მე-20 საუკუნეში ორჯერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა-1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს (აღდგენილი დამოუკიდებლობის სახით) და ორჯერვე პასუხგაუცემელი კითხვები, მთავარია დამოუკიდებლობა თუ დამოუკიდებლობის ხარისხი? რატომ შევხვდით უფრო მომზადებულნი პირველ დამოუკიდებლობას, ვიდრე- მეორეს? რატომ ვერ ვიქნებით ჩვენ სრულყოფილი დამოუკიდებლები?
როგორი განწყობა დაეუფლათ ყოფილ დისიდენტებს 26 მაისთან დაკავშირებით, როცა საზეიმო ვითარებას თითქმის არაფერი აკლდა - სრულყოფილი დამოუკიდებლობისა და ეროვნული მოძრაობიდან წამოსული ადამიანების მიპატიჟების გარდა? ამის შესახებ For.ge-ს ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
ნოე ჟორდანიას ეკუთვნის გამონათქვამი, ჩრდილოეთის თუ აღმოსავლეთის ბარბაროსებს დასავლეთის იპერიალისტები მირჩევნიაო. დასავლეთისკენ სწრაფვის მიუხედავად, სრულყოფილ დამოუკიდებლობას მაინც ვერ მივაღწიეთ. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც დამოუკიდებლები ვართ, თუ სხვა განზომილებაში ვიმყოფებით?
- სახელმწიფო, რომელიც ვერ შეთანხმებულა თავისი დამოუკიდებლობის თარიღზე, შემდგარ სახელმწიფოდ ვერ ჩაითვლება. გუშინ აღვნიშნავდით 26 მაისს, მაგრამ ვიძახდით დამოუკიდებელობიდან 25 წლისთავიო. თუკი დამოუკიდებელობიდან 25 წლისთავს ვზეიმობდით, მაშინ 26 მაისი რა შუაში იყო? დამოუკიდებელობა ხომ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა და დამოუკიდებლობის აღდგენა კი მოგვიანებით მოხდა? ასე რომ, ყველაფერი არეულია ჩვენთან და ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას ეს თემები არ აინტერესებს, მათთვის დამოუკიდებლობა არ არის ღირებული, ესენი, ასევე, თავისუფლად იცხოვრებდნენ თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ პარტიული სამეურნეო აქტივის კრების მაგვარ ღონისძიებებს, გვესმის, რომ ამ ხალხის უმეტესობას არ უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, არათუ არ უბრძოლია, პირიქით, ბევრი მათგანი მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო, რომელსაც დამოუკიდებლობა არ სურდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ არ უყვართ 26 მაისი, მათ არაფერი აკავშირებთ ამ თარიღთან, პირიქით, ამ ხელისუფლების უმეტესობისთვის 26 მაისი არის ზუსტად ისეთივე თარიღი, რაც ათეისტისთვის აღდგომა.
და ვინ არიან ეს ადამიანები?
- ვინც დღეს ხელისუფლებაშია - მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც კომპარტიაში შევიდა 9 აპრილის შემდეგ.
მარგველაშვილი და სხვები რას აკეთებდნენ 25 წლის წინ, როცა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იბრძოდით?
- არაფერს არ აკეთებდნენ ეს ადამიანები, მათთვის დამოუკიდებლობა ღირებულებას არ წარმოადგენდა. ამიტომაც ვერ იტანენ იმ ადამიანებს, ვინც რაღაცით კავშირში არიან 26 მაისთან. ახლა, კოკო გამსახურდია რომ იძახის, საზეიმო ვახშამზე დამსწრეთა ¾ ვერ ვიცანი და ამ ხალხის უმეტესობა ტყვიას გვესროდაო, რა უნდოდა კოკოს იქ, როცა არც ერთი დისიდენტი არ იყო მიწვეული? 26 მაისთან დაკავშირებული ადამიანებიდან რომელიმე იქ ნახა? არადა, ცოცხლები არიან 26 მაისთან დაკავშირებული ადამიანები - მარიამ ბაღდავაძე, თამარ ჩხეიძე , ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, ნანა კაკაბაძე, ავთო იმნაძე, თქვენი მონა-მორჩილი. ბევრია ღირსეული ადამიანი, ბევრი შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს მათი შემდგომი პერიოდის ცხოვრებიდან გამომინარე, მაგრამ ეს იგივეა, ქართული ფეხბურთის თარიღს აღნიშნავდე და არ აჩვენო ჩვენი ლეგენდარული მოთამაშეები, რომლებმაც შექმნეს ქარული ფეხბურთი. შეიძლება, დღეს არც ერთი მათგანი მოედანზე არ გაუშვა ასაკის გამო, მაგრამ საიუბილეო საღამოზე წარმოდგენილი არ იყოს და მუშა სიტუაციაში არ ჰკითხო აზრი, დაუშვებელია. თუნდაც არ გაითვალისწინო მათი აზრი, მაგრამ ამხელა გამოცდილებადაგროვილ ხალხს აზრი არ ჰკითხო?! ელემენტარულად, ეს ხომ ქვეყნის ქონებაა?!
26 მაისის ღონისძიებაზე მიწვევის გარეშე დარჩენილი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები გულდაწყვეტილნი არიან?
- არ არიან გულდაწყვეტილნი, ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, რადგან პირველ ეტაპზე ჩვენ ძალით მივაღებინეთ დამოუკიდებლობა, ეს ჩვენი ბრძოლის შედეგი იყო. ეს ხალხი კი მხოლოდ გუშინ შეიკრიბა. ის, რაც მათ გუშინ სძულდათ, დღეს „შეიყვარეს“ და დღეს იძულებულნი არიან, საქართველოს დამოუკიდებლობაზე ილაპარაკონ.
ახლანდელი 26 მაისი „ნატოს მეტი დემონსტრირებითაც“ გამოირჩეოდა. საქართველოში პირველი შემთხვევაა, როცა თავისუფლების მოედანზე არა მარტო ამერიკული საბრძოლო ტექნიკა იდგა, არამედ ნატოს ქართული ასეულიც გამოიყვანეს.
- ნატო შინაგანად მიუღებელია მათთვის. ხომ არ გგონიათ, რომელიმე მათგანი სიხარულით მიესალმება ნატოსთან ურთიერთობას? მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ შემდგარიყო ნატო-საქართველოს ურთიერთობა. უბრალოდ, გარემოებები, მოვლენები, ქართული საზოგადოება, დასავლური სახელმწიფოს ინტერესი მათ აიძულებს, ნატოზე ილაპარაკონ ასეთი არაფრის მთქმელი სიტყვებით. რას ჰქვია „მეტი ნატო საქართველოში“?
მართლაც, „მეტი ნატო საქართველოში“ ტერმინოლოგიურად გაუმართავი იყო.
- ეს ისევეა, როგორც ედუარდ შევარდნაძემ ვერ ისწავლა პატრიარქის ტიტულატურის გამოთქმა, რადგან მისი სიტყვათწყობისთვის მიუღებელი იყო - უწმინდესი და უნეტარესი. ხან უსპეტაკესს ეძახდა, ხან ბატონო ილიათი მიმართავდა, ხანაც მამაო ილიათი. ვერ ისწავლა, არ იყო მისი, როგორც ნატო არ არის მათთვის. უბრალოდ, კეკლუცობენ, რათა გადაფარონ თავიანთი მთავარი მისია - ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების სურვილი.
გამოდის, ნატოს ქართული ასეულიც ფიქცია იყო? რატომ ვერ მივაღწიეთ ისეთ სრულყოფილ დამოუკიდებლობას, როგორც ბალტიისპირეთმა? გარე ძალების მხრიდან ნაკლები დახმარების სურვილის გამო?
- ერთი რამ არის, ბალტიისპირეთის გზაზე წავედით და აღმოვჩნდით თურქმენეთის გზაზე, რადგან ბალტიისპირეთის გზაზე არ არიან ბელადები. თუმცა, რადგანაც ქართველი ერი შინაგანად თურქმენული მორჩილების გამოხატულებას არ წარმოადგენდა, ამიტომ სადღაც შუაში გავეჩხირეთ - აღარც ევროპაში ვართ, აღარც კლასიკურად აღმოსავლეთში. თორემ ჩვეულებრივად, ჩვენ წავედით ტირანულ აღმოსავლურ გზაზე რუსეთისკენ, თურქმენეთისკენ. ყაზახეთში დღესაც ის კაცია პრეზიდენტად, ვინც თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
მაგრამ ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, ჩვენ არავინ დაგვეხმარა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამას ემატებოდა ისიც, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პირობებში დაადგნენ დამოუკიდებლობის გზას.
- მთელი უბედურება ის არის, ბელადები როცა გყავს ქვეყანაში, ვერავინ დაგეხმარება. შეიძლება, ბევრს არ ახსოვს, ბუშმა როცა განაცხადა, შეუძლებელია პატარა ტირანია არსებობდეს კრემლის დიდი დესპოტიის მხარდაჭერის გარეშეო. შეუძლებელია, ბელადომანია საქართველოში არსებობდეს რუსეთის დესპოტიის დახმარების გარეშე, რადგან ვიმეორებ, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე არსად გვხვდებიან ბელადები. აღმოსავლეთ ევროპის მაგალითები ავიღოთ, ინტეგრაციის გზაზე ბელადი არც ერთ მათგანს არ ჰყოლია, ბელადები ჰყავს მხოლოდ რუსული დესპოტიის ხასიათის პოლიტიკურ ელიტებს.
თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველო მაინც არ არის დამოუკიდებელი და ხან რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი, ხან-დასავლეთზე?
- საქართველო დამოუკიდებელია. გარემოებების გამო ჩვენ სხვა ქვეყნის იურისდიქციაში ვიყავით, მაგრამ აქამდე მოვედით და დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. უბრალოდ, საუბარი იმაზეა, ავიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ დამოუკიდებლობაზე, თუ ისევ იმ ადამიანებს დავუთმობთ ქვეყნის სადავეებს, რომლებისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ღირებულება არ არის და, რომელთა გულშიც საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაა? ეს ადამიანები ფასადური პროდასავლური ნატოური ლოზუნგებით კიდევ უფრო მეტად აძულებენ ქართველ კაცს დასავლურ ღირებულებებს.
ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო მიუღებელი პოლიტიკური ჯგუფები გამოხატავენ ფსევდო პროდასავლურ ქმედებებს. ელემენტარულად, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპაში ერთსქესიანთა ქორწინების ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა, ამით ქართულ საზოგადოებაში მისი რეიტინგი ავტომატურად გაიზრდებოდა, მაგრამ, როგორც კი ვამბობთ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ნაცმოძრაობის პარტნიორია, მისი რეიტინგი ვარდება. შესაბამისად, ასეთი მანიპულირებებით ხდება ის, რომ ისევ და ისევ საბჭოური ცნობიერების, მენტალობის ადამიანები არიან წარმოდგენილნი ხელისუფლებაში. ამის ნათელი მაგალითია, რომ გუშინდელი დღე ხელისუფლებამ არ გამოიყენა გაერთიანებისთვის. პირიქით, ამ დღეს იყენებენ საკუთარი თავისა და იმ ხალხის წარმოჩენისთვის, რომლებიც მათდამი ლოიალურად არიან განწყობილნი. რატომ არ იყო მიწვეული იმ ღონისძებაზე არც ერთი რეალური დისიდენტი, პერესტროიკამდელი დისიდენტი? რატომ არ იყო წარმოჩინებული არც ერთი ადამიანი, რომელიც იმ მოვლენებს შეეწირა? ეჩვენებინათ თუნდაც კადრები, ფილმები, მასობრივად დაენახებინათ ახალი თაობისთვის ის გმირები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებობას ეწირებოდნენ. ნუთუ ის ხალხი წარმოაჩენს 26 მაისს ღირსეულად, რომელიც 9 აპრილის შემდეგ შედიოდნენ კომუნისტურ პარტიაში?
მავანთა მხრიდან ხომ არ არის მცდელობა, დააშორონ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ორი ლიდერი-მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს, როცა მათ სულიერ ძმებად მიიჩნევდნენ სიცოცხლეში?
- ერთი რამ არის, ხდება მანიპულურება ამ ადამიანებით, მათი გამონათქვამებით, სხვადასხვა დროის სხვადასხვა ქმედების თემით. მე ვახსენე სიტყვა პერესტროიკა, ნებისმიერ ადამიანს, ვინც პერესოტროიკამდე დისიდენტად ითვლებოდა, ერთმანეთზე უკეთესი არავინ არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზოგჯერ ერთმანეთთან დაობდნენ, ჩხუბობდნენ კიდეც. ამიტომ როცა ვსაუბრობ მერაბ კოსტავაზე, ზვიად გამსახურდიაზე, თამრიკო ჩხეიძეზე, როცა ვამბობ ან დადებითს ან უარყოფითს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სუბიექტურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ ვიცვლით. როცა მათ ვაკრიტიკებ, ზუსტად ისევე მიყვარს ეს ადამიანები, როცა მათ ვაქებ. ამით არ იცვლება არაფერი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა სულ რაღაც 20-25 კაცი ვიყავით და მაინც ერთიანად ვითვლებოდით. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რაღაც ეტაპზე შეცდომები ყველას გვახასიათებდა. ახლა რომ ამოვიღოთ ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენს მიერ ნათქვამი რომელიმე ფრაზა და ის განვაზოგადოთ, არ იქნება სწორი.
ძველ დისიდენტებს შორის თავისი განვლილი გზით მერაბ კოსტავა მაინც ცალკე დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მეტი მან იტანჯა, ყველაზე მძიმე დარტყმა მან აიღო თავის თავზე. დანარჩენები, ელემენტარულად, ციხეში ყოფნის პერიოდითაც მას ვერ შევედრებით, სუყველა რომ ავიღოთ ჯამში, იმაზე მცირე ხნით ვისხედით, ვიდრე მერაბ კოსტავა. ამიტომ ის ცალკე დგას ამ თანავარსკვლავედში. მეორეც, მერაბ კოსტავა სხვანაირი ტიპაჟი იყო. ის არ იყო მაორგანიზებელი, არ იყო იდეების გენერატორი. მერაბ კოსტავა გახლდათ იმ დისიდენტის გამოხატულება, რომელიც უფრო ზნეობრივ მოძრაობის ლიდერად ითვლებოდა. თუმცა ყველას უნდა მივაგოთ შესაბამისი პატივი, რადგან იმ ეტაპზე ნათქვამი სიტყვა, როცა 5 მილიონ კაცში მარტო 20 კაცი ამბობდა სიმართლეს, ყველაზე მეტად ღირებული გახლდათ. შესაძლოა, 5 მილიონში სიმართლეს 1 მილიონი ამბობდეს, მაგრამ ასეთ დროს მათ სიტყვას ისეთი მაღალი დატვირთვა აღარ ექნება. თაობის მიხედვით თუ ავიღებთ, მერაბი და ზვიადი ერთი თაობისანი იყვნენ და, ბუნებრივია, როგორც ჩემი და გია ჭანტურიას დაცილება რთულია, ისე მერაბისა და ზვიადის დაცილება ცოტა რთულია, ისევე, როგორც ჩემი და მარიკა ბაღდავაძის დაცილება, ჩვენ ცხოვრება ერთად გავიარეთ.
უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური ხედვით ზვიადი და მერაბი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს ქვეტექსტები და ეს ვიღაცის წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული. მთელი ქართული ეროვნული ცნობიერება წინ უნდა იყოს წამოწეული და არა ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომელიმე დამსახურებული პიროვნება გავრიყოთ მოედნიდან. ჩვენ პატარა ერი ვართ, სწორედ ამიტომაცაა, ჩვენთან რთულია გაარჩიო ერთმანეთისგან ეროვნული და რელიგიური წმინდანები. მათი გარჩევა რუსეთში იოლია, რუსეთში ძირითადად რელიგიური წმინდანებია, რადგან მათ ჰქონდათ საშუალება, დიდი წმინდა მამები ჰყოლოდათ, მაგრამ საქართველოში სასულიერო და საერო პირი იმდენად იყო გადაჯაჭული, ვერ გაარჩევდი ქეთევან დედოფალი ეროვნული გმირი იყო, თუ მრავალტანჯული წმინდანი. ასევეა თევდორე კვეთელის და სხვათა შემთხვევაში. ჩვენი სპეციფიკაა, რომ ერთი ადამიანი მრავალ სფეროში მოღვაწეობდა, იგივე ილია ჭავჭავაძე და სხვები. ამიტომ ქვეყნისთვის ოდნავ მაინც დამსახურებული პიროვნება არ უნდა გავრიყოთ.