„ღმერთმა დაგვიფაროს, დასავლური სექსუალური რევოლუციის გზა გავიაროთ, რადგან დასავლეთში ეს გზა დრამატული იყო“

„ღმერთმა დაგვიფაროს, დასავლური სექსუალური რევოლუციის გზა გავიაროთ, რადგან დასავლეთში ეს გზა დრამატული იყო“

17 მაისს უწმინდესის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა საქართველოში. სპეციალურად ამ დღისთვის აწყურის ღვთისმშობლის ხატი თბილისში მცხეთიდან მსვლელობით შემოაბრძანეს და ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს.

მართალია, ლგბტ საზოგადოება, უფრო ზუსტად კი, მათი მხარდამჭერები შეეცადნენ ამ დღისთვის თავიანთი კვალი დაემჩნიათ და ამიტომაც საპატრიარქოს კედლები თუ სხვა შენობები ცისარტყელის ფერებით შეღებეს, მაგრამ მათი პროვოკაციის მიუხედავად, ამერიკელები, ევროპელები და აზიელები შეუერთდნენ პატრიარქის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს და ქართველ მორწმუნეებთან ერთად განვლეს რუსთაველის გამზირი იმის დასტურად, რომ ევროპული ღირებულება ლგბტ-ეობა სულაც არ არის.

უფრო მეტიც, მთელი მსოფლიოდან 200-ზე მეტი სტუმარი შეუერთდა საქართველოში ოჯახური კულტურის მხარდამჭერ აქციას.

თვით ის ფაქტი, რომ ოდესღაც ტრადიციებით განთქმულ საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება აუცილებელი გახდა, ნიშნავს იმას, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენთან რაღაც შეიცვალა, ხოლო გრანტების ხათრით ნაძალადევად თავს მოხვეული „ღირებულებები“ მხოლოდ ვიწრო კასტისთვის იქცა სალაპარაკო თემად.

დღესდღეობით საქართველოში ლგბტ-ეობა ზოგისთვის მოდური ტენდენციაა, ზოგისთვის გრანტების მიღების წყარო, ზოგისთვის განსხვავებულობის დემონსტრირება და მხოლოდ მცირე იატაკქვეშა ნაწილია ამ საზოგადოების რეალური მიმდევარი, თუმცა საქართველო დღეს გადის იმ გზას, რაც დასავლეთმა ორგზის განვლო და ორჯერვე უარყო ოჯახის სიწმინდის სასარგებლოდ.

პირველად ე.წ. სექსუალური რევოლუცია დასავლეთში 1870-1910 წლებში მოხდა, როცა ვიქტორიანულმა მკაცრი მორალის საზოგადოებამ გავლენა დაკარგა, ხოლო მეორე რევოლუციამ დასავლეთი 1960-80 წლებში მოიცვა და ეს რევოლუცია, რომელსაც სხვანაირად სექსუალურ ლიბერალიზაციად მოიხსენიებენ, მორალური პრინციპების შეცვლას ქადაგებდა. აბორტის ლეგალიზება, სახალხო სიშიშვლის დაგმობა, ჰომოსექსუალური და სხვა კავშირების დაკანონება იმ დროის დაკვეთა იყო. შესაბამისად, მრავალ ქვეყანაში განქორწინება გამარტივდა.

ამ მხრივ დასავლურ საზოგადოებაზე თავისი გავლენა მოახდინა 70-80-იან წლებში გამომავალმა მიწისქვეშა გაზეთმა „ორაკულმა“, თავისი პორნოგრაფიული სურათებით.

არც ფროიდის წვლილი აღმოჩდა ნაკლები სექსუალურ რევოლუციაში. იმდროინდელი ვიქტორიანული საზოგადოება უარყოფდა ფროიდის მიერ ბავშვთა სექსუალობის აღწერასა და მის თეორიას, რომლის თანახმადაც, ადამიანის ქცევა ქვეცნობიერი სურვილებით იმართებოდა და მთავარ ძალად ლიბიდო (სექსუალური ლტოლვა) მიიჩნეოდა.

რატომ მოხდა ოჯახური ღირებულებების დევალვაცია საქართველოში და ქართველი კაცისთვის ბუნებრივი ოჯახური სიწმინდე რატომ ჩაანაცვლა ფსევდო ღირებულებებმა?

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახის სრულფასოვან შენარჩუნებას ყოველთვის სჭირდება ბრძოლა ისევე, როგორც ყველაფრის შენარჩუნებას ბრძოლა სჭირდება და პასიურად არაფერი მიიღწევა. ამდენად, მისასალმებელია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობის, გინდ მომავალი თაობის ცნობიერებაში გაამყარებს ოჯახურ ფუნდამენტს. ამ კონტექსტით 17 მაისს უწმინდესის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ოჯახური ურთიერთობის დევალვაცია მრავალასპექტიანი თემაა და კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ოჯახს ერთნაირი სახე არ ჰქონია, ის ხან უფრო გამკაცრების, ხანაც შერბილების მიმართულებით ვითარდებოდა (დაახლოებით საუბარია პატრიარქატსა და მატრიარქატზე). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ოჯახის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის მიმართ დამოკიდებულება ერთნაირი არ არის.

„ღმერთმა დაგვიფაროს, დასავლური სექსუალური რევოლუციის გზა გავიაროთ, რადგან დასავლეთში ეს გზა უფრო დრამატული იყო, იქ ბევრი ადამიანის უბედურების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ოჯახი შესანარჩუნებელია. ჩვენ შეიძლება ეს პრობლემა უფრო მარტივად გადავჭრათ, რადგან ჩვენს ოჯახებს ჯერჯერობით არ განუცდიათ ის რღვევა, რაც დასავლეთში განიცადეს. დასავლურ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ და არ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რაც დასავლეთში მოხდა, ალბათ, ყველაფერი წესრიგში იქნება. სიმართლე გითხრათ, დიდი შიში არც მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ოჯახის დევალვაციისკენ წაიყვანს პროცესებს. ჩვენი ხალხი, საბედნიეროდ, არ ავლენს ამის ტენდენციას. ქართულ საზოგადოებას უყვარს ოჯახი, თითოეულ ადამიანს ეამაყება საკუთარი ოჯახის არსებობა. ამ მხრივ ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, თუმცა ბრძოლა, შეხსენება, გამყარება ყველაფერს სჭირდება, რადგან უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. თუკი უყურადღებოდ დაგვრჩება ოჯახის ინსტიტუტი, არ არის გამორიცხული, იქაც ეშმაკმა შეაღწიოს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ და განმარტა, რომ ქედს იხრის ქართული ღირებულებების წინაშე, თუმცა მიაჩნია, რომ ზოგიერთი რამ მაინც არასწორია.

კერძოდ, ოჯახში დაშვებულ შეცდომებს ბავშვი ეწირება, ან კიდევ, ამა თუ იმ ოჯახში რომელიღაც ქალი იჩაგრება, შეიძლება, სექსთან დაკავშირებითაც ქართულ ტრადიციებს ბევრი ხარვეზი ჰქონდეს, მაგრამ ხარვეზის ავტორი არასოდეს არ არის ერთი მხარე. ამ ტიპის ხარვეზები ყოველთვის მთელი საზოგადოების პროდუქტია. ამდენად, მხოლოდ მამაკაცს ან მანდილოსანს ვერ დავაბრალებთ ოჯახური ღირებულებების დევალვაციას.

ამდენად, რამაზ საყვარელიძის აზრით, ნელ-ნელა უნდა შევარჩიოთ ტრადიციების ის სინთეზი, რომელიც არც ადამიანებს შეუქმნის პრობლემას, არც სხვა სამყაროსთან ურთიერთობას გაგვირთულებს. ამგვარი ამოცანა ცალკეულ ქვეყნებს დაუსახავთ კიდეც. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ სრულიად შეგნებულად გადააფასა თავისი ტრადიციები და, რაც აუცილებელი იყო, ის დატოვა, რაც ხელს უშლიდა, ჩამოიშორა. ამის შედეგად, დღევანდელი იაპონია ტრადიციულობისა და თანამედროვეობის ძალიან კარგი სინთეზია.

ფსიქოლოგის თქმით, შიდა ოჯახური ურთიერთობების დემოკრატიზაცია თანამედროვე ცივილიზაციის ნიშანია და ქართული ოჯახიც ამ მიმართულებით განვითარებას საჭიროებს.

„საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” აღმასრულებელი დირექტორი მარინა კურატაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიო პროცესებისგან იზოლირებული ვერ იქნება, ნებისმიერი ტრადიცია ყოველთვის იცვლებოდა და მომავალშიც შეიცვლება, ამ ქვეყნად მარადიული არაფერია და სხვა ხალხის ურთიერთზეგავლენას განვიცდით, ანუ ჩვენც ვახდენთ ზეგავლენას მსოფლიოზე და ისინიც ახდენენ ჩვენზე ზეგავლენას. ასე რომ, ამ დინამიურ პროცესში უარყოფითიც შემოდის და დადებითიც.

„უარყოფითი როცა შემოდის, ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ისე მაგრები, რომ ყველაფრისგან დავიცვათ ჩვენი ოჯახები, რაღაცები მაინც შეიცვლება. ამიტომ დროის გასვლის შემდეგ სხვა პერსპექტივიდან უნდა შევაფასოთ, ცვლილება რამდენად სასარგებლო ან მავნე იყო. ოდესღაც ქალი აბსოლუტურად უუფლებო იყო, რაც დღევანდელი გადასახედიდან არასწორია, თუმცა შესაძლოა, იმ პერიოდში ეს რაღაცას ნიშნავდა, შეიძლება, ეს იყო ოჯახის გაფრთხილება მამაკაცის მხრიდან. მთავარია, ჩვენს ოჯახებში სწორად გაგებული თანასწორობა არ დაიკარგოს. მორწმუნე ადამიანი ვარ და ვიცი, რასაც ითხოვს რელიგია ქალისგან. ის შეხედულება, რომ „მამაკაცი არის ოჯახის თავი და ქალი მას უნდა ემორჩილებოდეს“ მაშინ არის სწორი, როცა მამაკაცი თავის სიმაღლეზეა, როცა მამაკაცი განათლებულია და მის მიმართ პატივისცემა და ოჯახის მხრიდან მისი აღიარება ხდება არა იძულების წესით, არამედ - თავისთავად.

როცა ვიღაც შენზე მეტია, შენზე მეტი იცის, სწორად გექცევა, ბუნებრივად, გებადება მის მიმართ პატივისცემის (და არა - მორჩილების) გრძნობა. ხოლო, როცა ჩვენი მამაკაცების ნაწილმა დაკარგა ყველა ეს ფუნქცია და ცხოვრობს ქალის მიერ გამოგზავნილი ფულის ხარჯზე, თანაც, ამ ფულით საყვარლებს იჩენს, მაშინ რატომ უნდა ითვლებოდეს ის ოჯახის თავად? მან ხომ თავად დაკარგა ის, რასაც რელიგია მას სთხოვდა?! ის რომ ისეთი იყოს, როგორც მოეთხოვება, აღარ დასჭირდება იმას შეხსენება, ქალო, დაემორჩილე მამაკაცს. ბიბლიაში დაწერილს რატომღაც ყველანი საკუთარ თავზე ვირგებთ. მამაკაციც საკუთარ თავზე ირგებს, ხანდახან ქალიც ზედმეტს ითხოვს. ოჯახის სიწმინდე რამ დაარღვია? ცოტა ღრმად ჩავიდეთ ამ საკითხში. არის კი დღეს მამაკაცთა ნაწილი ის, რაც უნდა იყოს? სამწუხაროა, რომ ძირითადად ფუნქციების აღრევა მოხდა“,-აღნიშნა მარინა კურატაშვილმა.

მისივე თქმით, მამაკაცის კულტი მთელ მსოფლიოში ოდითგანვე არსებობდა, ასევე იყო მუსლიმანურ ქვეყნებშიც. საქართველოშიც ვაჟიშვილი გვარის გამგრძელებლად ითვლებოდა და მას უფრთხილდებოდნენ. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, დღეს კი მასთან სამკურნალოდ მისულ 25 წლამდე ახალგაზრდებს ნევროზული, ქცევითი პრობლემები ახასიათებთ, მათ ქცევაშია დარღვევები და ამ საკითხს რომ უღმავდება, აღმოაჩენს, რომ ოჯახური ურთიერთობებია დასაწყობი. კერძოდ, რა მაგალითს აძლევს ოჯახი შვილს, როგორ ურთიერთობს მასთან?

მაგალითად, ახალგაზრდა გოგონასგან ოჯახი კდემამოსილებას, წესიერებას მოითხოვს, გოგონამ ურთიერთობა არ უნდა გააბას იმ თანატოლებთან, რომლებიც მშობელს არ მოსწონს, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვდეს და უნდა გაჰყვეს ეკლესიურ, ოჯახის მოყვარულ ადამიანს, რაც ცხადია, ძალიან რთულია, რადგან 24 წლის ასაკში ვერ გაიგებ, როგორი ადამიანი შეგხვდება. ამის საპირისპიროდ, 18 წლის გოგონას სულ სხვა სურვილები აქვს, მას სურს, მოსწონდეთ, უყვარდეთ და მშობლის დირექტივები არ სჭირდება. მართალია, მშობელს მის მიმართ ფრთხილი კონტროლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა- დირექტივა, ხოლო, თუ მამა „ქალებში გულაობს“ და ასეთ მაგალითს აძლევს შვილს, ცხადია, მშობლის სიტყვას ძალა ეკარგება.

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადამიანს რაც უნდა უკიჟინო ტრიბუნიდან, წესიერად მოიქეციო, თუ არ დაანახვებ წესიერ საქციელს, ის ვერ სწავლობს. პირიქით, ადამიანი სწავლობს საქციელის მიბაძვით და, რაც გინდა ელაპარაკე, ძალიან მცირე პროცენტია სიტყვების ზემოქმედება. ამიტომაც საქციელის დონეზე უნდა გასწორდეს ოჯახური ურთიერთობები.