„დიდ კავკასიურ თამაშში“ რუსეთზე მეტად თურქეთი მონაწილეობს

„დიდ კავკასიურ თამაშში“ რუსეთზე მეტად თურქეთი მონაწილეობს

ხშირად გვიწევს კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება და დეტალური კვლევა, მაგრამ იშვიათად ვსაუბრობთ მთლიან რეგიონზე… როგორც ცნობილია, კავკასიის რეგიონი ევროპასა და აზიას შორის მდგებარეობს და სწორედ მისი ამ სტრატეგიული პოზიციის წყალობით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს

ტერიტორია გადაჭიმულია შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და მოიცავს საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. გეოგრაფიის ენაზე თუ ვიტყვით, საქართველო და აზერბაიჯანი – ორი ტრანსკონტინენტური სახელმწიფოა, რადგან მათი ჩრდილოეთის ტერიტორიები ევროპაში, ხოლო სამხრეთი – აზიაში მდებარეობს, მაშინ როდესაც სომხეთი მთლიანად აზიის ტერიტორიაზეა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო კავკასიის პოლიტიკურ სიტუაციაზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ სხვა ქვეყნები, რომლებიც განაპირობებენ და აყალიბებენ პოლიტიკას და შიდა კავშირებს ამ სამ ქვეყანას შორის.

ეს სხვა ქვეყნები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკის და კავშირების განსაზღვრაზე რეგიონში უამრავია, მაგრამ მათი დაყოფა ოთხ ბლოკად შეიძლება: აშშ, ევროკავშირი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია. დღევანდელ დღეს რეგიონალური განვითარება უკიდურესად დინამიურია და მიუხედავად შიდა პრობლემებისა ძლიერი ეკონომიკური ზრდა ახასიათებს. რაც შეეხება რეგიონალურ პოლიტიკას, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომელიც მასზე კავკასიის ტერიტორიების შიგნით ახდენს გავლენას რუსეთია, რომელსაც ას წელიწადზე მეტი დროა, რაც აქ პერსონალური ინტერესები აქვს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებსაც კავკასიურ ზონაში უდაო გავლენა აქვთ რუსეთი ერთადერთია, რომელსაც ფეხქვეშ მიწა ეცლება. ის მტკიცე სამოკავშირეო პოზიციებს მხოლოდ სომხეთთან ინარჩუნებს. ერევანი იძულებულია შეინარჩუნოს ეს კავშირი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, რადგან რუსეთში ის სანდო დამცველს ხედავს, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, ვიდრე აზერბაიჯანთან და სომხეთთან კონფლიქტები არ მოგვარდება. რუსეთის მხრიდან პოზიციის ასეთი დაკარგვა ნაწილობრივ სხვა საერთაშორისო მოთამაშეეების მზარდი გავლენით აიხსნება, რომლებიც ზონაში შეიჭრნენ და საკუთარ პოზიციებს იცავენ (აშშ, თურქეთი და ევროკავშირი), ნაწილობრივ კი ბოლოდროინდელი კონფლიქტის გამო საქართველოსთან. ამ კონფლიქტმა რუსეთის მეზობლები შეაშინა და კრემლის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთში უნდობლობა გააჩინა.

რეგიონში „მშვიდობიანი ჩარევის“ თურქული პოლიტიკა – შედარებით ახალი მოვლენაა, მაგრამ ის ძალიან ეფექტური და დინამიკურია. ის ეფუძნება საქართველოსთან მტკიცე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს და ამგვარად ზონისთვის სტაბილურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. გარდა ამისა თურქეთს გააჩნია მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა რეგიონში თავისი ეთნიკური და ლინგვისტური ნათესაობის გამო აზერბაიჯანთან. ეს ორი ქვეყანა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. საპირისპიროდ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები ყარაბახის ომის შემდეგ გაყინულია. თურქეთის „მშვიდობიანი ჩარევის“ მიმართ რეგიონალური მოთამაშეები ტოლერანტულად არიან განწყობილნი, ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთსარგებელს ეფუძნება. აზერბაიჯანისთვის თურქეთი უსაფრთხოების გარანტიაა სომხეთთან არსებული პრობლემების ფონზე, რომელიც თავის მხრივ კრემლის მოკავშირეა (მთიანი-ყარაბახის კონფლიქტი). საქართველოსთვის თურქეთთან თანამშრომლობა შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან ანკარა ნატო-ს ძალიან გავლენიანი წევრია, რომელსაც შეუძლია თბილისს ზოგიერთი ამბიციის განხორციელებაში დაეხმაროს…

ევროპის პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების მიმართ ძალიან მრავალფეროვანია და მრავალი მიმართულება აქვს. ის იმ უამრავ ფაქტორს ეფუძნება, რომელთა შორისაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, თანამშრომლობის ხარისხი ევროკავშირის სტრუქტურებთან და აუცილებელი რეფორმების განხორციელებისთვის მათი პოლიტიკური ნება და უნარი. შესაბამისად, კავკასიის ქვეყნებთან ევროპული თანამშრომლობის ინტენსივობა და ხარისხი (თეორიულად) პირდაპირპროპორციულია მათი შიდა პოლიტიკური სტრუქტურისა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისა, მათი დემოკრატიის დონისა და ხარისხისა, იმ შემთხვევაშიც თუკი დღეს ამ უკანასკნელი პარამეტრის გამოყენება მხოლოდ საქართველოს და ნაწილობრივ სომხეთის მისამართით შეიძლება, მაშინ როდესაც აზერბაიჯანში რეალური დემოკრატიული გარდაქმნები ჯერ არ დაწყებულა. აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სპეციალური ფორმატი არსებობს. ის კავკასიის ქვეყნებსაც მოიცავს. მისი სახელწოდებაა „თანამშრომლობის აღმოსავლური პროგრამა“, აქვს იურიდიული ბაზა და ითვალისწინებს თანადათანობითი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროექტების ამოქმედებას და მათ დამკვიდრებას. პროგრამის მონაწილე ქვეყნები არიან: ბელორუსი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და მოლდავეთი.

ევროკავშირის ჩართულობა მრავალდონიანია, რადგან ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპული სტრუქტურებისა და კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობით, არამედ მოიცავს თანამშრომლობას ნაციონალურ დონეზეც, რომელიც ვარირებს ერთი ქვეყნიდან მეორისკენ. კავკასიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობაში იტალიური დიპლომატიაც მონაწილეობს, დიდწილად კულტურის სფეროში. ჩვენმა კულტურულ-ეკონომიკურმა დიპლომატიამ საკმარის წარმატებას მიაღწია ადგილობრივ ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩვენი ინტერესების მხარდაჭერით. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, რამდენიმე კვირის წინ იტალიას და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. ჩვენმა საელჩომ მისი შინაარსის შესახებ გვაცნობა. შეთანხმება გულისხმობს იტალიური ენის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლებას სახელმწიფო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამის საპირისპიროდ შეერთებული შტატების საქმიანობა ძალიან სწორხაზოვანი და პრაგმატულია. ვაშინგტონი რეგიონის სამივე ქვეყანასთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს, მაგრამ სხვადასხვა დონეზე. აშშ-ს სომხეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ვაშინგტონი განსაკუთრებულადაა დაინტერესებული აზერბაიჯანის სტაბილურობაში, რადგან ის გაზის და ნავთობის მსხვილი ექსპორტიორია. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება „ნაბუქოს“ გაზსადენის მშენებლობის შესახებ. ის ბაქოში დაიწყება, საქართველოს გადაკვეთს და კასპიის ნავთობს დასავლეთისკენ გადაიტანს. ეს ძალიან დელიკატური თემაა, რადგან პროექტის მიზანი ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და რუსული მონოპოლისტისგან მისი ნაწილობრივ მაინც გათავისუფლებაა.

რაც შეეხება აშშ-საქართველოს თანამშრომლობას, ის ორივე ქვეყნის საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. მართალია საქართველო დემოკრატიზაციის პროცესის მხოლოდ სათავეშია, აშშ ამ ქვეყანასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს თემა ამერიკელებისთვის ძალიან ძვირფასია და შესაბამისად ისინი საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსს ანიჭებენ. ამერიკული დიპლომატების თანახმად, თბილისის ყველა მომდევნო ნაბიჯი ლიბერალურ-დემოკრატიული რეფორმებისკენ აახლოვებს და აკავშირებს ამ ორ ქვეყანას. ამ მოსაზრებას ადასტურებს „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმება, რომელიც ახლახანს (2010 წლის იანვარი) გაფორმდა აშშ-ს და საქართველოს შორის. ეს შეთანხმება ამ ორ სახელმწიფოს შორის კოოპერაციის ერთგვარი „სამოქმედო რუკაა“ და მოიცავს თანამშრომლობას სამხედრო, პოლიტიკური და კულტურული მიმართულებებით. შეთანხმებას ხელი რუსეთთან ომის შემდეგ მოეწერა და ის ასევე მოიცავს საერთაშორისო არენაზე კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით საქართველოს მთავრობისადმი მუდმივი ამერიკული მხარდაჭერის „დაპირებას“.

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, კავკასია ძალიან მრავალფეროვანი ტერიტორიაა, სადაც ერთმანეთს კვეთს რეგიონალური და საერთაშორისო პოლიტიკა. დემოკრატიული რეფორმების დაწყებით კავშირები სწრაფად იცვლება, რასაც უცილობლად მოჰყვება ის, რომ დაინტერესებული სახელმწიფოების მხრიდან ძველი კავშირების გადახედვა ხდება, მოჰყავთ რა ისინი შესაბამისობაში ახალ პოლიტიკურ რეალიებთან და დროის მოთხოვნებთან. პერსპექტივაში დემოკრატიული კავკასიაც სტაბილურობის და პროგრესის გარანტია გახდება.

foreignpress.ge