გოგი ჩაგელიშვილი: „როცა ვამბობ, რომ მეცნიერებათა აკადემიაში ავადმყოფობაა...“

გოგი ჩაგელიშვილი: „როცა ვამბობ, რომ მეცნიერებათა აკადემიაში ავადმყოფობაა...“

„შეთქმულება მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ“, „დესანტი, მოსყიდული და დემაგოგი“ მეცნიერები, - სწორედ ამ სიტყვებით ამკობდნენ ერთმანეთს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები ამ ორიოდე დღის წინ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე. სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოჰყვა და დაპირისპირება მხოლოდ მეცნიერებათა აკადემიის შიდა ძალებით არ ამოწურულა. საქმეში უცხო პირებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც თავი საზოგადოების წევრებად წარადგინეს და მეცნიერებათა აკადემიის დაღუპვა იწინასწარმეტყველეს.

ეს ყველაფერი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში შესატანმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის ინიციატორიც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ივანე კიღურაძეა. კოლეგები მას საყვედურობდნენ, რომ ივანე კიღურაძემ კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიასთან დამოუკიდებლად  მოამზადა, რაც მეცნიერთა ნაწილმა, სულ მცირე, არაკოლეგიალობად აღიქვა.

„მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი სამ საკითხს გამოყოფს: კანონპროექტის თანახმად, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები სტიპენდიანტებმა უნდა ჩაანაცვლონ; აკადემიის პრეზიდენტის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 70 წელს, ხოლო აკადემია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.

თუ რამ ააღელვა აკადემიკოსები და ვინ ღუპავს მეცნიერებათა აკადემიას, ამის შესახებ For.ge-ს აკადემიკოსი გოგი ჩაგელიშვილი ესაუბრა.

„მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტს მეცნიერები უპირისპირდებიან. როგორ გგონიათ, ამ კანონის მიღება კარდინალურად შეცვლის აკადემიის შიდა კონფიგურაციას? 

- ამ კანონის მიღება აუცილებელია. საქართველოში ყველა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს ხარვეზი, ეს ეხება მეცნიერებათა აკადემიასაც, სასამართლოსაც, უნივერსიტეტსაც. ამიტომ თუკი შიგნით, სისტემაში გაჩნდა გამოსწორების სურვილი, ეს არის ერთადერთი შანსი, საქმე წინ წავიდეს. ფაქტობრივად, ამ კანონების ცვლილებებით ბატონ ვანო კიღურაძეს სურს, აკადემია გამოსწორების გზას დაადგეს. თუკი აღიარებს დაწესებულება ხარვეზის არსებობას, ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, ეს მისასალმებელია. თუ არ აღიარებ, მაშინ უფრო რეტროგრადი, კონსერვატორი გამოდიხარ.

ივანე კიღურაძეს მიაჩნია, რომ მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მეცნიერებაში ნიჭიერ ახალგაზრდობას მიიზიდავს და „ტვინების გადინების პროცესს“ შეძლებისდაგვარად შეაჩერებს; მაგრამ ერთი კანონპროექტი ახალგაზრდობის შემაკავებელი ბერკეტი გახდება? ხომ არ უნდა გატარდეს უფრო კომპლექსური ღონისძიებები ახალგაზრდა მეცნიერთა სამშობლოში დასატოვებლად?

- მეოცე საუკუნის ბოლოდან მეცნიერება ძალიან შეიცვალა. უფრო ინფორმატიული გახდა. უამრავი ინფორმაცია მოდის, ბევრი სიახლე ინერგება და ადამიანი თვისობრივად სხვანაირად უნდა მიუდგეს მეცნიერებას, რომ შედეგი გვქონდეს. საბჭოთა პერიოდში კარგი მეცნიერება იყო, მაგრამ მათ სულ სხვა მიდგომები ჰქონდათ. მაშინ ადამიანს ფიქრი სჭირდებოდა და ნაკლები ინფორმაციის დამუშავება უწევდა. ახლა კი პირიქითაა. ხატოვნად რომ თქვათ, მეცნიერების ისეთი დიდი შენობებია უკვე აშენებული, სანამ შენს აგურს დადებ, წარმოდგენა უნდა გქონდეს რაღაცაზე. ძალზე დინამიკურად იცვლება პროცესები. ადამიანი შეიძლება ძალიან კარგი მეცნიერი იყოს, ნიჭიერიც, მაგრამ ამ ტალღას თუ ვერ აეწყო, შედეგს ვერ მოიტანს. ამ ტალღას ყველაზე კარგად სწორედ ახალგაზრდა თაობა ეწყობა. ის თაობა, რომელიც აკადემიაშია, ცუდი არაა, მაგრამ სხვა ტიპის მეცნიერება იყო ადრე. ამიტომ აკადემია ადეკვატური რომ გახდეს, ახალგაზრდობა ინტენსიურად უნდა შემოვიდეს, რათა ამ ტიპის მეცნიერებაზე აკადემია რბილად გადაეწყოს. მენტალობა იცვლება, აკადემიას კი შინაგანი კონსერვატიზმი აქვს, თითქოს ამ სიახლეს ეწინააღმდეგება. ეს მომაკვდინებელია აკადემიისთვის.

ამიერიდან აკადემიის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტზე ასაკობრივი შეზღუდვა გავრცელდება და თანამდებობას 70 წელს ასაკის ზევით პირი ვეღარ დაიკავებს. ფიქრობთ, ეს იყო მტკივნეული ზოგიერთებისთვის?

- დიახ, ეს იყო ყველაზე მტკივნეული. ადამიანები პრობლემის გადაწყვეტის გზას კი ვერ ხედავენ, არამედ თავიანთ ადგილს უფრო ხედავენ. ადრე იძახდნენ, ბატონ ვანოს თვითონ უნდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობაო, ახლა, როცა ვანო კიღურაძემ ეს კანონპროექტი შემოიტანა და ასაკობრივი ცენზი 70 წელს ქვემოთ დასწია, კიდევ რაღაცებს აბრალებენ.

მეცნიერთა არგუმენტია, რომ ცვლილებების ვარიანტი მათ არ შეუთანხმეს. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ივანე კიღურაძე ებრძვის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძეს და ვიცე-პრეზიდენტ როინ მეტრეველს, რომლებიც თურმე მის დაკრულზე არ ცეკვავენ.

- ერთი კვირის წინ მეცნიერებათა აკადემიაში შეკრება ჩატარდა, სადაც განიხილეს ის ხარვეზები, რაც აკადემიაშია. თვითონ აკადემიის დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები ძალზე დიდ კითხვებს აჩენს. გამოდის, რომ ადამიანს, რომელიც რეტროგრადია, თურმე მას უნდა შეუთანხმო ახალი კანონპროექტი. არადა, ისინი არ შეითანხმებენ ამას. ამიტომაც არის თავისუფალი ველი პარლამენტში, სადაც ყველას შეეძლება მისვლა და განხილვაში მონაწილეობის მიღება. ცხადია, ამ განხილვაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ მათაც, ვინც რეტროგრადები არიან, ვინც ამ  კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი უნდა შეუთანხმო. ადამიანი, რომელიც თავის ადგილზე არ არის, ამ კანონს არასოდეს შეითანხმებს.

თქვენ ამ ცვლილებებს დადებითად აღიქვამთ, მაგრამ ხომ არ არის აქ ისეთი დებულებები, რაც თქვენშიც კითხვებს იწვევს. ნუთუ ყოველმხრივ უნაკლოა ეს კანონპროექტი?

- ეს ცვლილებები საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ამ ეტაპისთვის კარგ საფუძველს შექმნის, რომ აკადემია გამოჯანმრთელდეს. როცა ვამბობ, რომ აკადემიაში ავადმყოფობაა, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მარტო აკადემიას მიაწერონ არასიჯანსაღე. ბუნებრივია, ეს ყველა სოციალურ ინსტიტუტშია საქართველოში და, თუკი აკადემიის წევრი აღიარებს ამას, ამით არ აგინებს აკადემიას.

მაგრამ რამდენად დამაჯერებელია იმ მეცნიერთა არგუმენტი, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავსი ასაკობრივი ცენზი მსოფლიოს არც ერთ აკადემიაში არ არის დაწესებული, მით უმეტეს, საუბარია რიცხოვნობით ყველაზე მცირე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაზე, რომელსაც მხოლოდ 110 წევრი ჰყავს. თუ წევრ-კორესპონდენტების ნაცვლად აიყვანთ სტიპენდიანტებს, ეს კიდევ უფრო არ  შეამცირებს აკადემიის წევრთა რაოდენობას?

-ის ფაქტი, რომ თურმე მსოფლიოს არც ერთ აკადემიაში არ ხდება ასაკობრივი შეზღუდვა, არადამაჯერებელია. აქ არის ტრადიციული მიდგომა და არის სენსიტიური სიტუაცია. საქართველოში ყველგან ასაკობრივი რეგულაციაა დაწესებული. მაგალითად, უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასაკობრივ შეზღუდვად 65 წელია მიჩნეული. ამიტომ მათ მიერ მოშველილებული „არგუმენტები“ განპირობებული არ არის სისტემაზე ზრუნვით. ეს მხოლოდ განპირობებულია საკუთარი თანამდებობის დაცვის სურვილით. ერთი კვირის წინ სწორედ მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოს-მდივნად 85 წლის ადამიანი - ირაკლი ჟორდანია აირჩიეს, ანუ გაიყვანეს. ირაკლი ჟორდანია მანამდე აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ესეც კანონდარღვევაა, რადგან არ შეიძლება ადამიანი მოვალეობის შემსრულებელი იყოს არჩევით ორგანოში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. რაც ეგ კაცია, ისეთი ცუდი დოკუმენტები გამოდის აკადემიიდან, რომ ეს კარგი არაა აკადემიისთვის,  მაგრამ იგი მაინც აირჩიეს. ისეთი წლიური ანგარიში, ბროშურა დაწერეს, წარმოუდგენელია!!!

კითხვებს აჩენს მეცნიერებათა აკადემიის პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების საკითხიც, ნაცვლად იმისა, რომ იგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაექვემდებაროს. როგორ ფიქრობთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აკადემიას არაეფექტურად მართავდა?

- მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს ძალიან უჭირს მეცნიერების მართვა. ფაქტობრივად, ეს სისტემა რამდენიმე წელი უმართავია, ეს აჩვენა წელიწადნახევრის წინ დეტალურად გაწერილმა აუდიტის დასკვნამაც, სადაც იკვეთება, თუ როგორ ვერ ხელმძღვანელობს განათლების სამინისტრო მეცნიერებას. ამიტომ მეცნიერების სამინისტროსთვისაც კარგი იქნება, თუკი მოშორდება ის ტვირთი, რომელსაც ვერ მართავს.

პრემიერი ამ ტვირთს ზიდავს? მას ხომ უამრავი სფერო აბარია.

- აქ პრემიერის სტატუსია მთავარი. გარდა ამ ტვირთისა, საჭიროა, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა აკადემიის გამოსაჯანმრთელებლად, რადგან აკადემიას კარგი ფუნქცია შეუძლია შეასრულოს ქვეყნის ცხოვრებაში და არა ისე, როცა მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია აკადემია.

ამ კანონპროექტით, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (ანუ იმავე სტიპენდიანტებისთვის, რომელთა ასაკიც 50 წელს არ უნდა აღემატებოდეს) ყოველთვიურად ათასი ლარია განსაზღვრული. ასეთი ანაზღაურება დაამაგრებს მათ საქართველოში? თუკი ეს სტიპენდიანტები პარალელურად საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორებიც იქნებიან, მათ რაღა გააჩერებთ საქართველოში?

- ათას ლარზე მეტს ეს ქვეყანა ვერ შეძლებს. თანაც, ეს ახალგაზრდა მეცნიერთათვის ერთადერთი შემოსავალი არ იქნება, უბრალოდ, ეს იქნება დახმარება მეცნიერული კვლევის წარმართვისთვის. აქ საუბარია ჩამოყალიბებულ მეცნიერებზე, რომლებმაც ალღო აუღეს დღევანდელ მეცნიერებას და შედეგები უკვე აქვთ. მაგათ სხვა ძირითადი შემოსავალიც ექნებათ, ვთქვათ, უნივერსიტეტში პროფესორებად იქნებიან, ან სამეცნიერო დაწესებულებებში მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებად იმუშავებენ.

კიდევ ერთი კონტრარგუმენტი. აკადემიის წევრი ლადო პაპავა აცხადებს, რომ, თუკი კანონპროექტის ავტორს (ივანე კიღურაძეს) არ მოსწონს აკადემიის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ამისთვის კანონში ცვლილები  არ უნდა შეიტანოს; ანუ მეცნიერები ცდილობენ, ეს დაპირისპირება აკადემიის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ივანე კიღურაძის პირად ანტიპათიად აღიქვან.  

- აქ არის საუბარი იმაზე, ვის არ მოსწონს აკადემიის ხელძღვანელობა, არამედ საუბარია, რომ საქმეთა მსვლელობა აკადემიაში საჭიროებს აუცილებელ გამოსწორებას. ხომ ნახეთ, აკადემიის წევრები როგორ ეწინააღმდეგებოდნენ აკადემიაში ახალგაზრდობის შეყვანას?! ეს ხომ ნონსენსია, ასეთი წინააღმდეგობა გაუწიო ამ აბსოლუტურად ბუნებრივ სურვილს. პირადი ინტერესი აქ ნულის ტოლია, ეს იმის პრობლემაა, ვინც თვლის, რომ აქ საქმე პირადულია. აქ არის სურვილი, აკადემია იყოს ჯანმრთელი და შეასრულოს თავისი ფუნქცია.

ისევ ასაკობრივ ცენზს დავუბრუნდეთ. ადამიანების წარმოსახვაში მეცნიერი მაინც ხანშიშესულ პიროვნებად აღიქმება, რადგან გამოცდილება და მეცნიერება წლებს მოაქვს. ნაკლებად გვახსოვს ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, ნიკო მუსხელიშვილი და სხვანი. 

-ასაკს თავისი მნიშვნელობა აქვს, მას სიბრძნე მოაქვს, მაგრამ ახალგაზრდებისა და ასაკოვანი ხალხის სიმბიოზი აუცილებელია. ასაკოვანმა ხალხმა უნდა გადასცეს ახალგაზრდას ცოდნა, ახალგაზრდამ კი თავისი ენერგიით ამ ცოდნის საფუძველზე შრომები შექმნას. აქ საუბარია მხოლოდ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავებაზე. მეცნიერის სურვილი არ უნდა იყოს აკადემიის პრეზიდენტობა. მეცნიერებას მათ არავინ აშორებს. პირიქით, ეუბებიან, გაანებეთ აკადემიის პრეზიდენტობასა და ვიცე-პრეზიდენტობას თავი და აკეთეთ მეცნიერება. თორემ ბატონი ვანო თვითონ 78 წლისაა და სულ განიცდის, რომ ცოტა დრო რჩება მეცნიერებისთვის. ასეთ ადამიანს მეცნიერებას როგორ ჩამოაცილებ? 69 წლის კაცი რომ აირჩიონ აკადემიის პრეზიდენტად, ის 74 წლამდეც იქნება ამ თანამდებობაზე. ეს არის ჩამოშორება? პირიქით, მას ეუბნებიან, წადით მეცნიერებაში, მაგრამ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ნუღარ იქნებიო.

მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ერთმანეთს ხან მოსყიდულს უწოდებდნენ, ხან დესანტს. ასეთი იარლიყების მიწებების დრო არ დამთავრდა?

- ამის დრო როგორ დამთავრდება, როცა ავადმყოფობა ორგანიზმშია. იქ არიან ადამიანები, რომლებიც სჯობს, არ იყვნენ აკადემიაში. მათ ჰგონიათ, რაც მოუნდებათ, ყველაფერი შეიძლება თქვან და თავისი გაიტანონ. ეს ასე არ არის. მათ წინაღმდეგობა უნდა გაუწიონ.

ივანე კიღურაძემაც აღნიშნა, არიან პიროვნებები, ვინც ხელს უშლის აკადემიის განვითარებას. ვის გულისხმობთ?

- გუშინწინდელი კრებიდან თვალნათელი იყო ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც გამოვიდა და დემაგოგია „გაუშვა“, ერთი აზრი არ უთქვამს, რაც მოუნდებოდა, იმას ამბობდა. ეს ანტიმეცნიერული საუბარია, როცა ადამიანის ნალაპარაკებში აზრი არ ჩანს. რატომღაც ჩვენს ქვეყანაში მეცნიერება ჰგონიათ ფუფუნება, არადა, 21-ე საუკუნეში მეცნიერება არის ცხოვრების შავი პური. ისინი ოცნებობენ, როგორმე გადააგორონ ეს პერიოდი, იქნებ, ივანე კიღურაძე აღარ იყოს პარლამენტში და თავიანთი არსებობა გაიხანგრძლივონ.

ახალი კანონპროექტით, წევრ-კორესპინდენტის სტატუსით გარდაცვლილი ქართველი მეცნიერების უგულებელყოფა არ მოხდება?

- არა! ვისაც აქვს წევრ-კორესპონდენტობა, ის დარჩება წევრ-კორესპონდენტად. უბრალოდ, ამის შემდეგ ყოველთვის აირჩევენ მხოლოდ აკადემიკოსს. თუ ვინმე არის წევრ-კორესპონდენტი, ის კენჭს იყრის და გახდება აკადემიკოსი.