„ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, თუმცა მას ექნება ყველაფერი დანარჩენი, MAP - ის გარდა“, - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაი, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სწორი მიდგომაა, რომ არ მოხდეს წევრობის სამოქმედო გეგმის გაფეტიშება და ის პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ იქცეს. მისივე თქმით საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად, თუმცა წევრობისთვის რეგიონალური გართულებების გათვალისწინებაც საჭიროა.
„წლიური ეროვნული პროგრამა თითქმის იგივეა, რაც MAP. გასათვალისწინებელია რა რეგიონალური გართულებები შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო MAP-ს მიიღებს და ნატო-ს არ ეცოდინება, თუ როდის შეიძლება საქართველო ამის შემდეგ წევრი გახდეს. ამ საკითხების განხილვა ლეგიტიმურია“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
ნატოს გენერალურ მდივანს კი მტკიცედ სჯერა, რომ ივლისში ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება მოხდება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში მონტენეგროს მიღება ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ალიანსი საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში დახმარებას გაარძელებს.
„ჩვენ გავაგრძლეებთ საქართველოსთან და სხვა ასპირანთ ქვეყნებთან მუშაობას. მტკიცედ მჯერა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ვიმუშავებთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელებისთვის, ინსტიტუტების მშენებლობისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის უნარის გასაძლიერებლად.
არაერთხელ აღვნიშნე ნატო-ს წევრებთან ერთად საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. ჩვენ გავაგრძლელებთ საქართველოსთან მუშაობას, კვლავ დავიცავთ საქართველოს უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, გავაგძელებთ რეფორმებზე მუშაობას და დავეხმარებით საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის ყოფილი დირექტორი დევიდ სმიტი ამბობს, რომ დროა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან წევრობის კონკრეტული თარიღი მიიღოს.
„ნამდვილად დროა, რომ საქართველო ჯერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, ხოლო შემდეგ უკვე ევროკავშირის. ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნამდვილად არის ამერიკისა და ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს ინტერესი. საქართველომ უკვე ყველა რეკომენდაცია შეასრულა. უკვე არის დრო, რომ ნატომ საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. უკვე დროა, კონკრეტული თარიღი, სამოქმედო გეგმა ან გრაფიკი დასახელდეს, თუ როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი“, - განაცხადა დევიდ სმიტმა.
ნატო-ში ამერიკის ელჩი იმ გზავნილზე საუბრობს, რომელსაც საქართველო ალიანსისგან მიიღებს. როგორც დუგლას ლუტემ განაცხადა, საქართველო არის შავი ზღვის აუზის სახელმწიფო და ნატო, აშში, აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყანასთან, რადგან საქართველოს მოაქვს სტაბილურობა რეგიონში.
„ჩვენი სამხედრო მაღალჩინოსნები, აშშ-ის ხელისუფლება ვაფასებთ ასეთი სახის ურთიერთობას საქართველოსთან, რადგან ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ხვალინდელ ან მომდევნო სხდომაზე თავად საქართველოს საკითხი არ განიხილება, თუმცა გზავნილი რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს მომდევნო რამდენიმე დღეში, დემონსტრირებული იქნება პირველ სხდომაზე ხვალ დილით.
თუ იყო ოდესმე რაიმე ეჭვი ნატო-ს გაფართოებასა და ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მსგავსად, ერთ დღესაც გახდნენ ნატო-ს წევრები. ასე რომ, მეათე მუხლი მოქმედებს, კარი ღიაა და ჩვენ ამას ხვალ, მკაფიოდ დავაფიქსირებთ“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით არ აკეთებს განმარტებებს, რომელსაც საქართველო ალიანსისგან მიიღებს. for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველო აკეთებს იმას, რასაც სხვა ასპირანტი ქვეყნები აკეთებენ. შინაარსობრივად, ეს ყველაფერი ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თუმცა, მისივე თქმით, რეფორმების თავალსაზრისით, საქართველო გაცილებით წინ არის, ვიდრე რომელიმე ასპირანტი ქვეყანა.
„ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს ნატოში წევრობის მოსამზადებლად და ეს დაფიქსირებული იქნა მინისტერიალის გადაწყვეტილებაში. ფაქტობრივად, ჩვენთვის MAP იქცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და გაუტოლდა ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ამ რეჟიმში გააგრძელეთ მუშაობა, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა წევრობის მოსამზადებლად და როცა იქნება ადეკვატური დრო, წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. MAP იქნება მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი. ძალიან მტკიცე და მკაფიო გზავნილს ველოდებით ნატო-სგან. ვცდილობთ ეს დრო გამოვიყენოთ იმისათვის, რომ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით პრაგმატულ შედეგებზე გავიდეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს გაწევრიანების საქმოქმედო გეგმა - MAP ჯერჯერობით არ მიუღია, მაგრამ მიიღო უპრეცენდენტო ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ სამშვიდობოებს ამზადებს, არამედ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეხმარება თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებაში.
რაც შეეხება MAP-ის მინიჭების პოლიტიკურ მხარეს, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფებული არ იყო ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან მათაც ჰყავდათ ძალიან სკეპტიკური მოწინააღმდეგეები, მაგრამ უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებით დაუმტკიცეს ნატო-ს მოკავშირეებს, რომ მზად არიან არა მხოლოდ გაწევრიანებისთვის, არამედ მზად არიან განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში.
„პროკურატურისა და შსს-ს რეფორმირების აუცილებლობაზე არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ნატო-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ. თუ ამ მხრივ არ იქნება წინსვლა და არ დავანახებთ ნატო-ს მოკავშირეებს, რომ იმ ღირებულების მატარებელი ვართ, რაზეც დგას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მაშინ, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება უახლოეს დროში ნატო-ში გაწევრიანება.
ახლა ჩვენზეა დამოკიდებული სკეპტიციზმის დამარცხება, MAP-ის მიღებაც და საბოლოო გაწევრიანებაც. ბოლო დროს საუბარი იყო შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო ინტენსიურ შემოსვლაზე და საქართველოს უფრო მაღალი სტატუსით ჩართვაზე ნატო-ს მიერ განხორციელებულ სწავლებებში და წვრთნებში.
ცოტა უმადური საქმეა წინასწარ პროგნოზირება, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური მზაობა, რომელიც დააფიქსირა გენერალურმა მდივანმა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა ექნება ვარშავის სამიტზე. კონრეტულად რაში გამოიხატება ეს წინსვლა, საბოლოო გადაწყვეტილება სამიტზე იქნება მიღებული. ასე რომ, დაველოდოთ სამიტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.