გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მსოფლიოში აზრი გაიყო. ამერიკელი მეცნიერები ამ ტიპის პროდუქციას (გმო) უსაფრთხოდ მიიჩნევენ, ევროპელები კი მის მავნებლობაზე მიუთითებენ.
აშშ-ის მედიცინის, ტექნიკისა და მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიებმა სამეცინიერო ნაშრომებისა და პროფესიონალების გამოკითხვის შედგად, დაადგინეს, რომ გენმოდიფიცირებული კულტურებისგან მიღებული პროდუქტები არათუ საზიანოა, არამედ შესაძლოა, ადამიანისთვის სასარგებლოც იყოს. უფრო მეტიც, გენმოდიფიცირებულ პროდუქცია მდგრადია მწერების, გვალვისა და დამლაშების მიმართ, მათგან მიღებული საკვები კი უფრო ნოყიერია და მათი გამოყენების ვადა გახანგრძლივებულია.
ევროპელი მეცნიერები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათი აზრით, გმო პროდუქტები არა მარტო ადამიანებს აავადებენ, არამედ გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი წყაროცაა. ევროპელთა აზრით, ეს პროდუქცია ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევია.
რამდენად გულწრფელნი არიან ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის მავნებლობას უარყოფენ და ხომ არ იქონია მათ „ნაშრომებზე“ ზეგავლენა გმო-ს მწარმოებელ კორპორაციათა გულუხვმა დაფინანსებამ?!
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მსოფლიოს მეცნიერებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ საკითხს ობიექტურად რომ შევხედოთ, აღმოჩნდება, რომ გენმოდიფიცირებული სურსათით ადამიანები იკვებებიან სულ რაღაც 25-30 წელია და არავინ იცის, რა შედეგს მოგვცემს ეს 50 წლის მერე, ანუ მომდევნო თაობებში.
ექსპერტის თქმით, რა თქმა უნდა, ცდები ტარდება ცხოველებზე, მაგრამ ცხოველებზე ჩატარებული ცდების პირდაპირ ადამიანებზე გადატანა არ შეიძლება. ამდენად, მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ გმო მავნე პროდუქციად ჩაითვალოს. სწორედ ამიტომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უფლებას იძლევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში აკრძალოს ქვეყანამ გმო-ს რომელიმე პროდუქცია, თუკი მიიღწევა სამეცნიერო კონსენსუსი ამა თუ იმ ნივთიერების მავნებლობის თაობაზე.
ამიტომ ვერც ევროკავშირმა და ვერც საქართველომ ვერ აკრძალეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტი. ერთადერთი, აუცილებელია წარწერის გაკეთება, რაც საქართველოში სრულდება და დარღვევები ერთი-ორჯერ იყო აღმოჩენილი.
„თუმცა პრობლემაა ის, რომ თვითონ გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან წარმოებული სურსათის აღმოჩენა არ არის იოლი. მაგალითად, თუ გენმოდიფიცირებული კარტოფილოსგან მიიღეს სახამებელი, იქ გენი უკვე აღარ არის და, ცხადია, ლაბორატორიული ანალიზით ვეღარ დაადგენ, სახამელებელი რომელი კარტოფილისგან ან სიმინდისგანაა მიღებული. ხოლო, როცა აშშ-დან შემოდის სოიოს ფარში, უმეტეს შემთხვევაში, ის გენმოდიფიცირებულია და ეს აღმოჩენადია, მაგრამ შაქარში, თუკი ის გენმოდიფიცირებული ლერწმისგან არის მიღებული, შეუძლებელია მოდიფიცირებული გენის აღმოჩენა. შაქარში გენი აღარ არის, მცენარიდან გამოყოფილია მხოლოდ შაქარი, გენი კი სულ სხვა არაშაქრული ნივთიერებაა“, - აცხადებს ლია თოდუა.
„მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტარი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული მასალის შემქმნელ და გამავრცელებელ ორგანიზაციებს სერიოზული გავლენა აქვთ პოლიტიკურ სისტემაზე არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რადგან ძალზე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მათი კაპიტალი, ოთხ თუ ხუთ წვრილ ასეთ კორპორაციას 3-4 ტრილიონიანი ბრუნვა აქვს წელიწადში. თავის დროზე ერთ-ერთმა ცნობილმა ქიმიურმა გიგანტმა იმ მოტივით, თითქოს შიმშილი იწყება დედამიწაზე და მას მხოლოდ გენმოდიფიცირებული პროდუქტები გადაარჩენსო, ქიმიურ პრეპარატზე „დდტ“-ს გავრცელება დაიწყო, რასაც საქართველოში დუსტს ეძახდნენ და იგი სოფლის მეურნეობაში პესტიციდად გამოიყენებოდა. იმ დონემდე მივიდა საქმე, რომ საშინელი კანცეროგენის გამომწვევი დუსტის გამოყენება გაერომ 1971 წლის რეზოლუციით აკრძალა, რადგან იგი ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევდა.
„ზუსტად იგივე რიტორიკაა ახლაც. ეს ბიზნესინტერესებია და არ არის გამორიცხული, მათ გარკვეული გავლენა ჰქონდეთ ამერიკულ სამეცნიერო წრეებზეც, ამიტომ კვლევებში ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე, დამოუკიდებელი მხარე კი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს გმო-ს მავნებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რადგან არსებობს გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენცია, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა კარტახენას ოქმი, რომელიც პირდაპირ ეუბნება სახელმწიფოებს - ყველა ქვეყანა ვალდებულია დაარეგულიროს თავის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების მიმოქცევა და გამოყენება. ქვეყანას უფლება აქვს, აკრძალოს ან შეზღუდოს მათი გამოყენება. ამ საფრთხეზე პირდაპირ მიგვითითებს გაერო და არავითარი კვლევები აღარ მაინტერესებს.
თუმცა რამდენიმე წლის წინ ფრანგმა მეცნიერებმაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, ანუ დაკვირვება ვირთხებზე. აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა ვირთხას, რომლებსაც კვებავდნენ გენმოდიფიცირებული ხორბლითა და სოიოთი, ონკოლოგიური დაავადება დაემართა, განსხვავებით ვირთხების მეორე ჯგუფისგან, რომლებსაც ჩვეულებრივი პროდუქტით კვებავდნენ. ატყდა ამაზე ერთი ამბავი, არასწორიაო, თუმცა ფაქტი სახეზეა. ამიტომ აბსურდია, თითქოს 50 წლის გასვლას უნდა დაველოდოთ და მერე დადებენ მეცნიერები სწორ დასკვნას, რა მავნელობას იწვევს ეს საკვები. ამას ვერ დაველოდებით და ჩვენს მოსახლეობას საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ და განმარტა, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია და ჩვენი სოფლის მეურნეობა გათავისუფლებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან. თუ ვინმე ამას მაინც გააკეთებს, ისე დაჯარიმდება, რომ შეიძლება გაკოტრდეს კიდეც.
რაც შეეხება სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილ გადამუშავებულ პროდუქციას, დეპუტატის თქმით, თუკი ის შეიცავს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, აუცილებლად უნდა დაეწეროს ეტიკეტზე. ეს სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და დასაჯარიმებელი კომპანიები უნდა დააჯარიმოს. მართალია, ეს რთული პროცესია, რადგან იმპორტი ძალზე დიდია საქართველოში, თუმცა პარალელურად უნდა მოხდეს კვებითი პრუდუქტების იმპორტის ნელ-ნელა ჩანაცვლება ადგილობრივი სუფთა პროდუქციით.