18 თვიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსმალართლე ბესიკ ბუგიანიშვილს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც 50 სასამართლო პროცესი გაიმართა, დაიკითხა ბრალდების 67 და დაცვის 10 მოწმე, ასევე, თავად ბრალდებულები. მოსამართლის გადაწყვეტილებით ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინსნები - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი, რომელთაც გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა, სხდომათა დარბაზში დააკვეს.
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადება დახურულ კარს მიღმა მოუწია, ვინაიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, გიზო ღლონტის განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში ხმაური ატყდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულთა ახლობლები, ხმაურით, შეძახილებით და სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ იყვნენ განთავისუფლებული.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით სასამართლომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს „სილქნეტის“ სასარგებლოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი, რომლის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა და გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა.
„სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლებმა წარვადგინეთ ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შემდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა. მეორე მხრივ, დაცვის მხარის არგუმენტები და მტკიცებულებები ძირითად შემთხვევაში, არ იყო საქმესთან შემხებლობაში და იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა. პროკურატურას არა მხოლოდ ბოლო ეტაპზე, არამედ მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოში წარვადგინეთ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის იმედი ჰქონდა. სხვა შემთხვევაში სასამართლოში არ წავიღებდით საქმეს“, - აღნიშნა ნინო აღლემაშვილმა.
გადაწყვეტილებას ნონსენსს უწოდებს და განაჩენის გასაჩივრდებას გეგმავს ბრალდებულების ადვოკატი ლევან სამუშია, რომლის განცხადებით, დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ არსებობდა და ეს მხოლოდ უზენაესი ხელისუფალის სურვილია.
„სამოტივაციო ნაწილში მოსამართლე ერთადერთს თუ დაწერს - მიბრძანეს და ეს გავაკეთე, თორემ სამართლებრივად ნონსენსი მოხდა დღეს. საქმე არ არსებობს. ბუნებრივია გასაჩივრდება და გასაჩივრდება ბესიკ „მურუსიძის“ განაჩენი ლევან მურუსიძესთან“, - აცხადებს ლევან სამუშია, რომლის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის არსებობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
კაბელების საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს უჩა ნანუაშვილი, რომლის განცხადებით, საქმეზე გამოტანილ განაჩენს სახალხო დამცველი შეისწავლის.
„ჩვენ ასევე ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იგულისხმება გრიფის დადება საქმეზე, რამაც ადვოკატებს შეუზღუდა წვდომა მასალებზე. ჩვენ შევისწავლით განაჩენს და იმას, თუ რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე ცალკეული კითხვის ნიშნები თავიდანვე იყო“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და საპროტესტო აქციებს იწყებენ. პირველი მასშტაბური აქცია შაბათს გაიმართება. აქციაში მონაწილეობას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მიიღებენ. აქცია თბილისში პროკურატურის შენობასთან გაიმართება, რის შემდეგაც იგეგმება მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან.
პარტიაში თვლიან, რომ საქმე პოლიტიზირებულია, განაჩენი კი უსამართლო და ამას მთავარი პროკურორის განცხადებაც ადასტურებს, როდესაც მან რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ამ რეჟიმის დასრულების დასაწყისი. მისივე თქმით, ცნობილია, რომ სასამართლოს კონტროლი მიმდინარეობს, თუმცა არ ელოდა, თუ მოსამართლეს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ.
„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და საქართველოს დიდი ნაწილისთვისაც, დარწმუნებული ვარ, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ასეთ უმასამართლობას მოსამართლისგან არავინ ელოდა. ვიცით, რომ ივანიშვილ-კვირიკაშვილის მთავრობაში სასამართლოს და პროკურატურის კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას თუ აიძულებდნენ მოსამართლეს, არ ველოდით.
ვპირდები ივანიშვილს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რაც მის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს. სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ, რომ ეს ბიჭები დავიხსნა ტყვეობიდან. საზოგადოების და პარტიის საქმედ ვაქცევ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკის შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმესთან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება, არასწორია. მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე ხშირ შემთხვევაში ემოციები, უფრო მეტია, ვიდრე განსჯა.
„ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაოდ დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით. მე ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი არსებობს სასამართლო სისტემა და გასაჩივრება შესაძლებელია. პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის საკითხი - მოდაშია ეს თემა. ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს მიაწერენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაესს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. ხმალაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რომელსაც საზოგადოება სამართლიან გადაწყვეტილებად აღიქვამს.
„ერთმნიშვნელოვნად, დღევანდელი მდგომარეობა ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რომ ითქვას, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და შეესაბამება კანონს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.