ამერიკა დიდი ხნის მანძილზე ამაყობდა სამართლიანი საზოგადოებით, სადაც წარმატების მისაღწევად ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა, მაგრამ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს: ღარიბი ან თუნდაც საშუალო ფენის ამერიკელისთვის დიდი წარმატების მიღწევის შანსი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში, რადგან ყველაფერი ამ ადამიანების საწინააღმდეგოდაა მოწყობილი.
სწორედ ასეთ შეფასებას აძლევს ამერიკის ეკონომიკური უთანასწორობის პოლიტიკას ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი, რომელიც წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ეკონომისტად მუშაობდა.
2011 წლის გამოცემა Vanity Fair-ზე გამოქვეყნებული ჯოზეფ სტიგლიცის წერილი დღესაც პოპულარულად ითვლება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ საქართველოსთანა ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყანაშიც, სადაც გაღარიბების რეალური მიზეზი ვერაფრით აუხსნიათ.
ამერიკის არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, სტიგლიცი ელის, როდის მიაღწევს ახლო აღმოსავლეთის პრობლემატური ქვეყნების ტალღა ამერიკამდე, რადგან ამერიკაც ზუსტად იმ შორეულ ქვეყნებს დაემსგავსა, სადაც უსამართლობამ და შესაძლებლობების არარსებობის განცდამ მასობრივი საპროტესტო აფეთქებები გამოიწვია.
„ამერიკელები აკვირდებიან იმ მჩაგვრელი რეჟიმების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალღას, რომელთაც მცირე ელიტების ხელში მოახდინეს მასიური სიმდიდრის დაგროვება. თუმცა ჩვენსავე დემოკრატიაში, ერის მთლიანი შემოსავლის თითქმის მეოთხედს მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი ფლობს, ესაა უთანასწორობა, რომელსაც მდიდრებიც კი ინანებენ. აზრი არ აქვს იმის უარყოფას, რაც სინამდვილეში მოხდა. ყოველწლიურად, ამერიკელების უმდიდრესი 1 პროცენტი შემოსავლის სახით, მთლიანი მოსახლეობის შემოსავლის თითქმის მეოთხედს იღებს. მაშინ როდესაც, ბოლო ათწლეულის მანძილზე უმდიდრესი ხალხის 1 პროცენტის შემოსავალი დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა, საშუალო ფენის შემოსავალმა პირიქით დაიკლო. ყველანაირი ზრდა, რაც კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონია, მხოლოდ ზედა ფენებზე აისახა. შემოსავლების უთანასწორობის თვალსაზრისით ამერიკა უკან იტოვებს, ჯორჯ ბუშის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბებერ მოუქნელ ევროპას. ყველაზე ახლოს კი ამ კუთხით ჩვენთან დგანან ოლიგარქიული რუსეთი და ირანი.
როდესაც ლათინური ამერიკის უთანასწორობის ძველი კერები, როგორიცაა მაგალითად ბრაზილია, საკმაოდ წარმატებით ცდილობს ღარიბი მოსახლეობის პირობების გამოუმჯობესებას და შემოსავლებს შორის ნაპრალის შემცირებას, ამ დროს ამერიკამ პირიქით დაუშვა უთანასწორობის ზრდა“, - აცხადებს ჯოზეფ სტიგლიცი და დასძენს, რომ ეკონომისტებს არ შეუძლიათ ბოლომდე ახსნან მზარდი უთანასწორობის მიზეზი ამერიკაში, თუმცა დიდწილად, ამერიკაში ამხელა უთანასწორობას განაპირობებს ის, რომ სწორედ ამ 1 პროცენტს სურს ასე.
ამის გამოძახილია, რომ, ფაქტობრივად, აშშ-ის ყველა სენატორი თუ წარმომადგენელთა პალატის წევრი კაბინეტის დაკავებისას უკვე მიეკუთვნება უმდიდრეს 1 პროცენტს, კაბინეტებში მათ ინახავს სწორედ უმდიდრესი 1 პროცენტი და კაბინეტის დატოვების შემდეგაც ისინი უხვ ჯილდოს ელიან იმავე უმდიდრესი 1 პროცენტისგან, მათთვის კარგი სამსახურის გაწევის სანაცვლოდ.
როდესაც ფარმაცევტული კომპანიები ფაქტობრივად ტრილიონ დოლარიან საჩუქარს იღებენ იმ კანონმდებლობის მეშვეობით, რომელიც მთავრობას, წამლების ამ ყველაზე მსხვილ შემსყიდველს, უკრძალავს ფასის დაწევასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს - ალბათ, არავის გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ?
ამ გაუცხოვებითაც აიხსნება, რომ ბოლო არჩევნებში ახალგაზრდების მხოლოდ 21%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც მათი უმუშევრობის დონეს ემთხვევა. ფაქტობრივად, ამერიკაში ხომ ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებლი 20%-ს აღწევს (ზოგიერთ ადგილებსა თუ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფებში ეს რიცხვი ორჯერ მეტია), ყოველი მეექვსე ამერიკელი სრულგანაკვეთიან სამსახურს უშედეგოდ ეძებს, ხოლო ყოველი მეშვიდე სასურსათო ტალონებზეა დამოკიდებული (დაახლოებით იგივე რაოდენობა განიცდის საკვების დეფიციტს).
„ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბას) ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ
ჯოზეფ სტიგლიცი ძალზე ავტორიტეტული ეკონომისტია და იგი თანამედროვე ამერიკულ აზროვნებაში მემარცხენე მიმართულების ავტორად ითვლება, რომელიც იკვლევს უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებსა და მის ნეგატიურ ეფექტს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკასა და დასავლურ ცნობიერებაშიც მემარცხენე ღირებულებები სულ უფრო პოპულარული ხდება.
ზურაბ კუკულაძის თქმით, სტიგლიცი საუბრობს იმ უთანასწორობაზე, რომლის თანახმადაც, საფინანსო სექტორში შემოსავლები კატასტროფულად განსხვავდება ეკონომიკის სხვა სექტორებისგან. აქედან გამომდინარე, სტიგლიცს უსამართლოდ მიაჩნია, რომ შუამავალი (საფინანსო სექტორი, ფასიანი ქაღალდების ბაზარი) უფრო მეტს შოულობს შუამავლობის პროცესში, ანუ ფულის ერთი ეკონომიკური სუბიექტისგან სესხებაში და მეორესთვის გასესხებაში, ვიდრე ის ადამიანები და ეკონომიკის ის სუბიექტები, რომლებიც მატერიალურ დოვლათს ქმნიან.
„სხვათა შორის, საქართველოშიც ასეა. ქართული ეკონომიკის წამყვანი საბანკო სექტორი გახდა. ერთი მხრივ, ეს კარგიცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას აქვს უარყოფითი ეფექტი, რაც ამერიკულ საზოგადოებაშიცაა. ანუ ეკონომიკური ლოგიკით, არ შეიძლება შუამავალმა შემოსავლით გაასწროს დოვლათის შემქნელს. 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც, რომელიც ჩატარდა შვეიცარიის ქალაქ დავოსში სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება აღარ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის წარმატება-წარუმატებლობის. აქ მთავარი ის კი არ არის, ეკონომიკა რამხელაა, არამედ მთავარია, თუ როგორ ნაწილდება ეს ეკონომიკა და ვის რა წილი ხვდება. არსებული უთანასწორობა იწვევს იმას, რომ ზოგადად ეკონომიკები ხდებიან დაბალპროდუქტიულები, რადგან, თუ ადამიანს ჰქონდა შანსი, წასულიყო მეცნიერებაში და გაცილებით ღირებული მატერიალური დოვლათი შეექმნა, აღარ წავა მეცნიერებაში და ამჯობინებს მაღალანაზღაურებად საფინანსო სექტორს. ამით მთელი ეკონომიკა იზარალებს, მათ შორის, ფინანსური სექტორიც“, - აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში აღნიშნული საკითხი გაცილებით უკეთესადაა დარეგულირებული და საფინანსო კორპორაციებს იმხელა პროპორციები არ აქვთ ეკონომიკაში, როგორც ამერიკაში. ამიტომაც შეადარა სტიგლიცმა ამერიკა რუსეთს. ნავთობსა და ენერგომატარებლებზე ორიენტირებულ რუსეთში ნავთობის გაძვირების ფონზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფული იშოვეს მათ, ვინც ხელში ჩაიგდო ნავთობის საბადოები და მათთან დაკავშირებული ბიზნესი, თორემ ამ ფულის ხარჯზე ეკონომიკის მდგომარეობა არ გამოსწორებულა. მას შემდეგ, რაც ნავთობი გაიაფდა, ამან უცბად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას და ყველაზე მეტად დაარტყა დაბალშემოსავლიან, ხელფასზე დამოკიდებულ ფენას, თორემ მილიარდერების ქონება დიდად არ შემცირებულა.
„რა გვირჩევნია, პირობითად, ათი ლარი გვქონდეს ეკონომიკაში და ამ ათი ლარით მთელი ეკონომიკა ცხოვრობდეს კარგად და სოციალური კეთილდღეობა უკეთესი იყოს, თუ გვქონდეს 20 ლარი და 20-დან 19 ლარი იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის და ის ერთი ლარი გაიყოს დანარჩენმა ეკონომიკამ?! სამწუხაროდ, ამერიკის მთავრობამ ეკონომიკის განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა გადააბარა ბიზნესს და საფინანსო სექტორს, რომელმაც, ბუნებრივია, საკუთარ ინტერესებზე დაიწყო ზრუნვა და არა - ეკონომიკის გამდიდრებაზე. ანუ ამერიკის სახელმწიფომ 2008 წლის კრიზისის შემდეგ სწორედ იმ სექტორს, რომელმაც ეს კრიზისი გამოიწვია, ფინანსური დახმარება გაუწია, რომ ისევ ბანკებს მოეგვარებინათ პრობლემები. ამ დროს აქ მთავარი კითხვაა, ვინ ქმნის დოვლათს?! ფაქტია, რომ შედარებით ულტრამემარჯვენე და ლიბერალური მიდგომა არ ამართლებს, საქართველოს მაგალითზეც შეიძლება ითქვას, რომ მდიდრდებიან ბანკები და ღარიბდება ეკონომიკის სხვა სექტორები. ამიტომ ამ სფეროზე სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
მაგალითად, დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობის ათასი ჰექტარი მიწა აუთვისებელია, რადგან სარეველა მცენარისგან გაწმენდას სადღაც 50 მილიონი სჭირდება. არადა, სარეველასგან გათავისუფლებულ საუკეთესო სავარგულზე, ელემენტარულად, 50-60 მილიონი ლარის თხილი მოვიდოდა ყოველწლიურად. ქართულ ბიზნესს ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, რადგან 50 მილიონით ურჩევნია სასტუმრო, მიკროსაფინანსო, ბანკი გახსნას და გაცილებით მალე ამოიღოს ის ფული, ვიდრე ხუთ წელიწადში, მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ის არის, რომ გააანალიზოს, საუკეთესო მიწა, პოტენციური დოვლათი იკარგება. ამიტომაც ბატონმა კვირიკაშვილმა საინტერესო ფრაზა თქვა, ჩვენი განათლების სისტემა უშვებს პროფესიონალ უსაქმურებსო. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფომ განათლების სისტემის განვითარება ბიზნესს გადააბარა. ამიტომაცაა ჩვენს ქვეყანაში კომპეტენციის პრობლემა, განსაკუთრებით, ყველაზე მწვავედ ეს შეიგრძნობა ეკონომიკაში. ძირითადად ვუშვებთ იურისტებსა და ჰუმანიტარულ სპეციალისტებს, ეკონომიკის შემქმნელებს კი ვერ ვუშვებთ“.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკის უთანასწორობის მიზეზებზე საუბარი ეკონომისტების საქმეა, თუმცა ამ უთანასწორობის შედეგია რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის ასეთი გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ იგი არც რესპუბლიკელებს სურდათ, არც არავის, ის უკვე საპრეზიდენტო კანდიდატია, მას ხალხმა მისცა ხმა და კანდიდატად დაასახელა. ტრამპი სწორედ ამას „აწვება“, ტრივიალური ფრაზა რომ გამოვიყენოთ, მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები ნაკლებად მდიდრდებიან, ან ღარიბდებიან.
„ამერიკულ ეკონომიკურ „უსამართლობაზე“ რომ ვლაპარაკობთ, ასი წელი იმ „უსამართლობის“ დონემდე ვერ მივალთ. ასე რომ, ვისთვის უსამართლობაა და ვისთვის ამერიკა სამოთხე და კომუნიზმია. ამ სოციალური უთანასწორობის მიუხედავადაც კი, ამერიკაში სამუშაოს პრობლემა არ დგას, იქ ცხოვრების დონე მაღალია, შიშველი არავინ დადის, შიმშილის გამო თავს არავინ იკლავს და დღეს ამერიკის საზრუნავი მხოლოდ ისაა, რომ 11 შტატი უჩივის ობამას ტუალეტების გულისთვის, რადგან ორიოდე კვირის წინ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, ტრანსვეტისტს შეუძლია, თავად აირჩიოს, ქალების ტუალეტში შევიდეს თუ კაცების და, სადაც უნდა, იქ შევა. როდესაც საზოგადოება ასეთი საკითხებითაა დაკავებული, ეტყობა, იმ საზოგადოებას სხვა საფიქრალი არ აქვს და სხვა ყველაფერი დალაგებული აქვს. სხვათა შორის, ტაილანდშიც არის სამი ტუალეტი - ქალების, კაცების და მამათმავლებისთვის“.