„აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა“

„აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა“

ოფიციალური მოსკოვი საოკუპაციო ხაზთან დაღუპული გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თბილისი მომხდარს იყენებს პროპაგანდისტული ვარჯიშებისთვის რუსული ოკუპაციის თემაზე. სერგეი ლავროვის უწყება აღნიშნავს, რომ თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან.

„ვურჩევთ ქართულ მხარეს, ადამიანის ტრაგიკული დაღუპვის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ქართულ-აფხაზური საზღვრის რაიონში, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის განახლების ამოცანებზე გაამახვილოს ყურადღება.

შესაბამისი შეთანხმება აფხაზური მხარის კეთილი ნებისა და კონსტრუქციულობის წყალობით მიიღწა ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, მიმდინარე წლის მარტში. ანტირუსული გამოხტომები ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ხელს ნამდვილად არ უწყობს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

როგორც ცნობილია, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

აფხაზური მხარის ვერსიით, 19 მაისს ორმა მამაკაცმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დოკუმენტების გარეშე სცადა. აფხაზი „მესაზღვრის“ გაფრთხილების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი უკან დაბრუნდა, მეორე კი, რომელიც ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მესაზღვრეს დაემუქრა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა. განსხვავებულია თავად მოკლულის ახლობლების და თვითმხილველების განცხადება. for.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთხოზორია მაშინ მოკლეს, როდესაც გალის რაიონში ახლობლის ქელეხისთვის სურსათის გაგზავნას ცდილობდა, რა დროსაც ე.წ. აფხაზმა მესასზღვერეებმა სროლა განახორციელეს. აფხაზ მესაზღვრეებთან ერთად იმყოფებოდნენ რუსი სამხედროებიც. ოჯახის წვერებისთვის ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ქართული მხარე თვლის, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკველობასთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეცემათ.

მისიის ანგარიშები დახურულია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიში საჯარო ვერ გახდება და არ გამოქვეყნდება. საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, მას ინფორმაცია აქვს ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა ყველას ურჩევს ევროკავშირის მონიტორინგის შედეგებს დაელოდონ.

ხურჩის ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი და პირობას დებს, რომ ქართული მხარე ბოლომდე მიყვება ამ საქმეს და დაუსჯელი არ დარჩება ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა.

„ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.

გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირელეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ პროცესში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშილი.

კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, როგორც იმ პროცესის საწინააღდმეგოდ მიმართულ პირდაპირ პროვოკაციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

„შეიძლება ჩვენ პოლიტიკურად დიდი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობაში გვაქვს რაღაც პროგრესი, გარკვეული დათბობა და მე მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვენლოვანი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შერიგებისა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს და მსგავსი ტიპის შეთხვევები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი ყველა მხარის მიერ.

„ვიტოვებთ იმედს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობის განმახორციელებელ ძალებს ამ ტრაგიკული შემთხვევაზე ექნებათ სერიოზული რეაგირება, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას მსგავსი ფაქტების განმეორება, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკას არყევს.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მკვლელობას სათანადო შეფასება მიეცეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და დამნაშავეები დაისაჯონ. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას“, - აცხადებენ პაატა ზაქარეიშვილის უწყებაში.

for.ge-სთან საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა რუსეთთან ურთიერთობას ხელს არ შეუწყობს. ჯერჯერობით უცნობია გახდება თუ არა ოთხოზორიას მკვლელობა აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში განხილული.

„ჯერ ამით შემოვიფარგლოთ რაც თქვა საგარეო უწყებამ და შს სამინისტრომ, ეს ფაქტი რუსეთთან ურთიერთობას ხელს რომ არ შეუწყობს, ფაქტია. ცუდია ეს ყველაფერი. დავით დონდუას განცხადება იყო ძალიან დროული და სწორი. რაც შეეხება კარასინთან შეხვედრისას ამ საკითხის განხილვას, ვნახოთ, ჯერ არ არის დაგეგმილი ზუსტი თარიღი“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ვითარების გართულებაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, თუ არ გასაჯაროვდა ვიდეო ჩანაწერები, ეს იქნება რუსული მხარის თვითლუსტრაცია.

„რუსი სამხედროების ზოგჯერ გონებასუსტობა და ალკოჰოლისკენ სწრაფვა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა იმ საზოგადოებისთვის, რომელთანაც ახლოს არის განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალა. ყველას გვახსოვს სომხეთში მომხდარი ტრაგედია, როდესაც ერთმა გონებაჩლუნგმა რუსმა ჯარისკაცმა ამოხოცა მთელი ოჯახი.

რასაკვირველია, ის, რაც მოხდა ხურჩაში ეს არის უდიდესი ტრაგედია და შფოთვის საფუძველი, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთობლივი გამოძიების სახე მივცეთ ამ ინციდენტს და არავისთვის არის გასაკვირი, რომ შეიძლება რუსი ჯარისკაცი ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ყოფილიყო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.