მოსკოვი შიშობს, თითქოს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს აყალიბებენ

მოსკოვი შიშობს, თითქოს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს აყალიბებენ

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, სადაც ადრე საბჭოთა კავშირის ანტისარაკეტო გიგანტური რადარი მუშაობდა, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამ და აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ურთიერთობის გაღრმავებამ რუსეთი დააფიქრა, ხომ არ უქმნის მის უსაფრთხოებას პრობლემას კავკასიის რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია?! რუსეთის ამიერკავკასიული პოლიტიკა ხომ არ ირღვევა, რის შესახებაც რუსეთში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ?!

რუსეთი შიშობს, რომ კავკასიის სამმა სახელმწიფომ - თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეიძლება სამხედრო ბლოკი შექმნან. ხოლო, თუ როგორ განვითარდება სამხედრო თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში, ეს რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების დონეზე იქნება დამოკიდებული.

ზოგიერთი ექსპერტი, მაგალითად, ლეონიდ ივაშოვი თბილისის, ანკარისა და ბაქოს სამხედრო თანამშრომლობაში აშშ-ის გავლენას ხედავს, თუმცა რეალურად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათი ურთიერთობა მილსადენების დაცვის გაძლიერებაში გამოიხატება. ასევე, დაცვას საჭიროებს მშენებარე სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი. სამივე სახელმწიფოს „აბრეშუმის დიდი გზის“ ახალ პროექტში მონაწილეობაც აქვს განზრახული.

რუსი ექსპერტი ვადიმ დუბნოვი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ახალი სავარაუდო სამხედრო ალიანსი არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, თუმცა, რადგანაც თურქეთი ნატოს წევრია, შესაძლოა, ანკარას მოსკოვთან სამხედრო კონფრონტაციის გაღრმავება აქვს განზრახული. დუბნოვის აზრით, ასევე, შესაძლებელია ეს ალიანსი მიმართული იყოს სომხეთის წინააღმდეგ, თუ გავითვალისწინებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ამასწინანდელ გამწვავებას.

კიდევ ერთი რუსი ექსპერტი ალექსანდრე ხრამჩიხინი კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება, რომელსაც, სავარაუდოდ, სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა მოაწერს ხელს, ნატოს გავლენის გაფართოებას სულაც არ მოასწავებს. ამის მიზეზი კი რამდენიმეა: ა) სამი ქვეყნიდან მხოლოდ ერთია ნატოს წევრი - თურქეთის სახით, რომელიც დასახმარებლად ნატოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ რუსეთისაგან თავდაცვა დასჭირდება;
ბ) აზერბაიჯანს ნატოსაგან თავი საკმაოდ შორს უჭირავს, მას არასოდეს გამოუცხადებია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია; 

გ) საქართველო, რომელიც უკრაინასთან ერთად ნატოსკენ მიილტვის, მაგრამ არავინ იცის, განხორციელდება თუ არა მისი სურვილი.
ამავე დროს, ალექსანდრე ხრამჩიხინი ვარაუდობს, რომ საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა ნატოს ალტერნატივა შეიძლება იყოს სამხრეთში, ისევე როგორც 2015 წლის გაზაფხულიდან ჩრდილოეთის ფლანგზე მიმდინარეობს დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და ისლანდიის თანამშრომლობა.
მოსკოვის შიშს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსს არ აყალიბებენ და ამ გაერთიანებას არავითარი საფრთხის შემცველი ელემენტები არ გააჩნია. უბრალოდ, ეს მიმართულია ორი საფრთხის პრევენციის კუთხით - ეს არის კიბერსაფრთხე და ენერგეტიკული გამოწვევები, რაც მოიცავს სამხედრო ტიპის უსაფრთხოების პარამეტრების ელემენტების შექმნას. გარდა ამისა, შეიძლება ამას მესამე ელემენტიც დაემატოს - საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

მეორე მხრივ, ვახტანგ მაისაია არ მალავს, რომ, თუკი გავითვალისწინებთ, როგორი ტიპის ქვეყნები არიან გაერთიანებულნი აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სახით, შესაძლოა, რუსეთმა ეს მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მართლაც აღიქვას. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო და თურქეთი რუსეთის მხრიდან სამხედრო მტრების რიცხვში მოიაზრებიან, აზერბაიჯანიც მთლად სტრატეგიულ პარტნიორად არ ითვლება რუსეთისთვის. ამიტომ, როგორც ჩანს, სამი ქვეყნის კავშირს (და არა - ალიანსსა და ბლოკს) რუსები ერთგვარ სამხედრო გაერთიანებად მიიჩნევენ.

„თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს სპეციფიკური ურთიერთობა გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. მით უმეტეს, ახლა გეოსტრატეგიული ფონი გართულებულია. თურქეთი ნატოს წევრია, საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ და, ცხადია, ეს უმატებს შეშფოთების ნიშას რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას, რომელიც ცივ ომს უყურებს, როგორც მისთვის მიუღებელ გარემოებას. ფაქტობრივად, ამერიკა და რუსეთი ჩართულნი არიან ცივ ომში და ამან მიიღო სამხედრო კონფლიქტის რეალური პარამეტრები. ამ კონტექსტში, როგორც ჩანს, რუსები კავკასიის სამი სახელმწიფოს კავშირებს სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ. რომ არ ყოფილიყო ახალი ცივი ომი და ასეთი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება ნატოსთან, შესაძლოა, რუსეთს ამისთვის დიდი ყურადღება არც მიექცია. რუსეთის თვალში ვითარებას ართულებს ისიც, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს სამხედრო სტრატეგიული დახმარების ვალდებულება, ანუ აზერბაიჯანი არის თურქეთის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორი, პირობითად, მათ აღებული აქვთ ურთიერთდახმარების ვალდებულება, მათ შორის, ეს დახმარება მოიცავს სამხედრო სფეროსაც. შესაბამისად, აზერბაიჯანი მიბმულია თურქეთის სამხედრო ქოლგის ქვეშ, ხოლო თურქეთი, ასევე, მიბმულია ჩრდილო ატლანტიკური ქოლგის ქვეშ. ერთგვარი ჯაჭვი იქმნება, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი პოლიტიკური და სხვა მიზეზის გამო უარს აცხადებს ნატოში გაწევრიანებაზე და აზერბაიჯანის დღევანდელ ხელმძღვანელობას არც სჭირდება ნატოში გაწევრიანება, რადგან აზერბაიჯანს გააჩნია შესაბამისი თანხები, საშუალებები, შეიარაღების ის ტიპები, რომელიც მას საკუთარი უსაფრთხოების დამოუკიდებლად განახორციელების საშუალებას აძლევს“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და არ გამორიცხა, ეს გაერთიანება დაძაბულობის კერა გახდეს კავკასიის რეგიონში.

მით უმეტეს, რუსეთს ჰყავს თავისი მოკავშირე სომხეთის სახით, რომლითაც შეიძლება ბალანსირება მოახდინოს და, ასევე, რუსეთმა ანალოგიურად შექმნა კოალიციური გაერთიანება სომხეთისა და ირანის ჩართვით. ფაქტობრივად, ეს არის მოსკოვის, ერევანისა და თეირანის სიმეტრიული გაერთიანება ანკარას წინააღმდეგ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა რუსეთმა რატომღაც სამხედრო ბლოკად წარმოაჩინა. ამას წინ უძღოდა თურქეთ-რუსეთს შორის დაძაბული ვითარება, როცა ლამის ომამდე მივიდა საქმე. თუმცა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ალიანსის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ რაიმე რეალური სამხედრო მოქმედების განხორციელება გამორიცხულია, როგორი პარამეტრებითაც არ უნდა იყოს ეს ალიანსი.

„ჯერჯერობით საუბარია გაზსადენის დაცვაზე. ესეც საკმაოდ რეალისტური განცხადებაა, რადგან, თუკი კონფლიქტები გაგრძელდება კავკასიაში, ეს გაზსადენსაც შეუქმნის საფრთხეს. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის რაღაც ნაწილი, ფაქტობრივად, იმ ტერიტორიაზე ხვდება, რომელიც რუსეთმა ცხინვალის რეგიონის კუთვნილებად გამოაცხადა. ამიტომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ნავთობსადენის დასაცავად. როგორც ჩანს, ამ ტიპის მოლაპარაკებები შედგა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის და ეს უფრო თავდაცვით ხასიათს ატარებდა. ასეთი სამხედრო ბლოკი რომც შეიქმნას, ის ვერც ნატოს ჩაანაცვლებს, ვერც ნატოს წევრი ვერ გახდება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვის საპასუხოდ, რუსეთის გავლენა კავკასიაში მართლაც მცირდება თუ არა, ამბობს, რომ რუსეთის გავლენა იმის გამო კი არ ირღვევა, რომ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ღერძი იქმნება, არამედ იმის გამო, რომ რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში არქაული საბჭოური პოლიტიკის გაგრძელებაა როგორც ყარაბახის, ისე აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებით.

კერძოდ, რუსეთს რომ შეძლებოდა, სხვაგვარად წარმოეჩინა თავი კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, მისი პოზიცია არათუ შესუსტდებოდა კავკასიაში, არამედ გაძლიერდებოდა.