კვიპროსის კონფლიქტი და საქართველო

კვიპროსის კონფლიქტი და საქართველო

როგორ აისახება საქართველოს დროებით დაკარგული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების კუთხით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები?! საუბარია იმ ფაქტზე, რომ კვიპროსის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერები მზად არიან, არსებული პრობლემები წელსვე მოაგვარონ და კუნძული გააერთიანონ.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ბერძნული და თურქული კვიპროსის ლიდერების, ნიკოს ანასტასიადისა და მუსტაფა აკინჯის ერთობლივი განცხადებით, სირთულეები კვლავაც არსებობს, მაგრამ მათი მიზანი იმ მომგებიანი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც ერთიანი კვიპროსის ინტერესებს ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის კონფლიქტი ერთ-ერთ გადაუჭრელ კონფლიქტად რჩებოდა და იგი მსოფლიო არენაზე უნიკალურ მოვლენად მიიჩნეოდა. 1963 წელს კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის ისტორიულად არსებული წინააღმდეგობის საფუძველზე 11-წლიანი დაპირისპირება დაიწყო, რაც კვიპროსის გაყოფითა და ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დასრულდა.

თურქებსა და ბერძნებს სახელმწიფოს ორად გაყოფა არ აკმარეს და ანკარამ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. თუმცა ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას თურქეთის გარდა დღემდე არც ერთი სახელმწიფო არ ცნობდა. პრობლემას ამწვავებდა ისიც, რომ ბოლო 20 წლის განმავალობაში თურქეთს კუნძულზე ჯარი ჰყავდა ჩაყენებული.

მართალია, ოფიციალურად კონფლიქტის სუბიექტებად ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული სახელმწიფო მიიჩნეოდა, მაგრამ რეალურად პოლიტიკურ კლიმატს აქ უფრო ირიბი მონაწილეები, ანუ თურქეთი და საბერძნეთი ქმნიდნენ.

რას ნიშნავს კვიპროსის პრეცედენტი საქართველოსთვის?! მით უფრო, იმ ფონზე, როცა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით კვიპროსის მაგალითის გაზიარებას ცალკეული პირები პერიოდულად ურჩევდნენ ხოლმე საქართველოს?!

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძ For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კვიპროსის რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერების გადაწყვეტილება კუნძულის გაერთიანების თაობაზე მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუკი ეს პრეცედენტი საქართველოზეც აისახება, რადგან ჩვენ მაინც ამ გზით უნდა ვიაროთ, თუკი გვინდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვაგვარად, ძალიან გაჭირდება პრობლემის მოგვარება და კვიპროსი კიდევ ერთი არგუმენტია იმ იდეის სასარგებლოდ, რომელიც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით გულისხმობს. საუბარია ეკონომიკური და სოციალური პირობების მკვეთრად გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენ მიმზიდველს გაგვხდის იმ ხალხის თვალში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაყოფილი საზღვრების იქით ცხოვრობენ.

„თავის დროზე კვიპროსი ბერძნულ და თურქულ ნაწილებად გაიყო. იმ პერიოდში თურქეთმა მოახდინა მისი ანექსია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბერძნული კვიპროსი იყო ღია ქვეყანა, ევროკავშირის წევრი, ისევე, როგორც საბერძნეთი. შესაბამისად, კვიპროსის ბერძნულ ნაწილში ძალიან სწრაფად განვითარდა ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა. როგორც ამბობენ, დღეს უკვე კატასტროფული სხვაობაა თურქულ კვიპროსსა და ბერძნულ კვიპროსს შორის. ამიტომ თუ ადრე ერთიანი სივრციდან გამოყოფის ინიციატივით უფრო თურქული მოსახლეობა გამოდიოდა, დღეს ეს განწყობები შეიცვალა. იმის თქმა მინდა, რომ რამდენიმე პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში, როდესაც სოციალურმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა ბუნებრივად განაპირობა გაყოფილი ქვეყნების გაერთიანებების საკითხი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გერმანია. ახლა ასეთივე აღმოჩნდა კვიპროსის თემატიკაც. თუკი, დავუშვათ, გერმანიის მაგალითზე პრობლემური არ იყო ერთი და იმავე ეთნოსის გაერთიანება, რომელსაც დიდი წარსული და კულტურა აკავშირებდა ერთმანერთთან, კვიპროსთნ დაკავშირებით გაყოფა მაინც რელიგიურ ნიადაგზე მოხდა, რაც გასათვალისწინებელია თუნდაც იმავე კოსოვოსა და იუგოსლავიის მაგალითზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, კვიპროსისგან განსხვავებით, რუსების მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე რელიგიური პრობლემები ნაკლებადაა.

პოლიტოლოგი თვლის, რომ კვიპროსის კუნძულის გაერთიანება სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ჩვენც ამ პრობლემას გადავწყვეტთ, მაგრამ ამით უფრო ნათლად გამოჩნდება გზა, საითაც უნდა წავიდეთ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც სამხრეთ კვიპროსის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გაწევრიანდა და ამ ერთი ციცქნა კვიპროსმა 2 მილიარდი ევრო ბონუსად უცბად მიიღო, ჩრდილოეთში მცხოვრებმა დამშეულმა თურქებმაც მოინდომეს გაერთიანება იმ იმედით, ჩვენც ამდენ ფულს მივიღებთო, მაგრამ ეს გეგმა თურქეთმა ჩაშალა. დღესაც კვიპროსზე თურქების 30-ათასიანი არმია დგას და ჩრდილოეთ კვიპროსის ე.წ. რესპუბლიკა თურქეთის გარდა არავის უცვნია. ამიტომ გაერთიანების შანსი ჯერჯერობით ნაკლებია და ჩვენთვის გადმოსაღები მაგალითიც არაფერია.

„კვიპროსში სრულიად სხვა პრობლემებია. თუკი გაყოფილი კვიპროსის მაგალითს გავიზიარებთ, რომლის ერთ ნაწილშიც დამპყრობელი ოსმალების შთამომავალი მუსლიმანები ცხოვრობენ, ხოლო მეორე ნაწილში - ბერძნების შთამომავალი ქრისტიანები, მაშინ ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის არავითარი ნათესაური კავშირი არ არის. იქ შერეული ქორწინებები, ალბათ, ეგზოტიკური გამონაკლისი იყო, ჩვენთან კი აფხაზებსა და ოსებთან შერეული ქორწინებები არსებობდა. სხვათა შორის, დიდი ხანია, კვიპროსის გაერთიანებას ცდილობენ. ერთ დროს კვიპროსის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი და თურქეთის პრეზიდენტი ერთ სკოლაშიც სწავლობდნენ, ბავშვობიდანაც მეგობრობდნენ, ამიტომაც მაშინაც დაიწყეს ეს ამბავი, მაგრამ ანკარამ იმთავითვე დაბლოკა ეს საკითხი, რადგან ერთ მხარეს იდგა საბერძნეთი, მეორე მხარეს -თურქეთი და რეალურად კვიპროსის პრობლემა საბერძნეთსა და თურქეთს შორის დავის შედეგი იყო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და ანკარის პოზიციაც განმარტა, რომელსაც კვიპროსის გაერთიანება სულაც არ აწყობს, რადგან იქ თავისი პლაცდარმი აქვს მოწყობილი.