ქართულ მედიაში ამ პათოსის პუბლიკაცია გაჩნდა-„ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ სამშობლოში!“
ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი ამბობს, რომ ასეთი იმედგაცრუება, რაც სამშობლოში მის დაბრუნებას მოჰყვა, არასდროს ჰქონია.
მისი თქმით, ჯერ კიდევ 1944 წელს „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ დადგინდა, რომ „შრომა არ არის საგანი“. ეს არის ადამიანის ღირსების საგანი, სადაც მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი თავი, მიიღოს სიამოვნება და არ იმუშაოს მხოლოდ გადარჩენისთვის. მას შემდეგ 72 წელი გავიდა, თუმცა ჩვენი მთავრობის წევრებმა არ იციან, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანს მხოლოდ ლუკმა-პურის საშოვნელად არ სჭირდება შრომა. ყოველ მეორე დანამატყლაპია მინისტრს პირზე აკერია, ყველაფრის გამო ხელს არ უნდა იშვერდეთ ხელისუფლებისკენო...
შესაბამისად, ქვეყნიდან ათასობით გაქცეული მოქალაქე შედეგია იმ მცდარი პოლიტიკის, რასაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ჩვენი მთავრობები. ემიგრანტებიც კარგად ხედავენ, როგორ არის მოწყობილი ე.წ. განვითარებული ქვეყნები, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ხალხის ბედი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ჟურნალისტის თქმით, უცხოეთის პრესტიჟულ სახელმწიფო ოფისებში მუშაობისა და გამოცდილების მიღების შემდეგ მან საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაბრუნდა. შედეგად, „7 თვეა მშია, უდიდესი უფსკრული აღმოჩნდა ჩემსა და ჩემს ქვეყანას შორის, რომელიც ბოლომდე სწირავს საკუთარ მოქალაქეებს“.
მისთვის მაღაზიაში ასისტენტად და დამლაგებლადაც არ აღმოჩნდა ადგილი და მისი განცხადების საპასუხოდ ან სრული იგნორი იყო, ან პირდაპირ ეუბნებოდნენ, ნაცნობი გჭირდებაო.
ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების თემას ამ ორიოდე დღის წინ ლონდონში ვიზიტად მყოფი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც შეეხო. ოღონდ მან საკმაოდ რეალისტურად მიმართა იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორას: „საქართველო ყოველთვის გელოდებათ, თუმცა მე ვერ გეტყვით, რამდენად სწორი იქნებოდა, ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს სამშობლოში“.
რატომ ვერ აქტიურობენ ჩვენი მდიდარი ემიგრანტები ისე, როგორც სხვა ქვეყნების დიასპორების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ეხმარებიან? ხომ არ იგვიანებს მათი მხრიდან ინვესტიციები და როდის დადგება ის დრო, როცა ემიგრანტები იმედგაცრუების გარეშე შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას?
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ემიგრანტების ორი კატეგორია არსებობს. შრომითი ემიგრანტები და შეძლებული ემიგრანტები. პირველი მათგანი სასიცოცხლო პირობებისა და საქართველოში დარჩენილი ოჯახების დასაკმაყოფილებლად წვალობს. მათ მიერ გადმორიცხული თანხებით მყარდება ლარი და ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებული ადამიანები ნაკლებად სთხოვენ სახელმწიფოს პასუხს, რაც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია. თუმცა აქ მეორე მხარეა სახელმწიფოს მორალური პასუხისმგებლობა, ანუ რამდენად შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებულნი ემიგრანტების ხარჯზე და რა პირობებს შევუქმნით მათ აქ ჩამოსასვლელად?!
„რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნება, ყველა ემიგრანტს ვუთხრათ, აქ ჩამოდით, აქ ია-ვარდით მოფენილი გზააო. დასაქმება ადგილზე მყოფთათვის არ არის, კონკურენციაა ყველაფერი და რომელიმე ევროპული ბანკის ფინანსური მენეჯერი თუ ჩამოვა საქართველოში (რაც ნაკლებ სავარაუდოა) და კონკურენციაში შევა ადგილობრივთან, ცხადია, მის კუთვნილ ადგილს დაიკავებს. ამიტომ დასაქმებულთა ისედაც მწირი რაოდენობა არ შეიცვლება, თუკი უცხოეთიდან ჩამოსული დაიკავებს აქ გათავისუფლებულის ადგილს.
პროცესმა უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს. თუმცა ადამიანს ვერ ვეტყვით, არ დაბრუნდეს სამშობლოში. ემიგრანტების ადგილი საქართველოში ყოველთვისაა. შესაბამისად, პრაგმატულია გიორგი კვირიკაშვილის მიდგომა, კი ბატონო, დაბრუნდით სამშობლოში, თქვენი ქვეყანა ხელს არ გკრავთ, მაგრამ შემდგომში შემოსავალი მოაკლდება იმ ადამიანს, ვისაც დღესაც ემიგრანტები არჩენენ. მაშინ მათ რა პასუხი უნდა გავცეთ? ისევ სოციალური დახმარებები გაიზარდოს?
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში შიმშილით იხოცებიან, მაგრამ არც ისე აწყობილია ცხოვრება. ვერც იმას მოვუწოდებთ ემიგრანტებს, აწყობილი ბიზნესი აქ გადმოიტანონ. ჯერ არ ვართ ამ მდგომარეობამდე. ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში მომვლელებად და მძიმე სამუშაოებზე მუშაობენ, მასშტაბურად ვერ დაეხმარებიან ჩვენს ქვეყანას, თუმცა ჩვენი ემიგრანტების გონებრივი ინვესტიციების გამოყენება შესაძლებელია“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
ამასთან, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ შეძლებული ქართველი ემიგრანტების ნაკლებ აქტიურობას იმით ხსნის, რომ ქართველებმა დიასპორები მაინცდამაინც ვერ შექმნეს, უცხოეთში გათითოკაცებულნი არიან, რადგან ქართული ემიგრაცია დაახლოებით ერთსაუკუნოვანია. ამიტომ ემიგრანტებთან ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს, ჩვენმა სახელმწიფომ მათ პირობები უნდა შეუქმნას ბიზნესის დაწყების მხრივ, საკანონმდებლო ბაზა უნდა დაახვედოს, თორემ მათ დაბრუნებას მხოლოდ ფიზიკური დაბრუნების აზრი ექნება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ემოციური მოწოდებები საქართველოში დაბრუნების შესახებ სერიოზული არ არის, რადგან ათასობით ემიგრანტის დაბრუნება დღეს გამოიწვევს იმას, რომ არსებული პირობებით ქვეყანაში სამუშაოს 5%-საც კი ვერ იპოვნიან. ხოლო ის შეძლებული ადამიანები, რომლებმაც საზღვარგარეთ ფული დააბანდეს, საქართველოში ბიზნესს ვერ დაიწყებენ არახელსაყრელი პირობების გამო.
„როდესაც ჩვენ ვამზადებდით კონცეფციას ემიგრანტთა შესახებ, ეს კონცეფცია კომპლექსურად მოიაზრებოდა. პირადად მისაუბრია იმ ხალხთან, ვინც საქართველოში ბიზნესის განვითარება დააპირა, საფრანგეთიდან დიდი ინვესტიცია განახორციელა, ტექნიკა ჩამოიტანა, მაგრამ მალე დახურა ყველაფერი და არსებული პირობების გამო დიდი ზარალით წავიდა უკან. ემიგრანტებს ძალიან სერიოზული ფულის ჩადება შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არსებული პირობები და კანონმდებლობა მათ არანაირ პერპექტივას არ უტოვებს, რომ ჩადებული ფული არ დაიკარგება.
ქართველების მიერ არსებული ბიზნესების საერთო კაპიტალიზაცია 80 მილიარდ დოლარამდეა საზღვარგარეთ, ამიტომ მათ 2-3-4-5 მილიარდის ჩადება ძალიან მოკლე პერიოდში შეუძლიათ, თუმცა შესაბამისი პირობების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ არის. მაშინ, როცა ხელისუფლების გარეშე სერიოზული ბიზნესის კეთება ქვეყანაში შეუძლებელია და ყველაფერი დამოკიდებულია მაღალი დონის მხარდაჭერაზე, თავისუფალი ბიზნესი ვერ განვითარდება. თორემ დინამიურ რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს საქმიანი ადამიანი და მისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, საქართველოში იცხოვრებს თუ საზღვარგარეთ. საქმიანი ადამიანები ცხოვრობენ ხან აქ, ხან იქ, მაგრამ მათი ფუძე ყოველთვის საკუთარი ქვეყანაა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომლის აზრითაც, ემიგრანტები ძალზე ფასეული რესურსია, რომელთაც თავიანთი ნიშა იპოვეს ქვეყნის გარეთ, თუმცა მათთვის საკუთარი ქვეყანა დღეს დახურულია და ათი ათასობით ადამიანური რესურსი აუთვისებელია.