„ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის განცხადებით, საკრებულოს შუალედური არჩევნები აჩვენებს, რომ ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი დაიწყო საქართველოს მომავლისთვის. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ აწუხებს ხალხის მომავალი, საქართველოში დამარცხდება და მას მომავალი არ გააჩნია.
ყოფილი მმართველი ძალა გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა შუალედური არჩევნები ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ მესამედი რეიტინგი აჩვენა. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში „ქართული ოცნების“, 2-ში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
კერძოდ - ოზურგეთში, N60.05 მაჟორიტარულ ოლქში - „ნაციონალური მოძრაობამ“ 59% აიღო, „ქართულმა ოცნებამ“ 40.4%. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 49.76% მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ქართული ოცნება“ კი მხოლოდ 48.96%. ასეთია მოქმედი და ყოფილ მმართველი გუნდის პროპორციული შესაბამისობა. ეს მაშინ, როდესაც NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგები ამბობს, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის სხვაობა მხოლოდ 2%-ია.
ანალიტიკოსების განცხადებით, შედეგები, რომ NDI და IRI-ს მაჩვენებლების შესაბამისად დადებულიყო, მაშინ საარჩევნო ოლქების უმეტესში „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მოეგო. შესაბამისად, მათივე თქმით, NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგებში ეჭვის შეტანის უამრავი არგუმენტი არსებობს და ერთ-ერთი საკმაოდ მოხდენილი არგუმენტია შუალედური არჩევნების შედეგები, როდესაც შედეგები არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორსაც კვლევითი ორგანიზაცია სთავაზობს საზოგადოებას.
for.ge-სთან საუბრისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას განცხადებით, არსებული მოცემულობით პროპორციული შესაბამისობა არის 75% - 25% მმართველი პარტიის სასარგებლოდ და დღევანდელი მოცემულობით ეს არის ამ ორ პარტიას შორის ელექტორატის რეალური შესაბამისობა.
„NDI-ის და IRI-ის დამოკიდებულება კონცეპტუალურ დონეზეც კი არასწორია. მათ ყოველთვის აქვთ მაჩვენებელი, ვისაც გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, მაგრამ იგივე ხალხი მიდის არჩევნებზე. შეიძლება ლანძღონ ხელისუფლება, მაგრამ არსებული პოლიტიკური ბაზრის პირობებში, მაინც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს.
თუმცა, ეს ხელისუფლებას არ აძლევს სიმშვიდის უფლებას, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოება აღშფოთებულია იმითაც, რომ ორ ოლქში გაიმარჯვა ნაცმოძრაობამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოების მხრიდან და საზოგადოების ეს გზავნილი დამატებითი სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებითვის. თუ ადეკვატურად არ მოხდება საარჩევნო სიის ფორმირება და გონივრულად არ წარიმართება საარჩევნო კამპანია, შესაძლოა, შემცრდეს „ქართული ოცნების“ შანსები, არა თუ გაიზარდოს“, - ამბობს არჩილ გამზარდია.
„პიარ საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორის გივი ხაჭაპურიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების შედეგები ადასტურებს, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგები არ ემთხვევა დამდგარ შედეგებს. რეალურად ორ პოლიტიკურ ძალას შორის პროცენტული სხვაობა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე კვლევითი ორგანიზაცები სთავაზობენ საზოგადოებას.
„ნამდვილად დადასტურდა, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის პროცენტული სხვაობა გაცილებით დიდია, ვიდრე 2-3%. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ერთს და ან მეორე პოლიტიკურ ძალას კარგი ვითარება აქვს. გაცილებით მეტი მობილიზაცია მართებს მმართველ ძალას და ოპოზიციას იმისთვის, რომ 4-5 თვის შემდეგ არჩევნებზე დადგეს მათთვის სასურველი შედეგი.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საბოლოო შედეგი მინიმუმ 50-50-ზე უნდა დამდგარიყო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა შედეგი დადგა. რეალურად, წარმოდგენილი კვლევის შედეგებით 9 საარჩევნო ოლქიდან უფრო მეტის შესაძლებლობა უნდა ეჩვენებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი უნდა ეჩვენებინა „თავისუფალ დემოკრატებს“. ვნახეთ, რომ რიგ უბნებში მათი მაჩვენებელი პროცენტ ნახევარს არ გასცდა. შესაძლებელია ითქვას, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევის შედეგებმა რეალური სურათი ვერ მოგვცა“,- აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გივი ხაჭაპურიძემ.