა შტაინმაიერმა, გერმანიის მინისტრმა, პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ინგლისს ძვირად არ დაუჯდა ეს გასვლა, მაშინ სხვებიც მოინდომებენ ევროკავშირის დატოვებას. ინგლისელებმა უნდა ნახონ, რა მძიმე შედეგი მოჰყვება მათ ნაბიჯს. ამიტომ რაც უფრო დაზარალდება ინგლისი ამ გასვლით, მით უფრო განმტკიცდება ევროკავშირი და სხვებს აღარ ექნებათ გასვლის სურვილი.
ეს დაზარალება უფრო ეკონომიკური კუთხით აიხსნება, რადგან დიდი ბრიტანეთი ნებაყოფლობით დაკარგავს თავის ეკონომიკურ კავშირებს, ასევე, დაკარგავს ძველ თავისუფალ ბაზარს?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ ეკონომიკური მხარეა მხედველობაში, თორემ ინგლისელები ლა-მანშის ქვეშ გვირაბს არ დახურავენ, რომელიც კონტინენტურ ევროპას დიდი ბრიტანეთის კუნძულთან აკავშირებს. საკითხი ეხება მხოლოდ ვაჭრობას. თვითონ ინგლისში გუშინ დილისთვის სამი მილიონი ხელმოწერა დაფიქსირდა თხოვნით, რომ ხელახლა ჩატარდეს რეფერენდუმი. ინგლისში კანონი უზენაესია და ამიტომაც ინგლისის პარლამენტი ვალდებულია ორ კვირაში განიხილოს ეს საკითხი. თუმცა მთავარია, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის ისტორიული რეფერენდუმის შედეგი უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, რასაც ხელი შეუწყო ბრიუსელის ბიუროკრატიულ მონსტრად გადაქცევამ. დღესაც ბრიუსელის ათი ათას ჩინოვნიკს ორჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ეს იციან ინგლისელებმა. ინგლისი ბრიუსელს ყოველ კვირას ურიცხავს 118 მილიონ გირვანქა სტერლინგს, რამაც წელიწადში 15 მილიარდს გადააჭარბა. ე.ი. ინგლისი უფრო მეტს უხდის ბრიუსელს, ვიდრე თავად ღებულობს. მართალია, ევროკავშირში დარჩენის მომხრეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ციფრებია, მაგრამ ვინ დათვალა, რამდენს ღებულობს ინგლისი თავისუფალი ვაჭრობით, ან რამდენს დაკარგავს ინგლისი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ?! წარმოიდგინეთ, ამიერიდან წლების განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა 27 ქვეყანასთან ცალ-ცალკე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სავაჭრო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
მაგრამ რას მოიმოქმედებს ფინეთი, შოტლანდია, ირლანდია? ისინიც მოითხოვენ დამოუკიდებლობას?
- ჯერჯერობით ეიფორიით წამოჰყვეს თავი ამ ქვეყნებმა. ჰოლანდიაც კი, რომელსაც არასოდეს არაფერი განუცხადებია, ახლა გააქტიურდა. ჰოლანდიის ერთმა პარტიამ უკვე მოითხოვა რეფერენდუმი. ბელგიაც მოითხოვს რეფერენდუმს. თუმცა თუკი ინგლისს ძვირად დაუჯდება ევროკავშირიდან გასვლა, სხვებიც გადაიფიქრებენ. მეორე პრობლემაა, რომ ევროკავშირის საერთო ბაზრის წევრობის პირობებში ინგლისში აღარ მზადდებოდა სავაჭრო ხელშეკრულების სპეციალისტ-იურისტთა კადრი, რადგან ბრიუსელი არეგულირებდა ამ ყველაფერს. ახლა როგორ დაიწყებს ინგლისი მოლაპარაკებას უამრავ ქვეყანასთან, როცა საამისო კადრები აღარ ჰყავს? ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ მის უწყებაში ათი კაცი თუ მოიძებნება, რომელსაც შეეძლება სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების წარმოება, რაც ძალზე რთული პროცედურაა. ეს არ არის საქართველოს საგარეო ვაჭრობა. რა გადის აქედან? ხუთი ტონა ჯართი და ათასი ბოთლი ღვინო რუსეთში? სხვა რით ვაჭრობს საქართველო? იქ კი ათეულ მილიარდებზეა ლაპარაკი, ბრიტანელებმა ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყონ და ვარაუდობენ, ეს გასტანს ათ წელიწადს. ასე რომ, ეს ათი წელი იქნება გაურკვევლობის ტურბულენტური სიტუაცია ინგლისში. გარდა ამისა, ინგლისიდან უკვე გადის დიდი კაპიტალი, გარბიან დიდი ბანკები. მორგანის ცნობილმა ბანკმა ორი ათასი თანამშრომელი გადაიყვანა ევროპაში. ლონდონი, რომელიც უკანასკნელ დღეებამდე მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი იყო, კარგავს ამ ფუნქციას და ლონდონის ჩანაცვლებისთვის მზად არიან როტერდამი და ფრანკფურტი. ისინი გაფაციცებით ელოდებიან, როდის წამოვა ინგლისიდან ფინანსები, რომ ამ ფინანსებმა ამ ორ ქალაქში მოიყაროს თავი.
და ბოლოს, ისევ საქართველოს შესახებ. ჩნდება კითხვა, დევიდ კემერონის სავარაუდო შემცვლელი ბორის ჯონსონი დაგვიჭერს თუ არა მხარს ნატოში გაწევრიანების პროცესში?
- სხვათა შორის, ვიღაც ექსპერტს უთქვამს საქართველოში, რომ ინგლისის ევროკავშირიდან გასვლა თურმე ქართველებისთვის უკეთესი ყოფილა, ვინაიდან ინგლისს საქართველო ჩაანაცვლებს ევროკავშირშიო. სინამდვილეში, ეს ცუდია ჩვენთვის, რადგან, მართალია, ევროკავშირი ყოველ ჩვენს განცხადებაზე „მოვდივართო“, სულ უფრო კეტავდა ჩვენთვის კარებს და ახალ საკეტებს აყენებდა (მაშინ, როცა ევროპაში საკეტები საერთოდ არ იყო), ახლა კიდევ ხუთ ახალ საკეტს დააყენებს. ჩვენ გვინდოდა მდიდარ ერთიან ძლიერ ევროპაში შესვლა. ამ დროს კი ევროპა შედარებით სუსტდება და ღარიბდება. შეიძლება ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს. თუმცა ვფიქრობ, ასეთი საფრთხე ჯერ გაზვიადებულია.