პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით გაუგებრობა გამოიწვია.
„რესპუბლიკელები თავის ნებაზე რომ მიუშვა, ისინი სულ იქნებიან და იქნებიან დაუმსახურებლად. მათ ეს პრობლემა არ აქვთ და ასე რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არც ღირსების პრობლემები აქვთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით რესპუბლიკელებს ხელისუფლების დაზიანება თავიანთი კარის გაჯახუნებით შეუძლიათ, თავად კი არაფერი დააკლდებათ.
For.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
როგორც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ როდის დატოვებენ რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს. ამის მიუხედავად, მან განაცხადა, რომ შერჩეული ჰყავს შემცვლელი კანდიდატურები. თქვენი აზრით, რაზე უნდა მიანიშნებდეს პრემიერის ეს განცხადება? ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო ადრე ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მას მიღებული?
გია ხუხაშვილი: მე ეს განცხადება არ მომწონს. ჩვენი პრემიერ-მინისტრის მთავარი პრობლემა არის ლიდერის იმიჯის ფორმირება. ის ნამდვილად აკონტროლებს სიტუაციას, რომელიც მისი დღის წესრიგით მიდის და არა ვიღაცის დღის წესრიგით. მან მოახერხა ის, რომ მისდამი კეთილგანწყობა არის ადამიანებში, იქედან გამომდინარე, რომ აქვს ნორმალური კომუნიკაციის უნარი და არ არის კონფლიქტური. შესაბამისად, კვირიკაშვილი ადამიანებს პოზიტიურად განაწყობს, მაგრამ მეორე მხრივ, რას ქვია არ ვიცი როდის წავლენ მინისტრები?
ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი. მათი დღის წესრიგით აპირებს ცხოვრებას? მათ როდის მოეპრიანებათ წავიდნენ - არ წავიდნენ არავინ იცის. ეს არ არის მართვა. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და უცნაური განაცხადება. ასე არ შეიძლება! ის უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს და მისი დღის წესრიგით უნდა ინიშნებოდნენ და თავისუფლდებოდნენ მინისტრები და არა ისე, როგორც ახლა. „არ ვიცი როდის წავლენ, მაგრამ თუ წავლენ, თუ კარგ ფეხზე ადგებიან, ამ შემთხვევაში მე ვიღაცეები მყავს...“-, რა ნათქვამია ეს? არასერიოზული ნათქვამია და არალიდერის ნათქვამია.
თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყვნენ რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელი კანდიდატურები?
- არ მაქვს ამაზე ვერსია. არ მიმაჩნია, რომ ეს გადამწყვეტი ან საინტერესოა იმიტომ, რომ სისტემური გადაწყვეტილებების რესურსი სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულია, მათ შორის საადმინისტრაციო საკითხებში.
თქვენი აზრით, რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობას არჩევნებამდე დატოვებენ?
- რესპუბლიკელები თავის ნებაზე რომ მიუშვა, ისინი სულ იქნებიან და იქნებიან დაუმსახურებლად. მათ ეს პრობლემა არ აქვთ და ასე რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არც ღირსების პრობლემები აქვთ. ასე რომ, ისინი ეცდებიან, კარების გაჯახუნებით, როდესაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ მაშინ, გავიდნენ და რატომ აძლევენ ასეთ ინიციატივებს ჩემთვის გაუგებარია.
ის, რომ პრემიერ მინისტრი გაუშვებს რესპუბლიკელებს მათთვის უფრო წამგებიანი იქნება - ბუნებრივია. თქვენი აზრით, რამდენად მომგებიანია რესპუბლიკელი მინისტრებისთვის თანამდებობის თავად დატოვება?
- რესპუბლიკელებს არაფერი არ უშველით. ისინი აღარავის აინტერესებს საერთოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ამოშლილები არიან ქართული პოლიტიკური სივრციდან. მათ აღარაფერი უშველით, როდის წავლენ და რას იზამენ და როგორ იზამენ, ამას აზრი აღარ აქვს. მე მათ ამომრჩეველს ვერ ვხედავ, სად არის მათი ამომრჩეველი? ქართულ სინამდვილეში მათი ამომრჩეველი არ ჩანს. შესაბამისად, რაც არ უნდა ქნან, სულ თავდაყირა რომ გაიარონ, არაფერი არ ეშველებათ. ერთადერთი შეუძლიათ, რომ ხელისუფლება დააზიანონ თავიანთი კარის გაჯახუნებით, თუმცა თავად ვერაფერს მიიღებენ. რატომ აძლევს ამ ინიციატივას კვირიკაშვილი ხელში მათ, ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია.
პრემიერმა განაცხადა, რომ არიან მინისტრები რომლებიც თავიანთ საქმეს ძალიან კარგად ართმევენ თავს და მაგალითზე მოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
- თავს შევიკავებდი კომენტარისგან. ქუმსიშვილი მეტ-ნაკლებად გასაგებია და ვიცნობთ. ჯანელიძის წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი საერთოდ არასერიოზულად მიმაჩნია. ის საერთოდ არ ჰგავს მინისტრს. შემთხვევით გაუგებრობაში მოყოლილ ახალგაზრდა კაცს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრს. მის წარმატებულად შეფასებაშიც არ ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს.
მაშინ რატომ ფიქრობს პრემიერი ბატონ მიხეილზე ასე?
- ის არის საშუალო რანგის ჩინოვნიკი, კარგი, ახალგაზრდა კაცი. მისთვის მინისტრობა დიდი გაუგებრობაა და ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. ის არც პოლიტიკური ფიგურაა და არც განსაკუთრებული ხედვებით და რესპექტაბელობით არ გამოირჩევა. რაში გამოიხატება მისი წარმატებულობა ჩემთვის გაუგებარია.
თუმცა, მან ასევე თქვა, რომ ისეთი მინისტრებიც არიან რომელთან მუშაობის საჭიროებას ხედავს, როგორ ფიქრობთ ვინ შეიძლება ჰყავდეს პრემიერს მხედველობაში?
- საერთოდ ხელისუფლებას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, როგორც ორგანიზაციული მიმართულებით, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართულებით. პერსონიფიკაციას არ დავიწყებ. პრობლემა არის მასშტაბური და გლობალური. ჩემი აზრით, ამის კონკრეტულ ადამიანებამდე დაყვანა შეცდომა იქნებოდა. თვითონ მენეჯმენტის, მართვის სისტემა საჭიროებს სერიოზულ რეფორმირებას.