„მიშა ჭკვიანი პოლიტიკოსია და მან კარგად იცის, რომ ძალადობის შემთხვევაში, თუ მისი პარტია მსხვერპლად წარმოჩინდება, ეს მომგებიანი იქნება მათთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, იმდენად დაბნეული გამოიყურება ხელისუფლება და იმდენად მომზადებულია ამ მოვლენის გაშუქებისთვის და შეფასებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, გამორიცხული არ არის სამეგრელოში მომხდარი ინციდენტი, ნაციონალების მხრიდან ჭკვიანურად დაგებული ხაფანგი იყოს.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ჩვენთან ინტერვიუში თქვენ ამბოდით, რომ ნაციონალები რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან. პარალელს თუ გავავლებთ, სამეგრელოს ინციდენტი ძალიან ჰგავს 2003 წელს ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებს. მაშინაც, დაპირისპირების ინიციატორი ეს პოლიტიკური ძალა იყო. როგორ ფიქრობთ, სამეგრელოში განვითარებული მოვლენები იყო ძალის მოსინჯვა მათი მხრიდან?
რამაზ საყვარელიძე: ასეთი ანალოგიური ძალადობრივი კონფლიქტი იყო ასლან აბაშიძესთან. იმ პერიოდში პირდაპირ არ განუცხადებიათ, მაგრამ იკითხებოდა, რომ მიშას უხაროდა ეს ძალადობრივი ფაქტი. მიშა ჭკვიანი პოლიტიკოსია და მან კარგად იცის, რომ ძალადობის შემთხვევაში თუ მისი პარტია მსხვერპლად წარმოჩინდება, ეს მომგებიანი იქნება მათთვის. არ ვიცი რეალობა როგორია, მაგრამ იმდენად დაბნეული გამოიყურება ხელისუფლება და იმდენად მომზადებულია ამ მოვლენის გაშუქებისთვის და შეფასებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ არ გამოვრიცხავ სამეგრელოში მომხდარი ინციდენტი, ნაციონალების მხრიდან ჭკვიანურად დაგებული ხაფანგი იყოს.
ჭკვიანურად დაგეგმილი პოლიტიკური ხაფანგი გაყიდვადი არის დასავლეთისთვის?
- ვნახეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უკვე იყიდა, თუმცა, ისინი ყველაფერს ყიდულობენ. გარკვეული დოზით იქნება გაყიდვადი. გააჩნია რა რაოდენობის იქნება ინციდენტი, თუ მეორედ და მესამედ განმეორდა ამ სახის ინციდენტი, არა თუ გაყიდვადი, არამედ ხელიდან წაართმევენ ერთმანეთს ამ ამბავს, როგორც ილუსტრაციას იმისა, თუ რა ტიპის ხელისუფლებაა საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილი გამოდის ინიციატივით, საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინება დასჯადი გახდეს. რეალურად, პრობლემა მხოლოდ კანონის არარსებობაშია? ვხედავთ, რომ მემკვიდრეობითი გახდა წინსაარჩევნოდ მსგავსი სახის ძალადობა.
- რაც უფრო გამკაცრდება მუხლი საარჩევნო პროცესის მიმართ, ეს მისასლმებელია, მაგრამ ამ ინიციატივას კიდევ ერთს დავამატებდი - სამართალდამცველების მხრიდან დაუდევრობა უნდა გახდეს დასჯადი. როდესაც ასამდე ერთმანეთთან მოჩხუბარ ადამიანს სამი პოლიციელი აშველებს, ეს არ არის რეაგირება ძალოვანი უწყების მხრიდან. ვფიქრობ, რომ პრობლემა უფრი კომპლექსურია.
პასუხისმეგბლობის მქომე პოლიტიკური ძალის არარსეობა, არ არის პრობლემა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტამდე მისვლაა საჭირო. სამწუხაროდ, ძალადობის გარეშე ქართული პოლიტიკური ცხოვრების ვერც ერთმა ეტაპმა ვერ გაიარა. იცვლებიან მხოლოდ მოძალადეები, მსხვერპლი და ძალადობის მეთოდი იგივეა. მაგრამ, აქ ერთი პრობლემაა, თუკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პროვოცირება უნდა, ის მოახდენს კონფლიქტის პროვოცირებას. სამწუხაროდ, ნაკლები პოლიტიკური კულტურის ელემენტია საქართველოში, რასაც ზოგჯერ მეორე ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
სამეგრელოში მომხდარი ინცინდენტი გულის ფხანა უფრო იყო და არა დაშინება. ეს კუნთებიანი ადამიანები არ იმუქრებოდნენ, რომ ხმის არ მიცემის შემთხვევაში გალახავდნენ, ან ოჯახებში შეუვარდებოდნენ. ძალადობას შეიძლება დაშინების ფუნქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ გულისფხანა იყოს. თუმცა, ერთი მეორეზე არაფრით უკეთესი არ არის. სწორედ, რომ გულის ფხანის გამო დაიწყეს ხელის ქნევა და მერე ამას რაც მოჰყვა, ყველამ ვნახეთ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა უფრო მნიშვნელოვანია, კანონის გამკაცრება, თუ დანაშაულის პრევენცია? როგორც წესი, ასეთი სახის ძალადობაში ყოველთვის ფიგურირებენ წამყვანი ძალის მხარდამჭერები...
- კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ თუკი გამოძიება დაადასტურებს ხელისუფლების მხარდამჭერების ჩართულობას ძალადობაში, რა თქმა უნდა, ისინიც უნდა დაისაჯონ. ის, რომ ეს არის მხოლოდ სიტყვები და რეალურად აპირებს მმართველი პარტია ამ მიმართულებით ცვლილების განხორციელებას, იქნება თვითონ გამოძიება. ოღონდ გამოძიება უნდა წარიმართოს საკმაოდ სწრაფი ტემპით.
თუკი გამოძიება უჩვენებს საზოგადოებას, რომ დამნაშავეებს შორის მან გამოავლინა ხელისუფლების პირებიც და არა ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო, როდესაც მეორე მხარე იყო მხოლოდ დამნაშავე, თუ ხელისუფლების მხარდამჭერები კანონით გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად დაისჯებიან, მერე უკვე ნდობით განეწყობა საზოგადოება პრემიერის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივის მიმართ.
თუ საგამოძიებო პროცესი არ წავიდა ეფექტურად, პრემიერის ნათქვამი საზოგადოებისთვის მხოლოდ იცნიციატივად დარჩება. ამ ვითარებაში ერთადერთი დამაჯერებელი არგუმენტი დასავლეთისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა არ არის ხელისუფლების ხელწერა, არის ეფექტური გამოძიება, როდესაც ერთად დაისჯება ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც. ხელისუფლების მომხრეობა არ უნდა იყოს საფარი ამ ადამიანებისთვის.
უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კანონის ზომების გამკაცრებამდე, არსებული სანქციებით და სასჯელით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც კორცხელში ძალადობა განახორციელა. პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილი, მაგრამ არც ერთი საქმე არ ყოფილა გამოძიებული. ბატონო რამაზ, ხელისუფლების ქმედებიდან ჩანს, რომ დაინტერესებული არ არის საქმის გამოძიებით?
- არ ვიცი გამოძიებას რა აქვს ხელთ. თუკი გამოძიებას აქვს რაიმე მტკიცებულება, მაშინ ოპერატიულად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს ესა და ეს ფაქტი. აქ საქმის შენელება და გადადება ხელისუფლების იმიჯზე მოქმედებს. ისედაც ბევრი ლაპარაკი გვესმის იმაზე, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან ხელისუფლების დისკრედიტაციით. როგორც ჩანს, ამ ვერსიასაც აქვს საფუძველი და დისკრედიტაციის ერთ-ერთი ფორმა იქნება გამოძიების შედეგების შეყოვნება.