საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტების ნაწილი, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სპეციალისტები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს 21 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაფიცვით იმუქრებიან. გამაფრთხილებელი აქცია 83-მა თანამშრომელმა გამართა.
მათივე განცხადებით, დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულებს სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის საჭირო პირობებით, არ არის დაცული საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამუშავებენ მეტს და უხდიან ნაკლებს, ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა მაუწყებლის ბიუჯეტი ყოველწიურად იზრდება და ამ დროის მონაცემებით მაუწყებლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია.
„მაუწყებელში უსამართლობაა, ნეპოტიზმი და სრული განუკითხაობაა. ჩვენ ვითხოვთ შრომის ადეკვატურ ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას. ჩვენ, დღესვე კოლექტიური დავის მედიაციის მოთხოვნით მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს. წერილების ჩაბარებიდან 21 დღეში ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობების შემთხვევაში, საყოველთაო გაფიცვის უფლებას ვიტოვებთ.
მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და სამეურვეო საბჭოს, აზრი არ აქვს ჩვენ დაშინებას, დაშანტაჟებას და მუქარას, ან იმის ძიებას ვინ დგას ჩვენს უკან - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენს უკან ჩვენი მძიმე სოციალური პირობები და ოჯახები დგანან“, - აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები.
მათივე განცხადებით, არაერთხელ მიმართეს საკუთარი პრობლემებით მენეჯმენტს, თუმცა მათგან მხოლოდ გულგრილობა და უპასუხისმგებლობა მიიღეს. როგორც არხის თანამშრომლები აცხადებენ, მათი მიზანი არ არის ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, მათი მიზიანია სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასების აღდგენა.
„ჩვენ ერთი გუნდი ვართ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ჩვენი რიგები ღიაა ყველასთვის, პოლიტიკური პარტიებისა და მათთან ასოცირებული პირების გარდა. ჩვენ ღია ვართ განსაკუთრებით იმ თანამშრომლებისთვის, ვინც გაბედავს და სისტემის მუქარასა და წნეხს არ შეუშინდება“, - აცხადებენ თანამშრომლები.
საინფორმაციო გამაშოვება „მოამბის“ ოპერატორის კახა ჯანაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში 7-8 თვეა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც გაუსაძლისი პირობები აქვთ სამუშაოდ. მისი თქმით, მათი მოთხოვნების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისთვის და სამეურვეო საბჭოსთვის ცნობილი იყო, თუმცა მათ პასუხი მოთხოვნაზე არ გაუციათ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუსაძლისი სამუშაო პირობებია. ორი წელიწადნახევარია პრობლემების მოგვარებას ვითხოვთ, ვიყავით ბორდის ხელმძღვანელთან, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ჩვენს უშუალო ხელმძღვანელთან, გვპირდებოდნენ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პროცესი გაიწელა. რეორგანიზაცია კარგია, მაგრამ ჩვენ ოპერატორები და ის ხალხი, ვინც აქ დგას, ვართ ადამიანები, რომელთა უკან ოჯახები დგას. არც ერთი პრობლემა ამ ორ წელიწადნახევარში არ შეცვლილა“, - აცხადებს ჯანაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად რეორგანიზაციისა, ტელევიზიაში ახალი თანამშრომლებიც მიიღეს და ხელფასებიც მოემატათ.
„არავის ვუპირისპირდები, ვითხოვთ ჩვენს კუთვნილს, რაც გვკუთვნის. თუნდაც აქ მდგომ ერთ ადამიანს რამე დაემუქრება ან ვინმე გათავისუფლდება სამსახურიდან, ყველა დავდგებით მათ გვერდით. ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ანაზღაურებას, სამუშაო გაორმაგდა და გაათმაგდა, მაგრამ თანამშრომლებს ხელფასებს არ აძლევენ. საზოგადოებრივ მაუწყებელში მძიმე სამუშაო პირობები და უსამართლობაა, ყუარდღებას არავინ გვაქცევდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპროტესტო აქციისთვის მიგვემართა კოლეგების მეშვეობით“, - აღნიშნა კახა ჯანაშვილმა.
პირად საუბარში ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ტექნიკური პერსონალისთვის ძალიან მძიმე სამუშაო სიტუაციაა შექმნილი. რაც შეეხება ხელფასებს, ჟურნალისტები ამბობენ, რომ ზოგს წარმოუდგენლად მაღალი ხელფასი აქვს, ზოგს კი ძალიან მცირე და ყველაზე მეტად სწორედ ტექნიკური პერსონალი იჩაგრება.
„რეორგანიზაცია ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს ისე ჩაატარეს, რომ თანამშრომლები საქმის კურსში არ ვიყავით. აღმოჩნდა, რომ ახალი დირექტორები და თანამდებობები დაგვემატა, რომელთაც საკამოდ მაღალი ხელფასი დაუნიშნეს და ამ დროს საქმის გამკეთებელი ხალი საერთოდ დაიჩაგრა. წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთლაიანად ჩავარდა სეზონი.
გასული წლის ზაფხულში გამოაცხადეს კონკურსი და გამოცხადდა კონკურსში გამარჯვებული გადაცემებიც. ახალი სეზონისთვის ვემზადებოთ და ამ დროს, მოულოდნელად, 5 ოქტომბერს, გამოქვეყნდა ახალი სტრუქტურა. საერთოდ, რაში იხდის სახელმწიფო 47 მილიონს, როდესაც არხის რეიტინგი არის 0,4? სხვა ტექნიკური პრობლემებიცაა, რომელიც სხვთა შორის გამოძიების საქმეა“, - აცხადებენ for.ge-სთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.
ოპერატორების, მემონტაჟეების და ჟურნალისტების პროტესტს უკომენტაროდ ტოვებს საზოგადოებრივი არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფება. for.ge-ს სატელეფონო ზარს არ უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის მიმართულების უფროსმა დოდო შონავამ.
for.ge-სთან საუბრისას ახალი ამბების დირექტორი გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ მისთვის გარკვეულწილად ცნობილია თანამშრომელთა მოთხოვნების შესახებ და აქვე ამბობს, რომ შესაძლოა, ზოგიერთ თანამშრომელს სამსახურის დატოვებაც მოუწიოს.
„ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანების პრეტენზიებს. ჩვენ მათთან გვქონდა კომუნიკაცია და არ მესმის რატომ გადაწყვიტეს გარეთ გასვლა. თუმცა, არც ამაში ვხედავ პრობლემას. ორ საკითხზე საუბრობენ, ერთია სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ჩვენ ერთნაირ პირობებში ვმუშაობთ, ერთნაირი სივრცეში ვმუშაობთ, არც ერთ მენეჯერს არ გვაქვს იზოლირებული სივრცე. ეს შენობა საჭიროებს დემონტაჟს და ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი შენობის აშენება ჩვენს სივრცეში, რომელიც მომავალი წლის თებერვალში დასრულდება“, - აცხადებს გიორგი გვიმრაძე.
რაც შეეხება ხელფასების გადახედვას, გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სახელფასო განაკვეთის გადახედვას და კორექტირებას ითვალისწინებს.
„მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ყველა ჩვენი თანამშრომლის კვალიფიკაციის გადახედვას, ახალი პოზიციების შეთავაზებას და მათი კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურების შეთავაზებას. ეს პროცესიც ძალიან მალე დასრულდება, ეს ინფორმაცია მათ მიწოდებული ჰქონდათ. არ ვამბობ, რომ იდეალური მდგომარეობაა. პრობლემები არსებობს და ამ პრობლემების გადაჭრაზე ახლანდელი მენეჯმენტი რომელიც სულ რაღაც 6 თვეა მენეჯმენტშია, მათ შორის - მეც, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ“, - აცხადებს გიორგი გვიმრაძე.