ევროკავშირი დემოკრატიული ვაკუუმის პირისპირ

ევროკავშირი დემოკრატიული ვაკუუმის პირისპირ

უცხოეთის პრესაში კვლავაც აქტუალურია ევროპის მომავლის თემატიკა. ევროპელებს აინტერესებთ, ხომ არ ითვლის ევროპის კავშირი თავის უკანასკნელ დღეებს მიგრანტთა კრიზისის, დასაქმების დაბალი მაჩვენებლისა და ულტრამემარჯვენე პარტიების აღმასვლის ფონზე?

ფინური მედიის ცნობით, დღეს აღარავინ იცავს ევროპის ღირებულებებს.

„ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, საერთო სოლიდარობა - ხომ არ გაქრა ყველა ეს ღირებულება?“ - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე, წერია, რომ პარალელურად იზრდება რასიზმი, ულტრანაციონალიზმი, უმცირესობების უფლებათა დარღვევის შემთხვევები, პრესის თავისუფლების შეზღუდვა. ამ ყველაფრის ფონზე კი შემაშფოთებელია იმის ნახვა, რამდენად სუსტად და ბრმად რეაგირებენ ევროპელი პოლიტიკოსები. ამიტომ ფინურ ლიბერალურ გამოცემას აინტერესებს, ვინ იცავს დღეს ევროპის ღირებულებებსა და მისწრაფებებს?

იკვეთება, რომ ევროპის მომავალი კვლავაც არაერთი სიურპრიზით გაგვაკვირვებს. ევროპელებს აფიქრებთ ის ფაქტი, რომ ისტორიაში პირველად ლონდონის მერად მუსლიმანი აირჩიეს, თუმცა გულს იმით იმშვიდებენ, რომ მუსლიმანი სადიქ ხანის არჩევა სულაც არ არის ევროპაში ისლამის ინტეგრაციის მტკიცებულება. მით უმეტეს, როცა სადიქ ხანი არ გახლავთ ისლამური საზოგადოების ტიპური წარმომადგენელი. საერთო საცხოვრებელში გაზრდილი, ავტობუსის მძღოლისა და ტექსტილის ქარხნის მუშის შვილი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინებას მხარს უჭერს. მისი გამარჯვება კი ლოგიკური შედეგია ლონდონის კოსმოპოლიტურობისა და ბრიტანეთში ბოლო ათწლეულებში მომხდარი სოციალ-კულტურული ცვლილებების.

მართალია, ლონდონის მუსლიმან მერს ჯერ თავი სკანდალებით არ გამოუჩენია, მაგრამ ლონდონის ყოფილმა მერმა - ბორის ჯონსონმა ევროკავშირი ადოლფ ჰიტლერსა და ნაპოლეონ ბონაპარტს შეადარა. მისი განცხადება ხელწამოსაკრავი არ არის იმ ფონზე, როცა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრე ბორის ჯონსონს დევიდ კემერონის შესაძლო შემცვლელად მიიჩნევენ.

ჯონსონის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, მთელი ევროპა ერთიანი ხელისუფლების ქვეშ გააერთიანოს ისევე, როგორც ჰიტლერი და ნაპოლეონი ცდილობდნენ, თუმცა ამისთვის ევროკავშირი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი იქნება, რადგან ევროპის იდეას ლოიალურობა არ ჰყოფნის, არ არსებობს ერთიანი ძალაუფლება, რომელსაც ყველა ერთნაირად გააცნობიერებს და პატივს სცემს. სწორედ ამიტომ ჩნდება ევროკავშირში დემოკრატიული ვაკუუმი.

ვინ იცავს დღეს ევროპულ ღირებულებებს და ხომ არ ითვლის ევროპის კავშირი უკანასკნელ დღეებს?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს აჟიოტაჟი დაკავშირებულია 23 ივნისთან, როდესაც ინგლისში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. თუკი 23 ივნისის შემდეგ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში, მაშინ ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა შემცირდება, ხოლო, თუ გავა, მაშინ საშინელება მოხდება. ზოგადად კი, დღეს ევროპა იმ სტრატეგიულ შეცდომათა შედეგს იმკის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაუშვა, როდესაც ფართოდ გახსნა ყველა კარი მუსლიმანური სამყაროსთვის და ეს პროცესი ჯერ თურქეთიდან დაიწყო.

იმ პერიოდში გერმანიაში ან თუნდაც საფრანგეთში მუშახელის ნაკლებობა იყო, მამაკაცები ფრონტზე დაიღუპნენ, ახალგაზრდა მამაკაცების მთელი თაობა გაწყდა და ჯერ თურქებმა შეავსეს ეს დანაკლისი, შემდეგ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასულმა მუსლიმანებმა. სოსო ცინცაძის თქმით, სტრატეგიული შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ ევროპაში ჩავიდოდა მუსლიმანი და ევროპელი გახდებოდა. ამ იდეამ ისე გაიტაცა დასავლეთი, რომ ვერც კი შეამჩნიეს, როგორ დაიწყო ქრისტიანულ ფესვებზე დაყრდნობილი ტრადიციული ევროპული ფასეულობების (აქ არ იგულისხმება რელიგიური ფანატიზმი, შუასაუკუნეობრივი ინკვიზაცია და აუტოდაფე) გათქვეფა ისლამში და ისლამური პოლიტიზაცია.

„თითქოს არაფერია, მაგრამ ლონდონში პირველად მუსლიმანი, პაკისტანელი მერი აირჩიეს. საჯარო განცხადებებით იგი თითქოს ერთსქესიანთა ქორწინების, დემოკრატიის მომხრეა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ბრიტანულ კონსერვატიზმში (რამაც შექმნა დიდი ბრიტანეთი) ყველაფერი რიგზე უკვე ვერ არის. ევროპის პარლამენტებში ძალზე ბევრი მუსლიმანი აღმოჩნდა, თანაც, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გამუსლიმანებული ქრისტიანები აღმოჩნდნენ. ანუ ისინი ოდესღაც ქრისტიანები იყვნენ და უარი თქვეს თავიანთ მრწამსზე. ასე მოხდა ბელგიის, დანიის პარლამენტებში. შეიძლება, ეს არის იმედგაცრუება. მუსლიმანური რელიგია მაინც შეკრულია, იქ დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორია, იქ ყველა ძმაა. მხოლოდ მუსლიმანურ სამყაროში შემორჩა მიმართვის სიტყვად „აბუ“, რაც ძმას ნიშნავს- აბუ ომარი, აბუ ბაქრი და სხვა... უცნობებიც კი ერთმანეთს მიმართავენ, როგორც ძმას, ეს კასტური სოლიდარობა იზიდავს ევროპელს. გარდა ამისა, ნახეთ, როგორ გამდიდრდა ევროპა და საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიწყო მოდუნება. ევროპელები ფიქრობენ, აღარ არის რუსული საფრთხე, აღარ გვჭირდება სამხედრო ბიუჯეტი, არმია. ევროპის ბევრ ქვეყანაში ჯარში, როგორც სამსახურში, ისე იწვევენ ახალგაზრდებს, დილით მიდიან ყაზარმაში, მთელი დღე სპორტით არიან დაკავებულნი, საღამოს სახლში ბრუნდებიან. მათ რა დისციპლინა უნდა ჰქონდეთ?! ერთი მხრივ, თავი იჩინა ევროპულმა ხელგაშლილობამ და გერმანია 400 მილიარდამდე თანხას ხარჯავს, რომ ისლამისტს ასწავლოს გერმანული, დაასაქმოს, დააბინავოს, მეორე მხრივ, ყველა ვაშინგტონისკენ იყურება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვისთვის კაპიკის გაღება არავის სურს. ვაშინგტონიც იქამდე მივიდა, რომ ტრამპი უკვე ამბობს, კაპიკს აღარ მივცემ თავდაცვისთვის ევროპელებსო. შეცდომების ამ კალეიდოსკოპმა თავისი კვალი დააჩნია ევროპის ტრადიციულ ფასეულობებს. რომის პაპი გამოდის და ამბობს, არ გამოვრიცხავ, ქალიც გახდეს პაპიო“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.

რაც შეეხება ლონდონის ყოფილი მერის ბრალდებებს, თითქოს ევროკავშირი ცდილობს, მთელი ევროპა ერთიანი ხელისუფლების ქვეშ ჰიტლერისა და ნაპოლეონის მსგავსად გააერთიანოს, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ამ ორი დამპყრობლის გეგმა სულ სხვა იყო. მართალია, თავის დროზე ნაპოლეონი ამბობდა, რომ ევროპა ერთი ერი უნდა ყოფილიყო, ერთიანი კანონმდებლობით, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ნებაყოფლობით, ჰიტლერს კი ფაშიზმის ბატონობის გეგმა ჰქონდა. გარდა ამისა, არსებობდა ერთიანი ევროპის სუვერენული სახელმწიფოების შუმანისეული გეგმა ისევე, როგორც დე გოლს ევროპული ევროპა ჰქონდა მხედველობაში, ამერიკისგან დამოუკიდებელი და არავითარი დიქტატის ქვეშ. გარდა ამისა, მარგარეტ ტეტჩერიც ამბობდა, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვმართოს ბრიუსელის ევროჩინოვნიკთა უმცირესობამ, რომლებიც არჩეულებიც კი არ არიან, არამედ დანიშნულები არიანო.

ამის მიუხედავად, სოსო ცინცაძე თვლის, რომ უკანასკნელ დღეებს არ ითვლის ევროპა. უბრალოდ, ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ისლამია. ამ საფრთხის ასაცილებლად აღმოსავლეთ ევროპა უკვე ავანგარდშია, უნგრეთი კეტავს საზღვრებს, კედელს აშენებს, რუმინეთშიც, პოლონეთშიც იგივე პროცესებია.

„ევროსკეპტიკოსები ადრეც იყვნენ, ჩემი სტუდენტობისას. ისინი რუსულ ენაზე თარგმნიდნენ ტექსტებს, თითქოს ევროპის დასასრული ახლოვდებოდა. ამ ტექსტებს სტუდენტებს გვირიგებდნენ. თუმცა ევროპის შინაგანი ძალა მაინც ძლიერია. მთავარია, ახლა ევროპამ გაუძლოს ისლამიზაციის საფრთხეს, ეყოს პოლიტიკური ნება და აღიაროს, რომ ისლამი სხვა სამყაროა, სხვა კულტურა. მერკელი სამი წლის წინ ამბობდა, მულტიკულტურალიზმმა კრახი განიცადაო, დღეს კი მერკელმა ნახევარი ტრილიონი მარკა უნდა გამოყოს, რომ გერმანია ისლამური გახდეს და მთელ ევროპას ეს სენი გადასდოს?! თუ ევროპას რამე დაღუპავს, ეს ისევ ისლამის ფაქტორი იქნება“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროპისკენ წასულმა ლტოლვილთა დიდმა ნაკადმა დასავლეთს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ამას დაემატა ინგლისის სურვილი ევროკავშირის დატოვებისა და დამოუკიდებლობის თაობაზე. საბერძნეთის, ესპანეთისა და იტალიის პრობლემებმაც ბოლო ორი წელია ერთად იჩინა თავი. შესაბამისად, ევროკავშირის არსებობის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდა. თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირის ერთიანი ეკონომიკა ერთ-ერთი ძლიერია ამერიკის შემდეგ. ამდენად, თუკი ევროკავშირი დაიშლება და ეს ურთიერთობები შეწყდება, მაშინ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება ევროპაში.

„ამიტომ არა მგონია, ევროკავშირმა გამოსავალი ვერ მოძებნოს. არც იმას ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ბოლო დღეებს ითვლის. პირიქით, ევროკავშირი უფრო გაძლიერდება. სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან დაშლილი ევროკავშირი ამ ერთიან შეტევას, რომელიც ყველა ქვეყანაზე მოდის, ვერ გაუძლებს, როგორც კონკურენციის, ისე ლტოლვილთა ნაკადის თვალსაზრისით. რაც შეეხება ლონდონის მერად მუსლიმანის არჩევას, არის რაღაც ღირებულებები, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. მით უმეტეს, საქართველოში ჩვენ უფრო ახლო ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ჩვენს სამეზობლო მუსლიმანურ სახელმწიფოებთან. ჩვენ უფრო ტოლერანტულები ვართ განსხვავებული რელიგიების მიმართ. გასაგებია, ეს პრობლემაც იჩენს თავს და გასაგებია ისიც, რომ ამ შეტევას მოჰყვება ნაციონალისტური ელემენტების გაძლიერება, მაგრამ ერთობლიობაში ეს დაძლევადია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე განმარტებით, ცოტა რთულია იმის თქმა, თითქოს ევროპაში დღეს აღარავინ იცავს დასავლურ ღირებულებებს. შესაძლოა, ზედმეტადაც კი იცავენ ამ ღირებულებებს, ამიტომ გართულებული რისკსიტუაციიდან გამომდინარე, რაღაც ბალანსია მოსაძებნი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის.