ეს დღე ჩვენია! - საქართველო დამოუკიდებლობის 25 წელს ზეიმობს

ეს დღე ჩვენია! - საქართველო დამოუკიდებლობის 25 წელს ზეიმობს

თბილისი-იყალთო-ნოქალაქევი-ვარძია-ქუთაისი-ბათუმი სახელმწიფოს წინაშე 432 სამხედრო რეკრუტებმა ფიცი ერთდროულად დადო, რომელთაგან 20 ქალია. წვევამდელების სამხედრო ფიცი მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა. ცერემონიალს ესწრებოდნენ როგორც მთავრობის წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები.

წელს პირველად, ასევე, პირველად ფიცის დადების ცერემონიალში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი და აშშ-ის ძალების ორკესტრი.

ფიცის დადების ცერემონიალის დადების შემდეგ ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტი ავიდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა 25 წლის წინ საქართველომ დაიწყო სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ, შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია.

„თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები.

ამ სულისკვეთებით ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპულობა სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნასთან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მივიდა. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები, რასაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მიაღწევს. პრემიერმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ჩვენს ყველა თანამემამულეს. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისთვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები.

მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას. სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს ზურგს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა.

ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - ამ სიტყვებით მიმართა სამხედრო ფიცის დადების შემდეგ წვევამდელებს თავდაცვის მინისტრმა, რომლის განცხადებით, დღევანდელი დღესასწაული უპირველესად იმ ქალების და კაცების, ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ მომავალ თაობას მოვუყვებით.

„ყველანი ერთად ვეტყვით - არა ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. არა პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უაღრეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება ჩვენი არჩევნის მიმართ ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის.

ეს დღე ჩვენია და ყოველი დღე ისტორიულია, რომელიც პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქ, თავისუფლების მოედანზე შედგება. დღეს პირველად თავისუფლების მოედანზე დგას ნატო-ს ქართველი ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს - ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკის სახელობის ბაღში გადაინაცვლა, სადაც პროექტ „დროის ამბავის“ ფარგლებში, „დროის კაფსულის“ ჩადების ცერემონია გაიმართა. „დროის კაფსულაში“ ბავშვებისა და ახალგაზრდების სურვილები და ხედვები მოთავსდა, თუ როგორ ხედავენ ისინი საქართველოს განვითარებას და მომავალს. „დროის კაფსულისთვის“ ყველა სახის სურვილი შეგროვდა, რომლებიც წერილების სახით, 25 წლით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინახება და როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „დროის კაფსულას“ 25 წლის შემდეგ წელმაგარი საქართველოს შვილები გახსნიან.

„ჩვენ დღეს შევინახავთ ყველა ამ ნატვრას 25 წლით და 25 წლის მერე ჩვენი მომავალი თაობები გახსნიან მას. ჩვენ ვნახავთ, რამდენად სწორად ვიარეთ, რამდენად ავასრულეთ ჩვენი ბავშვების, მომავალი თაობის ნატვრა და რამდენად ემთხვევა ჩვენს მიერ განვითარებული საქართველო იმ ხედვებს, სურვილებს, რომლებსაც დღეს ეს ბავშვები გამოხატავენ. მჯერა, 25 წლის შემდეგ წელმაგარი საქართველოს შვილები გახსნიან ამ ყუთს და ნახავენ, თუ რას ნატრობდა 25 წლის წინ საქართველოში ასეთი მშვენიერი ახალგაზრდა თაობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე განლაგებული იყო სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, მთავარი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში.

სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინა თელავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. ხოლო რუსთავში ფეხბურთის სტადიონზე სამხედრო ტექნიკის გამოფენის პარალელურად მოსახლეობას შესაძლებობა ჰქონდა ბრიტანელი სამხედროების ავიაშოუ ენახა. გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამინისტროების სტენდები მოეწყო. პარალელურად, პირველი სკოლის წინ ყვავილების ფესტივალი მოეწყო.